ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
28.01.2011
პოსტსაბჭოთა სივრცე და რუსეთის პოლიტიკა მრავალპოლუსიან მსოფლიოში

უკანასკნელ ხანს წინ წამოიწია ე.წ. მრავალპოლუსიანი მსოფლიოს თემამ, რომელმაც, ზოგიერთების აზრით, უნდა შეცვალოს გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოყალიბებული ამერიკული ერთპოლუსიანი მსოფლიო. ითვლება, რომ მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი შეიძლება გახდეს პოსტსაბჭოთა სივრცე.

ამ სივრცის ბირთვს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს რუსეთის ტერიტორია. ამ ბირთვის გარშემო უნდა მოხდეს (გეოპოლიტიკური აზრით) პერიფერიული მხარეების მატება. შევეცდებით განვიხილოთ ასეთი სივრცის (ზოგჯერ მას ევრაზიას ეძახიან) ფორმირების ზოგიერთი მნიშვნელოვანი პირობა.

ამ საკითხში შეუძლებელია ველოსიპედის გამოგონება. სხვა გაერთიანებების შემთხვევებშიც, არსებობს პრობლემის სამი მთავარი ასპექტი: კულტურული (უფრო სწორედ კულტურულ - ცივილიზაციური), ეკონომიკური და სამხედრო (ძალისმიერი). გამოვყოთ შესაძლებელი ინტეგრაციის თითოეული ასპექტის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიმართულებები.

კულტურულ - ცივილიზაციურ ასპექტში მთავარ როლს თამაშობენ ენა (მოცემულ შემთხვევაში-რუსული) და დემოგრაფია (არა მხოლოდ შობადობა, არამედ განსაკუთრებულად მიგრაცია, ოჯახის სტრუქტურა და ა.შ.). ეკონომიკურ ასპექტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სავალუტო კავშირს, ან საერთო ვალუტის არსებობას, ხოლო სამხედრო-ძალისმიერ ასპექტში, არა მხოლოდ მუდმივმოქმედ სამხედრო ბაზებს, არამედ საზღვრების ერთობლივ დაცვას, სამხედრო-ტექნიკურ კოოპერაციას და მზადყოფნას, მკაცრად წინ აღუდგეს საშიშროებას როგოც საზღვრებზე, ისე გაერთიანების შიგნით.

გეოგრაფიულად გვაქვს პოსტსაბჭოთა სივრცის, ბირთვის (ე.ი. რფ-ის ტერიტორიის) გარშემო შესაძლებელი კონსოლიდაციის, სამი ძირითადი მიმართულება: დასავლეთის (ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა), აზიური(ძირითადად ყაზახეთი) და კავკასია.

შეიძლება თუ არა, პოსტსაბჭოთა სივრცეში რაღაც გაერთიანების შექმნა განხილულ იქნას, როგორც რუსეთის მცდელობა, გლობალური პროცესებისგან იზოლაციისა, ან რაღაც ავტარკიული კავშირის შექმნისა, თითქმის დახურული ეკონომიკით (ნედლეულით ვაჭრობის გარდა), რომელიც დაუპირისპირდება მსოფლიო ეკონომიკის სხვა ცენტრებს? მოცემულ ეტაპზე მიზანშეუწონელია ასეთი მიზნების დასახვა, თუნდაც ეს პრინციპულად მისაღები იყოს. პრეზიდენტმა დ. მედვედევმა საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრა ურთიერთობები დასავლეთთან, კერძოდ ევროკავშირთან და აზია-წყ.ოკეანის რეგიონთან. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უყურადღებოდ დატოვებს ურთიერთობებს მეზობელ ქვეყნებთან. რადგან მოსკოვი გეგმავს დიდი სახელმწიფოების კლუბში დაბრუნებას, მას არ შეუძლია თავის საზღვრებთან უსასრულოდ ითმინოს ეროვნული სახელმწიფოების ისეთი პოლიტიკური რეჟიმები, რომლებიც თავის მთავარ ამოცანად ხედავენ რფ-თან დაპირისპირებას და პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკური და ეკონომიკური იტეგრაციისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნაში. გლობალურ ცენტრებთან ურთიერთობების პრიორიტეტად გამოცხადება, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ თავისთავად იგულისხმება პოსტსაბჭოთა სივრცის კონსოლიდაცია.

