ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
20.07.2011
შალიკო ბნელაშვილი და მისი ჯიხვები

ლეიბორისტული პარტიის ბელადად ცნობილი შალვა ნათელაშვილი ბოლო დროს ფრიად გაცხარებით ”გადასწვდა” სრულიად განსხვავებული ტიპის, წარსულისა და პოლიტიკური შეხედულებების მსხვილ ბიზნესმენებს - ჯერ იყო და, ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა-გინება გაისმა ”ლეიბორისტების” მხრიდან, შემდეგ ცეზარ ჩოჩელს ”მიუვარდნენ” სახლში.

შალიკომ და მისმა ხელქვეითებმა ეს არ იკმარეს და რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებსა და საზოგადო მოღვაწეებს გადასწვდნენ. ”ლეიბორისტების” ბელადის თქმით, მ.ხუბუტია ”თაღლითია”, ალექსანდრე ებრალიძე კი - ”ბანდიტი”.

ყველა ასეთ შემთხვევაში შალვა-ბელადის ”არგუმენტაცია” ერთი და იგივეა: მისი ლანძღვის ყველა ობიექტი ”სააკაშვილთან არის შეკრული”.

განსაკუთრებით გაუგებარია მსგავსი ბრალდება ალ. ებრალიძის მიმართ, რომელსაც არაფერი სჭირს საიმისო, რომ სააკაშვილს შეეკრას და განსხვავებით ყველა სხვა ბიზნესმენისაგან არასოდეს შეხვედრია სააკაშვილს და სატელეფონო კონტაქტიც-კი არ ჰქონია მასთან. პირიქით, როგორც ცნობილია, ებრალიძეს სწორედ სააკაშვილი არ აძლევს საქართველოს მოქალაქეობას იმის გამო, რომ ბათუმში დაბადებულ და გაზრდილ ქართველ ბიზნესმენს, რომელიც განგების ნებით ოდესღაც რუსეთში დაფუძნდა, თავისი სამშობლოს - საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება სურს - ამის კი სააკაშვილს ცეცხლივით ეშინია. რა თქმა უნდა, სააკაშვილს არ შეეშინდება შალიკოსნაირი ყბედი ”ლეიბორისტის”, მას სწორედ ებრალიძისნაირი ”ბანდიტის” - ნიჭიერი, საქმიანი და შეუპოვარი მოწინააღმდეგის ეშინია.

ნათელაშვილის ”გმირობათა” ჩამოთვლა ალბათ არ ღირს, ხალხმა ყველაფერი კარგად იცის - როგორ დაუთმო შალიკომ მიშიკოს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი და ამით გზა გაუხსნა პრეზიდენტობისკენ, როგორ ირიდებს შალიკო თავიდან საპროტესტო ქუჩის აქციებში აქტიურ მონაწილეობას, როგორ შეიძინა ბინა ძვირფასი რემონტით თბილისის ცენტრალურ უბანში, როგორ გადასხდნენ მისი გარემოცვის წევრები დანჯღრეული საბჭოთა მარკის მანქანებიდან ძვირიან ”ტოიოტებზე” და ასე შემდეგ. შალიკო და მისი ამფსონები თითქოს თაკილობენ ებრალიძისგან ფულის აღებას, ამ დროს კი არ თაკილობენ პარლამენტარების ხელფასების აღებას მაშინ, როდესაც ისინი პარლამენტში არ შედიან და ერთ სიტყვასაც არ ძრავენ ხალხის საკეთილდღეოდ. აი ეს არის ”ლეიბორისტების” მოკლე პორტრეტი, რასაც მათი ახლომხედველობა და სისულელე ემატება, როდესაც სწორედ ისინი, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პირობებში მატერიალურად ფრიად მოკეთდნენ, ბრალს სდებენ მულტიმილიონერ ბიზნესმენსა და მეცენატს სააკაშვილთან ფარულ თანამშრომლობაში. სწორედ ამიტომ წინამდებარე მოკლე რეპლიკას შესაბამისი სათაური შევურჩიეთ - შალიკოს თავში ისევე ცოტა ნათელია და ბევრი სიბნელე, როგორც მისი რქიანი ჯიხვების თავებში. ასე რომ არ იყოს, ისინი ელემენტარულ ლოგიკასთან არ იქნებოდნენ მწყრალად და იმგვარ სისულელეებს არ წამოროშავდნენ, როგორიც ზემოთ აღვწერეთ.

