ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
17.03.2011
ბაიდენის ვიზიტი მოსკოვში

ოფიციალური მონაცემებით, ბაიდენმა მედვედევთან და პუტინთან ისეთი საკითხები განიხილა, როგორებიცაა: ავღანეთი, ევროპისათვის რაკეტსაწინააღმდეგო ქოლგა, ირანი, სკოლკოვოში ამერიკული ინვესტიციის ჩადება, რუსეთის შესვლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ნარკოტრეფიკი და სხვა.

აშშ-ს ისტორიაში იშვიათად მოიძებნება პოლიტიკოსი, რომელიც საბჭოთა კავშირის მიმართ უაღრესად დადებითად ყოფილიყო განწყობილი. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა რუზველტის ვიცე-პრეზიდენტს, ჰენრი უოლესს.ამ პიროვნებას სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირის გარეშე მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ არ შეიძლებოდა გადაჭრილიყო მსოფლიოს მნიშვნელოვანი საკითხები. მას ჰყოფნიდა გამბედაობა საჯარო გამოსვლების დროს ელაპარაკა წითელი არმიის უდიდეს წვლილზე ფაშიზმის განადგურების საქმეში.

საბჭოთა ელჩთან ანდრია გრომიკოსთან ერთ-ერთი სადილის დროს უოლესმა განაცხადა: „ახლა, როდესაც უკვე მოსჩანს გერმანიაზე გამარჯვება, ჩვენმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ შანსი ურთიერთობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის. მე ეს საკითხი ძალიან მაშფოთებს, ვინაიდან აშშ-ში მას სხვაგვარად ეკიდებიან. დიდ ბიზნესში არის ხალხი, რომელთა ანტიპატია საბჭოეთის მიმართ აჭარბებს ამერიკელი ხალხის კეთილ სურვილებს საბჭოთა კავშირის მიმართ“.

შემდეგ მან განაცხადა, რომ ბოლო დროს პრეზიდენტი რუზველტი ავადმყოფობს, თუმცა დიდ ყურადღებას უთმობს ამერიკა-სსრკ-ს ურთიერთობის განმტკიცებას. „როგორ შეხვდებით თქვენ ჩემს შესაძლო გამარჯვებას 1948 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში?“, - იკითხა უოლესმა.

ვიცე-პრეზიდენტმა კარგად იცოდა, რომ საბჭოთა ელჩთან გამოთქმული მოსაზრება უმალ გახდებოდა ცნობილი კრემლში. მას აინტერესებდა, დაუჭერდა თუ არა მხარს საბჭოეთი. კარგად იცნობდა რა უოლესის პიროვნებას და მის დამოკიდებულებას საბჭოთა კავშირის მიმართ, გრომიკომ თავის მხრივ დადებითი პასუხი გასცა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამერიკაში უკვე დაწყებული იყო საბჭოთა კავშირის მიმართ მკაცრი პოზიციის გამოხატვა. ასეთი პოლიტიკის მომხრეები მტრად მიიჩნევდნენ უოლესს და მაქსიმალურად ცდილობდნენ მის დისკრედიტაციას. ისინი არ თაკილობდნენ მისთვის ფანტაზიორის სახელის შერქმევასაც.

1944 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ფრთამ თავისი გააკეთა და რუზველტს ვიცე-პრეზიდენტად ტრუმენი დაასახელებინა. ამით რუზველტმა განიმტკიცა მემარჯვენეთა მხარდაჭერა. ტრუმენისა და მემარჯვენეების გააქტიურებამ დიამეტრალურად შეცვალა ადრე არსებული პოლიტიკა და ნაცვლად სასურველი მეგობრობისა, ორ ქვეყანას შორის ერთობ დაძაბული ვითარება შეიქმნა.

თავისი მემუარების წიგნში გრომიკო იხსენებს თომას ლამონტთან შეხვედრასაც. ეს პიროვნება ხელმძღვანელობდა ამერიკელ მილიარდერთა საბანკო სისტემას. 1944 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან თხოვნით მიმართა ელჩს, რათა საბჭოთა კავშირს მხარი დაეჭირა რესპუბლიკელი თომას ლამონტისათვის. არც გრომიკოს და არც კრემლს დიდად არ ეპოტინავებოდათ ლამონტი და რესპუბლიკელები, მითუმეტეს დემოკრატ რუზველტთან შედარებით. ამიტომ მისი პასუხი იყო: „ჩვენი ქვეყანა ვერ ჩაერევა აშშ-ს საშინაო ცხოვრებაში“.