უახლოეს პერსპექტივაში, დადგება საკითხი საბაჟო კავშირის წევრებს შორის უფრო ღრმა ინტეგრაციისა, სადაც გაერთიანებულნი არიან რუსეთი, ყაზახეთი და ბელარუსი. წარსულში, მოსკოვის ურთიერთობები ამ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ოფიციალური რიტორიკის დონეზე, საკმაოდ წარმატებით და ინტენსიურად ვითარდებოდა. თუმცა, უკანასკნელ ხანს გამოკვეთა პრობლემები, რაც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

მოსკოვისა და ასტანას ურთიერთობები, მინსკთან შედარებით, უღრუბლოდ გამოიყურებიან, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. საჭიროა გავიხსენოთ, თუ როგორ ვითარდებოდა და ვითარდება ყაზახეთში დემოგრაფიული პროცესების დინამიკა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ არის ეროვნებათაშორისი კონფლიქტები და შეჯახებები, აგრეთვე დეკლარირებული რუსოფობია, ან ხელისუფლების ანტირუსული პოლიტიკა, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული და ახალი საუკუნის პირველ დეკადაში, რესპუბლიკას მასიურად ტოვებდა რუსულენოვანი (უფრო სწორედ არაყაზახი) მოსახლეობა. შედეგად ამ მოსახლეობის ხვედრითი წილი (რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, გერმანელები და სხვ.) შემცირდა მოსახლეობის მესამედით, ხოლო 1989 წელს ნახევარზე მეტი იყო. განსაცვიფრებელი ციფრებია: 1989 წელს ყაზახები ყაზახეთში იყვნენ-6 მლ.534 ათასი, რუსები-6 მლ.227 ათასი. 2009 წლის აღწერის მიხედვით ყაზახები უკვე 10 მლ.98 ათასი, ხოლო რუსები-3 მლ.797 ათასი. ყაზახეთის ხელისუფლება ასახლებდა ეთნიკურ ყაზახებს სხვა ქვეყნებიდან (პირველ რიგში ჩინეთიდან), ხოლო ყაზახი მოსახლეობის შობადობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რუსულენოვანი მოსახლეობის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 21-ე საუკუნეში რუსული მოსახლეობის შემცირების ტემპი შენელდა, მაგრამ გარკევეულ დონეზე მისი სტაბილიზაცია მაინც ვერ მოხერხდა.

როგორ შეიძლება იმოქმედოს ყაზახეთის დემოგრაფიულმა პროცესებმა რუსეთთან ურთიერთობაზე და ინტეგრაციული პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე? ჩვენი აზრით, რუსულენოვანი მოსახლეობის შემცირების მუდმივი პროცესი საკმაოდ ნეგატიურ გავლენას იქონიებს ამ პერსპექტივაზე.

