ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
11.05.2011
სააკაშვილი და “ევროპაში ყველაზე იაფი გაზი”

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ ჟურნალ “ქართული ელიტისთვის” გააკეთა კომენტარი პარლამენტში მ.სააკაშვილის ყოველწლიურ გამოსვლასთან დაკავშირებით. ეს მოვლენა მთლად “ცინცხალი” აღარ არის, თუმცა აქტუალობა სულაც არ დაუკარგავს.

- როგორ შეაფასებდით პარლამენტში გამართულ დებატებს?- უპირველესად გეტყვით, რომ ფაქტობრივი (გაყალბებული არჩევნებით მოსული) პრეზიდენტის გამოსვლა უფრო სხვა სფეროს წარმომადგენლების განსახილველი იყო, მაგალითად ფსიქოლოგების ან იუმორისტების... მაგრამ ვინაიდან ბატონი მიხეილი ქვეყნის სათავეში დგას, შესაბამისად პოლიტოლოგებიც იძულებული ვართ, მისი ყველა მოქმედება განვიხილოთ. საპარლამენტო გამოსვლით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, თუ როგორ აღიქვამს ჩვენი ხელისუფალი ქვეყანაში არსებულ და მიმდინარე მოვლენებს, რამდენად აქვს რეალობის შეგრძნება დაკარგული ან შენარჩუნებული. ამ გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ პრეზიდენტიც და მის გარშემო მყოფი პოლიტიკური გუნდიც ქვეყანაში არსებულ ვითარებას არაადეკვატურად აღიქვამს. უფრო მეტიც, ის ოპოზიცია, რომელიც პარლამენტშია, სააკაშვილის ხელისუფლების ნაწილია.- ანუ ამით ადასტურებთ იმ მოსაზრებას, რომ ეს დებატები დადგმული იყო?- სულ სხვა წყაროდან ვიცი, რომ მათი გამოსვლების ტექსტი კუდ-ის თანამშრომლებისთვის წინასწარ არის ცნობილი. ვერ გეტყვით, ამ ტექსტებს თავად აწვდიან შესათანხმებლად თუ “ორგანოები” ოპერატიული მოქმედების შედეგად მოიპოვებენ, მაგრამ ერთ ფაქტს გაგახსენებთ: საპარლამენტო გამოსვლის დროს სააკაშვილმა იმპროვიზაციას მიმართა. როცა ვეფხვაძე აკრიტიკებდა სააკაშვილს, ამ უკანასკნელმა მას ჰკითხა, დამისახელე ქვეყანა ევროპაში, რომელიც გაზს ჩვენზე იაფად იღებსო. ამ იმპროვიზაციამ ანუ “ტექსტიდან გადახვევამ” ერთბაშად დააბნია მანამადე რიხით მოლაპარაკე ოპოზიციონერი – ეს ასე არ მოხდებოდა, დებატებს რეალური ხასიათი რომ ჰქონოდა და არა დადგმული.დავიწყოთ იმით, რა შუაშია ევროპა? საქართველო არის რეგიონი, რომელიც ენერგოშემცველებით უმდიდრესი რუსეთის და აზერბაიჯანის მეზობლად მდებარეობს, აქვეა ირანი და შუა აზია, და საქართველო მართლაც უფრო იაფად უნდა იღებდეს გაზს, ვიდრე ევროპა, რომელსაც ჩვენ რეალურად არ წარმოვადგენთ. “ოპოზიციონერ” დეპუტატს ეს რატომღაც თავში აზრად არ მოსვლია.დავუშვათ, სააკაშვილმა პოლიტიკური მოსაზრებით იგულისხმა, რომ ჩვენ “ევროპა ვართ” და თან მეტი უპირატესობა გვაქვს. მაგრამ რამდენად სიმართლეა, რომ ევროპაში საქართველო ყველაზე იაფად ყიდულობს გაზს? მაგალითისთვის განვიხილოთ სომხეთის რესპუბლიკა, თუკი ჩვენ ვართ ევროპა, ისიც ხომ ევროპის ნაწილია? იქ გაზი ჩვენთან შედარებით დაახლოებით 40 თეთრით იაფია, ბენზინის სიძვირის ფონზე გაზის ფასი მკვეთრად დაბალია და სომეხი მძღოლები ავტომანქანებისთვის მეტწილად გაზს მოიხმარენ. ამ გაზს მათ ძირითადად რუსეთი, ნაწილობრივ ირანი აწვდის. აღარაფერს ვამბობ ბელორუსიაზე, რომელიც ევროპის ცენტრშია და რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის გაძვირების