ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
12.05.2011
დასავლეთი ცდილობს სირიაში სიტუაციის არევას

მას შემდეგ, რაც აშშ და დასავლეთის ქვეყნები, ასევე ისრაელი, საუდის არაბეთი და მათი ზოგიერთი მოკავშირე იძულებული გახდნენ შერიგებოდნენ ეგვიპტეში და ტუნისში დიქტატორული რეჟიმების დამხობას, მათ გადაწყვიტეს უფრო დახვეწილი და ეშმაკური ტაქტიკა აერჩიათ ისლამურ ქვეყნებთან მიმართებაში.

დასავლეთმა ბოლო ეტაპზე თითქოსდა მხარი დაუჭირა ხალხის გამოსვლებს არაბულ ქვეყნებში, მაგრამ უკანასკნელი მოვლენები აშკარად აჩვენებს, რომ ეს მხარდაჭერა მოჩვენებითი და შერჩევითი იყო. ეს დასტურდება იმით, რომ მაშინ როცა დასავლური მას-მედია და მთავრობები პრაქტიკულად დუმან ბაჰრეინში და იემენში მიმდინარე მოვლენების შესახებ, სირია მათი ყურადღების ცენტრშია.

ბაჰრეინში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ შიიტები, რომლებიც ცდილობენ განთავისუფლდნენ სუნიტური მონარქიული დინასტიის 200-წლიანი მმართველობისგან. რაც შეეხება იემენს, იქაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მომხრეა დასრულდეს პრეზიდენტ სალეჰის 32-წლიანი მმართველობა. ამ მიზნით იემენში იმართება მრავალათასიანი მიტინგები და მანიფესტაციები. პრეზიდენტი სალეჰი თითქოს დათანხმდა ამ რამდენიმე ხნის წინ გადადგომაზე, მაგრამ ბოლო მომენტში ისევ უკან წაიღო თავისი თანხმობა. იემენის მეზობელ საუდის არაბეთს და ასევე აშშ-ს, არ სურთ ამ ქვეყანაში მათ მიერ ნაკლებად კონტროლირებადი ძალების სათავეში მოსვლა. ამიტომ ცდილობენ ამჟამინდელი პრეზიდენტი რაც შეიძლება დიდ ხანს დატოვონ ხელისუფლებაში, ან მის ნაცვლად სხვა მარიონეტული კადრი მოიყვანონ, რომელიც სალეჰის პოლიტიკას გააგრძელებს. თუმცა იემენში მცხოვრებ ტომებს, გავლენიან კლანებს და მოსახლეობის უმრავლესობას აღარ სურს ქვეყანა საუდის არაბეთის სატელიტად რჩებოდეს. აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ თავად იემენს ისტორიულად ტერიტორიული პრეტენზიები აქვს მეზობელ საუდის არაბეთთან: მე-20 საუკუნის 30-იან წლებში იემენის ტერიტორიის ნაწილი ამ ქვეყანამ მიიტაცა ომის შედეგად.

არაბულ ქვეყნებში მიმდინარე გამოსვლების ფონზე არეულობა დაიწყო სირიაშიც. დასავლური და ცალკეული არაბული ტელეკომპანიები და საიტები გამალებული აბუქებენ გამოსვლების მასშტაბს. რეალურად კი, სირიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქ დერაას გარდა, არც ერთ დიდ ქალაქში 1000 კაციან დემონსტრაციაზე დიდი აქცია არ ჩატარებულა. ამავე დროს, ოპოზიციის გააქტიურების პირველივე დღეებში, პრეზიდენტ ასადის მომხრეებმა გამართეს მანიფესტაცია დამასკოს ცენტრში, რომელშიც ათეულ ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. სირიის უმსხვილეს ქალაქ ჰალაბში (ალეპო), სადაც 2,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 2 თვის განმავლობაში სულ 2 საპროტესტო აქცია გაიმართა და ორივე ადგილობრივი უნივერსიტეტის დისიდენტურად განწყობილი სტუდენტების მიერ, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს არ აღემატებოდა. ასევე პრაქტიკულად არ ყოფილა მრავალრიცხოვანი გამოსვლები სირიის მსხვილ ქალაქებში ლატაკიაში და ტარტუსში, ხოლო დედაქალ დამასკოში მხოლოდ 2 სუნიტურ გარეუბანში დაფიქსირდა მღელვარების ფაქტები.

მიუხედავად იმისა, რომ სირიაში მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ სუნიტები (ყოველ შემთხვევაში, მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მონაცემებით), მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს ასადის რეჟიმს იმის გამო, რომ ის არ წარმოადგენს აშშ-ს და დასავლეთის მარიონეტს, ზოგეირთი არაბი ლიდერის მსგავსად (თავად ასადი და სამხედროების დიდი ნაწილი ალავიტია, ანუ სხვა მუსლიმური მიმდინარეობის წარმომადგენელი). გარდა ამისა, მათ ესმით, რომ სიტუაციის არევა ხელს აძლევს მხოლოდ აშშ-ს და ისრაელს და მძიმე შედეგებით შეიძლება დამთავრდეს ქვეყნისთვის, თუკი სუნიტებს და ალავიტებს, ან მუსლიმებს და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ლიბიის მაგალითი ნათლად მეტყველებს, თუ რა შეიძლება მოხდეს, როცა ქვეყანა ვერ აგვარებს შინაურ კონფლიქტს და მასში უცხო ძალები ერევიან.

