ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
18.08.2011
აზერბაიჯანი - კავკასიის გასაღები

აზერბაიჯანის რესპუბლიკა „სამხრეთ კავკასიის“ ყველაზე მსხვილ სახელმწიფოს წარმოადგენს, როგორც ტერიტორიით, ასევე მოსახლეობით. თუ ოფიციალურ სტატისტიკას დავუჯერებთ, ამ ქვეყნის მოსახლეობა უკვე 9 მილიონს უახლოვდება, რაც ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოს და სომხეთის მოსახლეობა ერთად აღებული.

თუმცა, მუსირებს აზრი, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეთა ეს რაოდენობა გაბერილია და 2-დან 3 მილიონამდე აზერბაიჯანელი რეალურად სხვა ქვეყნებში ცხოვრობს, ძირითადად რუსეთში. ასეც რომ იყოს, ფაქტია, რომ აზერბაიჯანელთა რაოდენობა სწრაფად იზრდება, რაც გაცილებით უსწრებს მეზობელი კავკასიური ქვეყნების მოსახლეობის ზრდის ტემპებს.

გარდა ამისა, აზერბაიჯანი ერთადერთი სახელმწიფოა კავკასიაში, რომელსაც გააჩნია სერიოზული ბუნებრივი რესურსები, კერძოდ, ნავთობი და გაზი. იგი ტერიტორიულად ესაზღვრება რეგიონის ყველა ქვეყანას - რუსეთს, ირანს, თურქეთს, სომხეთს და საქართველოს, ხოლო საზღვაო საზღვრით- ასევე ყაზახეთს და თურქმენეთს. ის ფაქტი კი, რომ აზერბაიჯანს, განსხვავებით სომხეთისგან და საქართველოსგან, ჯერ ოფიციალურად არ გამოუხატავს მისწრაფება რომელიმე სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებისკენ, ამ ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

სწორედ ამის გამო აზერბაიჯანის ირგვლივ მიმდინარეობს დიდი რეგიონალური სახელმწიფოების და მსოფლიოს გეოპოლიტიკური ძალების პოზიციური ბრძოლები გავლენის მოსაპოვებლად. დღეისათვის შეიძლება გამოვყოთ ოთხი „მოთამაშე“, ანუ აქტორი, რომელიც ამ ბრძოლაშია ჩართული.

ესენია: რეგიონალური ძალები - რუსეთი, ირანი და თურქეთი, ასევე მსოფლიოს ზესახელმწიფო - აშშ, ისრაელთან ტანდემში. ფაქტიურად ამავე ძალასთან ალიანში მოქმედებს ევროკავშირი. რაც შეეხება ისეთ ქვეყანას, როგორიცაა ჩინეთი, ჯერჯერობით კავკასიაში და კერძოდ, აზერბაიჯანში ეკონომიკური ან პოლიტიკური პოზიციების აქტიური დაფიქსირებისგან თავს იკავებს, განსხვავებით ზოგიერთი სხვა პოსტსაბჭოთა თურქულენოვანი რესპუბლიკის შემთხვევისგან (ყაზახეთი, ყირგიზეთი).

განვიხილოთ ცალ-ცალკე ამ გეოპოლიტიკური ძალების გავლენა და პერსპექტივები აზერბაიჯანში.

რუსეთი. მე-19-მე-20 საუკუნის განმავლობაში აზერბაიჯანი ჯერ რუსეთის იმპერიის, და შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს გარკვეული ბერკეტები და პრეტენზიები აზერბაიჯანში გავლენის მოსაპოვებლად. დღეისათვის ძირითადი ბერკეტები შემდეგია:

შრომითი მიგრაცია. იმის გამო, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობა სწრაფად იზრდება, ქვეყნის ეკონომიკა კი ცალმხრივად ვითარდება (ნავთობის და გაზის სექტორი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე დარგი), წარმოიქმნება დიდი რაოდენობით უმუშევარი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ამის გამო, ემიგრაცია არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ არ მოხდეს სოციალური აფეთქება. აზერბაიჯანის მეზობელი ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთს შეუძლია ასეულ ათასობით უმუშევარი და დაბალკვალიფიცირებული ადამიანის მიღება და მათი დასაქმება. ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან არსებული კავშირების საშუალებით, აზერბაიჯანელები ახერხებენ ეთნიკურად კონსოლიდირებულ ჯგუფებად შეიკრან რუსეთის ქალაქებში და დასაქმდნენ გარკვეულ სექტორებში, ძირითადად ვაჭრობის სფეროში. არ უნდა გამოვრიცხოთ ასევე სხვადასხვა სახის არალეგალური საქმიანობა, მათ შორის კრიმინალური. ეს ყველაფერი ნაკლებად არის ხელმისაწვდომი აზერბაიჯანელებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან იქ ამგვარი „ნიშები“ უკვე დაკავებულია აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტების მიერ.

