ბალტიის სახელმწიფოებიდან დამოუკიდებელი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ექსპერტების ვიზიტი საქართველოში

ბალტიის სახელმწიფოებიდან დამოუკიდებელი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ექსპერტების ვიზიტი საქართველოში

  სულ ცოტა ხნის წინ, მოხსენებაზე - „ვარდების რევოლუცია. შედეგები“ მომუშავე პოლიტოლოგთა ჯგუფმა ბალტიისპირა ქვეყნებიდან მოიწვია ნეიტრალური, არაანგაჟირებული

პოლიტიკოსები და პოლიტიკის ექსპერტები, რომლებმაც ქართულ საზოგადოებრიობას ალტერნატიული ინფორმაცია მიაწოდეს თავიანთი სახელმწიფოების განვითარების შესახებ. საქართველოში ბევრი უკვე მიეჩვია, რომ ბალტიისპირეთიდან მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის მოკავშირე პოლიტიკოსები და კომენტატორები ჩამოიდიოდნენ, რომლებიც ქართულ საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ საქართველო ‘სწორ გზაზეა“, მას მალე მიიღებენ ნატოსა და ევროკავშირში, და ეს დიდი ბედნიერებაა. მეტიც, ბალტიისპირა ქვეყნების ზოგიერთი პოლიტიკოსი უკვე 20 წელიწადზე მეტია, ჯერ „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერებს, შემდეგ კი სახელმწიფოს ლიდერებს, აქეზებდა რუსეთის წინააღმდეგ - მიდით, რუსებს ბოლომდე „დასცხეთ“, ჩვენ მხარს დაგიჭერთო. ბედოვლათი და უპასუხისმგებლო ქართველი პოლიტიკოსები ამ ანკესზე იყვნენ წამოგებულნი. ამიტომაც, ზემოთ აღნიშნულმა ქართველ პოლიტოლოგთა ჯგუფმა გადაწყვიტა, ასე ვთქვათ, ნორმალური ხალხის მოწვევა და საზოგადოებისთვის დანახება - ბალტიისპირეთში არა მარტო პროვოკატორები, არამედ ობიექტური და საქართველოს კეთილისმსურველი ადამიანებიც ცხოვრობენ.

 კონკრეტულად, მათ მიერ წარმოჩენილი სურათის მიხედვით, ბალტიისპირეთის ხალხები არც თუ ისე კმაყოფილნი არიან ვროკავშირსა და ნატოში წევრობის ფაქტით. ევროკავშირში შესვლამ მათი სუვერენიტეტი არანაკლებად შეზღუდა, ვიდრე საბჭოთა კავშირში ყოფნამ. ეს ფაქტია. განსხვავება ისაა, რომ საბჭოთა კავშირში ცენტრის დიქტატს შეუნიღბავი ხასიათი ჰქონდა, ბრიუსელი კი ირიბი მეთოდებით აღწევს იმავე შედეგებს (თუმცა როცა საჭიროა, არც მკვეთრ განცხადებებს და პირდაპირ ბრძანებებს ერიდება). ასე მაგალითად, ფრანგული ატომური ლობის დამსახურებაა ლიტვაში, თანამედროვე იგნალინის ატომური ელექტროსადგურის დახურვა.  ლიტვა თავად მოიხმარდა ამ ატომური ელ.სადგურიდან იაფ ელექტროენერგიას და ექსპორტსაც ახორციელებდა მეზობელ ქვეყნებში. ევროკავშირმა ფული გამოყო ამ წარმატებული საწარმოს დასახურად და ლიტველებს იგი საკუთარი ხელით გააჩერებინა. ახლა ლიტველები ელექტროენერგიის იმპორტს ეწევიან და ამაში დიდ ფულს უხდიან ევროპელებს და რუსეთს. კომუნალურ გადასახადებში, რომლის ლომის წილს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი შეადგენს, რიგითი ლიტველი საშუალოდ 200 ევროს იხდის თვეში. ეს მისი შემოსავლების მესამედია ან ხშირად , ნახევარიც. მეზობელ ლატვიაში, იმავე ევროკავშირის სუბსიდიებით, ლატვიელებს მოასპობინეს თევზსაჭერი ფლოტი. ლატვიას სსრკ დანატოვარი, მსოფლიოში სიდიდით მესამე ფლოტი ჰქონდა, იაპონიის და ნორვეგიის შემდეგ. ბრიუსელის დოტაციებზე მყოფმა ბიუროკრატიამ განახორციელა არანაკლებ ანტიეროვნული ღონისძიება, ვიდრე ლიტვაში მოხდა ატომურ ელ.სადგურთან დაკავშირებით - ლატვიის ევროპულმა ხელისუფლებამ ჯართად აქცია და გადაადნო ლატვიის ფლოტი.