ყაზახეთი, ისევე, როგორც თითქმის ყველა ყოფილი საკავშირო რესპუბლიკები, ადგანან ნაციონალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზას. ნაციონალურ სახელმწიფოს, ან როგორც მას ხანდახან ეძახიან ნაცია-სახელმწიფოს, აქვს განვითარების თავისი ლოგიკა. როგორც წესი, ასეთ სახელმწიფოში ხდება ერთიანი სამოქალაქო ნაციის ჩამოყალიბება, რომელიც ამკვიდრებს ერთ ნორმატიულ ენას, ხოლო უმცირესობები თანდათან ასიმილირდებიან ნაციის შემადგენლობაში. ჩამოყალიბების პროცესში ეროვნული სახელმწიფო ვერ ითმენს ჰეტეროგენურობას, ე.ი. მრავალფეროვნებას. ის ცდილობს, მოიცილოს თავიდან ეროვნული, რელიგიური და სხვა უმცირესობები ასიმილაციის, ან ეთნიკური წმენდის გზითაც კი. ამის მრავალ მაგალითს იცნობს მსოფლიო ისტორია. ყაზახეთთან მიმართებაში, რუსულენოვანი მოსახლეობის ასიმილაცია ყაზახ ერში, რომელსაც ნორმატიულ ენად ექნებოდა ყაზახური, თითქმის შეუძლებელია, რადგან რუსული ენა, თავისი კულტურულ-ცივილიზაციური განვითარებით და გავრცელებით, ჯაბნის კონკურენციაში ყაზახურ ენას. ეთნიკური წმენდები, ან ძალისმიერი ექსცესები ამ ქვეყანაში ნაკლებადაა მოსალოდნელი (უახლოეს პესპექტივაში მაინც), რასაც არა ერთხელ ჰქონდა ადგილი ცეტრალური აზიის ქვეყნებში, უკანასკნელ ათწლეულებში. თუმცა, როგორც ვხედავთ, რუსულენოვანი მოსახლეობის განდევნა მაინც ხდება. ეს მიიღწევა უფრო ფარული მეთოდებით, ვიდრე პირდაპირი ასიმილაციით, ან ეთნიკური წმენდით. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ეკონომიკური ფაქტორებიც, განსაკუთრებით 90-იან წლებში.

ყაზახეთის ხელმძღვანელობა და განსაკუთრებით პრეზიდენტი ნაზარბაევი, ყოველთვის აცხადებდა თავის მზადყოფნას პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროცესებისადმი. ნაზარბაევს უყვარს გაბედული იდეების გამოთქმა ევრაზიული სივრცის, ახალი მსოფლიო ვალუტის და ა.შ. მიმართ. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს პრეზიდენტის პირადი პოლიტიკური აზრები, ეროვნული სახელმწიფოს ლოგიკა თავისას ითხოვს. ხოლო ლოგიკა არის ის, რომ ეროვნულ სახელმწიფოში ნაცია, მისი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას და სანამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ ჩამოყალიბდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ღრმა ინტეგრაციული პროცესები ეროვნული ელიტისთვის მიუღებელია. რატომ მაინცდამაინც პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა, ვთქვათ, ევროკავშირში? ყაზახეთისთვის ეკ –ი აბსოლუტურად არააქტუალურია, ხოლო, მაგალითად უკრაინის ეროვნული ელიტისთვის, რომელიც ასევე აშენებდა და აშენებს ეროვნულ უკრაინულ სახელმწიფოს, ე.ი. უკრაინელ ერს, ევროპული ინტეგრაცია, როგორც ჩანს, იყო ის საშუალება, რითაც თავს დააღწევდა რუსეთთან ერთად ერთიან კულტურულ-ცივილიზაციურ სივრცეში ყოფნას.

ყაზახეთის პოლიტიკური ელიტა, ხედავს რა, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა შეუჩერებლივ კლებულობს, დაელოდება ამ პროცესის ლოგიკურ დასასრულს, იმ დროს, როდესაც მოსახლეობის 90-95% ყაზახები იქნებიან. თუ არსებული დინამიკა შენარჩუნდება, ყაზახები მნიშვნელოვან უმრავლესობაში იქნებიან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის რუსეთთან მოსაზღვრე ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში, რაც გამორიცხავს ნებისმიერ სეპარატისტულ მოძრაობებს. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ჩამოყალიბებული ერის ჰომოგენიზაცია და რუსული ენის, არა მხოლოდ როგორც ბევრი ყაზახისთვის მშობლიურის, არამედ როგორც ერთა შორის ურთიერთობის მეორე ენის, განდევნა. რუსულის ადგილს, განსაკუთრებით ეროვნული ელიტის ფენებში, ბიზნესში დაიკავებენ ინგლისური და ალბათ ჩინური და თურქული ენები. ახლახან, ყაზახეთის კულტურის მინისტრმა კულ-მუჰამედმა (აღსანიშნავია, რომ კულტურის მინისტრის გვარს აკლია ,,სლავური“ დაბოლოება) განაცხადა, რომ ყაზახური ალფავიტი ადრე თუ გვიან გადავა ლათინურ დამწერლობაზე. ეს განცხადება ნათლად მიუთითებს ყაზახური ელიტის ნაწილის განზრახვებზე, რადგან ალფავიტის გრაფიკა კულტურულ-ცივილიზაციურ იდენტიფიკაციაში თითქმის ისეთივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც ენა. უფრო მეტიც, თუ თვით რუსეთში დემოგრაფიული პროცესები არ შეიცვალა, ყაზახი მოსახლეობა თანდათან დასახლდება რუსეთის სასაზღვრო რაიონებში და იქ შექმნის მნიშვნელოვან ეთნიკურ ანკლავებს.

