ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
23.12.2010
გამჭვირვალე პიარი ხელისუფლების გაუმჭვირვალი ბიუჯეტის ფონზე

ბოლო წლებში ქართულ საზოგადოებაში მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკის დანერგვის ხელოვნური მცდელობა არაერთხელ ყოფილა. ამ ტენდენციის ერთგვარი გაგრძელება იყო 16 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დავით პაიჭაძის გადაცემა „დიალოგი“, რომლის სტუმარიც საპატრიარქოს მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებით ცნობილი, სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტი ბექა მინდიაშვილი იყო.

გადაცემის თემა პაიჭაძემ ფეისბუქში მინდიაშვილის მიერ გამოქვეყნებული ანონიმური წერილიდან აიღო. წერილში ნათქვამია, რომ პატრიარქი მემკვიდრედ საკუთარ ძმისშვილს – მეუფე დიმიტრის ამზადებს და ეპარქიებს ყოფს, რათა სინოდში ახალი მღვდელმთავრების შეყვანით მის ასარჩევად ხმათა საკმაო რაოდენობა უზრუნველყოს.

მეორე დღეს უპრეცენდენტო რამ მოხდა: უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ქადაგებაში ამ გადაცემაზე ისაუბრა და მას „ცუდზე უარესი“ უწოდა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეკლესიაზე თავდასხმები სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. რაც შეეხება ბექა მინდიაშვილს და მის „ყოფილ სემინარისტობას“, პატრიარქმა აღნიშნა: „როცა მე ვიყავი სტუდენტი, მაშინაც იყვნენ სემინარიაში მოგზავნილები განხეთქილების შესატანად“.

დავით პაიჭაძემ საპასუხოდ განაცხადა: „პატრიარქს აქვს თავისი პოზიცია, მე მაქვს ჩემი გადაცემა“ (თითქოს ეს ორი თანასწორი კატეგორია იყოს!). ყველაზე ხშირი კითხვა, რომელიც ამ მოვლენებთან დაკავშირებით გაისმა ჟურნალისტების მხრიდან ამ ორი დღის განმავლობაში, მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: „აქვს თუ არა ჟურნალისტს იმგვარი შეკითხვების დასმის უფლება, როგორიც პაიჭაძის გადაცემაში დაისვა?“

ცხადია, ყველა რესპოდენტი თავს მოვალედ თვლის, აღიაროს ჟურნალისტის უფლება ნებისმიერი საკითხი გააშუქოს და ნებისმიერი კითხვა დასვას. მაგრამ პრობლემა კითხვებში კი არა, სწორედ პასუხებშია, რომლებიც, კერძოდ, აღნიშნულ გადაცემაში გაისმა.

ანონიმურ წერილებს თვით საბჭოთა ეპოქაშიც კი მსვლელობას არავინ აძლევდა. დღეს ვირტუალურ სივრცეში ანონიმური ურთიერთობა იმის საშუალებას ქმნის, რომ ნებისმიერი ინფორმაცია გაავრცელო მისი ნამდვილობის დადასტურების გარეშე. მინდიაშვილის მიერ „დროულად მიკვლეულ“ და ფეისბუქში გამოქვეყნებულ ანონიმურ წერილში მოტანილი ინფორმაცია პაიჭაძის მიერ სრულ ჭეშმარიტებად არის მიჩნეული და მსჯელობა იმ მიმართულებას იღებს, რომელშიც ადგილი აღარ რჩება არც ობიექტურობის, არც მიუკერძოებლობისათვის.

ბექა მინდიაშვილმა არც ამჯერად უღალატა ჩვეულ თემატიკას და მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების საკითხს შეეხო. მას არ აკმაყოფილებს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გამჭვირვალობის ხარისხი. სამაგიეროდ, მინდიაშვილსაც და პაიჭაძესაც სრულიად აკმაყოფილებთ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა.

სწორედ იმ დღეს, როდესაც დავით პაიჭაძემ საკუთარი გადაცემის თემად ანონიმური წერილი აქცია, დღის მთავარი თემა იყო ახლადგახსნილ საიტზე opendata.ge გამოქვეყნებული მასალები, უფრო სწორად სულ ორიოდე მასალა, რომლიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო მოხელეები ყოველთვიურად იწერენ რამდენიმეათასიან პრემიებს. პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ხელფასების, პრემიების, სამივლინებო ხარჯებისა და სარეზერვო ფონდების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. ამასთან დაკავშირებით დავით პაიჭაძეს შეკითხვები არ უჩნდება, ისევე როგორც იმაზე, თუ რა „მიღწევები“ აქვს ომწაგებული ქვეყნის საგარეო უწყებას, რომლის ხელმძღვანელებიც საერთო ჯამში წლის განმავლობაში პრემიის სახით ნახევარ მილიონ ლარს იწერენ (2009 წლის მონაცემები)!

პიარზე ორიენტირებულ ხელისუფლებას „სანდო“ ჟურნალისტთა კორპუსიც საკუთარი პიარის სამსახურში ჰყავს ჩაყენებული. ბრტყელ–ბრტყელი სიტყვები ჟურნალისტის დამოუკიდებლობასა და სიტყვის თავისუფლებაზე ვერ ნიღბავს იმ ვითარებას, როდესაც ხელისუფლებისთვის არასასურველი თემების გადასაფარად საზოგადოებისთვის ყველაზე მგრძნობიარე – მართლმადიდებლობის თემის ნეგატიურ კონტექსტში გააქტიურება ხდება.

დავით პაიჭაძე მიიჩნევს, რომ გამოხმაურებათა ტალღა სწორედ იმას ადასტურებს, თუ როგორ ზუსტად შეარჩია მან გადაცემის თემა. რადიო „პალიტრის“ ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა მას იქვე უპასუხა, რომ დღის თემა პატრიარქის ქადაგებაში აქცენტირებული შეფასებები იყო და არა პაიჭაძე–მინდიაშვილის „დიალოგი“.

ნანა დევდარიანი

ევრაზიის ინსტიტუტისგან: პარასკევს საღამოს იმავე "საზოგადოებრივი ტელევიზიით", ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარიას გადაცემაში, გაგრძელდა პატრიარქის დაცინვა მოძრაობა "კმარას" რადიკალი ანტიკლერიკალი ქალების წარმომადგენლების მხრიდან - მოძრაობისა, რომელსაც მფარველობენ საქართველოს ხელისუფლება და მისი ამერიკელი მბრძანებლები. ტენდენცია აშკარაა (კომიკურად ჩანდა სწორედ ამ გადაცემის მსვლელობის შუალედებში საპატრიარქოს მიერ დაკვეთილი რეკლამა, ხალხმა ფული შესწიროს ამა თუ იმ ტაძრის მშენებლობა-გარემონტებას). საინტერესოა, მისი უწმინდესობა წამახალისებელი ზომების ფარგლებში ნეტავ თუ გააგრძელებს სააკაშილით დაწყებული, ცნობილი სადისტების, ძმები ახალაიების მამით დამთავრებული, ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების დაჯილდოებას საეკლესიო ჯილდოებით? პასუხი ჩვენ წინასწარ ვიცით, მაგრამ არ ვიტყვით.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"