ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
19.07.2011
ოპოზიცია სამოქალაქო მოძრაობას აფუძნებს

უკანასკნელი 3 წელიწადი საზოგადოებაში სულ უფრო ღრმა ნიჰილიზმს ნერგავს. ერთი სიტყვით პოლიტიკური პროცესების შეფასება შეიძლება, როგორც უშედეგო. სახალხო წარმომადგენლობითი კრების მესვეურები მიხვდნენ, რომ თუნდაც მცირე გამარჯვება აუცილებელი იყო პოლიტიკური ცხოვრების გამოსაცოცხლებლად.

ამიტომაც, საკუთარი თავისა და ხალხის გასამხნევებლად გაისმოდა მტკიცებითი განცხადებები "მიშა წავა!", "ჩხუბი მორევაზეა!", "ძალადობას ძალადობით დავუპირისპირდებით" და ა.შ. მაგრამ ამ შეძახილებმა ვერ მოიტანა ის თუნდაც მცირე გამარჯვება. პირიქით, დაუნდობლად დარბეული აქცია და 280 დაკავებული კიდევ უფრო დიდი ნიჰილიზმის წყაროდ იქცა.

ერთადერთი ნათელი მოვლენა, რომელმაც შეახსენა ხალხსაც და ხელისუფლებასაც, რომ საზოგადოებას კიდევ დარჩა საპროტესტო მუხტი და სადამსჯელო ოპერაციამ შედეგი არ მოიტანა, იყო 28 მაისის საპროტესტო აქცია, რომელზეც გაცილებით მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე 26 მაისს ან სხვა რომელიმე აქციაზე უკანასკნელ ხანს.

ოპოზიციური სპექტრის ორ ნაწილად გაყოფა ერთგვარ ქართულ პოლიტიკურ ტრადიციადაც იქცა; ერთი ნაწილი რადიკალურია და ხელისუფლების გადაყენებაში ხედავს გამოსავალს, მეორე კი – საარჩევნო გზას აღიარებს. პარალელები მოჰყავთ 80-იანი წლების დასასრულის ეროვნულ მოძრაობასთან, როდესაც ასევე ორი მოსაზრება უპირისპირდებოდა ერთმანეთს. ერთმა ნაწილმა კომუნისტების მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობაზე კატეგორიული უარი განაცხადა, ხოლო მეორემ მოლაპარაკებების გზით დაათმობინა მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა ხელისუფლებას.

ეს პარალელები არცთუ მართებულია, რადგან საბჭოთა რეჟიმი უკვე გვარიანად მორყეული იყო, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება ახალგაზრდა და აგრესიულია. იგი დათმობას არ აპირებს არც აქციების, არც მოლაპარაკებების მინდორზე. უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის სეგმენტაციას ხელისუფლება საკმაოდ მოხერხებულად იყენებს. პრინციპი `დაყავი და იბატონე~ მოქმედებს როგორც ოპოზიციის ორი ბანაკის, ისე თავად ამ ბანაკების შიგნითაც. თუ რომელიმე ჯგუფი მეტისმეტად ერთსულოვანია, ხელისუფლებას უჩნდება აუცილებლობა ან მისი ძალით დათრგუნვისა, ან მისი რიგებიდან რომელიმე სუბიექტის ამოგლეჯისა და მასთან სეპარატული გარიგებისა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტაქტიკის მომსწრე (ზოგჯერ კი მონაწილეც) სხვადასხვა ოპოზიციური სუბიექტები არაერთხელ ყოფილან, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის მომუშავე ჯგუფი იმავე ტაქტიკით დაშალეს. მაშინ, როდესაც ქრისტიან-დემოკრატების და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერები, გიორგი თარგამაძე და დავით გამყრელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის თანაშემწეებს ხვდებოდნენ, მმართველმა პარტიამ ოპოზიციურ რვიანს საკუთარი საბოლოო წინადადებები პარასკევს წარუდგინა და დასათანხმებლად ვადა ორშაბათამდე მისცა.

ორშაბათს დილით "ახალმა მემარჯვენეებმა" სასწრაფო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მათ სოლიდური გამარჯვება მოიპოვეს. ის, რომ ქრისტიან-დემოკრატები ამ შეთანხმებაზე წავიდოდნენ, საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ხელისუფლებისთვის აუცილებელი იყო შეთანხებაზე არა მხოლოდ მასთან ლოიალობაში ეჭვმიტანილ პარტიათა ხელმოწერა, არამედ ოპოზიციური რვიანის დაშლა და მან ამას მიაღწია. ეს ცუდი როლი სწორედ "მემარჯვენეებმა" იკისრეს. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, მათი გუნდის წევრები "კალვერას ბანდაში გადავიდნენ".