ამჟამად ყაზახეთი თანახმაა, დაუშვას პოსტსაბჭოთა სივრცის გარკვეული ინტეგრაცია. კერძოდ, ხელმოწერილია შეთანხმება საბაჟო კავშირის შესახებ და როგორც ჩანს, 2012 წლისათვის გაფორმდება ერთიანი ეკონომიკური სივრცე (ეეს). მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი ყოფილი სსრკ –ის სივრცეში სრულფასოვანი გაერთიანების შესაქმნელად. სავალუტო კავშირის, ან საერთო ვალუტის გარეშე, რომელიც შეიძლება გახდეს რუსული რუბლი, სერიოზული ეკონომიკური გაერთიანება ვერ იარსებებს. რუსული ბიზნესი ვერ შეძლებს, შეისყიდოს მნიშვნელოვანი აქტივები ყაზახეთში ან ეეს-ის სხვა ქვეყნებში, რადგან ამ ქვეყნების ხელისუფლებები ამის წინააღმდეგნი იქნებიან, როგორც ამას ამჟამად აკეთებს ბელარუსის და იმავე ყაზახეთის ხელმძღვანელობა (უკანასკნელ შემთხვევაში სიმპტომატურია ის ამბავი, რომ სბერბანკმა ვერაფრით მოახერხა ბტა ბანკის შეძენა). საერთო ვალუტის შემოღება, ან საგარეო სავაჭრო ოპერაციების გადაყვანა რუბლზე, რუსეთის ხელმძღვანელობისათვის ჯერჯერობით რთული ამოცანაა, რადგან რუსეთი თვითანაა დამოკიდებული მსოფლიოს სარეზერვო ვალუტების-დოლარისა და ევროს საემისიო ცენტრებზე. თუ რუსეთი ვერ შეძლებს სავალუტო გაერთიანებას ეეს-ის თუნდაც ერთ ქვეყანასთან, ინტეგრაციის პროცესები ამ სივრცეში სტაგნაციისათვისაა განწირული. ამით სრულფასოვანი ინტეგრაციის ეკონომიკური შემადგენელი ნაწილი ჩამოიშლება.