შემდეგ, ბელორუსია გაზს მაინც გაცილებით იაფად ღებულობს, ვიდრე საქართველო... დებატების დროს ამ ფაქტების გაუხმაურებლობა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ოპოზიციონერმა მხოლოდ ის იცოდა, რაც დაწერილი ჰქონდა და მისი მიზანი სულაც არ იყო პრეზიდენტის “დამარცხება” დებატებში. სააკაშვილის იმპროვიზაციამ დაბნეულობა გამოიწვია. ეს იმის ბრალია, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის ნაწილი რუსოფობიით არიან მოწამლულები. იმის აღიარებაც უჭირთ, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობების შემთხვევაში გაზი იაფად გვექნებოდა.- 2008 წლის ომის შემდეგ, როგორ უნდა ესაუბრო რუსეთს თანამშრომლობაზე და როგორ უნდა აღადგინო ის, რაც აგრესიამ დაანგრია?- დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რომელიც საზრდოობს მტრის ხატის შექმნით, პოლიტიკური რიტორიკის დაახლოებით ოთხმოცი პროცენტი რუსეთის ლანძღვა-გინებაზეა აგებული. ასეთ პირობებში ძნელია ურთიერთობის გაუმჯობესება. აგრესიულობით, შანტაჟის მცდელობებით და პროვოკაციული მიდგომით ჩრდილო კავკასიის საკითხებისადმი ხელისუფლებამ უკან დასაბრუნებელი გზა მოიჭრა. ამ ისტერიულ ფონზე ურთიერთობების დათბობა არც ერთ მხარეს არ აწყობს. ჩვენს ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველოში რუსეთის შიში სუფევდეს. ეს მას აძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერ ადამიანს გაუსწორდეს. შეგახსენებთ მერაბიშვილის განცხადებას რუსულ პრესასთან: _ `ქვეყანაში კიდევ ათეულ ათასობით (!) რუსეთის აგენტი გვყავს~. ასეთი განცხადება ხომ შემთხვევით არ კეთდება. ყველა საფრთხეს, რომელსაც სააკაშვილი არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე გრძნობს, რუსეთს უკავშირებს. რუსეთის მტრად გამოცხადება მას შესაძლებლობას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში რეპრესიული ზომები გაატაროს ნებისმიერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ურჩი ჟურნალისტის ან ქუჩაში პროტესტით გამოსული ხალხის მიმართ იმ არგუმენტაციით, რომ ისინი “რუსეთის მიერ იმართებოდნენ”. ამიტომ რეჟიმს არ აწყობს რეალური დიალოგი რუსეთთან, ეს მას მოუსპობს საშუალებას, ყველაფერი რუსეთს გადააბრალოს. აი მაგალითი: ხელისუფლებამ იმდენი გააკეთა, რომ ლოიალურად განწყობილი რუსი ექსპერტების შემოსვლა დაბლოკა. მაგალითად, გრიგორი ტროფიმჩუკი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ჩვენთან დიალოგისკენ და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ემხრობა, მაინც არ შემოუშვეს. არ სჭირდებათ საქმის გამკეთებელი ხალხი, რადგან ეშინიათ, საზოგადოებამ არ დაინახოს რუსეთის სხვა, “ალტერნატიული” და ჩვენი მთავრობის ჭეშმარიტი სახე. ასევე თბილისის აეროპორტიდან უკან გააბრუნეს მეცნიერი, ისტორიკოსი, რუსეთის სახელმწიფო არქივის დირექტორი სერგეი მორონენკო, რომელსაც საქართველოში კოლეგა-მეცნიერებთან შეხვედრა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება აინტერესებდა. ასე რომ, დიალოგის სურვილი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მტკნარი სიცრუეა.- ანუ გინდათ თქვათ, რომ ლისაბონის სამიტზე პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა საზოგადოების მოტყუება იყო?