ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
02.05.2011
შეშფოთებული ევროპა და დიდი უნგრული ხალიჩა

ვიდრე საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას ევროკავშირში ინტეგრაციისა და ასოცირებული წევრობის შესახებ არაკებით კვებავს, ევროპაში დეზინტეგრაციული პროცესები ვითარდება. ევროკავშირის გაფართოებამ ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ხარჯზე დასაბამი მისცა პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც დღეს სულ უფრო სათუო ხდება.

ჯერ კიდევ 2004 წელს, ევროკავშირში პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, კვიპროსის, მალტის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის შესვლამდე ევროკომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ (1985-1995 წ.წ.) ჟაკ დელორმა განაცხადა, რომ ამგვარი გაფართოების შედეგად ევროკავშირი ჩვეულებრივ თავისუფალ სავაჭრო ზონად გადაიქცევა, ხოლო უახლოეს 15 წელიწადში შეიძლება სულაც დაიშალოს. მისი თქმით, ეს ათი ქვეყანა არ არის მზად ამ სახელმწიფოთაშორისი გაერთიანების წევრობისთვის. ჟაკ დელორმა შესთავაზა ევროპის წამყვან ქვეყნებს, შეექმნათ ერთგვარი ავანგარდი, რომელიც სხვა ქვეყნებისგან განცალკევებით უზრუნველყოფდა “ჭეშმარიტ ეკონომიკურ და მონეტარულ კავშირს’’ და თავდაცვის ერთიან პოლიტიკას გაატარებდა.

ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებული მოვლენების გამო კუნძულ ლამპედუზაზე უამრავი ლტოლვილის გადასვლით შეწუხებულმა სილვიო ბერლუსკონიმ ა.წ. აპრილის დასაწყისში აღშფოთება გამოხატა იმით, რომ საფრანგეთი და გერმანია არ ჩქარობენ ლტოლვილების შეშვებას საკუთარ ტერიტორიაზე: “ასეთ შემთხვევაში ალბათ უმჯობესია კვლავ ცალ-ცალკე ვიცხოვროთ და ყველამ საკუთარი ძალებით ვძლიოთ საკუთარ შიშებსა და ეგოიზმს’’!

აპრილის დამლევს ბერლუსკონიმ და სარკოზიმ ერთობლივი განცხადება გააკეთეს შენგენის ხელშეკრულების გადახედვის შესახებ. მათ ევროკომისიას მიმართეს წინადადებით, გამკაცრდეს ევროკავშირის გარე საზღვრის კონტროლი და აღდგეს სასაზღვრო კონტროლი შენგენის ზონის შიგნით. მათი აზრით, არაბი ლტოლვილების მოზღვავებამ ცხადჰყო, რომ შენგენის წესები თანამედროვე რეალიებს ვეღარ პასუხობს.

2010 წლის ნოემბერში ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რამპეიმ განაცხადა, რომ თუ მიმდინარე მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის პირობებში ევროპის სავალუტო კავშირის წევრი-ქვეყნების ვალების კრიზისს ვერ დაძლევს, ევროზონა ვერ გადარჩება. ეს კი ევროკავშირის დაშლას გამოიწვევს. საბერძნეთის, ირლანდიის, პორტუგალიის კრიზისმა ცხადჰყო, რომ მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ამასობაში ევროპელი ბუკმეკერები ფსონებს იღებენ ევროკავშირის დაშლის თარიღზე. ფსონები შემდეგი კოეფიციენტებით იდება: 2015 წელს – 3,5 და 2020 წელს – 5. ევროკავშირიდან გასვლის პირველი პრეტენდენტი საბერძნეთია, - ფსონები მიიღება 1,4 კოეფიციენტით, პორტუგალია – 3,75, გერმანია – 5,5, ესპანეთი -7, იტალია – 9. ბუკმეკერული კანტორების ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირი საფრანგეთმა და ბელგიამ დატოვონ (კოეფიციენტი 11), სლოვენია (13) და სლოვაკია (17). ნაკლებ სავარაუდოა, რომ კავშირს ავსტრია, ფინეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები დატოვებენ. მათი კოეფიციენტი 26 შეადგენს.