განსხვავებით ლიბიისგან, სირიას საკმაოდ ძლიერი და მომზადებული არმია ჰყავს, ასევე უშიშროების ძალები. სირია ტრადიციულად იღებდა სამხედრო შეიარაღებას საბჭოთა კავშირისგან, ხოლო 90-იანი წლების შემდეგ რუსეთისგან. ბოლო ხანებში ამას დაემატა ირანული იარაღის შესყიდვა. შიდა დაპირისპირების გაღვივების ან გადატრიალების შემთხვევაში, არმია დასუსტდება და გაიხლიჩება, ხოლო თუკი გაიმარჯვა პროდასავლურმა, უფრო ზუსტად, საუდის არაბეთის მიმართ სიმპათიით გამსჭვალულმა ძალამ, რუსული და ირანული წარმოების იარაღის შესყიდვის გაგრძელება გაჭირდება. ეს კი მკვეთრად დაასუსტებს სირიის შეიარაღებულ ძალებს.

რას წარმოადგენს სირიის ოპოზიცია? ის საკმაოდ ჭრელია, თუმცა მასში 3 ძირითადი კომპონენტის გამოყოფა შეიძლება. 1-ლი მათგანი არის ე.წ. მუსლიმი ძმების ადგილობრივი ორგანიზაცია. ისევე როგორც მთლიანად „მუსლიმი ძმების“ („იხვან ალ მუმინინ“) მოძრაობა, რომელსაც მრავალ ქვეყანაში აქვს ფილიალები, სირიის განყოფილებაც ორჭოფულ პოზიციებზე დგას. ერთი მხრივ, იგი მხარს უჭერს სირიის ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას ისრაელთან და პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, მეორე მხრივ სუნიტურ-ალავიტური დაპირისპირების გათამაშებას ცდილობს და ამის საშუალებით ხელისუფლებაში მოსვლას.

ოპოზიციის მეორე დაჯგუფება ფინანსდება საუდის არაბეთის და ლიბანის სუნიტური წრეების მიერ. მისი არაოფიციალური ლიდერია სირიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჰადდამი, რომელიც 2005 წელს გაიქცა ქვეყნიდან, და ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. ეს დაჯგუფება პროდასავლურად, ანტიირანულად და ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის ყველაზე საშიშად შეიძლება ჩაითვალოს. ამ დაჯგუფებასთან ახლოს დგანან პროდასავლური ინტერნეტ-აქტივისტების და სტუდენტების ჯგუფები.

ამ ორი ძალის გარდა, არის კიდევ წვრილ-წვრილი პარტიები, ძირითადად მემარცხენე-კომუნისტური ტიპის. ისინი ბრალს სდებენ მმართველ პარტია „ბაასს“, რომ მან გადაუხვია სოციალისტური სახელმწიფოს აშენების კურსისგან და ამის გამო უპირისპირდებიან. ეს მესამე დაჯგუფება შედარებით სუსტია, ამასთან, მემარცხენე პარტიების ნაწილი კვლავ პარტია „ბაასთან“ ერთად ალიანსში რჩება.

პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ამა წლის აპრილში გამოაცხადა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების შესახებ. კერძოდ, გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 1963 წლიდან მოქმედებდა. ხელისუფლებას განზრახული აქვს პოლიტიკური სისტემის გარკვეული რეფორმირება, ასევე ახალგაზრდების უფრო აქტიური ჩართვა სახელმწიფო სამსახურში და მისი დასაქმება. ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემით, პარტია „ბაასს“ და მის მოკავშირეებს გარანტირებული აქვთ პარლამენტში ადგილების ნახევარზე ოდნავ მეტი, ხოლო პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ ხდება და მის კანდიდატურას შემდეგ მოსახლეობა რეფერენდუმით ამტკიცებს. თუ ბაშარ ასადმა მოახერხა მმართველი პარტიის იმგვარად ჩამოყალიბება და სტრუქტურირება, რომ მან წინასწარი პრეფერენციების გარეშეც გაიმარჯვა მრავალპარტიულ არჩევნებში, ეს დიდი ნაბიჯი იქნება სირიაში გრძელვადიანი პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად. საპარლამენტო არჩევნები 2011 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ ზოგიერთ ქალაქში არეულობის გამო ჯერჯერობით გადადებულია. საპრეზიდენტო არჩევნების ვადა კი 2014 წელს უწევს, სავარაუდოდ, მასში გამარჯვება მოქმედ პრეზიდენტს არ გაუჭირდება, რადგან, როგორც იძულებული არიან აღიარონ დასავლურ მას-მედიაში, მოსახლეობაში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"