ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
08.02.2011
ეგვიპტური ცუგცვანგი და საქართველო, როგორც ანტიამერიკული სახალხო ტალღის პიონერი

ჩვენ ინტენსიურად ვადევნებთ თვალ-ყურს აფრიკისა და აზიის შესაყართან მდებარე არსებითი მნიშვნელობის მქონე ქვეყანა ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს. მოკლე კომენტარებში (იხ.საიტის მარცხენა სვეტი) ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ ისლამური იდეოლოგიის გარეშე არსებითი ცვლილებების წარმატებული განხორციელების შეუძლებლობა და ამ მიზეზით ოპოზიციურ მოძრაობაში ისლამური ტენდენციების გაძლიერება.

ამის დასტურია ქვეყანაში კვლავ არსებული ქაოსი და გაურკვევლობა, ასევე ამ ფონზე ხელისუფლების მიერ აქამდე აკრძალული მოძრაობა „მუსლიმი ძმების“ ფაქტობრივი აღიარება პოლიტიკური პროცესების (კერძოდ, მოლაპარაკებების) სრულუფლებიან მონაწილედ. სუნიტურ ეგვიპტეში არ არიან რელიგიური ლიდერები, რომელთა ავტორიტეტი ანალოგიური იქნებოდა ირანის შიიტური ლიდერების ავტორიტეტისა, როგორიც, მაგალითად, იმამ ხომეინის ჰქონდა, თორემ ისლამური რევოლუცია დიდი ალბათობით უკვე წარმატებულად იქნებოდა განხორციელებული. მაგრამ ეგვიპტეში ისლამი თავისუფლდება მუბარაქის მაგვარი ამერიკელთა მიერ ხელდასმულების კონტროლისგან - ქვეყნის ორმა მთავარმა მუფტიმ, რომლებიც მთავრობის დანიშნული მოხელეები არიან, მკაფიოდ დაუჭირეს მხარი ხალხს და „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტთან საუბარში განაცხადეს, რომ მრავალი წლის განმავლობაში მეჩეთში მათი ქადაგებების ცენზურას ჰქონდა ადგილი, ახლა კი მათ მოიპოვეს სრული თავისუფლება, ხალხს უთხრან ის, რისი თქმაც მათ სურთ.

საზოგადოების ანტიმუბარაქული განწყობა ჯერ არც თუ ისე შესამჩნევად, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იზრდება ანტიამერიკულ და პროისლამურ განწყობაში. საამისო მიზეზი გასაგებია - სწორედ აშშ და მისი ევროპელი სატელიტები ებღაუჭებიან საძულველ პრეზიდენტსა და მის რეჟიმს, რომელსაც ისინი მხარს უჭერდნენ ოცდაათი წლის მანძილზე. დასავლეთი თუმცა მაშინვე და სხვებზე ადრე მიხვდა, რომ მუბარაქის რეჟიმი ფაქტობრივად უკვე დასრულებულია და აღარავითარი პერსპექტივები არ გააჩნია, მაგრამ დასავლეთი მაინც ცდილობს, პრეზიდენტის აგონია მაქსიმალურად გააჭიანუროს და ამ გზით მას დასავლური ინტერესების თვალსაზრისით ოპტიმალური შემცვლელი მოუძებნოს. ქვეყნის მომავალი უმაღლესი ხელისუფლება მაქსიმალურად მორჩილი და საიმედო უნდა იყოს. აშშ-ს და მის სატელიტებს არ აწყობთ არც თურქული, არც პაკისტანური და მით უმეტეს, არც ლიბანური ვარიანტები - სამხედროების შესუსტებული და ისლამური დემოკრატიული ლიდერების გაძლიერებული როლით. მაგრამ დასავლეთი ცუგცვანგის მდგომარეობაში ჩავარდა - ერთის მხრივ, მან მხარი უნდა დაუჭიროს მუბარაქს, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა ითვალთმაქცოს, რომ იგი მხარს უჭერს ხალხსა და დემოკრატიულ წყობას. ამ გამოუვალი მდგომარეობის ანარეკლს წარმოადგენს ამერიკელების საკმაოდ გამჭირვალე და ამიტომაც მოუქნელი დიპლომატიური მანევრები - პრეზიდენტი ობამა ხან იმას აცხადებს, რომ მუბარაქმა უახლოეს ვადებში უნდა დათმოს ძალაუფლება, ხან კი იმას, რომ მუბარაქი ეგვიპტისთვის კრიტიკულ პერიოდში უნდა დარჩეს ხელისუფლების სათავეში და „რეფორმები“ გაატაროს. თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს ჰილარი კლინტონის სახით უკვე მოუწიათ ეგვიპტის საკითხებში თავიანთი სპეციალური წარმომადგენლის ფრენკ ვიზნერის განცხადებების უარყოფა იმის თაობაზე, რომ „მუბარაქის ლიდერობა მნიშვნელოვან წინაპირობად რჩება“. ეს, თურმე ნუ იტყვით და, ვიზნერის, როგორც „ანალიტიკოსის, კერძო პირის“ აზრი ყოფილა. ბუნებრივია, რომ აქ საქმე კონკრეტული დიპლომატების უხეირო შეცდომასთან კი არ გვაქვს, არამედ იმ რთული და წინააღმდეგობრივი სიტუაციის გამოხატულებასთან, რომელშიც ვაშინგტონი იმყოფება მოცემულ შემთხვევაში.

