ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
აშშ
20.07.2011
გამოაცხადებს თუ არა აშშ დეფოლტს?

2 აგვისტოს იწურება ვადა, რომლის დადგომამდე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის სახელმწიფო ვალის „ჭერის“ აწევის შესახებ. „ჭერი“ ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს უფლება აქვს, ჰქონდეს სახელმწიფო ვალი გარკვეულ ზღვრულ ნიშნულამდე. ამჟამად ეს ციფრი შეადგენს 14,3 ტრილიონ დოლარს.

თუ დავაკვირდებით ამერიკის სახელმწიფო ვალის დინამიკას მე-20 საუკუნის განმავლობაში და 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში, აღმოჩნდება შემდეგი რამ (ვითვალისწინებთ ვალის რაოდენობის თანაფარდობას პროცენტებში მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ)): პროცენტულად ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი აშშ-ს ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს, როცა მან მშპ-ს 121% შეადგინა. ეს გამოწვეული იყო დიდი სამხედრო ხარჯებით ომის დროს. ამავე დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომლიდანაც ამერიკა გამარჯვებული და ნაკლებად დაზარალებული გამოვიდა, მან შესძლო ეკონომიკის სწრაფი განვითარება, და 1960 წლისთვის ვალის და მშპ-ს შეფარდებამ დაიწია 60%-მდე. 1980 წლისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა და 33,4%-მდე დაეცა.

ერთი შეხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფერი ჰქონდათ სანერვიულო. მართალია, 1990 წლამდე ვალი ისევ გაიზარდა და მშპ-ს 56%-ს მიაღწია, მაგრამ ამ დროისთვის დაიშალა საბჭოთა კავშირი და ე.წ. სოციალისტური ბანაკი, რის შედეგადაც აშშ მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოდ დარჩა. მსხვილი ამერიკული კაპიტალი, საფონდო ბირჟა, უოლ-სტრიტი, მსოფლიოს უალტერნატივო მმართველებად მოგვევლინენ. მე-20 საუკუნის 90-იანი წლები აღინიშნა ამერიკის ბატონობით თითქმის ყველა კონტინენტზე. ერთ დროს ზესახელმწიფოს სტატუსის მქონე რუსეთში (ყოფილი სსრკ-ს ძირითადი მემკვიდრე) პროამერიკული ორიენტაციის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწენი პარპაშებდნენ, რომლებმაც სხვადასხვა ამერიკულ ინსტიტუტებში თუ ფონდებში გაიარეს „მომზადება-გადამზადება“ და შემდგომში ერთგულად ემსახურებოდნენ ვაშინგტონს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-თან ნელ-ნელა იზრდებოდა და 2006 წელს 65%-ს მიაღწია, ამერიკის ფინანსური ბატონობა მსოფლიოში ეჭვს არ იწვევდა.

მაგრამ 2006 წლიდან ამერიკის სახელმწიფო ვალმა სწრაფი ზრდა იწყო. 2010 წელს მისმა თანაფარდობამ მშპ-თან 96,5% შეადგინა, ანუ სულ რაღაც ოთხ წელიწადში 30-ზე მეტი პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ერაყში და ავღანეთში გაჩაღებულმა ომებმა, როგორც ჩანს, წელში გატეხა ამერიკული ეკონომიკა და ფინანსები. გასულ წელს მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტმა ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. წლევანდელ საფინანსო წელს ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. თუკი ყოველ წელს ამერიკის ხაზინა იძულებული შეიქნა ტრილიონ დოლარზე მეტი თანხა ისესხოს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალის ზრდა კვლავ გაგრძელდება სწრაფი ტემპებით.

მაგრამ უსასრულოდ ვალის აღება, როგორც ცნობილია, შეუძლებელია. ხშირად გაისმის ამგვარი მოსაზრება, რომ ამერიკის ვალი ნომინირებულია დოლარებში, ამ ვალუტის ბეჭდვის უფლება კი ფედერალურ სარეზერვო სისტემას აქვს. ამიტომ, ერთი შეხედვით, შტატებს შეუძლიათ დოლარების ახალ-ახალი პარტიები ბეჭდონ (უფრო სწორად, საბანკო კომპიუტერებში შესაბამისი ჩანაწერები აკეთონ) და ამით პრობლემაც თითქოს მოგვარდება, დროებით მაინც.

