ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
11.02.2011
„უტკები“ და თუთიყუშები - ქართული ჟურნალისტიკის პრობლემა

როგორც ცნობილია, „უტკას“ (ქართულად - იხვი) ჟურნალისტურ ჟარგონზე უწოდებენ დეზინფორმაციას, ხოლო თუთიყუში თუთიყუშია, ეგზოტიკური ჩიტი, რომელსაც აქვს მიდრეკილება, გაიმეოროს ყველაფერი, რაც ესმის გარშემო, მათ შორის, „უტკებიც“. მაშ ასე: საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ მრავალთაგან კონტროლირებადმა ერთ-ერთმა ელექტრონულმა მასმედიამ - ამჯერად ინტერნეტ-საიტმა - გაავრცელა „უტკა“, რომ ჩვენი საიტის ფორუმზე, რომელიც თითქოს „რუსეთში არის დარეგისტრირებული“, წარმოდგენილ იქნა საქართველოში ხელისუფლების დამხობის გეგმა.

სავსებით ცარიელ ადგილზე ამ საცოდავი გამოცემის მიერ ნახსენები იქნა რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ებრალიძის, გიორგაძის და კიტოვანის გვარები, რომლებიც თითქოს მორიგ გადატრიალებას გეგმავენ საქართველოში. აქ „უტკის“ მიზანი სავსებით გასაგებია - მოხდეს ებრალიძის დისკრედიტაცია, მისი დაკავშირება 1990-იანი წლების პირქუშ წარსულთან, რომლის ანარეკლსაც წარმოადგენენ გიორგაძე და კიტოვანი. მაგრამ პასკვილანტების სამიზნე ევრაზიის ინსტიტუტიც არის, ვინაიდან საუბარი სწორედ მის კლუბზეა (ფორუმზე).

ცნობისათვის: როგორც ყველა სხვა ჩვეულებრივი ინტერნეტ-ფორუმი, ისე ჩვენი კლუბიც მონაწილეობისათვის ღიაა ყველა მსურველისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა. ფორუმის მონაწილეთა აზრები ცენზურას არ ექვემდებარება. კლუბში ადამიანები წერენ თავისუფლად და, როგორც ასეთ შემთხვევაშია მიღებული, ერთმანეთთან საკონტაქტოდ „სმაილიკებსაც“ იყენებენ. ჩვენი ფორუმი ჯერ კიდევ ევრაზიის ინსტიტუტის დაარსებამდე იქნა დაარსებული და იგი წარმოადგენდა ერთადერთ ადგილს, სადაც აგვისტოს ომის დროს ხალხს შეეძლო ერთმანეთთან თავისუფლად ურთიერთობა, ინფორმაციებისა და აზრების გაცვლა (ამის გამო ფორუმს ხელისუფლებისგან პრობლემები შეექმნა, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა). ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ, რუსეთში ემიგრირებულმა ჟურნალისტმა ლევან გუდაძემ, თავს უფლება მისცა, ნახევრად ხუმრობით მოეხდინა საქართველოში რეჟიმის „დამხობის“ შესაძლებლობის „მოდელირება“. ჩვენ აქ არ ვაპირებთ დეტალებში ჩართვას და მით უმეტეს, გუდაძის „დაცვასა“ და „გამართლებას“. ყველაფერი, რასაც იგი წერს, მისი პირადი აზრია, რომელსაც არაფერი საერთო არ გააჩნია არც ჩვენთან, არც ქართული დიასპორის წარმომადგენელ რუსეთის მოქალაქეებთან. ვიტყვით მხოლოდ, რომ თუკი ვინმე გადატრიალებას გეგმავს, ამას ინტერნეტში არ გამოაქვეყნებს.

საინტერესოა, რომ ჟურნალისტმა ლევან გუდაძემ თავისი აზრები არა მხოლოდ ჩვენს ინტერნეტ-კლუბში, არამედ ასევე Facebook-ში საკუთარ გვერდზე და კიდევ ერთ ქართულ ინტერნეტ-ფორუმზე გამოაქვეყნა, მაგრამ „უტკების“ მწარმოებლებმა, რადიკალური „სააკაშისტების“ თავიანთ ოდიოზურ საიტზე, წყაროდ მხოლოდ ჩვენი კლუბი დაასახელეს, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოიხსენიეს „რუსეთში დარეგისტრირებულად“. აშკარაა, რომ კონკრეტულად ეს „უტკა“ მოწოდებულია, უნიჭო „ჟურნალიუგების“ სულელური შენათითხნი უფრო წონიანი გახადოს და ამ გზით არაფრისგან სენსაცია შეიქმნას.