ამ უკანასკნელი სიის წარმომადგენელმა ფინეთმა, როგორც გაირკვა, შეიძლება ევროს სტაბილიზაცია დაბლოკოს, ეს კი, ევროკავშირის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის დაშლის საწინდარი შეიძლება გახდეს. საქმე ის გახლავთ, რომ სულ ახლახანს ფინეთში ჩატარებულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ “ჭეშმარიტი ფინელები’’ ხმების 19% მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა. ოთხიოდე წლის წინ მას ამ ხმების მეოთხედი ერგო. “ჭეშმარიტი ფინელები’’ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბრიუსელის მიერ შემუშავებულ “დახმარების პაკეტს’’, რომელიც მოვალეების მდგომარეობის შემსუბუქებისკენ არის მოწოდებული. არადა, ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას ევროავშირის უკლებლივ ყველა სახელმწიფო დაუჭერს მხარს.

პორტუგალიის ყოფილმა პრეზიდენტმა მარიო სოარეშმა (1970 წლის “მიხაკების რევოლუციის’’ ვეტერანმა) “ევრონიუსის’’ ეთერში პირდაპირ დაამუნათა ფინეთი, რომ მათ დაივიწყეს ევროპის ქვეყნების დახმარება, როცა ფინეთი გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული. ბედის ირონიით ეს დამუნათება ძალიან წააგავს რუსეთის საყვედურებს ბულგარელი “ბრატუშკების’’ მიმართ ნატოში შესვლის გამო. რუსეთიც ეხმარებოდა მათ თურქეთთან ომებისა და ფაშიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი ბულგარეთისთვის, სხვა გზა აერჩია. არც ფინეთის შემთხვევაშია ამგვარი საყვედურები რამის მომტანი, თუ, რა თქმა უნდა, თავად ფინელები არ მოინდომებენ ამას.

მართალია, “ჭეშმარიტმა ფინელებმა’’ მესამე ადგილი დაიკავეს, მაგრამ მეორე ადგილზე გასული სოციალ-დემოკრატები მათ მხოლოდ 0,4%-ით უსწრებენ, ხოლო ლიდერი - “ნაციონალური კოალიციური პარტია’’ იძულებულია, სხვა პარტიებთან ერთად შექმნას კოალიციური მთავრობა. ცხადია, კოალიციაში “ჭეშმარიტი ფინელებიც’’ მოიაზრებიან. ეს კი ძალიან არ სურს ბრიუსელს, რადგან ამ პარტიამ წარმატება ისეთი ლოზუნგებით მოიპოვა, როგორიცაა მიგრაციის შეზღუდვა, ევროპული ინტეგრაციის კრიტიკა, მოვალე ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტა: “კმარა, ჯანმრთელებმა და დისციპლინირებულებმა არ უნდა იხადონ უდარდელი და წინდაუხედავი ქვეყნების ნაცვლად’’! საყურადღებოა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ამ პარტიის მიერ წამოწეული იყო ისეთი საკითხებიც, როგორიცაა მიწისა და ტყეების კერძო საკუთრების აკრძალვა, დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დოტაცია, გენმოდიფიცირებული პროდუქციიც აკრძალვა და ა.შ.

თავის დროზე ამგვარი სიტუაცია შეიქმნა ავსტრიაში, როდესაც იორგ ჰაიდერის “ავსტრიის თავისუფლების პარტიამ’’ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში სარეკორდო – 27% მიიღო და ავსტრიის სახალხო პარტია იძულებული გახდა, მასთან კოალიციაზე დათანხმებულიყო. მაშინ ბრიუსელის რეაქცია იმდენად მწვავე იყო, რომ ავსტრიაზე სერიოზული ზეწოლა განხორციელდა: ევროკავშირის დანარჩენმა 14-მა სახელმწიფომ უარი განაცხადა ავსტრიასთან თანამშრომლობაზე. მართალია, რამდენიმე თვეში ეს კონფლიქტი მოწესრიგდა, მაგრამ ჰაიდერი იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