ენობრივ-კულტურული კავშირები. აზერბაიჯანის ინტელიგენცია და სპეციალისტთა ფენები, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე საინჟინრო-ტექნიკურ დარგებში, ჯერ კიდევ მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსულ ენასთან, რუსულენოვან ლიტერატურასთან და განათლების სისტემასთან. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ბაქოში, რომელიც მნიშვნელოვანწილად რუსულენოვანი ქალაქი იყო ათწლეულების განმავლობაში. მართალია, ბოლო 20 წელმა სერიოზულად შეამცირა რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა აზერბაიჯანში, მაგრამ რუსული ენა ჯერჯერობით კვლავ რჩება ქვეყნის გარედან ინფორმაციის მიღების ძირითად საშუალებად.

სამხედრო-ტენიკური თანამშრომლობა. აზერბაიჯანის არმია თითქმის მთლიანად აღჭურვილია საბჭოთა და რუსული წარმოების იარაღით და აღჭურვილობით. თუმცა ბოლო წლებში მის შეიარაღებაში გამოჩნდა სხვა ქვეყნების იარაღიც, მაგალითად, ისრაელის წარმოების, მაგრამ ეს მაინც გამონაკლისებად რჩება. აზერბაიჯანი ცდილობს საკუთარი წარმოების იარაღის და აღჭურვილობის გამოშვებას, მაგრამ რუსულ-საბჭოთა იარაღს ვერც ის გაუწევს კონკურენციას ახლო მომავალში.

ყარაბახის საკითხი. იმის გამო, რომ რუსეთს ძლიერი პოზიციები გააჩნია სომხეთში, ცხადია, რომ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გადაწყვეტაშიც ამ ქვეყნის პოზიცია ძალზე მნიშვნელოვანია. რუსეთი შედის ე.წ. მინსკის ჯგუფში, აშშ-სა და საფრანგეთთან ერთად, რომელიც დაკავებულია ყარაბახის კონფლიქტის მოწესრიგებით, ხოლო სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრები ბოლო წლებში რეგულარულად იმართება რუსეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით.

ეკონომიკური ასპექტი. აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობაში კვლავ დიდია რუსეთის წილი, განსაკუთრებით იმპორტში. აზერბაიჯანი რუსეთიდან იღებს ხე-ტყეს, ლითონებს, სამრეწველო მოწყობილობას და ბევრ სხვა საქონელს.

ეთნიკური სეპარატიზმი და სასაზღვრო პრობლემები. აზერბაიჯანის ჩრდილოეთში ცხოვრობს ეთნიკურად არააზერბაიჯანული მოსახლეობა (ლეკები და სხვა), რომლის მონათესავე ხალხები ცხოვრობენ რუსეთის შემადგენლობაში მყოფი დაღესტნის ტერიტორიაზე. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია ამ პრობლემის გააქტიურებაც, რადგან დაღესტნური მოსახლეობა შეეცდება შეუერთდეს თავის თანამოძმეებს რუსეთში.* * *

თურქეთი. ამ ქვეყნის ძირითადი „კოზირი“ აზერბაიჯანში გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლაში არის აპელირება აზერბაიჯანელებსა და თურქებს შორის ეთნიკურ და ენობრივ ნათესაობაზე. როგორც ცნობილია, თურქეთის და აზერბაიჯანის ხელმძღვანელებმა 90-იან წლებში გამოაცხადეს შემდეგი ლოზუნგი: „ორი სახელმწიფო, ერთი ნაცია“, რითაც შეეცადნენ კიდევ უფრო დაეახლოვებინათ ეს ხალხები. მართალია, აზერბაიჯანული ენა მართლაც არის თურქულთან ახლოს მყოფი, მაგრამ თავად აზერბაიჯანელების ეთნოგენეზის საკითხი გაცილებით რთულია. დღეისათვის აზერბაიჯანში საკმაოდ პოპულარული გახდა ე.წ. ალბანურ თემაზე მსჯელობა და საკუთარი ეთნოსის წარმოშობის დაკავშირება კავკასიის ავტოქტონურ მოსახლეობასთან, რომელსაც კავკასიის ალბანელებს უწოდებდნენ. თუმცა, ასევე რჩებიან პანთურქიზმის მომხრეებიც. მათი რიცხვი განსაკუთრებით დიდია თურქეთში ემიგრირებულ აზერბაიჯანელთა შორის, რომლებიც ძირითადად იგდირის ოლქში ცხოვრობენ, სომხეთის და ნახიჩევანის საზღვრებთან ახლოს.