ოღონდ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. რაც უფრო იზრდება ვალი, მით უფრო მეტია მისი მომსახურების ხარჯები. თუკი ვალის მოცულობა ბევრად გადასცდა მშპ-ს ოდენობას, მსოფლიოს სარეიტინგო სააგენტოები შეამცირებენ აშშ-ს სუვერენულ (სახელმწიფო) რეიტინგს, რომელიც ამჟამად უმაღლეს საფეხურზეა. ეს კი გამოიწვევს ამერიკის მიერ სესხად აღებული ფულის პროცენტის გაძვირებას და ვალის მომსახურება ამის გამო კიდევ უფრო ხარჯიანი გახდება. საჭიროა სხვა გამოსავლის მოძებნა. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ეს გამოსავალი შეიძლება იყოს ან საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა, ან ხარჯების შემცირება.

პირველი ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან აშშ-მ თავად შექმნა ისეთი ეკონომიკური სისტემა მსოფლიოში, სადაც რეალური წარმოება ძირითადად გადავიდა ჩინეთში და სხვა განვითარებად ქვეყნებში. ეს ქვეყნები სწრაფად იზრდებიან ეკონომიკურად და კონკურენციას უწევენ განვითარებულ ქვეყნებს, მათ შორის ამერიკას. ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა მოახერხოს აშშ-მ შემოსავლების მკვეთრი გაზრდა არსებული ეკონომიკის პირობებში. რა თქმა უნდა, თეორიულად შეიძლება, ვთქვათ, გადასახადების გაზრდა, მაგრამ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, უმეტეს შემთხვევაში ეს ეკონომიკურ კრიზისს იწვევს და არა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას.

რჩება მეორე გზა - ხარჯების შემცირება. სწორედ ამაზე მსჯელობენ ამჟამად ამერიკის პოლიტიკურ წრეებში და კონგრესის ორივე პალატაში. ხარჯების შემცირების ინიციატორებად გამოდიან ძირითადად რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები. განსაკუთრებით აქტიურობენ ამ პარტიის რადიკალური ფრთის - ე.წ. ჩაის სმის პარტიის აქტივისტები (მათი სახელი მოდის ცნობილი ისტორიული მოვლენიდან - „ბოსტონის ჩაის სმა“).

ერთიც უნდა ითქვას - ამერიკის საბიუჯეტო კრიზისში, სხვაზე მეტად თუ არა, ნაკლებად როდი იყო დამნაშავე თავად რესპუბლიკური პარტია. სწორედ ბუშის რესპუბლიკური ადმინისტრაციის დროს დაიწყო ამერიკამ ომები ავღანეთში და ერაყში, რაც ტრილიონობით დოლარი დაუჯდა ქვეყნის ხაზინას. დღეს კი აშშ-ს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით, მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად აუცილებელია საზღვარგარეთ ომების შეწყვეტა და ჯარის შინ დაბრუნება. მაგრამ საკითხავია, უშველის კი ეს უზარმაზარ საბიუჯეტო ხვრელს?

ხარჯების შემცირება, ანუ „ქამრის შემოჭერის პოლიტიკა“ საკმაოდ მტკივნეულია. დღეს ბევრ ევროპულ ქვეყანას უწევს ბიუჯეტის სეკვესტრირება. ეს სიტყვა ჩვენი ახლო წარსულიდან გვახსოვს, ახლა კი უმდიდრესი ევროპული სახელმწიფოები იძულებული არიან, ხარჯები შეამცირონ, მათ შორის სოციალური ხარჯები - შეკვეცონ პენსიები, ხელფასები და ა.შ. როგორც ჩანს, ახლა უკვე აშშ-ს ჯერიც დგება.