თავად შეთანხმების პროექტი იმდენად შეურაცხმყოფელ ხასიათს ატარებდა, რომ მის შინაარსზე, და მით უფრო, "სოლიდურ გამარჯვებაზე" სერიოზული მსჯელობა თითქმის შეუძლებელია:

1.საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 190-ით. აქედან 83 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 107 პროპორციული სისტემით.

დეპუტატთა რაოდენობის 150-მდე შემცირებას 2003 წლის რეფერენდუმით (მოსახლეობის თითქმის 90%-ის მხარდაჭერით) გადაწყდა. ამდენად, 190-მდე მის გაზრდა მხოლოდ ახალი რეფერენდუმით შეიძლება, მაგრამ მმართველი პარტია რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებს. მისმა წარმომადგენლებმა ჯერ თავი მოიკატუნეს, რომ ის რეფერენდუმი კი არა, პლებისციტი იყო, შემდეგ ისიც გაიხსენეს, რომ 2003 წელს არჩევნები "დარღვევებით ჩატარდა", ბოლოს კი "კონსტიტუციის სრული დაცვით მიიღებს პარლამენტი ამ გადაწყვეტილებასო", დააიმედეს ამომრჩეველი.

2. ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისთვის შეიქმნება სპეცკომისია, რომელშიც ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეიყვანენ. ხელისუფლებასთან პარიტეტი დაცული იქნება. 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე კომისიამ უნდა უზრუნველყოს ამომრჩეველთა სიების გადამოწმება. მის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივად დასაბუთებული წინადადების საფუძველზე ცესკომ უნდა უზრუნველყოს ცვლილებების შეტანა ამომრჩეველთა სიებში. კომისიისა და მისი აპარატის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება.

2003 წლიდან, როცა ამომრჩეველთა სიების მიმართ სერიოზული პრეტენზიები იყო, თითქმის რვა წელიწადი გავიდა. მაშინ სიაში 3.200 ათასი ამომრჩეველი იყო, ახლა ეს რიცხვი 3.700 ათასამდე გაიზარდა. უკანასკნელი არჩევნების წინ სიების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტიდან თანხაც გამოიყო და დაიხარჯა კიდეც, მაგრამ სიების დაზუსტებას საშველი არ დაადგა. აქ კიდევ ერთი საინტერსო დათქმაა, რომ ცესკო კომისიის მხოლოდ სამართლებრივად დასაბუთებული წინადადების საფუძველზე შეიტანს ცვლილებებს სიაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიაში ცვლილებებს ცესკო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანს, თუკი თავად ჩათვლის მიზანშეწონილად.

3.1. საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარი განისაზღვრება 60.000 ლარის ოდენობით ფიზიკური პირებისათვის და 200.000 ლარის ოდენობით იურიდიული პირებისთვის.

მმართველ პარტიას ყოველთვის ჰქონდა მრავალმილიონიანი შემოწირულობების ლეგალიზაციის თავის ტკივილი, ამ ცვლილებით იგი საკუთარ პრობლემას იმარტივებს. რაც შეეხება ოპოზიციას, მას ბიზნესმენები ხელისუფლების შიშით ვერ აფინანასებენ და ცხადია, ვიდრე ეს შიშის ფაქტორი არ მოიხსნება, შემოწირულობათა ზედა ზღვარის გაზრდით ოპოზიცია ვერ იხეირებს.

3.2. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს, მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მილიონ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად, მათ შორის 300.000 ლარს მიზნობრივად სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად. აღნიშნულის შესახებ საარჩევნო სუბიექტმა ცესკოს წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს.

300.000 ლარის მიზნობრივად სატელევიზიო რეკლამაზე მიმართვა პირდაპირ ნაციონალური არხების დაფინანსებას ნიშნავს (საპარლამენტო არჩევნები ხომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იმართება და ცხადია, რომ რეკლამაც მთელი საქართველოს მასშტაბით არის საჭირო). თავად ნაციონალებს საარჩევნო კამპანიისთვის 1 მილიონი მაშინაც კი არ ჰყოფნიდათ, როცა ოპოზიციაში იყვნენ.

3.3. კანონის საფუძველზე შეიქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზნადაც განისაზღვრება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგი და რეაგირება საარჩევნო კამპანიის წარმართვის წესების დარღვევაზე.

ამ მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული რესურსი თავის თავს თავადვე დააკვირდება და საკუთარ დარღვევებზე რეაგირებასაც თავადვე მოახდენს! მიზანი რომ მართლაც დარღვევების აღმოფხვრა იყოს, ამ საკოორდინაციო საბჭოში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უნდა ჩაერთოთ.

3.7. გადაიხედება დავების განხილვის დადგენილი ვადები, მაქსიმალურად გაიზრდება საარჩევნო სუბიექტებისათვის დადგენილი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სარჩელის შეტანა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ამას რა სჯობს, მაგრამ რა განსხვავებაა, "დამოუკიდებელი" სასამართლო სამი დღის მერე გეტყვის უარს სარჩელის მიღება-დაკმაყოფილებაზე, თუ ათი დღის შემდეგ?