ნავთობის და გაზის ტრანსპორტირების გზები. თურქეთის კიდევ ერთი ბერკეტი აზერბაიჯანთან მიმართებაში არის აზერბაიჯანული ნავთობის და გაზის ევროპის ბაზრებზე მიწოდების საქმეში თურქეთის ტერიტორიის როლი. თურქეთმა, 90-იანი წლებიდან დაწყებული, მოახერხა დასავლეთის ქვეყნებთან ერთად განეხორციელებინა ორი დიდი პროექტი - ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-არზრუმის გაზსადენი. ამჟამად თურქეთი ასევე ცდილობს ე.წ. ნაბუკოს გაზსადენის პროექტის განხორციელებასაც.

თურქულ ენას და განათლების სისტემას აქვს პოტენციალი, ნელ-ნელა გამოდევნოს რუსული ენა და განათლების სისტემა წამყვანი პოზიციებიდან. საქართველოსგან განსხვავებით, ინგლისურ ენას და დასავლური ტიპის განათლებას აზერბაიჯანში ეს პოტენციალი თითქმის არ აქვს, ახლო მომავალში.* * *

ირანი. მიუხედავად თურქეთის პრეტენზიისა, თავი გამოაცხადოს აზერბაიჯანის ისტორიულ პარტნიორად, ფაქტია, რომ საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორია სპარსეთის მრავალეროვნული სახელმწიფოების შემადგენლობაში შედიოდა. ასე იყო ჯერ კიდევ აქემენიდების იმპერიიდან მოყოლებული, 2500 წლის წინ, ვიდრე გვიან შუა საუკუნეებამდე, ანუ მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, როცა აზერბაიჯანი რუსეთის იმპერიაში აღმოჩნდა. ადრეულ შუა საუკუნეებში სპარსული ენა იყო აზერბაიჯანის კულტურული ცხოვრების მთავარი ენა. მაგალითად, ამ ენაზე წერდა აზერბაიჯანის უდიდესი პოეტი ნიზამი.

რამდენიმე დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ფიროზაბადიმ. მან განაცხადა, რომ არანის (ასე ეძახიან ირანში აზერბაიჯანის ტერიტორიას) მოსახლეობის ძარღვებში ირანელთა სისხლი ჩქეფს, ისინი მუსლიმები არიან და თუკი ალიევის რეჟიმი არ შეწყვეტს ანტიისლამური ნაბიჯების განხორციეოლებას, მისი მომავალი შავბნელი იქნება.

ამ განცხადებამ აზერბაიჯანის ხელისუფლების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია, რის შემდეგადაც ირანის ოფიციალური პირები შეეცადნენ სიტუაციის განმუხტვას და განცხადების დეზავუირებას. ხოლო ირანის პარლამენტის სპიკერმა ლარიჯანიმ, რომელიც მცირე ხნის წინ ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა აზერბაიჯანში, გააკრიტიკა ფიროზაბადის სიტყვები. საინტერესოა, რომ ამ განცხადებიდან მეორე დღეს აზერბაიჯანში დაპატიმრებები დაიწყო, კერძოდ დააკავეს რელიგიური და ისლამისტურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც პროირანულად ითვლებოდნენ, მათ შორის წამყვანი ინტერნეტ-გაზეთის რედაქტორი. მათ ნარკოტიკების და იარაღის შენახვაში დებენ ბრალს, თუმცა ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს ბრალდებები აშკარად შეთითხნილია, ისევე როგორც ამ წლის დასაწყისში დაკავებული ისლამისტების მიმართ.

ცხადია, რომ ირანი, რომელიც 90-იან წლებში და 21-ე საუკუნის დასაწყისში შედარებით ჩრდილში იყო კავკასიის საქმეებში, ცდილობს დანაკარგის ანაზღაურებას და უფრო აქტიურ პოზიციებზე გასვლას. აზერბაიჯანის შემთხვევაში მისი კოზირი არის არა მხოლოდ ისტორიული კავშირები, არამედ რელიგიური ერთობაც. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამის შიიტური მიმართულების მიმდევრად ითვლება, ისევე როგორც ირანში. თუმცა ბოლო დრომდე რელიგიური ფაქტორი ნაკლებ როლს თამაშობდა აზერბაიჯანში და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაკლებად იყო გაცნობიერებული საკუთარ რელიგიაში. ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რომლებშიც დიდ როლს ისლამის ფაქტორი თამაშობს, ანალოგიური პროცესები, რასაც ზოგჯერ „ისლამურ გამოღვიძებას“ უწოდებენ, უფრო ნელა, მაგრამ იწყება სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეზე.

