ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
23.06.2011
"ზილი", როგორც არშემდგარი „ავრორა“

23 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელევიზიო მრავალსერიანი „დოკუმენტური“ ფილმის „სახიფათო კავშირები“ მორიგი სერია წარმოადგინა. პირველი სერია 2007 წლის ნოემბერში იხილა ტელემაყურებელმა, და მას შემდეგ სერიალი წარმატებით გადის ქართული ტელეარხების (ძირითადად „რუსთავი2-ის“) ეკრანებზე.

ვერ ვიტყვით, რომ მორიგი სერია მაინცდამაინც დასამახსოვრებელი გამოდგა, თუმცა მასში იყო ერთი სიუჟეტური ხაზი, რომელმაც მაყურებელთა (იგივე ამომრჩეველთა) დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს იყო ტრილერივით მძაფრი ისტორია სატვირთო ავტომობილ „ზილის“ შესახებ. როგორც ცნობილი გახდა, ამ "ზილში" რუსული სპეცდანიშნულების რაზმი უნდა ჩამჯდარიყო (თუ დამდგარიყო), და შვარცენეგერის და სტალონეს ფილმების მსგავსად, გამოერღვია ევროპელ დამკვირვებელთა კორდონები, ქართული პოლიციის საგუშაგოები, მათივე მოძრავი პატრულები და პირდაპირ გორში, სტალინის მშობლიურ ქალაქში შემოჭრილიყო, სადაც „გუბერნიის“ სახელისუფლებო შენობების შტურმს დაიწყებდა. შტურმის დადებითად დასრულების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ, რომ დღეს უკვე სტალინის ძეგლიც თავის ადგილს დაუბრუნდებოდა, გორის ცენტრში.

როგორც ვხედავთ, ფაქტიურად, ამ ერთ "ზილზე" აღმოჩნდა დამოკიდებული ქართული დემოკრატიის ბედი, ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს ჩამოშლა-არჩამოშლა, სინგაპურად ქცევის პერსპექტივა და თვით მაპ-ზე უკეთესის მიღების შანსიც. როგორც „ავრორამ“ გაისროლა და რუსეთის ბედი შეატრიალა, ასე შეეძლო რუსი სპეცნაზელებით გაძეძგილ ერთ "ზილსაც" მსოფლიო ისტორიის და გეოპოლიტიკის შემობრუნება, რადგან თუ საქართველო დაეცემოდა, ეს ნიშნავდა ამერიკის შეერთებული შტატების მარცხს მთელი ამიერკავკასიის და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.

თუმცა, რა თქმა უნდა, ქართულმა პოლიციამ, რომელსაც ზურგს უმაგრებს აშშ-ს თანამგზავრთა სათვალთვალო სისტემების მთელი ძლევამოსილება, ამჯერადაც ჩაშალა რუსი ბარბაროსების და მათი ქართველი აგენტების შავბნელი ზრახვები. საბედისწერო "ზილი" რუსი რემბოებით ვეღარ დაიტვირთა და ის ამჟამად შსს-ს ერთ-ერთ გარაჟში იმყოფება, სადაც მას სწავლობენ ამერიკიდან სპეციალურად ჩამოსული სპეციალისტები (რადგან ეს უბრალო ავტომობილი როდია, არამედ ჯეიმს ბონდის მანქანებივით საიდუმლო ფუნცქიებით აღჭურვილი ურთულესი მოწყობილობა. მაგალითად, საქარე მინაზე გაკრული სტალინის ფოტოსურათი აჰიპნოზებს ყველას, ვინც მას პირდაპირ შეხედავს, მანქანის გამონაბოლქვი იმდენად მყრალია, რომ შეუძლია პოლიციის მთელი ბატალიონის მოწამვლა და ა.შ.). მალე ეს მრისხანე იარაღი ქართულ არმიას გააძლიერებს და შეჯავშნულ მანქანა „დიდგორებს“ დაუმშვენებს გვერდს. გიხაროდენ!

P.S. სერიალი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე განახლდება, ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"