არც ერთი ის პრობლემა, რომელზეც მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ რვიანს შორის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხელისუფლების წინადადებებში ნახსენებიც კი არ არის. არადა, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის, პოლიციის დეპოლიტიზაციის, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის გარეშე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ლაპარაკი ფიქციაა.

ამ შეურაცხმყოფელი დოკუმენტის გვირგვინი კი მაინც მინაწერი იყო, რომლის თანახმადაც ამ შეთანხმების 2, 3.2. და 3.5. პუნქტების პირობები ვრცელდება მხოლოდ შეთანხმების მონაწილე სუბიექტებზე. გამოდის, რომ ყველა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტი, რომელიც ამ შეთანხმებაზე ხელს არ მოაწერდა, კონსტიტუციისა და საერთასორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევით არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებოდა არჩევნებისას. მხოლოდ ორშაბათს საღამოს, მას შემდეგ, რაც "მემარჯვენეებმა" და ქდმ-მ შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს, გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ შეთანხმების პირობები ყველა სუბიექტზე გავრცელდება.

ოპოზიციური რვიანის დაშლა, რასაც ხელისუფლება ისახავდა მიზნად, თითქოს მოხერხდა, მაგრამ როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრაზე აწ უკვე "ექვსიანად" წოდებულმა გაერთიანებამ განაცხადა, ისინი ერთიანობას ინარჩუნებენ და ბრძოლას განაგრძობენ. უნდა ითქვას, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით ეს პატარა გამარჯვება იყო, რადგან შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები მათზეც გავრცელდება, ხოლო ორი სუბიექტის გასვლამ მათ შიდა შეთანხმებების მიღწევა გაუადვილა. ისინი უკვე საუბრობენ აქციებსა და მიტინგებზე, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებაზე (მანამდე ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ "ახალი მემარჯვენეები" და ქდმ).

8 ივლისს, ვერის კალათბურთის დარბაზში გაიმართა მეორე შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან. გამოცხადდა სამოქალაქო მოძრაობა "თავისუფალი არჩევანის" დაფუძნების შესახებ. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მზარდმა უნდობლობამ პოლიტიკური პარტიებისადმი მათ სწორედ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებისკენ უბიძგა. განცხადებაში ნათქვამია:

"თუ დღემდე საარჩევნო გარემოს შესაცვლელად სწორი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებას ვცდილობდით, დღეიდან ჩვენი ამოცანა ხდება საარჩევნო გარემოს შეცვლა მილიონი მოქალაქის აქტიური სამოქალაქო პოზიციით.

თუ დღემდე ჩვენ მხოლოდ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად ვიყავით გაერთიანებული, დღეიდან ვერთიანდებით საარსებო გარემოს შესაცვლელად.

თუ დღემდე ჩვენ გვქონდა საშუალება მხოლოდ საარჩევნო საკითხებზე გაგვეერთიანებინა ჩვენი ძალისხმევა, დღეიდან ჩვენ ვალდებულნი ვართ ძალისხმევა გავაერთიანოთ ხელისუფლების შესაცვლელად.

თუ დღემდე ჩვენი ერთობლივი პოლიტიკური თვალსაწიერი შემოიფარგლებოდა სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, დღეიდან ჩვენი ამოცანაა კოალიციური საპარლამენტო უმრავლესობის უზრუნველყოფა".

კოალიციაში "თავისუფალი არჩევანი" გაერთიანდნენ ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა და ხალხის პარტია. ბოლო წლებში ოპოზიცია პირველად აღმოჩნდა მოსახლეობის მოთხოვნების ადეკვატური, ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციის დონეზე მაინც. კოალიციური უმრავლესობის იდეის განხორციელების შანსი არსებობდა 2003 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგად: პარლამენტში ექვსი ყველაზე რეიტინგული პარტია შევიდა, მაშინ როცა სახელისუფლებო ბლოკმა მხოლოდ 22% მიიღო.

მაშინ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან და ე.წ. რევოლუციის გზით ძალაუფლების ავანტიურისტების ხელში გადასვლას პირდაპირ დაეხმარა, ან საკუთარი უმოქმედობით შეუწყო ხელი. ახლა, რვა წლის შემდეგ მაინც, კოალიციური მმართველობისკენ სწრაფვა უთუოდ დადებითი ტენდენციაა, მაგრამ უაღრესად რთულად მისაღწევი. ოპოზიციურმა ექვსიანმა თავისი სვლა გააკეთა. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. რით დაუპირისპირდება იგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გახდება ნათელი.

ნანა დევდარიანი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"