იგივე სიტუაცია გვაქვს ბელორუსთან მიმართებაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ლუკაშენკო, უკვე არ თვლის საჭიროდ გასული წლების ფსევდოგამაერთიანებელი რიტორიკით დაფაროს ეროვნული სახელმწოფოს, ბელარუსის ინტერესები. რუსეთის მიმართ თითქოს მეგობრული და მონათესავე ქვეყნისEეროვნული ელიტა, ასევე ეწინააღმდეგება სერიოზული ინტეგრაციის ნებისმიერ მცდელობებს, როგორც აგრეთვე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ელიტები. თუმცა, უკრაინისგან, ან ყაზახეთისგან განსხვავებით, ბელარუსის ეროვნულ ენას კიდევ უფრო ნაკლები შანსები აქვს, კონკურენცია გაუწიოს რუსულ ენას. მიუხედავად ამისა, ლუკაშენკო ცდილობს ამ საკითხში ეროვნული სახელმწიფოს ინტერესებისათვის მაქსიმალური მიიღოს- ბელორუსული ენა ნორმატიულად, თუმცა ჯერჯერობით შეზღუდული მასშტაბებით, ადგილს იკავებს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ზოგიერთ სფეროში (ჯარში და ა,შ.). როგორც ყაზახეთში, ასევე ბელარუსში მკვეთრად მცირდება რუსული მოსახლეობის რაოდენობა. მხოლოდ 1999-2009 წლებში ეს ციფრი შემცირდა 357 ათასი ადამიანით (1142-დან 785 ათასამდე), ე.ი. 31 პროცენტით. და ეს ხდება, 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში, შედარებით წარმატებული ეკონომიკური კუთხით, სტაბილურობის პირობებში და რუსოფილური რიტორიკის ფონზე. თუმცა, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის ლოგიკა, ამ შემთხვევაშიც, უცილობლად მოქმედებდა. ოფიციალური აღწერის დროს მრავალი რუსი ჩაეწერა, ან ჩაწერეს ბელარუსად, რადგან ისინი ცხოვრობენ ბელარუსის ეროვნულ სახელმწიფოში, ხოლო რუსეთის და ბელარუსის მონაწილეობით გამაერთიანებელი პროექტები ჯერ კიდევ არ არიან რეალური განხორციელების სტადიაში.

აღსანიშნავია დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის ევროპული ქვეყნების პოლიტიკა ბელარუსის და ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიმართ. სანამ ლუკაშენკო გამოდიოდა რუსული მიწების შემგროვებლის რიტორიკით, დასავლეთის მედია და პოლიტიკოსები მკვეთრად აკრიტიკებდნენ მას, უწესებდნენ სანქციებს, უწოდებდნენ ევროპის უკანასკნელ დიქტატორს და ა.შ. ამან მას მოუტანა პოლიტიკური დივიდენდები რუსეთში, რადგან მასში ხედავდნენ ,,ნამდვილ მეფეს“ ,სლავი ხალხების ,,მამას“. (მოქმედებდა აგრეთვე ხალხურ-ავტორიტარული მოფერებითი სახელი ,,ბატკა“), როგორც ვ.პუტინის ალტერნატივას. ამავე დროს, ნაციონალური მშენებლობის პროცესები წარმატებით მიმდინარეობდა ბელარუსში და ლუკაშენკო სულაც არ ფიქრობდა რუსეთთან გაერთიანებას, თუნდაც რფ –ის და ბელარუსის რესპუბლიკის გაერთიანებული სახელმწიფოს პრეზიდენტად. მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელმძღვანელობამ ვერ შესძლო დაეყოლიებინა ბელარუსის პრეზიდენტი ორ სახელმწიფოს შორის რეალურ ინტეგრაციულ პროცესებზე და დაიწყო დისტანცირება ლუკაშენკოსგან, ევროპელმა პოლიტიკოსებმა იმწამსვე შეცვალეს თავისი რიტორიკა ,,ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკოსა და მისი თანამებრძოლების მიმართ დაწესებული სანქციები ჯერ კიდევ ძალაშია, მკვეთრად გააქტიურდა მიმოსვლა ევროპულ დედაქალაქებსა და მინსკს შორის. ახლა ლუკაშენკო დასავლეთის და არა მარტო დასავლეთის ქვეყნებისთვის არის ბელორუსის დამოუკიდებლობის, უფრო სწორედ რუსეთისგან დამოუკიდებლობის გარანტი, და ამით ხდება მოსკოვის გეოპოლიტიკური ამბიციების შეკავება და მოლაპარაკებებში სხვა სტრატეგიულ ცენტრებთან, როგორიცაა ევროკავშირი, აშშ და ჩინეთი, პოზიციების შესუსტება.

