"ნუ შეგეშინდებათ „ნაცების“, გეშინოდეთ ღმერთის" - გულბაათ რცხილაძე თელავის მერს მიმართავს

"ნუ შეგეშინდებათ „ნაცების“, გეშინოდეთ ღმერთის" - გულბაათ რცხილაძე თელავის მერს მიმართავს
ქალაქ თელავის მერს, ბატონ ლევან ანდრიაშვილს
ბატონო ლევან,
 
ქალაქ თელავის სასაფლაოს შესასვლელთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციის შედეგად, ჩადენილია ვანდალიზმის აქტი - გადაღებილია საინფორმაციო დანიშნულების ბანერი, რომელზეც ქართულ და რუსულ ენებზე ეწერა:
 
„აქ განისვენებენ 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში ჭრილობებისგან გარდაცვლილი მებრძოლები. საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თელავში, ომის დროს ფუნქციონირებდნენ ლაზარეთები, სადაც დაჭრილებს მკურნალობდნენ. სამწუხაროდ, საფლავები დაკარგულია, შემორჩენილია მხოლოდ ცენტრალური მონუმენტი“.
 
ეს ბანერი დაიდგა ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით 2023 წელს. მოგახსენებთ, რომ მანამდე არაერთი მცდელობა გვქონდა, მუნიციპალური ორგანოებიდან, მათ შორის, არქივიდან, მიგვეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ან რა რაოდენობის ჯარისკაცები განისვენებენ ამ სასაფლაოზე. სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება საქართველოში, არქივები დაკარგულია.
არადა, ფაქტად რჩება, რომ სასაფლაოს ცენტრალურ ნაწილში არის საბჭოთა პერიოდის ორიგინალური ძეგლი, რომელზე ამოტვიფრული წარწერა გვაუწყებს, რომ აქ განისვენებენ 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილეები:
 
СЛАВА ГЕРОЯМ/ Здесь похоронены солдаты, сержанты и офицеры, погибшие в боях с немецко-фашистскими захватчиками в период Великой Отечественной войны 1941-1945 годов („დიდება გმირებს/ აქ დაკრძალულნი არიან 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის პერიოდში გერმანელ-ფაშისტ დამპყრობლებთან ბრძოლებში დაღუპული ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები“) .
 
სავარაუდოდ, ეს იყვნენ ომში ჭრილობამიღებული საბჭოთა მებრძოლები, რომლებიც თელავის ჰოსპიტალში გადმოიყვანეს, იქ გარდაიცვალნენ და თელავშივე მიაბარეს მიწას. სამწუხაროა, რომ ჩვენი საყვარელი თელავის ისტორია არ ვიცით და ამას ვარაუდით ვამბობთ. ამიტომ ვცდილობთ, ნაწილობრივ მაინც გამოვასწოროთ ჩვენი საერთო-ეროვნული შეცდომები.
 
ასევე სამწუხაროა, რომ დიდი ენთუზიაზმი ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებს ჩვენი ინიციატივისადმი არ ჰქონიათ, ამიტომ, საკუთართავზე პასუხისმგებლობის აღებით, ჩავატარეთ შემდეგი სამუშაოები:
 
  1. სასაფლაოს ცენტრში მდებარე ისტორიული ძეგლი გაიწმინდა ობისგან;
  2. დამზადდა, შეიღება და ძეგლზე დამონტაჟდა ლითონის ვარსკვლავი (ხის ვარსკვლავის ნაცვლად);
  3. ოქროს საღებავით მოხატა ძეგლზე არსებული წარწერები;
  4. დამზადდა ლითონის საინფორმაციო სტენდი რუსულ და ქართულ ენებზე (100 x 60 სმ) და დამაგრდა ლითონის საყრდენზე, 2 მ სიმაღლეზე;
  5. ძეგლი შემოიზღუდა ახალი ბოძკინტებით და ჯაჭვით;
  6. 6. ძეგლის ირგვლივ მოყრილია მარმარილოს ხრეში მინიმუმ 5 სმ სიმაღლეზე;
  7. დამზადდა და დამონტაჟდა მარმარილოს დაფა ქართული და ინგლისური წარწერით.
დამატებულ სურათებზე შეგიძლიათ შეადაროთ, როგორ გამოიყურებოდა მონუმენტი 2023 წლამდე და რა გაკეთდა ჩვენს მიერ.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მითითებით და კრიმინალ მ. სააკაშვილის ტელევიზია „მთავარის“ წაქეზებით, მუნიციპალურმა ორგანოებმა თუ სხვა პირებმა გადაშალეს საინფორმაციო სტენდი, იმ მოტივით, რომ მასზე ქართულთან ერთად რუსული წარწერა იყო, ასევე გამოსახულიიყო  ჯვარი (ბანერის თავში) და, ბანერს ქვევით, წითელი ვარსკვლავი. ვანდალებს კრუნჩხვები დაემართათ წარწერაში მოხსენიებულ ტერმინზეც - „დიდი სამამულო ომი“.
 
ბატონო ლევან, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ფაქტს, რომ „დიდი სამამულო ომი“ ამოტვიფრულია სასაფლაოს ორიგინალურ ძეგლზეც და ამიტომ, არსებობს საფრთხე, რომ ნაციონალ-ვანდალები შეეხებიან ამ ძეგლსაც, ასევე მარმარილოს დაფას.
 
მოგიწოდებთ, ყურადღებით მოეკიდოთ ამ საფრთხეს და ღირსეული ადგილი მიუჩინოთ ნაც-ხროვას. ნუ შეგეშინდებათ „ნაციონალების“, გეშინოდეთ ღმერთის.
 
გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მეზობელი სუპერსახელმწიფო - რუსეთი, რომელიც წარმატებით აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიის გაწმენდას ნეონაცისტებისგან, ძალიან ყურადღებით აკვირდება დიდი სამამულო ომის ხსოვნისა და ამ ომთან დაკავშირებული ძეგლებისა და საფლავების მოვლა-პატრონობას. ახლახან, რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადგილობრივი რეჟიმების მიერ საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების დაზიანების მიზეზით. ძიებაში არიან გამოცხადებულნი ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი, იმავე ესტონეთის სახელმწიფო მდივანი ტაიმარ პეტერკოპი და ლიტვის კულტურის მინისტრი სიმონას კაირისი.
 
სასურველია, რომ ანალოგიურ სიაში ქართველი ჩინოვნიკები არასოდეს მოჰყვნენ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების წინ, ქართველ ხალხს საბოლოოდ არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, „ნაცი“ და „ქოცი“ ერთი და იგივეა.
 
პატივისცემით,
 
გულბაათ რცხილაძე
-ა(ა)იპ ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი (2009 წლიდან)-