ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
23.05.2011
გამოცხადებული “რევოლუციის” პირველი შედეგები

რთული არ იყო იმის გამოცნობა, და ჩვენს პროგნოზებში ეს მომენტი აისახა კიდეც, 21 მაისის მიტინგებზე თბილისსა და ბათუმში საპროტესტო განწყობის მოქალაქეების შედარებით მცირე რაოდენობა მოვიდა. ეს 7-8, მაქსიმუმ 10 ათასი ადამიანი მიზერია იმასთან შედარებით, რაც საქართველოში ორიოდე წლის წინ იყო, მაგრამ მაშინ ოპოზიციამ უნიჭოდ გაუშვა ხელიდან თავისი შანსი.

ასეთი ვითარება, რა თქმა უნდა, სულაც არ არის იმით განპირობებული, როგორც ეს სააკაშვილს ჰგონია, რომ საქართველოში ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდა, უფრო მაძღარი და კომფორტული გახდა, არამედ მოსახლეობის მხრიდან პოლიტიკოსებისადმი, როგორც ასეთისადმი, ნდობის დაკარგვამ. ქვეყანაში ბატონობს შიშნარევი აპათია და ნიჰილიზმი. მაგრამ ახლა ამაზე არაა საუბარი, არამედ იმაზე, თუ რა გვაქვს დღეს და როგორ შეიძლება, მოვლენები განვითარდეს ხვალ.

ნინო ბურჯანაძე და მისი გარემოცვა ელოდა ხალხის დიდი რაოდენობის მოსვლას, ისინი ირიბად ამით ხსნიან თავიანთ დგომას და აქტიური მოქმედებების ნაკლებობას, თუმცა იმედს არ ჰკარგავენ, რომ ბევრი ხალხი შეგროვდება და ამის შემდეგ ოპოზიცია გადავა აქტიურ მოქმედებებზე, მაგალითად, დაიწყებს სამთავრობო შენობების ბლოკირებასა და განსაკუთრებით შეეცდება 26 მაისის ე. წ. სამხედრო აღლუმის ჩაშლას. ეს სააკაშვილის პრესტიჟზე მიყენებული დარტყმა იქნებოდა, ამიტომ შეიძლება იმის გამოცნობა, რომ ხელისუფლება ყველაფერს იღონებს და უკიდურეს ზომებსაც გაატარებს, რათა ეს არ დაუშვას, ხოლო ბურჯანაძესა და მასთან მიკედლებულ ოქრუაშვილ-გაჩეჩილაძის “ქართულ პარტიას” უკან დასახევი გზა არ აქვთ.

ასე რომ, თუკი შეიკრიბება ხალხის თუნდაც ის რაოდენობა, რაც მიტინგის პირველ დღეს იყო, ოპოზიცია მას რუსთაველის გამზირისკენ დაძრავს, რაც დემონსტრაციის ძალადობრივი დაშლის საფრთხეს შეიცავს. მაგრამ საეჭვოა, რომ ოპოზიციას ამ შემთხვევისათვის მოქმედებების მკაფიო გეგმა ჰქონდეს. ისინი უბრალოდ ცდილობენ სიტუაციის შერყევას და ხალხის რაც შეიძლება მეტი რაოდენობის გამოყვანას ქუჩებში. ამ მცდელობას ჯერ-ჯერობით დიდი წარმატება არ ჰქონია. საჭიროა გაცილებით დიდი რყევები, ვიდრე წვრილი შეტაკებები, როგორებსაც ადგილი ჰქონდათ 22-ში დილით ტელევიზიასთან. მიტინგის ლიდერების გამოსვლებში ერთგვარი იმედგაცრუებაც შეინიშნება, ისინი მოუწოდებენ ხალხს, მოვიდნენ მიტინგზე და დაღლილ მომიტინგეებს ღამის ცვლაში ჩაენაცვლონ.

მოვლენა, რომელსაც ძალუძს შედარებით სერიოზული ანტისამთავრობო ტალღის აგორება, შეიძლება გახდეს ოქრუაშვილის ანონსირებული ჩამოსვლა, მაგრამ რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა შეძლოს მან საზღვრის გადმოკვეთა და ხალხის გვერდით დადგომა. მას საზღვართანვე დააკავებენ და შსს თავის ამ განზრახვას არ მალავს. ბუნებრივია, ოქრუაშვილის პირადი რეიტინგი ზევით აიწევს მისი დაპატიმრების შემთხვევაში (გახდება რეჟიმის “წამებული”), მაგრამ მისი დაპატიმრება ვერ ააფეთქებს სიტუაციას და ხალხის დიდ ნაკადს ვერ გამოიყვანს გარეთ. შესაძლოა, დროთა განმავლობაში სიტუაცია დაიძაბოს, მაგრამ არა უცბად. პრინციპში გათვლა სწორედ ამაზეა, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი გათვლა საერთოდ არსებობს და ოქრუაშვილი არ ცრუობს, რომ იგი აპირებს 25 მაისს ჩამოსვლას. ოქრუაშვილის გამო ჯარი და პოლიცია არ გაიხლიჩება. ამის გარეშე კი რეჟიმის ჩამოგდება ძალიან რთული იქნება.