ბელარუსში 2010 წლის არჩევნებში მოვლენები სხვანაირად განვითარდა. დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკვე მზად იყვნენ ეღიარებინათ ისინი წინა არჩევნებთან შედარებით ,,პროგრესად“ და ამით გაეძლიერებინათ ბელარუსის დისტანცირება რუსეთისგან, დადგნენ დილემის წინაშე - ,,ფერადი რევოლუციის“ უშედეგო მცდელობამ და ხელისუფლების საკმაოდ მკაცრი რეპრესიებმა პროდასავლური ოპოზიციის მიმართ აიძულა დასავლეთი, უარი ეთქვა ლუკაშენკოსთან ფლირტზე და კვლავ დაბრუნებოდა სანქციების პოლიტიკას. ეს კი უფრო უბიძგებს ,,ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ რუსეთთან ჩახუტებისკენ. ორ ქვეყანას შორის უკანასკნელი თვეების ინტეგრაციულმა პროცესებმა, საკმაოდ მაღალი ტემპი აიღო და აგრძელებს განვითარებას. ლუკაშენკოს უბრალოდ არა აქვს სხვა საშუალება ქვეყნის განვითარების უზრუნველსაყოფად, ამიტომ წმინდა ნაციონალური სახელმწიფოს აშენება ბელარუსის პირობებში სულ უფრო ძნელად განხორციელებადი ხდება.

რაც შეეხება უკრაინას და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებს, იქაც იგივე პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ სიტუაცია ბელარუსსა და ყაზახეთთან მიმართებაში ნათლად აჩვენებს, თუ რატომ ფერხდება დსთ-ში ინტეგრაციული პროცესები ისეთ ,,რუსოფილურ“ და თითქოს პრორუსულად განწყობილ რეჟიმებთანაც კი. ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობა რთულია გაერთიანებულ ფედერალურ სახელმწიფოში ან საერთო სივრცეში.

ევროკავშირთან ანალოგია მოცემულ შემთხვევაში არ გამოდგება, რადგან ევროპაში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, ერები უკვე დიდი ხანია რაც ჩამოყალიბდნენ, აქვთ საკუთარი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული საზღვრები. ამ ერების პოლიტიკურ ელიტებს არ აქვთ იმის შიში, რომ უკუპროცესი არ იქნება და ქვეყნები არ დაიშლებიან წვრილ შემადგენელ ნაწილებად (რეგიონები), ან მოხდება ასიმილაცია საერთო ევროპულ გაერთიანებაში. ამის გარდა იქ არ არის ერთი, მკვეთრად გამოხატული ,,ბირთვული“ ტერიტორია და ხალხი, როგორც ეს პოსტსაბჭოთა სივრცეშია.

აქედან გამომდინარე, რუსეთის საგარეო პოლიტიკის გამოცხადებული პრიორიტეტების - გლობალურ მოთამაშეებთან, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, სტრატეგიული ურთიერთობების დამყარება - განხორციელების დასაწყებად აუცილებელია დაჩქარდეს ინტეგრაციული პროცესები დსთ-ში და ეროვნული სახელმწიფოების მშენებლობის ლოგიკა თანდათანობით გადაყვანილ იქნას საერთო სივრცის მშენებლობის ლოგიკაში. ამ ქვეყნების ნაციონალური ელიტები უნდა გადაიქცნენ ამ სივრცის ახალი ერის პერიფერიულ ელიტებად, რომლებსაც ექნებათ პერსპექტივა, გადაინაცვლონ მმართველობის ცენტრების ზოგიერთ ქვედანაყოფში. ეროვნული ელიტების მხრიდან მცდელობა იმისა, რომ შესუსტდეს რუსული ენის პოზიციები, უნდა გავიგოთ, როგორც პირდაპირი და გაცნობიერებული დარტყმა ინტეგრაციულ პროცესებზე, რაც ხელსაყრელია მხოლოდ კონკურენტი გეოპოლიტიკური ცენტრებისათვის. ასევე უნდა შეფასდეს დემოგრაფიული ცვლილებები ეროვნულ რესპუბლიკებში. თუ მაგალითად, ყაზახეთში ვერ მოხერხდა რუსული და რუსულენოვანი საზოგადოების რაოდენობის სტაბილიზაცია და მისი უპირატესობის შენარჩუნება ქვეყნის ჩრდილოეთ, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში, ინტეგრაციული პროცესების გაგრძელება და გაღრმავება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ბელორუსთან მიმართებაში, ალბათ უახლოეს წლებში მოსალოდნელია ლუკაშენკოსა და კრემლის დაპირისპირების განმუხტვა ორი ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის საშუალებით. თუ მოსკოვი ამ პროცესს არ მიიყვანს ლოგიკურ დასასრულამდე, სწორედ ის გახდება სასაცილო, რაც უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის მდგომარეობაზე მსოფლიოში.