ზემოთ მოყვანილი მაგალითები ნათელი დამადასტურებელია იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს სხვა ქვეყნის, მით უმეტეს, გავლენიანის, არჩევნებზე.

მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, შეიცვალა აზროვნება, პოლიტიკისადმი მიდგომა. დახვეწილმა საინფორმაციო სისტემამ საჯარო გახადა უმნიშვნელო პოლიტიკური დეტალები, მაგრამ ერთი ქვეყნის მიერ მეორის არჩევნებში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევა ისეთივე დატოვა, როგორც წინათ. სახელმწიფოთა ლიდერები მაქსიმალურად ცდილობენ სხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით იქ, სადაც მათი ინტერესია, მისაღები კანდიდატურისთვის მხარის დაჭერას, ცხადია არა საჯაროდ, თუმცა შიგადაშიგ არც ამას თაკილობენ.

გავიხსენოთ შემდეგი მაგალითები - უპირველესად 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მასში ვაშინგტონის პირდაპირი, დაუფარავი და მე ვიტყოდი, ყოვლად გაუმართლებელი, აშკარა მხარდაჭერა სააკაშვილის მიმართ. ვაშინგტონმა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე, არჩევნების დამთავრებიდან ერთ საათში გამარჯვება მიულოცა სააკაშვილს, რითაც მიახვედრა ყველას, მათ შორის გარეულსაც, „გამარჯვებულისადმი“ ამერიკის მხარდაჭერაზე.

თვით სააკაშვილი მოლდოვის ხელისუფალთა მხარდაჭერის მიზნით, შარშან, არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩავიდა კიშინიოვში, ვითომდა ადრე დაგეგმილი ვიზიტის განხორციელების გამო.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ობამა-მაკკეინის დაპირისპირებაში ლომის წილი შეასრულა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა - მაკკეინისათვის მხარდასაჭერად. საზოგადოებას კარგად ახსოვს ხელისუფალთა მხრიდან მაკკეინის მხარდამჭერი განცხადებები. გამოკითხვის მიხედვით, საქართველო, ისრაელთან ერთად, ის იშვიათი ქვეყანა იყო, ვინც მხარს უჭერდა მაკკეინს. ცხინვალის ომმა და მაკკეინის ანტირუსულმა განცხადებებმა არცთუ ცოტა ქულები შესძინა რესპუბლიკელთა კანდიდატს.

დასავლური პრესის მიხედვით, ცხინვალის მოვლენების დროს საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრისას შეეხნენ მაკკეინის თემასაც. სარკოზის განმარტებით, რუსეთის მიერ თბილისის დაკავებას უდავოდ მოჰყვებოდა მაკკეინის მიერ კიდევ მეტი ქულების დაგროვება და შესაძლო გამარჯვებაც. ძნელია მტკიცება იმისა, ჰქონდა თუ არა მსგავს ლაპარაკს ადგილი, თუმცა პრესის მიხედვით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია. ევროპელებს ყელში ჰქონდათ ამოსული ბუშის ადმინისტრაციის მიერ გაღვივებული ნეოკონსერვატიზმი, ქედმაღლობა მათთან მიმართებაში.

გავიხსენოთ ადრინდელი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში და რუსეთის აშკარა მხარდაჭერა ერთ-ერთი კანდიდატის - იანუკოვიჩის მიმართ (ასეთ მხარდაჭერას ბოლო არჩევნებში ადგილი არ ჰქონია), მაშინ იანუკოვიჩმა არჩევნები მოიგო, მაგრამ დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ს ძალისხმევით, ვითომდა გაყალბების საბაბით, არჩევნები ბათილად ცნეს, ხოლო ახალში - იუშჩენკო-ტიმოშენკოს ნარინჯისფერ ტანდემს გაამარჯვებინეს.

