ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.02.2011
არაბული ქვეყნების რევოლუცია და მისი მოსალოდნელი შედეგები

ჰამლეტ ჭიპაშვილი: "ბევრი მიიჩნევს, რომ არაბულ რევოლუციას საქართველოშიც ექნება გამოძახილი. სრული შესაძლებელია. სახალხო ჯანყს არც ლიბიაში მოიაზრებდნენ. ხელისუფლება ხვდება, რომ რაღაც მოხდება, ამიტომაც დარბის დაოთხილი 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგებაში. გვიან ხომ არ არის?!, სოციალური ყოფა გვავიწყებს გაცილებით მძიმე პოლიტიკურ პერსპექტივას - რადიკალური ისლამის აღზევებას".

ტუნისის წარმატებული რევოლუციის შემდეგ ამბოხება ეგვიპტესაც გადაედო, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ 18 დღეში ეგვიპტის პრეზიდენტის მმართველობის 32-წლიანი პერიოდი დასრულდებოდა. ქვეყნის გმირი, სამხედრო მფრინავი, იძულებული შეიქნა გადამდგარიყო. იმ დროს პრესა იტყობინებოდა იემენის, იორდანიის, ალჟირის სახალხო გამოსვლებზე. აღნიშნავდნენ იმასაც, რომ რეგიონის ნავთობმომპოვებელ სახელმწიფოებში მსგავსს ადგილი არ ექნება, ვინაიდან ხელისუფლება კარგა ხანია, ნავთობიდან მოღებულ შემოსავალს მოსახლეობის კეთილდღეობას ახმარს.

ზემოთ მოყვანილი ქვეყნების ჩამონათვალში არც ლიბიაა და არც ბაჰრეინი, ვინაიდან თუნდაც 20 დღის წინათ ვერავინ იფიქრებდა, რომ სახალხო რევოლუციის ლიდერს, მოამარ კადაფის ან ბაჰრეინის მონარქიას ვინმე შეუტევდა.

ლიბიის ნავთობი ევროპის გარდა მრავალ ქვეყანაში მიდის. ლიბიის კრიზისმა ნავთობზე ფასების მკვეთრი გაზრდა გამოიწვია და ბარელზე 107 დოლარი შეადგინა. არც ერთ არაბულ ქვეყანაში ნავთობის გაყიდვით შემოსული ფულის საკმაო ნაწილი არ მიდიოდა ხალხის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როგორც ლიბიაში. ლიბია ის ქვეყანაა, სადაც მათხოვრებისათვის თვალის მოკვრა შეუძლებელია და მიუხედავად ამისა - სახალხო აჯანყება.

აქვე უნდა ითქვას, რომ არაბული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაღალმა პროცენტმა (3-4%) ვერ შეძლო უმუშევრობის ლიკვიდაცია, ხალხის მასების გაღარიბების ტენდენციის შეჩერება. ექსპერტები ამას მოსახლეობის რაოდენობის სწრაფ ზრდას აბრალებენ, თუმცა დემოგრაფიას გაცილებით ნაკლები წვლილი მიუძღვნის, ვიდრე სახელმწიფო დოვლათის არაკეთილსინდისიერ განაწილებას, სოციალურ უთანასწორობას. მოსახლეობის ძირითადი გამაღიზიანებელი სახელმწიფო მმართველობის მანკიერებაშია, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მოსახლეობის საშუალო და ღარიბი ფენების ხარჯზე ხელისუფლებაში მყოფი ვიწრო წრის საარაკო გამდიდრებას.

ცხადია, ყოველივე აღნიშნულს ცეცხლი შეუნთო მიმდინარე მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკურმა კრიზისმა, კვების პროდუქტებზე ფასების მატებამ, სხვა ნეგატიურმა ფაქტორებმა. ერთად აღებულმა გაუსაძლისმა პირობებმა ქუჩაში გამოიყვანა მილიონობით ადამიანი - დამშეულიც, საშუალო ფენაც, ყველა ის, ვინც ვერ შეეგუა მმართველი კლასის გაბღენძილობას, თავხედობას, ყოყოჩობას, ქურდობას.

არაბულ რევოლუციას ხშირად 32 წლის წინანდელ ირანის ისლამურ რევოლუციას ადარებენ. მაშინაც სოციალური უფსკრული შაჰის ოჯახსა და მოსახლეობას შორის თვალშისაცემი იყო. ამბოხებულ ირანს აწუხებდა შაჰის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის კორუმპირებულობა, სისასტიკე, საიდუმლო პოლიციის „სავაკის“ აღვირახსნილობა, ხელისუფლების მოწინააღმდეგთა ციხეებში ჩაყრა, წამება, მკვლელობა.

