ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
20.06.2011
კოკოითი და სააკაშვილი - რომელი წავა მესამე „წრეზე“?

დაძაბული ვითარება შეიქმნა „სამხრეთ ოსეთის“ დედაქალაქ ცხინვალში. როგორც ცნობილია, პრეზიდენტად წოდებული ედუარდ კოკოითი უკვე ორჯერ იყო არჩეული ამ თანამდებობაზე - 2001 და 2006 წლებში - და ამა წლის შემოდგომაზე მას უფლებამოსილებანი ეწურება. ამავე დროს, „სამხრეთ ოსეთის“ კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ერთი და იმავე პიროვნების სამჯერ ზედიზედ არჩევას პრეზიდენტად.

ამის გამო სერიოზული კრიზისი წარმოიქმნა ამა წლის 15 ივნისს სეპარატისტულ რეგიონში. კოკოითი ბოლო პერიოდში თითქოს არ იყო წინააღმდეგი, რომ რაღაც ფორმით დარჩენილიყო რესპუბლიკის სათავეში, თუმცა ამის შესახებ პირდაპირ არ აცხადებდა. მაგრამ მისი მომხრეები ამ დღეებში აქტიურ ქმედებებს ახორციელებენ, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომლის ძალითაც კოკოითს მესამე ვადით კენჭისყრის საშუალება მიეცემა. მათ კიდეც შეაგროვეს ხელმოწერები და უმაღლეს სასამართლოში შეიტანეს, რათა ამ უკანასკნელს დაენიშნა რეფერენდუმი იმ საკითხზე, შეიძლება თუ არა მე-3 ვადით პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა.

სასამართლოს ვერდიქტის გამოტანის წინა დღეს, ე.წ. პრეზიდენტმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, იგი არ აპირებს შემოდგომაზე დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ძნელი სათქმელია, ამის გამო იყო თუ არა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ უარყოფითი დასკვნა გამოიტანა და კოკოითის მომხრეების საინიციატივო ჯგუფს რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი უთხრა.

ამის შემდეგ მოვლენები დრამატულად განვითარდა. პრეზიდენტის მხარდამჭერი პირები, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის უწყების მაღალჩინოსნები, პარლამენტში შეიჭრენ და დეპუტატებს აიძულებდნენ ხელი მოეწერათ პარლამენტის დღის წესრიგში კონსტიტუციის ცვლილების შესახებ კანონპროექტის შეტანაზე. 12-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი ამ განცხადებას, თუმცა პარლამენტის სპიკერი და ზოგიერთი სხვა დეპუტატი აცხადებს, რომ მათ ეს ზეწოლის ქვეშ გააკეთეს. პარლამენტის რამდენიმე წევრმა პროტესტის ნიშნად უფლებამოსილების შეჩერება გადაწყვიტა. თუმცა სიტუაცია დროებით განიმუხტა და შემოჭრილმა პირებმა შენობა დატოვეს, მაგრამ იქვე მახლობლად დაბანაკდნენ.

მოგვიანებით თავად კოკოითმა დაგმო თავისივე მომხრეების მოქმედება და გენერალურ პროკურორს დაავალა საკითხის გამოძიება. ხოლო სეპარატისტული რეგიონის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ყოჩიევმა და საპარლამენტო კომიტეტების სამმა თავმჯდომარემ განაცხადეს, რომ არჩევნებამდე 4-5 თვით ადრე კონსტიტუციის შეცვლა და მისი მორგება რომელიმე ადამიანზე დაუშვებელია.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, დიდი მნიშვნელობა არა აქვს ამ ეტაპზე, კოკოითი გახდება „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტი თუ სხვა ვინმე. მაგრამ ცხინვალში შექმნილმა ვითარებამ რაღაცნაირად გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოში მოსალოდნელ არჩევნებზე.

იგულისხმება ის მომენტი, რომ კოკოითის არ იყოს, არც სააკაშვილს აქვს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება. მაგრამ, როგორც ცნობილია, სააკაშვილმა გადააკეთა კონსტიტუცია და მკვეთრად გაზარდა პრემიერ-მინისტრის ფუნქციები, რომელიც ფაქტიურად პირველი პირი ხდება ქვეყანაში რეალური გავლენით პოლიტიკურ პროცესებზე.

თუმცა სააკაშვილს უკვე შეექმნა უხერხული სიტუაცია იმის გამო, რომ რამდენიმე წლის წინ რუსეთში, პრეზიდენტმა პუტინმა, რომელსაც არ შეეძლო პრეზიდენტად დარჩენა მორიგი ვადით, არ შეცვალა რუსეთის კონსტიტუცია და გადავიდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. სააკაშვილმა კი, პუტინისგან განსხვავებით, კონსტიტუციაც შეცვალა და პრემიერის თანამდებობა წინასწარ მოირგო. როგორც ცნობილია, სააკაშვილი თავს აცხადებს „დემოკრატიული ტალღის წარმომადგენლად“, „პროდასავლურ“ მოღვაწედ, ამიტომ მისთვის ძალზე უხერხული მომენტია პუტინის მსგავსად ხელისუფლებაში დარჩენა პრემიერის თანამდებობაზე გადასვლით, მით უმეტეს, რომ პრემიერ-მინისტრი ფაქტიურად პირველი პირი ხდება.

მაგრამ ეს უხერხულობა კიდევ უფრო გაძლიერდება, თუკი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი კოკოითი არ იყრის კენჭს და აღარ იქნება შემდეგი პრეზიდენტი. გამოდის, რომ არათუ აფხაზეთი, სადაც მძაფრი საპრეზიდენტო შეჯიბრი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, არამედ „სამხრეთ ოსეთიც“ კი უფრო დემოკრატიული წარმონაქმნია, ვიდრე „რეფორმატორული“ და „პროდასავლური“ საქართველო. სააკაშვილისთვის კიდევ უფრო კომიკური და პოლიტიკურად წამგებიანი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, თუკი კოკოითიც „პრემიერ-მინისტრის“ პოზიციას დაიკავებს ამა წლის შემოდგომაზე დანიშნული არჩევნების შემდეგ.

მაშინ გამოვა, რომ პუტინმა მაგალითი მისცა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რეჟიმების მეთაურებს - კოკოითს და სააკაშვილს. საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი კოკოითის მსგავსის როლში აღმოჩნდება, რომელიც ცოტათი უფრო მეტ ტერიტორიას აკონტროლებს, ვიდრე მისი ცხინვალელი კოლეგა. რა თქმა უნდა, ფასადების ღებვის, კედლებზე მინათებების გაკეთების და უხარისხო გზების დაგების თვალსაზისით სააკაშვილს უპირატესობა აქვს კოკოითთან შედარებით, თუმცა ეს არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე პრინციპულ მიღწევად. ბოლოს და ბოლოს, „ჯაბეევიჩს“ ჰალსტუხი არ დაუღეჭავს 2008 წლის აგვისტოში და მიწაზე არ უგორავია, თუმცა არც ის გამოირჩეოდა დიდი პიროვნული სიმამაცით იმ დღეებში.

ასე რომ, სააკაშვილის განუწყვეტელი პიარ-კამპანია, პუტინს „გაუტოლდეს“ და მის მსგავსად წარმოაჩინოს თავი, გადაიქცევა მხოლოდ და მხოლოდ კოკოითთან შეჯიბრად. პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე გადასვლის შემთხვევაში, კოკოითი და სააკაშვილი უკვე იქიდან გააგრძელებენ მეტოქეობას. თუმცა სააკაშვილი ამას არ აღიარებს და ისევ პუტინის პაროდირებას განაგრძობს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"