ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
დიასპორა
20.02.2012
საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის ალექსანდრე ებრალიძის ღია წერილი
„საქართველოს პრეზიდენტო, მიხეილ სააკაშვილო, რატომ გეშინიათ ასე ჩემი?“

ბატონო მიხეილ სააკაშვილო! ხალხმა თქვენ საქართველოს პრეზიდენტად აგირჩიათ, თქვენ ქვეყნის კონსტიტუციის გარანტი გახდით.

მე საქართველოში დავიბადე, თაობებით ვარ ქართველი, ჩემი წინაპრები ასეული წლების განმავლობაში იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, საქართველოში ცხოვრობს დედა, ქართულ მიწაში განისვენებს ჩემი მამა. და მე მოგმართეთ თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, რომ აღგედგინათ ჩემთვის ჩემი ისტორიული სამშობლოს მოქალაქეობა. ჩემს მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დეტალურად იყო დასაბუთებული ყველა იურიდიული და მორალური მოსაზრება ჩემი უფლების შესახებ, რომ ვიყო საქართველოს მოქალაქე. პასუხად უარი მივიღე. რატომ, ეს არც თქვენმა ჩინოვნიკებმა და არც მოსამართლეებმა, არ ჩათვალეს საჭიროდ, განემარტათ.

ავწონ-დავწონე რა ყველა გარემოება, შევაფასე რა საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის სიმწვავე, რომელსაც 2 წელია ეწევა საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის წინააღმდეგ, შეიძლება შემდეგი დასკვნის გამოტანა - მოქალაქეობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა და უმაღლეს დონეზეა მიღებული, ესე იგი პირადად თქვენს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

აქედან გამომდინარე, მე საჯაროდ გისვამთ შეკითხვას - რატომ ეშინია ასე ძლიერ ქართველ მიხეილ სააკაშვილს ქართველი ალექსანდრე ებრალიძის, რომ არღვევს ყველა საღმრთო ცნებასა და ადამიანურ კანონს? განა ღმერთი გვაძლევს უფლებას, რომ ადამიანი სამშობლოს გარეშე დავტოვოთ? განა საქართველოს კანონები არ გავალდებულებთ თქვენ, რომ ხელი შეუწყოთ ადამიანებს სამშობლოში დაბრუნებაში? 2010 წლის ივლისში თქვენ განაცხადეთ, რომ საჭირო იყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომლებიც „საშუალებას მისცემს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, მათ შორის მათაც, ვინც საზღვარგარეთ დაიბადა, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ყველა დონის არჩევნებში, ასევე აუცილებლობის შესახებ, რომ კონსტიტუციურად შესაძლებელი იყოს ორმაგი მოქალაქეობის მიღება“. მაშ რატომ არ ასრულებთ საკუთარ მოვალეობებს და საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებას და უარს ამბობთ ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობის მონიჭებაზე?

ბატონო პრეზიდენტო, რისი გეშინიათ ასე? თქვენს ხელშია მთელი ხელისუფლება საქართველოში, თქვენს უკან არის ჯარი, ავიაცია და ფლოტი, პოლიცია და უშიშროების სამსახურები, დაზვერვა და კონტრდაზვერვა. ჩემს უკან - მხოლოდ ჩემი საკუთარი შრომით შექმნილი ბიზნესი და საზოგადოებრივი ორგანიზაციის - საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის - წევრები. და თქვენ იყენებთ სახელმწიფო აპარატის მთელ ძალას, რათა ხელი შეუშალოთ ჩემი კონსტიტუციური უფლების - საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის - განხორციელებას.

თუმცა, მესმის, რატომ გეშინით ჩემი. იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეობა მე მჭირდება, რათა პირადად მივიღო მონაწილეობა ჩემი ისტორიული სამშობლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იმიტომ, რომ მე ღიად და გულახდილად ვაცხადებ - თქვენი, როგორც პრეზიდენტის, მოღვაწეობის შედეგად ქვეყანა დანაწევრებულია, გახლეჩილია საზოგადოება, დანგრეულია ეკონომიკა, დეგრადირებას განიცდის კულტურა. თქვენი ხელმძღვანელობით საქართველო ჩიხში შევიდა. მაგრამ მე არ ვაპირებ რევოლუციებისა და შეიარაღებული აჯანყებების მოწყობას, როგორც არ უნდა იგონებდეს ამას საქართველოს ხელისუფლება. თქვენ თანამდებობიდან უნდა გადადგეთ დემოკრატიული გზით - მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. სწორედ ამის გეშინიათ თქვენ. იმიტომ, რომ მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გაერთიანდნენ და დაგამარცხონ საჯარო დემოკრატიული პროცედურების საფუძველზე. მე ვიცი - თქვენ გინდათ, რომ თქვენთან იბრძოლონ არადემოკრატიული მეთოდებით, თქვენ ხომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდით პროვოკაციებისა და ინტრიგების მოწყობაში. ჩემთან ეს არ გამოგივათ. მე ვიბრძოლებ თქვენთან, თქვენს მოედანზე და თქვენი წესების მიხედვითაც კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ წესებს მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს. ისტორიული სამართალი ჩემს და იმ ჩემი მოკავშირეების მხარეზეა, რომლებსაც უნდათ საქართველოს დემოკრატიულ, დამოუკიდებელ, ნეიტრალურ, აყვავებულ სახელწიფოდ გადაქცევა თავისუფალი საყოველთაო არჩევნების საფუძველზე.

ბატონო პრეზიდენტო. არცთუ ისე დიდი ხნის წინ თქვენ ევროპარლამენტის წინაშე თქვენი თავი დემოკრატიული ნორმებისა და პრინციპების მიმდევრად გამოაცხადეთ. გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური შესაძლებლობა სწორედ მათ საფუძველზე და დამიბრუნეთ საქართველოს მოქალაქეობა!

ალექსანდრე ებრალიძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"