მკითხველს ისიც ემახსოვრება, რომ ცოტათი ადრე, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად ჩათვალა დასავლეთმა, რითაც ფაქტიურად გზა გაუხსნა ჟვანია-სააკაშვილის უფრო მეტად პროამერიკულ გუნდს, ვიდრე, ასევე პროამერიკულ, მაგრამ მობერებულ შევარდნაძეს. არადა სინამდვილე მალაპარაკებს აღვნიშნო, რომ 2003 წლის არჩევნები, გაცილებით ნაკლები დარღვევებით ჩატარდა, ვიდრე ადრინდელი.

ამ ისტორიების გახსენებით მივადექით მთავარ სათქმელს - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის სამუშაო ვიზიტს მოსკოვში. ოფიციალური მონაცემებით, ბაიდენმა მედვედევთან და პუტინთან ისეთი საკითხები განიხილა, როგორებიცაა: ავღანეთი, ევროპისათვის რაკეტსაწინააღმდეგო ქოლგა, ირანი, სკოლკოვოში ამერიკული ინვესტიციის ჩადება, რუსეთის შესვლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ნარკოტრეფიკი და სხვა. მედვედევის განცხადებიდან გამომდინარე - საქართველო პოლიტიკური პრეტენზიებით ცდილობს რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის დაბლოკვას, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ საუბრის დროს საქართველოს თემასაც შეეხნენ.

აშშ-ს პოზიციიდან და პრეზიდენტ ობამას დაპირებიდან გამომდინარე, ამერიკა მხარს დაუჭერს რუსეთს, მაგრამ საქართველო? ჩვენთვის უცნობია, რას დაპირდა ბაიდენი კრემლს, რა გავლენას იქონიებს ის სააკაშვილზე, ჩასჩურჩულეს თუ არა ამერიკელებმა ამერიკაში მყოფ სააკაშვილს დათმობის თაობაზე. იქნებ სწორედ ამისთვისაა მისი ვიზიტი ამერიკაში.

წინადადებები, რასაც თბილისი მოსკოვს უყენებს, არარეალურია, თანაც პოლიტიკური, რაც საქართველოს ჩიხში აქცევს და არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამაც ამგვარად შეაფასოს. თუკი ამას ექნება ადგილი, რაც დასაჯერებელია, საქართველოს პრეტენზია, პრეტენზიად დარჩება, რუსეთი კი მიაღწევს საწადელს.

საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი დააყენებს ისეთ აბსტრაქტულ წინადადებას, რასაც როკთან და ფსოუზე ქართველი მებაჟეების ჩაყენება ჰქვია?

შედარებით რეალურია, თუმცა ძნელად განსახორციელებელი, რუსეთის მხრიდან ქართულ საქონელზე ემბარგოს მოხსნა. ორ ქვეყანას შორის უკვე ორ წელზე მეტია, საქართველოს ინიციატივით, გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა. ასეთ ვითარებაში არარეალურად მოჩანს რუსეთში ქართული ექსპორტის ამოქმედება.

მოსკოვში ბაიდენის ვიზიტის დროს გაცხადდა შემდეგი - აშშ-ი ვერ თანხმხდება რუსეთთან საქართველოს საკითხში.მხარეებმა განიხილეს არაბულ სამყაროში მიმდინარე ვითარება. ბაიდენს სურდა რუსეთის მხარდაჭერა ლიბიის ხელისუფლების წინააღმდეგ განსახორცილებელ გეგმაში. მედვედევის მიერ ლიბიის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მეტყველებს ვაშინგტონის თხოვნის გათვალისწინებაზე.

არაბულ სამყაროში მიმდინარე ამბოხი ახალ ეტაპზე გადადის და მარტო ტუნისი-ეგვიპტის პრეზიდენტების დამხობით არ შემოიფარგლება. ამ ორ ქვეყანაში არსებული სახალხო მღელვარება ვერ გათვალა აშშ-ს სახელოვანმა ცსს-მ. მისთვის ამბოხი მოულოდნელი აღმოჩნდა, რაც ვაშინგტონის დახავსებული პოლიტიკის წარუმატებლობის აშკარა მანიშნებელია.