არ უნდა დავივიწყოთ შეერთებულ შტატებში მოქმედი ისრაული ლობიც. ჯერ არ არსებობს პირდაპირი მითითება ამ უძლიერესი გავლენის ჯგუფის მხრიდან აშშ-ის ხელმძღვანელობაზე ზეწოლის მოხდენასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ჩვენ უკვე ვწერდით ისრაულ გაზეთ „ჰაარეც“-ზე დაყრდნობით, ისრაელის ხელისუფლებამ მკაფიოდ ურჩია თავის დასავლელ პარტნიორებს, ეგვიპტის სათავეში მუბარაქის დარჩენას შეუწყონ ხელი, რათა თავიდან იქნას აცილებული ისლამისტების გაძლიერება და რეგიონის დესტაბილიზაცია. ის, რომ აღნიშნული ცნობა გაზეთის გამონაგონი არ არის და ისრაელის ხელისუფლება სწორედ ამ პოზიციაზე დგას, შაბათ საღამოს სავსებით ღიად დაადასტურა ებრაული სახელმწიფოს პრეზიდენტმა შიმონ პერესმა, ციტატი: „მთავრობის ცვლილება არ იძლევა გარანტიას, რომ /ეგვიპტეში/ სიღატაკე დაიკლებს... ჩვენ ძალზე შეშფოთებულნი ვართ მთავრობაში ან საარჩევნო სისტემაში ნებისმიერი ცვლილებების გამო... თუკი არჩეულ იქნებიან ‘მუსლიმი ძმები’, ისინი არ მოიტანენ მშვიდობას“. მიაქციეთ ყურადღება: პერესი აპრიორი წინააღმდეგია მეზობელ სახელმწიფოში საარჩევნო სისტემის დემოკრატიზაციისა, ანუ ისრაელი მხარს უჭერს დიქტატორული რეჟიმის შენარჩუნებას. ბუნებრივია, ისრაელის პოზიცია არგუმენტირებულია და გამომდინარეობს თავისი უსაფრთხოების ეგოისტური ინტერესებიდან (მუბარაქი ხომ იორდანიის მეფესთან ერთად ერთადერთი არაბი ლიდერია, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვს ისრაელთან). მაგრამ ისრაელის ნებას დასავლეთიც ემორჩილება, რომლის ობიექტური ინტერესები ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენების მიმართ არც თუ ისე ერთმნიშვნელოვანია და მათი კონსტრუირება სხვაგვარადაც შეიძლებოდა, თუკი ამოსავალ წერტილად მხოლოდ მტაცებელი კოლონიალიზმის ლოგიკა არ იქნება მიღებული.

სიტყვამ მოიტანა კოლონიალიზმი. ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის ძალზე ფრთხილმა, შეიძლება ითქვას, დაბნეულმა რეაქციამ ნაწილობრივ უკვე გამოიწვია კრიტიკა საკუთრივ დასავლურ პრესაში. ასე, გერმანული Zeit Online წერს: „რევოლუცია არაბეთში მსოფლიოზე ჩვენს წარმოდგენას ამსხვრევს... ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ მაინც ცხადია: ახალი არაბული სამყარო ნაკლებად დამყოლი ხდება, იგი აღარ იქნება პაიკი გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, არამედ სამგანზომილებიანი ლანდშაფტი ნამდვილი ადამიანებით, რომლებიც ჩვენ შეგვხვდებიან, როგორც ჩვენი თანასწორნი და საკუთარ პრეტენზიებს განაცხადებენ. ალბათ დასავლეთი ახლა განიცდის გრძნობას, რომ იგი უბრალოდ ამხილეს თავის ფარულ კოლონიალიზმსა და რასიზმის რეციდივებში“. ხოლო სხვა გავლენიანი გერმანული გამოცემა Spiegel Online ფაქტის კონსტატაციას ახდენს: „ამერიკელებმა და ევროპელებმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მხარი არ დაუჭირეს ხელისუფლების სწრაფ ცვლილებას ნილოსის სანაპიროებზე. ამით დასავლეთი აგებს ნდობას და კარგავს შანსს“.