- ყველა მისი განცხადება სიცრუეა. ეს იყო დასავლეთის გავლენა, რის გამოც სააკაშვილი იძულებული იყო მათი მოთხოვნა გაეთვალისწინებინა. დასავლეთი ჩვენს მეზობელს აშკარად უწევს ანგარიშს, რადგან რუსეთი ხელწამოსაკრავი ძალა არ არის.- რამდენად დამოკიდებულია მსოფლიო ინფლაციაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა?- რაც ჩვენთან ხდება, არის არაკომპეტენტურობის და უმეცრების ზეიმი. როდესაც სააკაშვილი საქართველოში ფასების ზრდას მსოფლიო ფასების ზრდას აბრალებს, ამით იგი თავად აღიარებს, რომ ქვეყანა არაფერს აწარმოებს და თითქმის ყველაფერი შემოაქვს საზღვარგარეთიდან. შედეგად, ფასები ჩვენთან კიდევ უფრო ძვირია, ვიდრე მსოფლიო ბაზარზე. ამ დროს ის რესურსები, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობას აქვს, ფეხქვეშ ითელება. ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ ორი უკიდურესი აზრი არსებობდა: ადრე , ეროვნული მოძრაობის დროს სჯეროდათ, რომ ჩვენ მარტო “ბორჯომი” და ციტრუსები გადაგვარჩენდა და ახლა მეორე უკიდურესობას ნერგავენ, რომ არაფრის წარმოება შეგვიძლია და რომ არა უცხოელები, საქართველო დაიქცევა და განადგურდება. ერთი მხრივ სააკაშვილი გამოდის და ამბობს, რომ “მაგრები” ვართ, მაგრამ რეალურად ნერგავს აზრს, რომ ხალხს არაფერი შეგვიძლია, “მაგრები” კი ხელისუფლებაში არიან. ქართველ გლეხს პირდაპირ ეუბნებიან, რომ იგი არარაობაა, და სოფლის მეურნეობის აღორძინებას აფრიკელი ბურები და ბუშმენები სჭირდება. ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკას ჩამოყალიბება არ შეუძლია.-  ვაუჩერების დარიგების გამო ფასების მატება კიდევ ხომ არ არის მოსალოდნელი?-  ეს არის ხელისუფლების პრიმიტიული და მოუქნელი ნაბიჯი, რომელსაც რეალობის გამოსწორება არ შეუძლია. რაღა დროს ვაუჩერია XXI საუკუნეში? ერთხელ თევზის გაცემას სჯობს, ადამიანებს მისცენ ანკესი, რათა თევზი თვითონ დაიჭირონ. Aანუ ამ შემთხვევაში, დამყარდეს სამართლიანი ტარიფები. ჩვენთან ელექტროენერგიის და გაზის საფასური დაუსაბუთებლად მაღალია, სახელისუფლებო კლანების ჯიბეები სქელდება გამწარებული ხალხის ხარჯზე. ვაუჩერები ინფლაციის დონეს კიდევ უფრო თუ არ გაზრდის, საქმეს მაინც ვერ უშველის.-  რა ძალებს შეუძლიათ ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორება, თუკი ოპოზიციაც ისევე ვერ დაიკვეხნის კომპეტენტურობას, როგორც ხელისუფლება?-  საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი მართლაც უკიდურესად ღარიბია, არ ჩანან პერსპექტიული ლიდერები, ყველა მეტ-ნაკლებად დისკრედიტებულია. ქვეყანას სჭირდება ახალი სახეები, საქმიანი და სიტყვის ხალხი. ასეთი ტიპის ლიდერები მე რუსეთში მოღვაწე ქართული დიასპორის რიგებში მესახება, მაგრამ მათ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას, დაეხმარონ საკუთარ სამშობლოს (პირდაპირ უარს ეუბნებიან ქართულ პასპორტებზე საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს), რადგან ხელისუფლებამ იცის, რომ ასეთ ხალხთან ბრძოლაში სასტიკად დამარცხდება.ესაუბრა ნინო კერატიშვილი(ჟურნალი “ქართული ელიტა”, #2, 2011 წ.)
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"