  ნატოში წევრობას რაც შეეხება, არც ერთ ბალტიისპირა რესპუბლიკას არ აქვს იმის შეგრძნება, რომ ნატოს სახით მათ თავგამოდებული დამცველი ჰყავთ. ბალტიის ხალხებმა იციან, რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში მათ ნატოს დახმარება გარანტირებული არ აქვთ. შესაბამისად, პოლიტიკოსებიც დაძაბულნი არიან რუსეთთან მიმართებით. ის, რომ ნატო რეალურად უკან დაიხევს რუსეთის წინაშე, თუკი რაიმე სერიოზული კონფლიქტი მოხდა, ერთი მაგალითიდანაც ჩანს - ლიტვაში კალინინგრადის მხრიდან რუსული სამხედრო თვითმფრინავი შემოიჭრა, რომელიც თითქმის 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა ლიტვის საჰაერო სივრცეში და შემდეგ თავისით ჩამოვარდა. როგორც შემდეგ გაირკვა, თვითმფრინავს დეფექტი ჰქონდა და იგი შეცდომით შევიდა ლიტვის საჰაერო სივრცეში და შემდეგ ჩამოვარდა. მაგრამ ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლობას თავი არ შეუწუხებია, გაერკვია, რატომ შემოფრინდა რუსული თვითმფრინავი, მის საწინააღმდეგოდ არ აფრენილა არც ერთი ნატოს „პერეხვატჩიკი“. ნატო ამ ინციდენტის გამოძიებაშიც პასიურობდა. ლიტველი სტუმრების განცხადებით, აშკარა იყო, რომ ისინი რუსეთთან რაიმე დაძაბულობას მოერიდნენ.

  ნატოსთან დაკავშირებით ბალტიელ სტუმართა აზრი ცალსახა იყო - არ ღირს რუსეთთან ჭიდილი იმის გამო, რომ საქართველოს ნატოში „ოდესმე“ მიიღებენ, და თუ მართლა მიიღო ნატომ საქართველო, ეს კიდევ არ იქნება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი (ტერიტორიულ მთლიანობაზე ხომ ზედმეტია საუბარი). შესანიშნავი ლიტველი სპეციალისტის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, პარლამენტის ხუთგზის წევრის, იულიუს ვესელკას აზრით (სამწუხაროდ, ბატონი ვესელკა საქართველოდან ლიტვაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, მთელი ლიტვა ფეხზე დადგა, იმდენად უყვარდათ იგი ლიტველებს), საქართველოს აუცილებლად სჭირდება რუსული ბაზარი, ამ მასშტაბის ბაზარზე უარის თქმა სისულელეა, მით უმეტეს, ნატოს გამო. ევროკავშირს რაც შეეხება, მისივე აზრით, საქართველომ არც ევროკავშირის ბაზარზე უნდა თქვას უარი, თუკი მას იქ დაუშვებენ. ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი ევროკავშირის წევრობა. საქართველო უნდა ისწრაფოდეს სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობისკენ და არა რაიმე ორგანიზაციაში, თუნდაც ძალიან „პრესტიჟული“ იყოს ეს, წევრობისკენ, რომელიც მას არაფერს მისცემს და პირიქით, სუვერენიტეტს შეუზღუდავს. და თუ საქართველო მაინც გახდება ევროკავშირის წევრი, ბატონი ვესელკას თქმით, მან აუცილებლად წინასწარ უნდა დააყენოს თავისი პირობები, რათა ლიტვის მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, როდესაც ლიტვა აიძულეს, დაეხურა იგნალინის ატომური ელექტროსადგური და მთელი რიგი ანტიეროვნული ეკონომიკური ღონისძიებები გაეტარებინა.

 

ევრაზიის ინსტიტუტი

 

P.S. პრესის მასალები ბალტიისპირეთიდან სტუმრების ვიზიტის შესახებ:

ედუარდ ტინი: ქართველები ძალიან დიდ სისულელეს დაუშვებთ, თუ ისევ ნატოში მოინდომებთ შესვლას

იულიუს ვესელკა: ნატოს სურს, დაძაბოს რუსეთის გარშემო სიტუაცია თავისი ვასალების მეშვეობით და დროდადრო ისინი ამ მიზნით გამოიყენოს

ნატო თუ დსთ, ბალტიისპირელი პოლიტიკოსების რჩევები ქართველებს

ბალტიისპირეთი – ნატოსა და ევროკავშირზე: ქართველებო, უარი თქვით სტერეოტიპებზე!

ქორთიარდ მარიოტში კონფერენცია გაიმართა.