რეჟიმისთვის გაცილებით უფრო სახიფათოა მილიარდერი ბიძინა ივანაშვილი, რომელსაც, როგორც ამბობენ, ბოლო დროს საკმაოდ დაეძაბა ურთიერთობები სააკაშვილთან. ივანაშვილის პრეს-სამსახურმა ამას წინათ აუგად მოიხსენია როგორც ოპოზიციის ნაწილი (კონკრეტულად - ნათელაშვილი), ისე სააკაშვილი და მისი გარემოცვა. ივანაშვილს აქვს უზარმაზარი “მთვლემარე” რეიტინგი საქართველოში, მის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით ლეგენდები დადის (ხშირად დაუსაბუთებელი) და ხალხში იგი მართლაც დიდი პატივისცემით სარგებლობს. თუკი ივანაშვილი უცბად პოლიტიკაში გადაეშვება, ეს კარდინალურად შეცვლის ძალთა განლაგებას, მაგრამ ძალზე საეჭვოა, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე (სრული აპოლიტიკურობა), რომ მან ეს გააკეთოს.

რაც შეეხება პატრიარქ ილია მეორეს, იგი უკვე კარგა ხანია, აღარ განიხილება სააკაშვილის გამხეცებული რეჟიმის მასტაბილიზებელ ფაქტორად, რომელიც პატრიარქს და მის გარემოცვას პროცესებიდან “თიშავს” ფსევდოქრისტიანული განცხადებებითა და უხვი სახელმწიფო დაფინანსებით.

მთლიანობაში სიტუაცია ასეთია:

მეორდება დაახლოებით იგივე ვითარება, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2009 წელს, აპრილ-მაისის გამოსვლების დროს. ოპოზიციამ ნათლად არ იცის, საით დაძრას თავისი მომხრეების შეთხელებული რიგები და რა აკეთოს, მისი მხრიდან კრეატიული ქმედებების დეფიციტი აშკარად იგრძნობა. ხოლო ხელისუფლება, ისევე როგორც უწინ, ახლაც ცდილობს “წვრილი ფოლის” საშუალებით, ანუ ოპოზიციის ცალკეული აქტივისტების დაკავების და მათთვის ჯიბის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სასჯელების დაკისრების, მიტინგების მონაწილეთა დაშინებისა და ცემის, მათთვის ავტომანქანების წართმევის, პარტიების ოფისების დარბევისა და ასე შემდეგ გზით საპროტესტო მოძრაობის დემორალიზებასა და დემობილიზებას. 2007 წლის 7 ნოემბრის ანალოგიურ დიდ შეტევას ხელისუფლება არ დაიწყებს, თუკი ოპოზიცია თავად არ მოახდენს ამის პროვოცირებას (მაგალითად, შეეცდება 26 მაისის აღლუმის ჩაშლას). მაგრამ ოპოზიცია იძულებულია, გაამწვავოს სიტუაცია, იგი ჯერ იცდის, რომ ხალხი მოვა. ამჟამად ტელევიზიის შენობის წინაშე რამდენიმე ათასი ადამიანია, რაც არაა საკმარისი და ეს პირდაპირ აღიარა ბურჯანაძემ მიტინგზე. ამ სიტუაციაში ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრისგან განსხვავებით, დემონსტრაციის შესაძლო ძალისმიერი დაშლა დღეს უკვე აღარ გამოიწვევს სახალხო რისხვას იმ მასშტაბით, როგორსაც ადგილი ჰქონდა მაშინ და რომელმაც აიძულა სააკაშვილი, გადამდგარიყო და ვადამდელი არჩევნები დაენიშნა…

პოლიტიკური ძალების უმეტესი ნაწილი აქციაში მონაწილეობას არ ღებულობს, ამით ამჟამინდელი აქციები ადრინდელებისგან განსხვავდება. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მეტი სივრცე აქვს მანევრისა და ინტრიგებისთვის.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"