ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
14.02.2011
ეგვიპტელთა თვალში არმიის ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია - შესანიშნავი საფუძველია ანტიამერიკანიზმის გაძლიერებისათვის

პრეზიდენტ მუბარაქის გაძევების შემდეგ ეგვიპტიდან მოსული ინფორმაციები (ისევე, როგორც ტუნისის მოვლენები პრეზიდენტ ბენ ალის გაძევების შემდეგ) მხოლოდ ადასტურებენ ჩვენს პროგნოზს იმის შესახებ, რომ ისლამური ჭეშმარიტი რევოლუციის გარეშე ეს ქვეყნები და მთელი რეგიონი არ დაწყნარდება.

დასავლეთი ძალზე არაშორსმჭვრეტელურად მოიქცა, როდესაც მუბარაქის ნაცვლად ეგვიპტის მმართველობის სადავეები სამხედროებს გადასცა. დემონსტრანტების პირველი შეჯახებები არმიასთან შეიცავს რისკს, რომ მოხდეს ეგვიტურ საზოგადოებაში ყველაზე პოპულარული ძალის - არმიის დისკრედიტაცია, რომელიც, თავის მხრივ, ეგვიპტეში აშშ-ის სტრატეგიული გავლენის საყრდენს წარმოადგენს.

ისრაელის ხელმძღვანელობამ ღიად, რომ არ ვთქვათ, თავხედურად, გამოხატა კმაყოფილება იმით, რომ ეგვიპტეში ძალაუფლება გადაეცათ სამხედროებს.  ასევე დაუფარავი იყო ისრაელის კიდევ ერთი ადვოკატის - გერმანიის კანცლერ მერკელის პოზიცია, რომლის მიხედვით, ეგვიპტის ახალმა ხელისუფლებამ "ისრაელის უსაფრთხოება უნდა უზრუნველჰყოს". ეს, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს ისრაელს - ოღონდ კი ეგვიპტემ არ გახსნას საზღვარი ღაზის სექტორთან, მაგრამ არ აძლევს ხელს ეგვიპტელ ხალხს, რომელსაც სჭირდება საფუძვლიანი ცვლილებები. ყბადაღებული ტურიზმი ვერ ახერხებს ეგვიპტის გამოკვებას და ვერავითარი დასავლური „რეცეპტები“ ეგვიპტელებს ვერ უშველის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ისევ გავავლებთ პარალელს ირანის რევოლუციასთან. ჩვენ ასე ხშირად ირანთან შედარება შემთხვევით არ მოგვაქვს, ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, არამედ უტყუარი ფაქტი. ირანული საზოგადოება დამშვიდდა და იწყო სწრაფი განვითარება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასავლური გავლენის ყველა მეტასტაზი ძირფესვიანად იქნა ამოძირკვული რელიგიური „ექიმების“ მიერ. მხოლოდ შაჰის დამხობა ვერ გადაწყვეტდა ირანის პრობლემებს, საჭირო იყო დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, ეს კი ისლამური იდეოლოგიის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ზუსტად ასეთი ვითარებაა ახლა არაბულ ქვეყნებში, სადაც ბატონობენ პროამერიკული დიქტატორული რეჟიმები. აშშ ცდილობს, არაბულ სამყაროში მღელვარებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ირანსა და სირიას აფრთხილებს, მაგრამ თეირანსა და დამასკოში მშვენივრად ხედავენ, რომ ახლო აღმოსავლეთის სახალხო მღელვარებები მიმართულია ამერიკის სატელიტი რეჟიმების წინააღმდეგ, და არა ანტიამერიკული პოლიტიკის წინააღმდეგ.

ეგვიპტელ სამხედროებს არ შეუძლიათ სოციალური რეფორმების გატარება, რომელთაც ხალხი ითხოვს, მათ მხოლოდ საკუთარი თავის დისკრედიტაცია შეუძლიათ ხალხის თვალში და საბოლოოდ განწირულნი არიან მარცხისათვის. დასავლეთი ისრაელთან ერთად ვერაფრით ვერ ეგუება თავის სტრატეგიულ მარცხს და ნებისმიერ პრიმიტიულ შესაძლებლობას ეპოტინება პროამერიკული რეჟიმის აგონიის გასახანგრძლივებლად, მაგრამ მისი მცდელობა ფუჭია, ადრე თუ გვიან ეს სისტემა დაინგრევა. მაგრამ დასავლეთს მაინც ქაოსი უფრო აწყობს, ვიდრე ისლამური რევოლუციის გამარჯვება. ეგვიპტელმა ხალხმა, ისევე როგორც რეგიონის სხვა არაბულმა ხალხებმა, თავიანთ თავში ძალები უნდა ნახონ და ისლამური წესრიგი და ისლამური მოდერნიზაცია გაატარონ, სხვა პერსპექტივა უბრალოდ არ არსებობს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"