ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
22.06.2011
ალექსანდრე ებრალიძის ახალი ინიციატივა - მიმართვა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს

მკითხველთა ყურადღებას მივაპყრობთ საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის ალექსანდრე ებრალიძის მეტად საინტერესო მიმართვაზე საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობებისადმი. ამ წერილში ჩამოყალიბებულია 26 მაისს ხელისუფლების მიერ მშვიდობიან მომიტინგეებთან სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ შექმნილი ურთულესი სიტუაციიდან გამოსვლასთან დაკავშირებული მოსაზრებები და შესაძლებლობები.

ევრაზიის ინსტიტუტი ეჭვობს, რომ ებრალიძის ამ ინიციატივას ფორმალურად "ოპოზიციური" და "ნეიტრალური" მასმედია საქართველოში უბრალოდ მიაჩუმათებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მთავრობისადმი პირდაპირ დაქვემდებარებულ სატელევიზიო არხებზე. წივილ-კივილი და ემოციების ამოფრქვევა მათ დაეწყებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოჩნდებიან პასუხისმგებლობით აღვსილი ძალები და გამოეხმაურებიან ამ ინიციატივას.

საქართველო - 2011. ვინ არის დამნაშავე, რა და როგორ ვაკეთოთ?

რას წარმოადგენს საქართველო დღეს, როდესაც ქვეყანაში გაცხარებული კამათი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხის სისხლი კიდევ ერთხელ დაიღვარა თბილისის ქუჩებსა და მოედნებზე?

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო დღემდე ვერ ჩამოყალიბდა სრულყოფილ სახელმწიფოდ.

ის არასრულყოფილია იმის გამო, რომ 20 წლის დამოუკიდებლობის მანძილზე ვერ ეღირსა ხელისუფლებას, რომელსაც ხალხის ნდობა ექნებოდა. განადგურებულია მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, ქვეყანას აქვს უდიდესი საგარეო ვალი, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაღატაკებულია. მიუხედავად ხელისუფლების გამუდმებული მტკიცებისა, არ არსებობს ეკონომიკის აღორძინების რეალური პერსპექტივები. ქვეყანას არ აქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა.

ყველა ამ ფაქტორმა გამოიწვია ქვეყნის მოსახლეობის მასობრივი გადინება სხვა ქვეყნებში, რაც, თუ გაგრძელდა, იქამდე მიგვიყვანს, რომ საქართველოში უბრალოდ აღარ დარჩება ქართველი.

დაბოლოს, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის ფონზე მმართველი ძალა ავლენს უნიათობას, არ აქვს სურვილი და არ შესწევს უნარი, გამოასწოროს ტრაგიკული სიტუაცია.

დღეს მთავარი კითხვებია - ვინ არის დამნაშავე? რა უნდა გავაკეთოთ? როგორ უნდა გავაკეთოთ?

ვინ არის დამნაშავე? ხელისუფლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაახლოებული პირების სახით, ასევე ოპოზიციის ყველაზე ამბიციური ლიდერები, რომლებმაც პირადი ინტერესები საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დააყენეს და, შედეგად, ხალხის ნდობა და სიმპათია დაკარგეს.

რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვაწარმოოთ რეალური პოლიტიკური ბრძოლა; მოვემზადოთ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, დავაგროვოთ ენერგია და რესურსები გამარჯვებისათვის; გავაერთიანოთ ოპოზიციური ძალები და წამოვაყენოთ საერთო ლიდერი, რომელსაც ექნება უნარი, დიალოგის გზით შეთანხმებას მიაღწიოს წამყვან გეოპოლიტიკურ ცენტრებთან და იმავდროულად, განახორციელოს პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.

როგორ უნდა გავაკეთოთ?

1. ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ბრძოლის ყველა მონაწილემ ნათლად უნდა გაიგოს, რომ ერთიანი მთავარი მიზანია სააკაშვილის ხელისუფლებისა და მისი გუნდის გადადგომა.

2. უნდა შესრულდეს ხალხის მოთხოვნა - შეიქმნას ერთიანი ოპოზიცია. უნდა გავთავისუფლდეთ საკუთარი ამბიციებისაგან, დავივიწყოთ ძველი უთანხმოება და წყენა. სხვაგვარად, დამარცხება გარდაუვალია, ეს კი საქართველოს დამარცხების ტოლფასი იქნება.

3. უნდა წამოვაყენოთ საერთო ლიდერი. საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავმოყრილი იქნება უღიმღამო დეპუტატთა ჯგუფის ხელში. საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში ლიდერი სჭირდება.