ათეული წლების განმავლობაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებისათვის მედგარი მებრძოლი - აშშ-ი შესანიშნავად იცავდა სწორედ ამ ნიშნით მიუღებელ ტუნის-ეგვიპტის პრეზიდენტებს, ვინაიდან ისინი საკუთარი „ძაღლის შვილები იყვნენ“. ყოველივე ამან არა მარტო მათ წინააღმდეგ დარაზმა ხალხი, არამედ ამერიკისაც. როგორც ჩანს, ამერიკა გონს მოეგო და ცდილობს მღვრიე არაბულ წყალში თევზის დაჭერას. სწორედ ამას ემსახურება ანტიკადაფური პროპაგანდის გაშლა, მის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებისათვის ნიადაგის შემზადება. წაჰყვება რუსეთი ვაშინგტონს ამ სამხედრო თამაშში? ძნელი სათქმელია.

როგორც ჩანს, მოსკოვში მყოფ ბაიდენს ამ საკითხისადმი ტანდემის მიდგომაც აინტერესებდა. ნათქვამია, სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო. თუ რუსეთის თანხმობას ექნა ადგილი, ის აშკარად დაკარგავს ნდომას არაბულ სამყაროში. რუსეთის პოზიცია ნეიტრალური უნდა იყოს - დატვირთული მომავლისადმი ფიქრით. მისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება განზე დგომა და თვალთვალი, თუ როგორ მოიტეხს ფეხს, შესაძლოა თავსაც ამბიციური ამერიკა.

არაბული ამბოხი თავისთავად გზას უხსნის ანტიამერიკული განწყობით გაჟღენთილ მუსლიმან პოლიტიკოსებს. მათთან გაცილებით კარგი სალაპარაკო ენა აქვს მოძებნილი ირანს. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურის მსგავსი ჩამოყალიბდეს ეგვიპტეში, ტუნისში. ირანი აქტიურად მუშაობს არაბულ ქვეყნებში მცხოვრებ შიიტებთან, რომლებიც გარკვეულ წარმატებას აღწევენ ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, იორდანიაში, ლიბანში.

თუ რა აწუხებს ყველაზე მეტად პოლიტიკურ ამერიკას, ეს ირანი და მისი გავლენის გაფართოებაა არაბულ სამყაროსა და ახლო აღმოსავლეთში. ამერიკელთა ოცნებაა, რომ არაბულმა რევოლუციებმა ირანში გადაინაცვლოს. მისთვის ნომერ პირველი ამოცანა - ირანში რევოლუციის აგორება და ხელისუფლების დამხობაა. მსგავსი სურვილი აქვს მას პაკისტანის მიმართაც და თუ ეს განხორციელდა, რუსეთს სერიოზული პრობლემები შეექმნება. პროამერიკული ირანი, პროამერიკულ საქართველოსთან, არანაკლებ პროამერიკულ აზერბაიჯანთან ერთად, რუსეთის კავკასიიდან განდევნის საწინდარი იქნება. მავანი იტყვის - ასეთი რამ შორეული პერსპექტივის საქმეაო. სამი თვის წინათ იფიქრებდა ვინმე არაბულ ამბოხზე?

და კიდევ არცთუ უმნიშვნელო თემა ბაიდენის მოსკოვში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ზემოთჩამოთვლილი საკითხები მეორეხარისხოვანია მთავართან ანუ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებთან შედარებით, ყოველ შემთხვევაში ასე წერდნენ რუსული ლიბერალული გაზეთები, მათ შორის „ნეზავისიმაია გაზეტა“: „გაზეთის წყარო სახელმწიფო დუმიდან გვიმტკიცებს, რომ ბაიდენის ვიზიტით ხდება დასავლეთის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში დიმიტრი მედვედევისთვის მხარის დაჭერა. ვაშინგტონს ეს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2007 წელს, როდესაც პუტინი მხარს უჭერდა სერგეი ივანოვს. გარდა ამ საკითხისა, განხილული იქნება პუტინის შრომითი დასაქმების საკითხიც, ცხადია არჩევნების შემდეგ“, - წერდა გაზეთი.