დღეს უნგრელი ლიბერალები აღშფოთებულნი არიან იმით, რომ ევროკავშირი არ მიმართავს ასეთივე მწვავე ზომებს უნგრეთის მმართველი პარტიის “ფიდესის’’ მიმართ, რომელმაც ისარგებლა საკონსტიტუციო უმრავლესობით და 19 აპრილს განახლებული კონსტიტუცია მიიღო. საპროტესტო აქციებზე გამოსულთა აზრით, ახალი კონსტიტუცია დემოკრატიას ზღუდავს, რადგან ამიერიდან უნგრეთში აიკრძალება აბორტები და ჰომოსექსუალური ქორწინება. მართალია, აბორტის აკრძალვაზე პირდაპირ არაფერია ნათქვამი, მაგრამ ახალი კონსტიტუციით სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ადამიანზე ზრუნვას მისი ჩასახვის მომენტიდან. კრიტიკოსები ამაში აბორტის აკრძალვის საფრთხეს ხედავენ და არა, მაგალითად, იმას, რომ ფეხმძიმობის პატრონაჟს სახელმწიფო გასწევს. რაც შეეხება ჰომოსექსუალურ ქორწინებებს, მათი აკრძალვის შიშს იწვევს კონსტიტუციის ის მუხლი, რომლითაც ოჯახად იწოდება ქალისა და მამაკაცის კავშირი.

სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან ახალი კონსტიტუციის პრეამბულაში ნათლად არის ნათქვამი, რომ “უნგრელ ხალხს აერთიანებს ღმერთი და ქრისტიანობა’’. თუ გავითვალისწინებთ, რომ უნგრეთის მოსახლეობის 90% უნგრელია, ხოლო 70% კათოლიკე (პროტესტანტები – 25%), ლიბერალების შეშფოთება გასაგები ხდება. მათ ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ უნგრეთის პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა განახლებულ კონსტიტუციას, მაგრამ 25 აპრილს პრეზიდენტმა პალ შმიტმა არა მარტო ხელი მოაწერა მას, არამედ განაცხადა: “ახალი კონსტიტუცია უნგრელთა მომავალი თაობების სიამაყის საგანი იქნება’’.

რწმენა, წმინდა სტეფანის (იშტვანის) გვირგვინის კულტი, ეროვნული სიამაყე, როგორც ფუძემდებლური ფასეულობა, ოჯახი და ეკლესია, რასაც ახალი კონსტიტუცია ერის გამაერთიანებლად აცხადებს, განსაკუთრებით მიუღებელია უნგრელი (და არა მარტო) ულტრალიბერალებისთვის. ისინი პირდაპირ პარალელებს ავლებენ მილოშ ჰორტისა და ფერენც სალაშის ჰიტლერის მოკავშირე რეჟიმებთან. ნაციონალიზმით დაშინებული ევროპა ყოველთვის მძაფრად რეაგირებდა ეროვნულ რიტორიკაზე, მაგრამ დღეს უკვე ფრანგები და ბელგიელები მუსლიმი ქალებისთვის თავსაბურავის ტარების აკრძალვით ლამობენ საკუთარი ფასეულობების დაცვას. იტალიასთან ერთად საფრანგეთი, ფაქტობრივად, ევროპის საზღვრების დახურვას ითხოვს. გერმანია უკვე გამოტყდა, რომ მულტიკულტურალიზმმა ვერ გაამართლა.

ადამიანის უფლებების საყოველთაოდ მიღებული ნორმები ჩვენს თვალწინ იცვლება. ნორდიულად ცივსისხლიანი ფინელებიც კი ეროვნულ სიმებს შეეხნენ. ის, რომ ახალი კონსტიტუციით უნგრეთის რესპუბლიკა უნგრეთად იწოდება, ასევე აშფოთებს ლიბერალებს. მათი აზრით, რესპუბლიკის ხსენება ნაციონალისტებისთვის მარცხის აღმნიშვნელია, ვინაიდან რესპუბლიკად უნგრეთი იქცა დღევანდელ საზღვრებში, რომელიც არ ასახავს უნგრელთა ეთნიკურ განსახლებას. დღეს უნგრელთა მესამედი საკუთარი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობს. ამის საპირისპიროდ, “უნგრეთი’’, განსხვავებით “უნგრეთის რესპუბლიკისგან”, მათ ისტორიულ “დიდ უნგრეთს’’ ახსენებს.