ჯერ ძალზე ნაადრევია დასავლეთის მიერ ეგვიპტური რევოლუციის მხარდაჭერაზე ფაქტობრივი უარის თქმის სავალალო შედეგებზე უფრო კონკრეტული საუბარი. ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება. პროდასავლური დიქტატორული რეჟიმები ახლო აღმოსავლეთში სტაბილობასა და მშვიდ ცხოვრებას გამოემშვიდობნენ. დასავლეთის გავლენის წნეხი გეოპოლიტიკურ „პაიკებზე“ ნელა, მაგრამ შეუქცევად დნობას იწყებს, როგორც უზარმაზარი აისბერგი, რომელიც ოკეანის დინებას ცივი წყლებიდან თბილი წყლებისკენ მიაქვს. დასავლეთს შეუძლია, გავლენა მოახდინოს ტაქტიკურად, მხარი დაუჭიროს მუბარაქის გარემოცვის სამხედროებს (ელ ბარადეი უბდალოდ დაიწუნეს - მიიჩნიეს, რომ თუმცა იგი პრინციპში დასავლეთის კაცია, მაგრამ იგი არაა „რკინის ხელი“, რომელსაც შეუძლია სიტუაციის კონტროლი „დასავლური სტანდარტებით“), კიდევ სხვა რაიმე კონსტრუქციები მოიგონოს, მაგრამ ყოველივე ეს ვერ შეცვლის საერთო ტენდენციას, მძლავრ დინებას, რომლის წინააღმდეგ ცურვა მათ შორის ამერიკასაც არ ძალუძს.

ის, რომ მღელვარებები არაბულ სამყაროში და დასავლური (ამერიკული) გავლენა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, გასაგებია ახლო აღმოსავლეთის ექსპერტებისათვის. „ინოპრესა.რუ“ იუწყება: „სან-ანტონიოში მდებარე სამების უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის ისტორიის პროფესორის დევიდ ლეშის აზრით, სირიაში არსებული სიტუაცია ბევრი რამით ჰგავს ტუნისის და ეგვიპტის მდგომარეობას. მაგრამ, როგორც აღნიშნა ლეშმა გაზეთ Le Temps-თან ინტერვიუში, „ბევრი ფაქტორი მიუთითებს, რომ სირია დიდად განსხვავდება ამ ორი არაბული ქვეყნისაგან; დამასკო არ არის აშშ-ის ლაქია. იგი ისრაელისა და ვაშინგტონის წინააღმდეგ ღიად გამოდის, მხარს უჭერს ლიბანურ ‘ჰისბალაჰს’ და პალესტინურ ‘ჰამასს’. მე ვფიქრობ, რომ თუკი ადგილი ექნება დომინოს ეფექტს, სირია ამას თავის თავზე ყველაზე ბოლოს გამოსცდის. ეცემა ის რეჟიმები, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ვაშინგტონთან“ - მოჰყავს ექსპერტის სიტყვები გამოცემას“.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ადამიანები საქართველოში კითხულობენ, რამდენად შესაძლებელია, ჩვენთან მოხდეს ისე, როგორც ტუნისსა და ეგვიპტეში. მაგრამ არ ხდება იმის გათვალისწინება, რომ არაბებისგან განსხვავებით, ქართველები თავიანთი „მუბარაქის“ ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან სამ წელიწადში აჯანყდნენ, და არა ოცდაათ წელიწადში, მით უმეტეს, რომ ნამდვილი მუბარაქისგან განსხვავებით, ქართველი „მუბარაქი“ არ გახლავთ არმიის გენერალი. მაგრამ 2007 – 2009 წლების მასობრივ გამოსვლებს საქართველოში წარმატების შემთხვევაში საქართველოსა და კავკასიაში დასავლეთის გავლენის თვალსაზრისით ისეთივე ნეგატიური პერსპექტივა ექნებოდა, როგორც ეგვიპტისა და ახლო აღმოსავლეთის ზემოთ აღწერილ პროცესებს. და ეს იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოშიც ბლომად არიან ადგილობრივი ელ ბარადეები, მოიძებნებოდა ადგილობრივი ომარ სულეიმანიც, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ქართული რევოლუცია აპრიორი ვერ გახდებოდა საშიში დასავლეთისთვის ისლამური ფაქტორით, ამ ფაქტორის არარსებობის გამო. მაგრამ ქართული პროტესტი სხვა მოთხოვნებთან ერთად თავის თავში ლატენტურად ატარებდა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების მოთხოვნასაც - ანუ საკუთარი ეროვნული ინტერესების რუსეთის ინტერესებთან გონივრული ჰარმონიზაციის მოთხოვნას. სწორედ ამის დაშვება არ შეეძლო დასავლეთს, ხოლო მოსკოვმა ეს მომენტი საერთოდ ვერ შენიშნა.

საქართველოს უახლოესი წარსულის ანალიზი ცალკე უნდა მოხდეს, მაგრამ მაინც საჭირო იყო, აღგვენიშნა, რომ სახალხო გამოსვლები საქართველოში საბოლოო ჯამში აღმოჩნდა თუმცა წარუმატებელი, მაგრამ ბოლო წლებში მაინც პირველი ტალღა მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ახლო აღმოსავლეთის სივრცეში, ირიბად მიმართული დასავლეთის ჭარბი გავლენის საწინააღმდეგოდ.

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"