ჩვენ საერთოდ არ ვაპირებდით მარგინალური საიტის ნაბოდვარზე რეაგირებას. მაგრამ აი რა ხდება: „გადატრიალების გეგმის“ მთელ ამ სისულელეს ჯერ ლატენტურად „სააკაშისტური“, მაგრამ ფორმალურად ნეიტრალური სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბეჭდავს, რომელიც ქართული საინფორმაციო სააგენტოების ლიდერია. ამ ლიდერს არ შერცხვა და „გადატრიალების გეგმის“ შესახებ „უტკა“ უბრალოდ მოპარა მარგინალურ საიტს. ბუნებრივია, „ინტერპრესნიუსი“ არ დაინტერესდა, ინტერნეტ-კლუბის ადმინისტრაციას შეჰკითხოდა, თუ რასთან გვაქვს საქმე. „უტკა“ ზუსტად მისი შემქმნელების სულისკვეთებით გავრცელდა. ანუ გამოდის, რომ ქართული საინფორმაციო სააგენტოების ლიდერი მოიქცა, როგორც თუთიყუში, მხოლოდ ის გაიმეორა, რისი გაგონების უფლებაც მას მისცეს.

იმავე დღის ბოლოს კიდევ სხვა მარგინალურმა მასმედიამ - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულმა ტელეარხმა, რომელიც „უტკის“ გამავრცელებელ ოდიოზურ საიტთან ტანდემში გამოდის, გაავრცელა იგივე „უტკა“. ეს გაკვირვებას არ იწვევს. გაკვირვება გამოიწვია თითქოს ოპოზიციურ „მაესტრო“ ტვ-ზე ჟურნალისტ თეა სიჭინავას „ანალიტიკურმა“ გადაცემამ. ქ-მა თეამაც ზუსტად და ზედმიწევნით გაიმეორა საინფორმაციო „უტკის“ პოსტულატები: „რუსეთში დარეგისტრირებული ფორუმი“, „გადატრიალების გეგმა“, „ებრალიძისგან, გიორგაძისგან და კიტოვანისგან მომდინარე საფრთხე“ და ასე შემდეგ. ქალბატონი ჟურნალისტი შესანიშნავად გაუძღვა თუთიყუშის როლს. მეტიც, იგი ყოველმხრივ ცდილობდა, სტუდიაში თავისი სტუმარი, პოლიტ-კომენტატორი სოსო ცისკარიშვილი ეიძულებინა, მიჰყოლოდა მის მიერ დასახულ „თუთიყუშურ“ სქემას.

სარეკლამო პაუზის დროს მადამ სიჭინავამ ახალი ამბების პროგრამების რედაქტორის ქალბატონ თამარ რუხაძისგან მიიღო შეტყობინება. ქალბატონ თამარს მე ტელეფონით დავუკავშირდი გადაცემის დაწყებისას და ავუხსენი, რომ უპრიანი იქნებოდა, ვიდრე ინტერნეტში გასულ რომელიღაც „პოსტინგს“ მთელ ტელეგადაცემას მიუძღვნიდნენ, უნდა მიმხვდარიყვნენ, დაკავშირებოდნენ საიტის ადმინისტრაციას და მისი აზრი მოესმინათ. ჟურნალისტმა სიჭინავამ აშკარად უხალისოდ წაიკითხა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფორუმი არ არის რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირებული, მისი თქმით, ეს ინფორმაცია (ანუ „უტკა“) ასე იყო გავრცელებულიო. ამასთან იგი მუდმივად შეცდომით ასახელებდა კლუბის დომენს, „პოლიტფორუმი.კომ“ -ის ნაცვლად „პოლიტფორუმი.ჯი“-ს უწოდებდა. ამით მან დაამტკიცა, რომ თავად არ ჩაეძია საქმის არსს და სააკაშისტი პროვოკატორების მიერ გადმოგდებული „უტკა“ ჩაყლაპა, ან უარესი - თავად უყვარს „უტკები“. მაგრამ თუთიყუშები ხომ არ ჭამენ უტკებს - ქართულად, იხვებს...

>ქალბატონმა თამარ რუხაძემ შემთავაზა, მოკლე კომენტარი გავაკეთო მთელ ამ ისტორიასთან დაკავშირებით და შემპირდა, რომ დღის განმავლობაში გადამღებ ჯგუფს გამოაგზავნის. წინადადება მიღებულია. ახლა ვნახოთ. მაგრამ ასეთი კორექტურაც არ ხსნის დღის წესრიგიდან ქართული ჟურნალისტიკის „თუთიყუშობის“ პრობლემას.

სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს მხოლოდ... პარლამენტის წევრებმა (!), რომელთაც „ინტერპრესნიუსის“ თუთიყუშებს განუცხადეს (სამწუხაროდ, მათი გვარები არ იქნა დასახელებული), რომ სოციალურ ქსელებში ყველას შეუძლია დაწეროს, რაც სურს, ხოლო ამაზე პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარი არასერიოზული იქნებოდა.

ევრაზიის ინსტიტუტი იმედოვნებს, რომ მის წინააღმდეგ საინფორმაციო დივერსანტების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი მაინც არ აღმოჩნდება სახელმწიფოს მხრიდან სიტყვის თავისუფლების დევნა.

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის დამაარსებელი და ხელმძღვანელი,

დამოუკიდებელი ინტერნეტ-ფორუმის -Politforumi.com -დამაარსებელი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"