მაგრამ, როგორც ცნობილია, ამერიკელები არ ეშვებიან ერთპიროვნულ მსოფლიო ბატონობაზე ოცნებას და ჯიუტად ეპოტინებიან ერთადერთი ზესახელმწიფოს - მსოფლიო იმპერიის სტატუსს. ახლა მთავარი კითხვა, რომელიც ჩნდება, არის შემდეგი: რა მოელის მსოფლიოს და თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ რესპუბლიელები და დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ და 2 აგვისტოს შემდეგ დეფოლტი მაინც დაშვებული იქნა?

მცირე განმარტება: დეფოლტი შეიძლება იყოს „ტექნიკურიც“, ანუ არ მოხდეს რამდენიმე აუცილებელი გადარიცხვა, მაგრამ ხაზინის სხვა თანხების გაცემა არ შეფერხდეს (მაგალითად, პენსიების). ამ შემთხვევაშიც, მსოფლიო სარეიტინგო სააგენტოები იმუქრებიან, რომ გადახედავენ აშშ-ს რეიტინგს, რაც, ეკონომისტების აზრით, ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღის დაწყების წინაპირობა გახდება.

უფრო მეტიც, ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ამჯერად კრიზისი გაძილებით უფრო გამანადგურებელი იქნება, ვიდრე 2-3 წლის წინ იყო. ზოგი მას „ეკონომიკურ არმაგედონს“ უწოდებს. თუმცა, საკმაოდ ცოტა ექსპერტს სჯერა, რომ აშშ-ს დეფოლტი რეალურად მოხდება 2 აგვისტოს.

ჩვენი აზრით, მართალია, მოვლენათა ამგვარი განვითარების ალბათობა ამ ეტაპზე მცირეა, მაგრამ მისი გამორიცხვაც არ შეიძლება. შესაძლოა, აშშ-ს გარკვეულ წრეებს გათვლილი ჰქონდეთ, რას მოუტანს დეფოლტი და შესაბამისად, მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი კრიზისი, სხვა ქვეყნებს და თავად აშშ-ს. როგორც ცნობილია, სწრაფად განვითარებად ქვეყნებიც კი, როგორიცაა ჩინეთი და სხვები, ამჟამად დიდად არიან დამოკიდებული ამერიკის საფინანსო სისტემაზე. ჩინური ექსპორტის დიდი ნაწილი მოდის ამერიკის ბაზარზე. ჩინეთი ფლობს 3 ტრილიონზე მეტის ღირებულების ვალუტას, ძირითადად დოლარებს. დეფოლტის შემთხვევაში ეს რეზერვები ფარატინა ქაღალდად იქცევა, ხოლო ჩინეთის ეკონომიკაში ბევრად უფრო ძლიერი კრიზისი დაიწყება, ვიდრე 2008-2009 წლებში იყო. ანალოგიური და უფრო პესიმისტური პროგნოზების გაკეთება შეიძლება ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორებიცაა რუსეთი, რომელიც ნავთობის ფასებზე ძლიერადაა დამოკიდებული, და აშშ-ს სხვა კონკურენტების მიმართ. ვინ იცის, იქნებ ამერიკელ სტრატეგებს უკვე დათვლილი აქვთ სავარაუდო სცენარები და ახლანდელი მომენტი ერთ-ერთი მათგანის რეალიზაციისთვის ხელსაყრელად ჩათვალონ. მაშინ ძალზე საინტერესო მოვლენების მომსწრენი გავხდებით.

მაგრამ თუ ამერიკულმა ისტებლიშმენტმა სხვა გზა აირჩია, ანუ ამჯერად მოახერხა შეთანხმება სახელმწიფო ვალის გაზრდის შესახებ, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ დღევანდელი სიტუაცია დროებით გაგრძელდება კიდევ 1,5-2 წელი, სანამ ამერიკის ვალი ახალ ზღვრულ ნიშნულს არ მიაღწევს. ეს კი, ამერიკის პოლიტიკაში კარდინალური ცვლილებების გარეშე, თითქმის გარდუვალია.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"