ცალკე პრობლემაა ქართული დიასპორები საზღვარგარეთ. სამშობლოში ღირსეული სამსახურისა და პერსპექტივის უქონლობის გამო მილიონნახევარი სხვა ქვეყნებში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულე ყოველწლიურად საქართველოში თავის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უცხოეთში მძიმე შრომით ნაშოვნ ასობით მილიონ რუბლს, დოლარს თუ ევროს უგზავნის. როდესაც სააკაშვილი საზღვარგარეთიდან ფინანსურ ნაკადებზე საუბრობს, შიშით მალავს იმ ფაქტს, რომ მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების დახმარებით შეუძლია საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, შიმშილით სიკვდილს გადაურჩეს. ამიტომაც, ქართულ დიასპორებს უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება ისტორიული სამშობლოს მომავლის გადაწყვეტის საქმეში.

ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ყველა ადამიანმა, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა სურვილის შემთხვევაში. საქართველოსთვის დადგა ჟამი, მთელი მსოფლიოდან შეკრიბოს თავისი შვილები, როგორც ამას მრავალი ქვეყანა აკეთებს.

თავის მხრივ, ქართული დიასპორებიც ვალდებული არიან, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მომავალ საარჩევნო პროცესებში, აამოქმედონ თავიანთი სოლიდური შესაძლებლობები და ხმა მისცენ გაერთიანებულ ოპოზიციას.

ჩვენ ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრების გაუმჯობესებას ვესწრაფვით მთელი ხალხის საკეთილდღეოდ, ერთნაირად გვეხება იესო ქრისტეს გაფრთხილება: „ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ დაყოფილი, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი და სახლი, რომელიც დაიყოფა თავის თავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს(მათე. 12:25)“.

აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ ახალი ინიციატივით გამოვდივართ: დავაარსოთ სახალხო ერთობის ფორუმი, რომლის მიზანი იქნება საქართველოს ოპოზიციური ძალებისა და ქართული დიასპორების გასაერთიანებლად წინადადებების შემუშავება, პროგრამის ძირითადი მიმართულებების, მოქმედების ტაქტიკისა და მომავალი საქართველოსთვის სხვა აქტუალური საკითხების განხილვა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე საზოგადო მოღვაწეებს, რომლებსაც აღელვებთ ჩვენი საერთო სამშობლოს მომავალი. გვესმის, რომ ძალიან რთულ საქმეს გთავაზობთ. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებობს სხვადასხვა ოპოზიციური გაერთიანებები (”რვიანი”, სახალხო კრება, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი და სხვა). მრავალ მათგანს ერთმანეთში შეურიგებელი პოლემიკა აქვს, მათი ლიდერები უარს ამბობენ ნებისმიერ ინიციატივაზე, თუ ისინი სხვისგან მოდის. ჩვენ პირდაპირ ვამბობთ - ერთი ნაბიჯით უნდა დავშორდეთ იმას, რაც გვყოფს, რათა წინ ვიაროთ გაერთიანებისაკენ! ისიც კმარა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ერთმანეთს წაგვკიდოს. ნუ გავახარებთ მას ჩვენი გაუთავებელი უთანხმოებით. სრულიად ნათელია, რომ ოპოზიციონერებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც სიტყვით სააკაშვილს აკრიტიკებენ, სინამდვილეში კი მის ნებას ასრულებენ. ნუ შევუშინდებით ამას, ჩვენი საერთო საქმის სიმართლე, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა აქვს, მათაც აიძულებს ხელი აიღონ ასეთ მცდარ მოქმედებაზე.

რასაკვირველია, კარგი იქნებოდა სახალხო ერთობის ფორუმი ჩვენს ძველ დედაქალაქ მცხეთაში, საქართველოს სულიერ ცენტრში შეგვეკრიბა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ იგი მთლიანად სააკაშვილს დავუქვემდებაროთ - დიასპორებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების წარმომადგენლებს არ შეუშვებენ ქვეყანაში, ხოლო თვითონ ფორუმი პროვოკაციების, დაშინების, მოსმენისა და თვალთვალის ატმოსფეროში წარიმართება.

მიზანშეწონილი იქნება ფორუმის ჩატარება ვენაში, სტრასბურგში ან ბრიუსელში, სადაც შეიძლება ევროპის საზოგადოების უშუალო მხარდაჭერის იმედი ვიქონიოთ. საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი მზადაა, თავის თავზე აიღოს საორგანიზაციო საკითხები.

საქართველოს სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით წინ სახალხო ერთობის ფორუმისაკენ, საერთო გადაწყვეტილებების მიღებისა და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისაკენ!

ალექსანდრე ებრალიძე,

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი

საკონტაქტო მისამართი:

1010 ვენა, ავსტრია, შტუბენბასტაი 12/12ტელ: +43/676 62 583 64ელ-ფოსტა: darbazi@eclipso.at
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"