„წყარო იმასაც იტყობინება, რომ ამერიკელები იოლად მოუვლიან იმ პოლიტიკოსებს, ვინც პუტინს უჭერს მხარს. ამერიკელმა კონგრესმენებმა წყაროს უთხრეს, რომ მედვედევი ყოყმანობს. არ არის გამორიცხული მასზე პუტინის მხრიდან ზეწოლაც და, რომ ამას არ ჰქონდეს ადგილი, ბაიდენი მორალურ მხარდაჭერას აღუთქვამს მედვედევს“, - წერს გაზეთი.

მსგავსი ინფორმაციის პირველ გვერდზე გამოქვეყნება რუსი ლიბერალების მიერ გაჩაღებული ანტიპუტინური კამპანიის აშკარა დამადასტურებელია. არავინ იცის, რა ჩასჩურჩულა ყურში ბაიდენმა მედვედევს, მაგრამ ის, რომ აშშ-ს ადმინისტრაციას გაცილებით მეტად აწყობს მედვედევი, ეჭვგარეშეა. მედვედევი, რომელიც შორს არ არის ლიბერალული აზრებისაგან, იოლად დასაყოლიებელი პოლიტიკოსია - ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევს ვაშინგტონი, გარდა ამისა ის ასჯერ უფრო მისაღებია რუსი ლიბერალებისათვის, ვიდრე პუტინი.

პუტინის ხისტ პოლიტიკას ვერ ეგუება ვაშინგტონი. ანტიპუტინური PR-ის შესაქმნელად აშშ-ა რახანია დარაზმა რუსული ინტელიგენცია, ლიბერალული ძალები, პრესა, ზოგიერთი ტელეარხი და რადიო, RTVI-ის და „ეხო მოსკვის“ ჩათვლით. და ისმის პუტინის სისტემატური ლანძღვა, დისკრედიტაცია. წინა პლანზეა გამოტანილი პუტინის „სექსუალური თავგადასავლები“, „პუტინის მიერ აშენებული აგარაკები“, პუტინის „ხელმრუდეობა“ და სხვა.

ამერიკელებს ამ „კეთილშობილურ“ საქმეში არა მარტო რუსი ლიბერალები ჰყავთ გამწესებული, არამედ სააკაშვილიც. დააკვირდით ამ უკანასკნელის რუსეთის ხელისუფალთა მისამართით გაკეთებულ განცხადებებს და უმალ დაინახავთ, თუ როგორ უტევს ის პუტინს, ნაკლებად მედვედევს. სააკაშვილი, ბენდუქიძესთან ერთად, მასპინძლობს ყველა იმას, ვინც პუტინის აშკარა მოწინააღმდეგეა - ნოვოდვორსკაია-ლატინინადან დაწყებული, ილარიონოვ-ნემცოვით დამთავრებული. სააკაშვილი ამ მხრივაც ასრულებს ვაშინგტონის დავალებას.

პუტინ-ვაშინგტონს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მიუნხენის ცნობილი გამოსვლის დროს, როდესაც პუტინმა მოურიდებლად ამხილა ვაშინგტონის ზრახვები. „დერჟავისტი“ პუტინი მიუღებელია ვაშინგტონისთვის და ეს უკანასკნელი ყველაფერს იღონებს, რომ მის გაპრეზიდენტებას ხელი შეუშალოს. შეძლებს თუ არა ამას ის, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ანტიპუტინური ცუნამი აგორებულია.

ერთი ქვეყნის მიერ მეორის საშინაო საქმეებში ჩარევას დღესაც აქვს ადგილი, შესაძლოა უფრო ხშირად და აქტიურად, ვიდრე წინათ. მაგრამ ხალხი? ამასთან დაკავშირებით ერთი ძველი ამბავი გამახსენდა. საქართველოს კპ ცკ პირველ მდივანთან, მჟავანაძესთან პარტიული მუშაკი მივიდა სათხოვნელად - რაიკომის მდივნად დამნიშნეო. პატივცემულმა ვასილმა თავი გააქნია - ხალხი რას იტყვისო, რაზეც მთხოვნელმა მიუგო - თქვენ იყავით თანახმა, ხალხს ვინ კითხავსო. ნამდვილი დემოკრატიის პირობებში ასეთ მაგალითებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, აქვს და თანაც დიდი დოზით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"