ასეთ სიტუაციაში, რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ უნდა მოახერხოს, რომ დაძრას ინტეგრაციის პროცესი მკვდარი წერტილიდან. მოსკოვსა და ბრიუსელს, ან მოსკოვსა და პეკინს შორის გრძელვადიანი სტრატეგიული დიალოგი ვერ შედგება და ვერ იქნება წარმატებული, თუ რუსეთის რუსული მოსახლეობის შემცირება გაგრძელდება, რუსები მასიურად კვლავ დატოვებენ არა მარტო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებსაც და რფ-ის სხვა ეროვნულ რესპუბლიკებს. ნაკლები ტემპებით, მაგრამ მაინც მცირდება რუსული მოსახლეობის რაოდენობა შორეულ აღმოსავლეთში, რაც დაკავშირებულია დიდ რისკებთან, თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის მზარდ წონასა და სიძლიერეს მსოფლიო არენაზე. 2006 წლიდან რუსეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად გამოაცხადა მოსახლეობის შობადობის მატება. ამ მიზნით დაიწყო ეროვნული პროექტების, დედობრივი კაპიტალის პროგრამის და სხვა ღონისძიებების განხორციელება. ყველაფერ ამას ჯერჯერობით მოკრძალებული შედეგები მოაქვს. ეთნიკურ რუსებში შობადობა მხოლოდ რამდენიმე პროცენტით გაიზარდა და ჩამორჩება სიკვდილიანობის მონაცემებს, ხოლო შობადობის მატება, რომელმაც შეაჩერა რუსეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობის კლება, ძირითადად დაკავშირებულია რფ-ის არარუსულ ეთნოსთან. მიგრაციული ნაკადები ისევ უფრო მეტად მიმართულია პერიფერიიდან ცენტრისაკენ (მოსკოვი და მოსკოვის ოლქი), ვიდრე პირიქით. ჩრდილოეთ კავკასიაში შრომისუნარიანი მოსახლეობის ზედმეტობაა და შესაძლებელია, მათი გადასახლება რუსეთის დემოგრაფიულად დეპრესირებულ რაიონებში. ეს გეგმები უკვე გაჟღერდა, მაგრამ ჯერჯერობით მათი ორგანიზებული რეალიზაცია არ დაწყებულა.

არ შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ დემოგრაფიული პროცესები თავისთავად გაიწოვება, ან მათი ნეგატიური გავლენის სრულად კომპენსაცია შესაძლებელი იყოს მოდერნიზაციის პროგრამების, ტექნოლოგიების, საგარეო პოლიტიკის და ა. შ. მეშვეობით. საზოგადოების კულტურულ-ცივილიზატორული განვითარება და მდგომარეობა მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკავშირებული ტექნოლოგიურ პროგრესთან და დოვლათთან.

ცივილიზაციურ კრიზისსა და დაცემას, რომელიც გამოიხატება მოსახლეობის დემოგრაფიული გადაგვარებით, შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი გაერთიანება ან სახელმწიფო. რუსეთის შემთხვევაში ეს საფრთხე განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან რუსეთი განიცდის ძლიერ დაწოლას -მათ რიცხვში პოლიტიკურ, დემოგრაფიულ და სხვა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა ვერ წვდება ამ დიდ ტერიტორიას. რუსეთისთვის არასასურველმა დემოგრაფიულმა პროცესებმა შეიძლება შეაღწიონ ქვეყნის შიგნით, როგორც მეტასტაზებმა და გამოიწვიონ შინაგანი არასტაბილურობა. მაგალითად, თუ ყაზახი, უზბეკი და სხვა არარუსი მოსახლეობა დაიწყებს მოსაზღვრე ტერიტორიების, როგორიც ორენბურგია, ათვისებას, ეს აუცილებლად გამოიწვევს ნაციონალისტური განწყობების გამოცოცხლებას ბაშკირეთში თათარსტანსა და ვოლგისპირეთის სხვა რესპუბლიკებში, სადაც ეს პროცესები დღეს შეუმჩნეველია. ნაციონალიზმის და სეპარატიზმის აფეთქება ამ რესპუბლიკებში შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე გასული საუკუნის 90-იან წლებში და ქვეყნის ერთიანობის განმტკიცებაში მიღწეული წარმატებები უკან დატრიალდება.