”ლეიბორისტების” საქციელი ზიზღნარევ ღიმილს იწვევს თავად ალექსანდრე ებრალიძეშიც. ეს კარგად ჩანს მის ღია წერილში ”ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლების კახა ძაგანიასა და შალვა ნათელაშვილის მიმართ”:

ბატონებო, ინტერესით ვადევნებ თვალყურს იმ გულმოდგინებას, რომლითაც თქვენ ასეთ რეკლამას მიწევთ ქართულ საინფორმაციო სივრცეში.საქმე რომ გაგიადვილოთ, გაცნობებთ შემდეგს:1.პირადად არ ვიცნობ რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს. 2. ბიზნესი სანკტ-პეტერბურგსა და ტვერის ოლქში შევქმენი საკუთარი ძალებით, პარტნიორებთან ერთად, რომელთა შორის არ არიან რუსეთის, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები.3. ჩემი დამოკიდებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაერთგზის განმიცხადებია საჯაროდ - რაც უფრო ადრე იქნება ხელისუფლებიდან გადაყენებული, უკეთესი იქნება საქართველოსთვის. მაგრამ ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული გზით, არჩევნების მეშვეობით.4. არასოდეს დამიფინანსებია ეგრეთ წოდებული „ამბოხი“ თუ „გადატრიალება“, ან მსგავსი ანტიკონსტიტუციური ქმედება და არც ვაპირებ დაფინანსებას.5. საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას ვთავაზობ 200 მილიონ დოლარს, რათა აიღოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების პასუხისმგებლობა. 6. თქვენდამი ერთადერთი თხოვნა მაქვს - ზემოქმედება მოახდინეთ პრეზიდენტ სააკაშვილზე, რომ დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა.ალექსანდრე ებრალიძესაქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტივენა, ავსტრია, 2011 წლის 18 ივლისი

მაგრამ ბნელები და ჯიხვები მხოლოდ ადასტურებენ თავიან სიბნელესა და ჯიხვობას, როდესაც ამგვარად რეაგირებენ:

ლებორისტული პარტია საქართველოს ხალხთა მსოფლიო  კონგრესის მიერ შეთავაზებულ 200 მილიონ დოლარზე უარს აცხადებს. როგორც ,,მედიანიუსს“ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ გაუნცხადა, ალექსანდრე ებრალიძე და მისი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლების თამაშს თამაშობენ. ,,ქართული ოპოზიციის მხარდამჭერი განცხადებები, რასაც ისინი აკეთებენ, ხელისუფლებას აძლევს იმის საშუალებას, რომ  მთელი ოპოზიციური სპექტრი  რუსეთის ჯაშუშებად გამოაცხადოს, კარგად გამოკვეთოს მტრის ხატი და ამით  ,,გააპრავოს“ დარბევები,  ხალხის ჩახოცვა და რეპრესიები“, _ განაცხადა გუგავამ და დასძინა, რომ ასეთი ტიპის მარგინალები ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ ბიზნესში შეღავათებს იღებენ. გუგავას თქმით, ალექსანდრე ებრალიძის მიერ გაკეთებულ მიმართვას საპიარო დატვირთვა აქვს და ის პარტიის დაფინანსებას არ აპირებს. მეტიც, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ გათვლილი ნაბიჯი იმისათვის, რომ ყველა, ვინც  უპირისპირდება მათ კრიმინალურ ხელისუფლებას  რუსეთის აგენტებად გამოაცხადონ. ,,როდესაც მათი მხილება დავიწყეთ,  მას  შემდეგ აკეთებენ მსგავს განცხადებას.  არავის დაფინანსებას არ აპირებენ და არც არავის სჭირდება მათი დაფინანსება“, _ აღნიშნა გუგავამ.

რა თქმა უნდა, ამ არასერიოზული მყვირალა არსებების ხელის ხლებას არ აპირებს სააკაშვილი, პირიქით, რაც უფრო მეტნი იქნებიან მსგავსი არსებები ქართულ პოლიტიკაში, მით უფრო მშვიდად განაგრძობს რეჟიმი არსებობას. ”რუსეთის აგენტობის” ბრალდება კი თავად ებრალიძეს არ ასცდენია - ხელისუფლების მხრიდან, განსხვავებით შალიკო ბნელაშვილისაგან.

რაც შეეხება ამდენი ბიზნესმენის მიმართ ”ლეიბორისტების” ამგვარ გააქტიურებას, აშკარაა, რომ მათ ფული შემოაკლდათ (აბა რა, ბინები და ძვირიანი მანქანები შეისყიდეს, მაგრამ ცხოვრება ხომ გრძელდება!), მაგრამ არავინ არ აპირებს მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესებას - გეყოთ ბატონო შალიკო, რაც ”ბანდიტმა” ანზორ კიკალიშვილმა გკვებათ, ახლა პარლამენტარის ხელფასი გაქვთ მიშიკოსგან და ამით დაკმაყოფილდით - თქვენდა სამწუხაროდ, ფუნქცია ამოწურეთ და აღარც მიშიკოს სჭირდებით!

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"