დღევანდელი უნგრეთის ტერიტორია იმის ნახევარია, ვიდრე 1918-წლამდელი “დიდი უნგრეთის’’ ტერიტორია. დიდი უნგრეთი მოიცავდა მთელ სლოვაკიას, რუმინეთის ნახევარს, ხორვატიის უმეტეს ნაწილს, სერბეთის ვოევოდინას, იმიერკარპატეთს, სლოვენიისა და ავსტრიის ტერიტორიების ნაწილს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უნგრეთი წაგებულთა ბანაკში აღმოჩნდა და მისი ტერიტორიები ჩეხოსლოვაკიამ, რუმინეთმა და იუგოსლავიამ გადაინაწილეს. ჰიტლერთან მოკავშირეობით ტერიტორიების დაბრუნების მცდელობაც მარცხით დამთავრდა და მეორე მსოფლიო ომის შედეგებით უნგრეთი კვლავ შეკვეცილ საზღვრებში აღმოჩნდა.

გასულ წელს, პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველობის დაწყებისთანავე 1920 წლის ტრიანონის ხელშეკრულების თარიღი, რომელმაც უნგრეთს ტერიტორიები გაუნახევრა, ქვეყნის ერთიანობის დღედ გამოცხადდა, ხოლო ევროკავშირის თავმჯდომარეობა უნგრეთმა იმით დაიწყო, რომ ბრიუსელში ჩაიტანეს ხალიჩა, რომელზეც “დიდი უნგრეთის სამეფოს’’ მთელი ტერიტორიის რუკა არის გამოსახული.

ამ მხრივ საგულისხმოა უნგრეთის მოქალაქეობის მინიჭების ახალი, გამარტივებული პროცედურა, რომელსაც პირობითად “სისხლის უფლებას’’ უწოდებენ. “ფიდესის’’ მიერ შემოთავაზებული ახალი კანონი მოქალაქეობის შესახებ გულისხმობს, რომ ნებისმიერ ეთნიკურ უნგრელს, რომელიც უნგრულ ენას ფლობს და საკუთარ თავს უნგრელად მიიჩნევს, შეუძლია მიმართოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს იგი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მაგალითად, სლოვაკიაში ასეულობით ათასი უნგრელი ცხოვრობს, სლოვაკეთის შეშფოთება კანონზომიერია: იქ უნგრელები კომპაქტურად ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობენ. რუმინეთში, ხორვატიაში, სერბეთსა და უკრაინაშიც კი შეშფოთებული არიან. ამ ქვეყნებში დაახლოებით 3,5 მილიონი უნგრელი ცხოვრობს. უკრაინაში იმიერკარპატეთში გამალებით რიგდება უნგრული პასპორტები იმავე სქემით, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დარიგდა რუსული პასპორტები. იქ 150 ათასი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება უნგრულ ენაზე მიმდინარეობს.

უნგრეთის მიმართ უკვე გამოთქვა შეშფოთება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა უნგრეთს მოუწოდა “რჩევა ჰკითხოს გაეროსა და ევროკავშირს’’, ევროკავშირში უნგრეთზე მონიტორინგის შემოღებაზეც დაიწყეს საუბარი, მაგრამ ევროპას ახლა სხვა უამრავი პრობლემა აქვს, ლიბიის დაბომბვების, აფრიკიდან ლტლვილთა ნაკადისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეკონომიკური კოლაფსის სახით. ამიტომ, როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთის მიმართ სიტყვიერი საყვედურების გარდა რაიმე სერიოზული ზომებისთვის ევროპას არ მიუმართავს. მან უბრალოდ “გადაყლაპა’’ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ნაციონალისტური კონსტიტუცია, ბრიუსელის მოხელეებს კი უნგრული ხალიჩა ყოველდღე ახსენებს “დიდ უნგრეთს’’.

ნანა დევდარიანი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"