რუსეთის ფედერალური ორგანოების პოლიტიკაზეა დამოკიდებული ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის განვითარება და რუსული ენის პოზიციის დაცვა პოსტსაბჭოთა სივრცეში. უფრო მეტიც, რუსეთი უფრო აქტიურად უნდა ჩაერიოს ყაზახეთში რუსულენოვანი მოსახლეობის მდგომარეობის განსაზღვრაში – რუსებისა ბელორუსში, უკრაინაში და ა.შ. დემოგრაფიული საკითხები არ რეგულირდება მხოლოდ ეკონომიკური ღონისძიებებით, არამედ ეს უფრო ეკუთვნის კულტურულ და ცივილიზაციურ სფეროს. ამის დადასტურებაა შობადობის დონის დიდი სხვაობა სხვადასხვა ეთნოსებს შორის ერთი ქვენის ფარგლებში, მათ შორის რუსეთშიც. ამავე დროს რუსეთს აქვს დემოგრაფიული სურათის თავისებურებანი. მაგალითად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მოსახლეობის ბუნებრივი კვლავწარმოება (განსხვავება შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) სოფლებსა და პატარა მონოქალაქებში ეთნიკურად რუსულ რეგიონებში უფრო დაბალია, ვიდრე დიდ ქალაქებში, რაც განპირობებულია მოსახლეობის სტრუქტურით და ცხოვრების წესით. ალბათ საჭიროა არაორდინალური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეძლებდნენ, შეეცვალათ რეგიონალური მმართველობის სტრუქტურაც კი. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სამთავრობო ექსპერტების გამოკვლევები, სადაც იხილება რამდენიმე ათეული მეგაპოლისის შექმნა, რომლებიც შეიძლება გახდნენ არა მხოლოდ ინოვაციური განვითარების ცენტრები, არამედ ინსტრუმენტად, დემოგრაფიული ეთნიკური და მიგრაციული პროცესების სწორი მიმართულებით რეგულირებისათვის. მსგავსი საკითხების გადაწყვეტაში ჩართული უნდა იყვნენ ხელისუფლების არა მხოლოდ ფედერალური და ადგილობრივი ორგანოები, არამედ საზოგადოების ყველა ინსტიტუტი, მათ შორის რელიგიური ინსტიტუტები და მედია.

თუმცა მსოფლიოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა არ არის დაინტერესებული სიტუაციის მსგავს განვითარებაში. რუსეთის წინ დგას მძიმე გამოწვევები პირველ რიგში, დემოგრაფიული (მიგრაციული და დემოგრაფიული პროცესების ჩართვით პოსტსაბჭოთა სივრცეში), ენობრივი და ერთიანი სავალუტო კავშირის შექმნასთან დაკავშირებული, რის უზრუნველსაყოფად შეიძლება საჭირო შეიქნას პოლიტიკის ძალისმიერი კომპონენტის გამოყენება. ამ გამოწვევების გადალახვა იქნება რუსული პოლიტიკური ელიტის გამოცდა და გვიჩვენებს მის შესაძლებლობებს ქვეყნის მართვის საქმეში, ქვეყნისა, რომელსაც შეუძლია იარსებოს მხოლოდ როგორც დიდმა დერჟავამ და ე.წ. ევრაზიული სივრცის ბირთვმა.

გიორგი ვეკუა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"