ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
01.03.2011
როგორ ცდილობს აშშ, თავგზა აუბნიოს გამოღვიძებულ ხალხებს

ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში (ანუ „დიდ ახლო აღმოსავლეთში“, რომელსაც არაბულად მაშრიყ–მაღრიბიც შეიძლება ვუწოდოთ) მიმდინარე მოვლენების შეფასება კვლავაც აქტუალურია. თანაც ეს შეფასებები ხშირად პოლარულად განსხვავებულია ხოლმე.

მაგალითად, რუსეთში, გარკვეულ წრეებში დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი ლიბიის ლიდერ, პოლკოვნიკ კადაფის დასაცავად. ერთი მხრივ, ეს არც არის გასაკვირი. კადაფის თავის დროზე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. ლიბიამ თავის თავზე განიცადა ამერიკული იმპერიალიზმის აგრესია. 1986 წელს, აშშ–ს ერთ–ერთი ყველაზე ოდიოზური და სასტიკი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ბრძანებით, დაბომბეს ქალაქები ტრიპოლი და ბენღაზი, რის შედეგადაც დაიღუპა მრავალი მშვიდობიანი მცხოვრები, მათ შორის თავად კადაფის ქალიშვილი.

რუსეთსა და ლიბიას შორის ურთიერთობები გამოცოცხლდა 2000–იანი წლების ბოლოს, როცა რუსეთმა ლიბიას ჩამოაწერა მრავალმილიარდიანი ვალები, (სსრკ–ს დროინდელი), სამაგიეროდ კადაფიმ სამხედრო კონტრაქტები გააფორმა რუსული იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით. ამ კონტრაქტების ნაწილი განხორციელების სტადიაშია და რუსეთი დიდ ზარალს განიცდის, თუ ისინი ჩაიშლება.

ამიტომაც გასაგებია რუსეთის ხელისუფლების და პოლიტიკური წრეების „გულშემატკივრობა“ კადაფის მიმართ. მით უმეტეს, რომ დასავლეთი ამ ბოლო დღეებში აშკარად მისი მოწინააღმდეგეების მხარეზე დადგა და ლიბიაში სამხედრო შეჭრითაც კი იმუქრება.

მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს. რადგან სწორედ ეს არის დასავლური, საკმაოდ ჭკვიანური და მზაკვრული პოლიტიკის მიზანი. დასავლეთს უბრალოდ სხვა გზა არ დარჩა გარდა იმისა, რომ ფარისევლურად მხარი დაუჭიროს რევოლუციებს არაბულ ქვეყნებში და ზოგან სათავეშიც კი ჩაუდგეს მას („ფეისბუქის“ და „ტვიტერის“ ქსელური ტექნოლოგიების გამოყენებით). არსებობს ცნობილი და დიდი ხნის წინ აპრობირებული ხერხი: თუ არ შეგიძლია შეეწინააღმდეგო რაიმე პროცესს, სათავეში ჩაუდექი მას. „ქსელური რევოლუციების“ ტექნოლოგია დასავლეთის სტრატეგებმა სხვა ქვეყნებში დახვეწეს, მაგალითად, სერბეთში, საქართველოში და უკრაინაში.

ამგვარად დასავლეთი ცდილობს სათავეში ჩაუდგეს არაბულ და სხვა ისლამურ ქვეყნებში მიმდინარე თუ მოსალოდნელ რევოლუციებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ცდილობს, ან სათავისოდ გამოიყენოს რევოლუციები, ან ხალხის ენერგია არასწორი მიმართულებით წაიყვანოს. დასავლეთის მიერ გამოყენებულ ხერხთა არსენალში შედის: პროდასავლური, „ლიბერალური“ ღირებულებების მქონე პოლიტიკოსების წინა პლანზე წამოწევის მცდელობა (როგორიცაა ელ–ბარადეი ეგვიპტეში და ა.შ.), რევოლუციური ტალღის აგორება მის მოწინააღმდეგე ქვეყნების მიმართ (ირანი, სირია), რუსეთის, ჩინეთის, ირანის და სხვა არადასავლური ქვეყნების პოზიციების შესუსტება არაბულ სამყაროში და ა.შ.

აშკარად ადგილი აქვს რევოლუციების „მეკობრულად მიტაცების“ მცდელობას. ეს ყველაზე ნათლად ჩანს იმავე ლიბიის მაგალითზე.

დაინახეს რა, რომ კადაფის რეჟიმი სტრატეგიულად განწირულია, აშშ–ს და ევროკავშირის ლიდერები ერთობ გააქტიურდნენ ამ ბოლო დღეებში და ლამის შეიარაღებულ დახმარებასაც კი სთავაზობენ ლიბიის ოპოზიციას. აშშ–მ ხომალდების, მათ შორის ავიამზიდის გადასროლა მოახდინა ლიბიის ნაპირების სიახლოვეს. ანუ დასავლური იმპერიალისტური ძალები სრულიად აშკარად ცდილობენ, ვითომდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საბაბით, ჩაერიონ ლიბიის შინაგან საქმეებში და აჯანყებულ ხალხს ხელიდან გამოსტაცონ გამარჯვება. ამასთან, არც ნავთობს და გაზს ივიწყებენ და ლიბიის ოკუპაციის შემთხვევაში, თავიანთ თათს დაადებენ ამ ქვეყნის მდიდარ საბადოებს.

ვნახოთ, რამდენად განხორციელდება აშშ–ს და ევროკავშირის ეს აგრესიული გეგმები, თუმცა ლიბიელი ხალხის თავგანწირული ბრძოლა და საერთოდ, არაბული სამყაროს გამოღვიძება ხანგრძლივი ლეთარგიული ძილიდან, იმ ვარაუდის დაშვების საშუალებას იძლევა, რომ ლიბიის მოსახლეობა და მისი სულიერი ლიდერები, ამერიკელი ოკუპანტების „დახმარების“ გარეშე გაართმევენ თავს მათ წინაშე მდგარ ამოცანებს.

P.S. მკითხველებს ვთავაზობთ ცნობილი ჟურნალისტის მ. ლეონტიევის კომენტარს, რომელიც საინტერესოდ მოგვეჩვენა (რუსულ ენაზე).

Американцы сознательно пытаются поджечь ближневосточный регион

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"