ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
14.03.2011
იაპონიის მიწისძვრის მოსალოდნელი შედეგები

რამდენიმე დღის წინ მომხდარმა უძლიერესმა მიწისძვრამ მძიმე შედეგები მოუტანა იაპონიას. მიწისძვრის და მის მიერ გამოწვეული ცუნამის შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი, დანგრეული 15 ათასამდე შენობა, მილიონობით ოჯახი ელექტროენერგიის და გაზის გარეშე დარჩა.

ამ ნგრევის აღდგენა იაპონიას, რომელიც ერთ–ერთი განვითარებული სახელმწიფოა და მესამე ადგილს იკავებს მსოფლიოში შიდა ეროვნული პროდუქტის მიხედვით, პრინციპში არ გაუჭირდება. თუმცა, რა თქმა უნდა, დაღუპულებს ვერავინ გააცოცხლებს. მაგრამ ეს კატასტროფა, სავარაუდოდ, მაინც სერიოზულად იმოქმედებს იაპონიის მომავალ პერსპექტივებზე და ქვეყნის მდგომარეობაზე მსოფლიოში.

საქმე ეხება იაპონიის ატომურ რეაქტორებზე მომხდარ ავარიებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს, განმეორდება თუ არა „ჩერნობილის მსგავსი ავარია“ რომელიმე ბლოკზე. უკვე მომხდარი ორი აფეთქება ტურბინების დარბაზებში საკმარისია იმისთვის, რომ იაპონიის ატომური ენერგეტიკული პროგრამა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ზოგი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ დაზიანებული სადგურები ფუკუსიმა–1 და ფუკუსიმა–2 70–იან წლებშია აშენებული და ამიტომაც მოხდა იქ სერიოზული ავარიები. რომ თითქოს ახალი თაობის რეაქტორებს, რომლებსაც აქტიურის გარდა, ე.წ. პასიური დაცვის სისტემებიც აქვს, მიწისძვრა ვერაფერს დააკლებს. ეს შეიძლება მართალიც იყოს მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების პირობებში, მაგრამ არა იაპონიის.

როგორც ცნობილია, იაპონია მდებარეობს მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე სეისმურად აქტიურ რეგიონში. აქ გადის საზღვარი წყნარი ოკეანის და ევრაზიის ტექტონიკურ ფილებს შორის. ამ ფილების მოძრაობა, როგორც ჩანს, დაჩქარდა და ბოლო ათწლეულებში იაპონიის მიდამოებში გახშირდა კატასტროფული მიწისძვრები. ბოლოსწინა ძლიერი რყევა მოხდა 1995 წელს, რის შედეგადაც თითქმის დაინგრა მილიონიანი ქალაქი კობე და 6000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამჟამინდელი მიწისძვრა უფრო მძლავრი იყო, ვიდრე 1995 წლის მოვლენა, თუმცა მისი ეპიცენტრი ოკეანეში მდებარეობდა, რამაც გამოიწვია კიდეც ცუნამი.

აშკარაა, რომ იაპონიაში თეორიულად შესაძლებელია მოხდეს ისეთი მიწისძვრა, რომელსაც ვერანაირი ნაგებობა ვერ გაუძლებს, რაც უნდა მყარად იყოს ის აშენებული. მიწაში ნაპრალის გაჩენას ან მის წანაცვლებას რამდენიმე მეტრზე ვერცერთი შენობა ვერ გადაურჩება. თუ ეს მოხდა რომელიმე ატომური სადგურის მახლობლად, რისი გამორიცხვაც არ შეიძლება, მაშინ სადგურის შენობა და რეაქტორის დარბაზი დაინგრევა. გაურკვეველია, გაუძლებს თუ არა ამ შემთხვევაში თანამედროვე რეაქტორების დაცვის სისტემა, თუნდაც პასიური და აქტიური სისტემებით. პრატიკულად შეუძლებელია ასეთ სიტუაციაში ყველა შესაძლებლობის გათვლა და რეაქტორის უვნებლობის ასპროცენტიანი გარანტიის მიცემა.

ამიტომ, როგორც ჩანს, იაპონიის ხელისუფლებას, ვინც არ უნდა იყოს მასში, მოუწევს უახლოეს წლებში უარი თქვას ატომური ენერგიის გამოყენებაზე და იგი იძულებული გახდება, თანდათანობით გამოიყვანოს ექსპლუატაციიდან ბირთვული რეაქტორები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იაპონიის ენერგეტიკულ ბალანსში გაჩნდება სერიოზული დეფიციტი. ამჟამად, ატომური ენერგია ამ ბალანსის 30 პროცენტს ავსებს (აქ იგულისხმება მთლიანად ენერგეტიკა და არა მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოება). მაგრამ იაპონიას არ გააჩნია საკუთარი წიაღისეული – ნავთობი, გაზი, ნახშირი.

შესაბამისად, მას მოუხდება გაზარდოს ენერგომატარებლების იმპორტი ქვეყანაში. იაპონიის მთავრობამ უკვე მიმართა რუსეთს თხოვნით, მიაწოდოს მას თხევადი გაზის და ნახშირის დამატებითი მოცულობები. ალბათ გაიზრდება იაპონიის მიერ ნავთობის და ბუნებრივი აირის იმპორტიც. ეს კიდევ უფრო გაზრდის მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების ფასს, ხოლო ნავთობის და გაზის ექსპორტიორი ქვეყნები – მაგალითად, რუსეთი – დამატებით შემოსავალს მიიღებენ.

ამასთან დაკავშირებით, მოსალოდნელია კიდევ ერთი სამხედრო–პოლიტიკური შედეგი. როგორც ცნობილია, იაპონიას ტერიტორიული პრეტენზიები აქვს რუსეთთან კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინ ორ ქვეყანას შორის ისე დაიძაბა ვითარება, რომ მოსალოდნელ ომზეც კი ალაპარაკდნენ. მიწისძვრის შემდეგ ეს თემა სრულიად მოიხსნა დღის წესრიგიდან. უახლოეს წლებში იაპონიას მთელი ძალების გადატანა დანგრეულის აღდგენაზე მოუწევს, ხოლო თუ მოხდა ატომური სადგურების ექსპლუატაციის ეტაპობრივი შეჩერება, მაშინ ქვეყანა ძალზე დამოკიდებული გახდება რუსეთიდან გაზის და ნავთობის იმპორტზე. ეს კი ავტომატურად გამორიცხავს საუბრებსაც კი „ომზე“ და კურილიის კუნძულების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე. ამრიგად, აშშ–ს გარკვეული წრეების მცდელობას, მოეხდინათ იაპონიის პროვოცირება რუსეთთან დაპირისპირებაზე, უახლოეს წლებში საფუძველი გამოეცალა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"