არამ საფარიანი: „საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაა სომხეთისათვის“

არამ საფარიანი: „საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაა სომხეთისათვის“

  საქართველო-სომხეთის ურთიერთობები ოფიციალურად მეგობრული და პარტნიორულია. თუმცა რეალურად, ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა ორივე მხარის სასარგებლოდ, რომ არა მთელი რიგი რეგიონალური პრობლემებისა, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის მტრობა და კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულ-რუსული დაძაბულობის ჩათვლით. საქართველოში, სამწუხაროდ, ნაკლებად ვაცნობიერებთ სომხეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის სარგებელს და აქცენტი ისეთ მგრძნობიარე თემებზე კეთდება, როგორიცაა ისტორია, ცალკეული ტაძრების კუთვნილების საკითხი და მსგავსი.

არადა, ყოველივე ეს მოგვარებადი საკითხებია, თუმცა ორივე ერს - ქართველებსაც და სომხებსაც, ისტორიზმი გვეძალება. ნაწილობრივ ეს გასაგებიცაა, ვინაიდან ჩვენი „სავიზიტო ბარათი“ მსოფლიოში არა ძლიერი ეკონომიკა, ახალი ტექნოლოგიები, სამეცნიერო ან სპორტული მიღწევები, არამედ ისტორია, ისტორია და კიდევ ერთხელ - ისტორიაა.

   მაგრამ არ შეიძლება, ისტორიაში ჩარჩენა, პირიქით, მასში უფრო დადებითი მომენტები უნდა ვეძებოთ უკეთესი მომავლის მისაღწევად. სწორედ ასეთი მიდგომა აქვთ სომხეთში გავლენიან, ევრაზიულ ინტეგრაციაზე ორიენტირებულ ძალებს. სომხური სახელმწიფო საბაჟო კავშირის წევრი გახდა, იგი ევრაზიის ინტეგრაციული პროექტის აქტიური მონაწილეა. სომხეთის ამგვარ ორიენტაციაში საკმაო წვლილი „იდეურ“ ევრაზიელებს მიუძღვით. ჩვენს ინსტიტუტთან აქტიურად თანამშრომლობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ინტეგრაცია და განვითარება“ წარმომადგენლები, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, პოლიტოლოგის, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, არამ საფარიანის უშუალო ინიციატივით. ეს ორგანიზაცია სომხეთში საკმაოდ სერიოზულ ადგილს იკავებს სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის. ბატონ საფარიანს დიდი კავშირები აქვს სომხეთის ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ სტრუქტურებში. მისი მოწვევით, შარშან გახლდით ერევანში, დიდ, მეტად წარმომადგენლობით საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მე, როგორც საქართველოს წარმომადგენელს, განსაკუთრებული ყურადღებით მისმენდნენ, დიდი იყო სომხური მასმედიის ინტერესიც.

   დღესდღეობით ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება კონსულტაციების დონეზე, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ახლო მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბატონი საფარიანი და მისი გუნდი სომხეთში, ისევ და ისევ, სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე, თანმიმდევრულად ლობირებენ სომხურ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებასა და ჰარმონიზაციას. ეს დასტურდება თუნდაც ბ-ნი საფარიანის მიერ ტელეკომპანია „მირ“-ისთვის ამას წინათ მიცემული ინტერვიუთი, რომელშიც მან გარკვევით და მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო სომხეთისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთის საგარეო გადაზიდვების 70 პროცენტი საქართველოს ტერიტორიაზე მოდის. ამიტომაც განაცხადა მან, ამავე ინტერვიუში, რომ „საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაა სომხეთისათვის“.

   თუმცა საქმე მხოლოდ სავაჭრო ინტერესებით არ ამოიწურება, ბატონი საფარიანის აზრით, ქართველები „ძმური ერია“.

   რა შეიძლება, რომ გვქონდეს ამგვარი პოზიციის საწინააღმდეგო? და რატომ უნდა ვუფრთხოდეთ სომხეთის დაკავშირებას რუსეთთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით, მათ შორის, აფხაზეთის მონაკვეთზე? აქამდე მე სერიოზული არგუმენტი არც პოლიტიკის და მით უმეტეს, არც ეკონომიკის სფეროდან არ გამიგია. ერთ-ერთმა მკითხველმა „ფეისბუკის“ გვერდზე დაგვიწერა, რომ რკინიგზის გახსნის შემთხვევაში წაგებაში ჩვენი შავი ზღვის პორტები დარჩებიანო, მაგრამ განა ბიძინა ივანიშვილმა არ თქვა ეს, ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზასთან დაკავშირებით? მაშ, რატომ ვეძალებით ერთ მიმართულებას და უგულებელვყოფთ მეორეს? თუმცა, რა თქმა უნდა, მსჯელობა, განხილვა, კრიტიკა და გათვლების გაკეთება აუცილებელია, ჩვენ სწორედ ამ პროცესს ვუჭერთ მხარს, ნაცვლად „ნაცების“ ისტერიისა, არიქა, რკინიგზა თუ გაიხსნა, საქართველოს სუვერენიტეტი დაიღუპებაო. ქართულმა საზოგადოებამ, მთავრობასთან ერთად, საკუთარი სიმწიფე უნდა გამოავლინოს და არ აჰყვებს ფუჭ და ყალბ ემოციებს.

 

გულბაათ რცხილაძე -
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

 

 წყარო: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 5 დეკემბერი, 2014 წ.