ეთნიკური კავშირები. ირანი შეეცდება აზერბაიჯანში გავლენის მოსაპოვებლად გამოიყენოს არა მხოლოდ ისლამის ფაქტორი, არამედ ეთნიკური ერთობაც. როგორც ცნობილია, ირანის ჩრდილო-დასავლეთში ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, რომელთა რაოდენობა ოც მილიონზე მეტია. მართალია, დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები და თავად აზერბაიჯანის გარკვეული წრეები ცდილობდნენ ეს ფაქტი ისე გამოეყენებინათ, რომ პირიქით, ირანის აზერბაიჯანული მოსახლეობა მოქცეულიყო ბაქოს გავლენის ქვეშ, და შესაბამისად დასავლეთის იარაღი გამხდარიყო ირანის დეზინტეგრაციის საქმეში, მაგრამ ამის შესაძლებლობა ამჟამად საკმაოდ მცირეა. ირანის ცენტრალური ხელისუფლება დიდ ინვესტიციებს დებს რეგიონებში, მათ შორის აზერბაიჯანელებით დასახლებულ პროვინციებში. იქაური მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული საერთო-ირანულ პროცესებში, მიგრირებს ქვეყნის მსხვილ ქალაქებში, განსაკუთრებით დედაქალაქ თეირანში. თავის მხრივ, თავრიზში და ირანის აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში ხდება ქურთული და სპარსული მოსახლეობის გარკვეული მიგრაცია. ამის შედეგად, ხსენებულ რეგიონში სეპარატისტული ტენდენციები შემცირებული, ან თითქმის შეუმჩნეველია. და პირიქით, ირანის აზერბაიჯანლებისთვის საკმაოდ მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს იმ მიმართულებით მუშაობა, რომ აზერბაიჯანი (ანუ მათებურად არანი) კვლავ მოექცეს ირანული სამყაროს ფარგლებში, ირანის გავლენის სფეროში.

ირანს აქვს სხვა ბერკეტებიც აზერბაიჯანის მიმართ, კერძოდ, დიდ მანძილზე გაჭიმული სახმელეთო საზღვარი ამ ქვეყანასთან, ასევე ყარაბახის საკითხი, ირანის და სომხეთის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობების პრიზმით.* * *

აშშ, ევროკავშირი, ისრაელი. აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდანვე, დასავლეთი აქტიურად შეუადგა პოზიციების გამყარებას ამ ქვეყანაში. ისტორიულად, აშშ-ს და დასავლეთ ევროპას არავითარი გავლენა არ ჰქონია აზერბაიჯანში, თუ არ ჩავთვლით მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საკუნის დასაწყისში, ბაქოში ცალკეული ევროპელი კაპიტალისტების მოღვაწეობას, რომელთა შორის იყო ალფრედ ნობელის კომპანია და სხვები. იმის გამო, რომ აზერბაიჯანი მუსლიმური ქვეყანაა და ირანთან და თურქეთთან მრავალსაუკუნოვანი კავშირები ჰქონდა, ევროპეიზაციის დონე, ევროპისადმი სწრაფვა აქ გაცილებით ნაკლებად იგრძნობოდა, ვიდრე თუნდაც საქართველოში და სომხეთში. თუმცა დედაქალაქი ბაქო საკმაოდ კოსმოპოლიტური ქალაქი იყო ბოლო 100-120 წლის განმავლობაში და ვესტერნიზაციის ნიშნები აქ შედარებით შესამჩნევია. დასავლეთის ქვეყნების გავლენის ზრდა აზერბაიჯანში უკავირდება ნავთობის მოპოვების სფეროში დიდი პროექტების განხორციელებას.

მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში აღმოჩენილი მსხვილი საბადოების ათვისება დასავლური კომპანიების მიერ, რომელთა შორის იყვნენ „ბრიტიშ პეტროლეუმი“, „ამოკო“, „შევრონი“ და ა.შ. ამან გამოიწვია ბაქოში მსხვილი ინვესტიციების ჩადება, ათასობით დასავლელი სპეციალისტის მივლინება ამ ქალაქში და სხვა. ცხადია, რომ მათ აქ მოჰყვნენ ევროპის და აშშ-ს სპეცსამსახურები, საკმაოდ აქტიურად მუშაობს ისრაელის სახელმწიფოც, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა აზერბაიჯანის მმართველ ელიტასთან.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის, როგორც ჰეიდარ ალიევის, ასევე მისი შვილის ილჰამის მმართველობის პირობებში, დასავლეთი და დასავლური ინვესტიციები იყო და არის ერთგვარი „მაშველი რგოლი“, რომ თავი დააღწიოს რეგიონალური ძალების - რუსეთის, ირანის და თურქეთის გავლენის სფეროში მოხვედრას და ამ ქვეყნების ჭიდილს აზერბაიჯანის გარშემო. ამავე დროს, განსხვავებით საქართველოს მმართველი რეჟიმისგან, აზერბაიჯანის ხელისუფლება არ აყენებს საკითხს იმგვარად, რომ დაიწყოს საუბარი დასავლურ სტრუქტურებში გაერთიანებაზე - ნატოში, ევროკავშირში და ა.შ. ამგვარი პოლიტიკა საშუალებას აძლევს აზერბაიჯანს, დაიცვას გარკვეული „ნეიტრალიტეტი“ მიმდინარე სიტუაციაში, მკვეთრად არ გადაიხაროს არც ერთი მხარისკენ. მაგრამ მსოფლიოში გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლასთან ერთად, ჩვენი აზრით, ამგვარი „დაბალანსებული“ პოლიტიკის გატარება აზერბაიჯანის ხელისუფლებას სულ უფრო გაუჭირდება.

მიუხედავად უზარმაზარი შემოსავლებისა, რასაც აზერბაიჯანს აძლევს ნავთობის მოპოვება, ქვეყანა კვლავ რჩება დაბალგანვითარებულ, ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ წარმონაქმნად, რომელსაც არ გააჩნია სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი. ამასთან, აზერბაიჯანის ნავთობის რესურსები არც ისე დიდია, როგორც ზოგიერთი სხვა ქვეყნისა და 20-იანი წლების მეორე ნახევრისთვის ამოწურვის სტადიას მიახლოვდება. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობის ისლამიზაცია ნელ-ნელა გაიზრდება. ამის გამო, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის უფრო რთული გახდება იმ სეკულარისტული კურსის გატარება, რომელიც ხორციელდებოდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. როგორც ვიცით, თურქეთშიც კი, სადაც ათათურქის მოღვაწეობიდან მოყოლებული, არსებობდა ანტიისლამიზმის და სეკულარიზმის მძლავრი ტრადიციები, სიტუაცია იცვლება, რაც გავლენას მოახდენს აზერბაიჯანზე, რომელიც ამ მხრივ ორიენტაციას სწორედ თურქეთზე იღებდა და არა ირანზე.

ამასთან, ალიევის რეჟიმი ზედმეტად ავტორიტარულია და დამყარებულია ძალაუფლების გადაცემაზე მამიდან შვილზე, ეს კი უსასრულოდ არ შეიძლება გაგრძელდეს, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, რომ აზერბაიჯანი არ წარმოადგენს მონარქისტულ სახელმწიფოს. ძალაუფლების ამგვარი გადაცემა ერთხელ უკვე განხორციელდა და მეორეჯერ ამის განმეორების შანსი, ჩვენი აზრით, საკმაოდ მცირეა. ამის გამო, აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტას მოუწევს შეიმუშავოს ქვეყნის მართვის ახლებური ფორმები, რისი კონტურებიც ჯერჯერობით არ ჩანს.

მოსახლეობის კულტურულ-მენტალური და რელიგიური ორიენტაციის გამო, პრაქტიკულად გამორიცხულია საუბარი აზერბაიჯანის გაწევრიანების პერსპექტივებზე ევროკავშირში და ნატო-ში. ამგვარად, როგორც ჩანს, 20-იანი წლების დასაწყისისთვის, თუ უფრო ადრე არა, აზერბაიჯანი მიაღწევს ერთგვარი გზაჯვარედინის მდგომარეობას, როცა ადრინდელი პოლიტიკური კურსის წარმოება და არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი გახდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უახლოეს წლებში გააქტიურდება დიდი სახელმწიფოების ბრძოლა აზერბაიჯანის ირგვლივ, რათა მისი განვითარების პერსპექტივები შეძლებისდაგვარად მიუსადაგონ საკუთარ წარმოდგენებს და ინტერესებს.

გიორგი ვეკუა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"