რევოლუციის შემდეგ თეირანში, საიდუმლო პოლიციის შენობაში, გაიხსნა მუზეუმი, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოსახავს იმჟამინდელი ვითარების შემაჟრჟოლებელ სინამდვილეს. ბეტონის პატარა საკნებში განთავსებული რევოლუციონერები, მათზე რეჟიმის მიერ გამოყენებული წამების მეთოდები, ნათელი დამადასტურებელია შაჰის მმართველობის სისასტიკისა. ვის არ ნახავთ საკნებში - ალი ჰამენეის - ამჯერად ირანის ლიდერს, სხვა რევოლუციონერებს, იმათ, ვინც დღეს ქვეყანას უდგას სათავეში, ბევრი მათგანი სიკვდილით დასაჯეს. 32 წლის წინათ შაჰის რეჟიმი ისე უსწორდებოდა სახალხო აჯანყებას, როგორც დღეს იემენში, ლიბიაში, ეგვიპტეში, ბაჰრეინში…

თანამედროვე ირანი ერთადერთი მაჰმადიანური ქვეყანაა, რომლის ხელისუფლება მიესალმა ეგვიპტელი ხალხის ბრძოლას მუბარაქის წინააღმდეგ. ისლამური ირანის ვარაუდით, სულაც არ არის გამორიცხული ეგვიპტის, სხვა არაბული ქვეყნების ისლამიზაცია. ეგვიპტეში აკრძალული „მუსლიმანი ძმების“ ორგანიზაცია უკვე ჩაერთო ეგვიპტის დროებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებათა პროცესში. ისინი საჯაროდ აცხადებენ, რომ არ გეგმავენ ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ვინ იცის, რა მოხდება შემოდგომით, საყოველთაო არჩევნების დროს?

არანაკლები შანსი აქვს ფუნდამენტური ისლამის აღზევებასა, რაც წყალს შეუყენებს არაბულ სამყაროზე აშშ-ს გავლენას. აშშ-ს ნამდვილად აქვს სადარდებელი, ისე, როგორც 32 წლის წინათ, ირანის რევოლუციის დროს. მაშინ დემოკრატმა კარტერმა ვერ გარისკა უახლოეს მოკავშირე შაჰისათვის დახმარების გაწევა, ისე, როგორც ამას ითხოვდა კარტერის უშიშროების საბჭოს მდივანი ზბიგნევ ბჟეზინსკი.

ოფიციალური მასალების მიხედვით, ბჟეზინსკის პოზიცია აშკარად წამგებიანი იყო. მან ვერ გაითვალისწინა ირანში დაგუბებული რევოლუციური სულისკვეთება, უფრო მეტიც, არაფრად ჩააგდო ირანში აშშ-ს ელჩის მიერ გაგზავნილი შეტყობინება - ქვეყანაში არსებულ დუღილთან დაკავშირებით. მან უგულებელჰყო რჩევა - პარიზში მყოფ რევოლუციის ლიდერ აიათოლა ხომეინისთან საერთო ენის გამოძებნის თაობაზე.

ირანის რევოლუციიდან 32 წლის შემდეგ დემოკრატი ობამაც საგონებელში ჩავარდა. თითქმის ორი კვირის განმავლობაში მან არ იცოდა ეგვიპტის მთავრობის მიმართ რა პოზიცია დაეკავებინა. ობამა აცხადებდა, რომ მუბარაქმა უნდა გაითვალისწინოს ხალხის მოთხოვნები და გაატაროს რადიკალური რეფორმები. მას ბოლო დრომდე არ გაუკეთებია განცხადება - მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით, თუმცა აშშ-ში დაბარებულ ეგვიპტის გენერალური შტაბის უფროსს კატეგორიულად განემარტა ძალა არ გამოეყენებინა აჯანყებული ხალხის წინააღმდეგ.

ცნობისათვის - აშშ-ი ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებს ყოველწლიურად ერთ მილიარდ სამას მილიონ დოლარს აძლევს.

ეგვიპტის რევოლუციამ, ისე, როგორც 32 წლის წინათ ირანისამ, სერიოზული ბზარი გააჩინა ახლო აღმოსავლეთში. ამერიკელთა მრავალწლიან ბატონობას საფუძველი შეერყა. გაცილებით დამძიმდება ვითარება, თუ ეგვიპტესა ან სხვა არაბული ქვეყნების მმართველობაში ფუნდამენტალისტები გამოჩნდებიან. მოვლენების ასეთი განვითარება ისრაელ-არაბთა შორის მორიგი სისხლისმღვრელი ომის საწინდარი გახდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეტანიაჰუს პანიკური რეაქცია სუეცის არხში 32 წლის შემდეგ ირანის სამხედრო გემების გატარებასთან დაკავშირებით, ასეთი ვარაუდის საშუალებას იძლევა.

არანაკლები საფრთხე შეექმნება რუსეთის ხელისუფლებასაც. ფუნდამენტალისტური ახლო აღმოსავლეთი თავის გავლენას პოვებს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის რუსეთის კავკასიის ავტონომიებზეც. ვლადიკავკაზში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი.

არაბეთში განხორციელებული სახალხო რევოლუციები მსოფლიოში ახალი ეტაპის დაწყების მომასწავებელია. მსოფლიოს ჟანდარმმა აშშ-ა და მისმა სანაქებო ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ვერ გამოიცნეს არაბულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები. მათ გაეპარათ არაბული რევოლუცია. მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ი აქცენტს აკეთებდა პიროვნებაზე და არა ხალხზე, მუბარაქ-ბენალის და სხვათა სახით. თვალს ხუჭავდა კორუმპირებულობაზე, აღვირახსნილობაზე, დიქტატორულ მმართველობაზე. მისთვის მთავარი იყო პრეზიდენტების ლოიალურობა. აშშ-ი ანალოგიურად იქცევა სააკაშვილის მიმართ. სწორედ ეს იწვევდა და იწვევს აშშ-ს მიმართ, როგორც არაბების, ისე ქართველების, სხვების გაღიზიანებას. როგორც ჩანს ამგვარი პოლიტიკა ისტორიას ბარდება და მასთან ერთად ამერიკული ჰეგემონიზმი, მსოფლიოს ერთპოლუსიანობაც.

ეგვიპტის, სხვა არაბული ქვეყნების რევოლუციები ირანის რევოლუციის გამოძახილია, თუმცა დაგვიანებით, 32 წლის შემდეგ. ის, ვინც შეძლებს ახალ არაბულ სამყაროსთან საერთო ენის გამოძებნას - ირანის ისლამური რესპუბლიკაა, რაც თავისთავად უნდა მიანიშნებდეს ვაშინგტონს ამ სახელმწიფოს მიმართ პოზიციების შეცვლისკენ. პერმანენტული ეკონომიკური სანქციების შემოღების ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა პერმანენტულ მოლაპარაკებაზე გადასვლა.

ირანი ძალაა. ეს უნდა გაითვალისწინოს დასავლეთმა. მან წერტილი უნდა დაუსვას ირანის ხელისუფალთა, განსაკუთრებით პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ მილიონობით დოლარის ყრას, სახალხო აჯანყებაზე ოცნებას. ირანის პოლიტიკური სისტემა როტაციულია და არა უზურპატორული.

ირანის ისლამურმა რევოლუციამ საფუძველი ჩაუყარა ხელისუფლების ცვლის დემოკრატიულ სისტემას, ისეთს, რასაც დასავლეთში აქვს ადგილი. დასავლეთს არ მოსწონს პრეზიდენტი აჰმადინეჟადი, რომელსაც მხარს უჭერს საკუთარი ამომრჩევლის უმრავლესობა, მაგრამ ის ხომ მუბარაქ-კადაფივით ცას არ გამოეკერება. აჰმადინეჟადი მესამე ვადით პრეზიდენტი ვერ გახდება, ვერც სააკაშვილივით შეცვლის კონსტიტუციას იმისათვის, რომ გაპრემიერდეს (ირანში ეს თანამდებობა არ არსებობს). ორი წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ის დაასრულებს თავის მოღვაწეობას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კორუფციის საკითხიც. ირანის ხელისუფალთა კორუმპირებულობის თაობაზე არაფერი იწერება დასავლურ მედიაში, მარტივი მიზეზის გამო - ასეთი უცხოა ირანისათვის ანუ იმას, რასაც ადგილი აქვს არაბეთში, სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებში. ეწვიეთ თეირანში ირანის რევოლუციის ბელადის აიათოლა რუხოლა ხომეინის სახლს და დარწმუნდებით ამაში. სახლი სამი პატარა ოთახისაგან შედგება - ხის ტახტით, ჯორკოთ, გრაფინიანი მაგიდით. არავითარი ფუფუნება ან „ბელუქსის“ ფართო ასორტიმენტი. შეადარეთ ის ნიავორანის პარკს - შაჰის სასახლეებით. ამჯერად ისიც მუზეუმადაა ქცეული ან არაბეთის მმართველთა მილიარდებიან ქონებას.

ამას წინათ აუქციონზე გამოიტანეს პრეზიდენტ აჰმადინეჟადის ავტომანქანა , 1977 წლის გამოშვების „პეჟო“ . პრეზიდენტის სახელმა დაადო მას ფასი, უკვე არარაობაში გადავარდნილს.

ბევრი მიიჩნევს, რომ არაბულ რევოლუციას საქართველოშიც ექნება გამოძახილი. სრული შესაძლებელია. სახალხო ჯანყს არც ლიბიაში მოიაზრებდნენ. ხელისუფლება ხვდება, რომ რაღაც მოხდება, ამიტომაც დარბის დაოთხილი 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგებაში. გვიან ხომ არ არის?!, სოციალური ყოფა გვავიწყებს გაცილებით მძიმე პოლიტიკურ პერსპექტივას - რადიკალური ისლამის აღზევებას.

სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების რევერანსული დამოკიდებულება ჩრდილო კავკასიური ფუნდამენტალური ისლამისადმი, ქვეყნისათვის უარყოფითად შეიძლება დასრულდეს. ისლამის რადიკალიზმით შეწუხებული აშშ-ი იძულებული გახდება რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დასამყარებლად. ის იძულებული იქნება ხელი აიღოს საქართველოს ხელით წარმოებულ ანტირუსულ იატაკქვეშა პოლიტიკაზე, რაც თავისთავად ჩამოალაბორანტებს სააკაშვილს და მასთან ერთად საქართველოს, შესაბამისი შედეგებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"