ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
08.12.2010
ქართულ-რუსული დიალოგი: ინფორმაცია ერეკლე მეორის საზოგადოების ხელმძღვანელის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით
ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - ერეკლე მეორის საზოგადოების ხელმძღვანელი ბატონი არჩილ ჭყოიძე ახლახან რუსეთში იმყოფებოდა, სადაც საქმიანი შეხვედრები გამართა რუსულ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივების გაუმჯობესების მიზნით. მან თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა ვიზიტის შესახებ. ვფიქრობთ, რომ ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია საკმაოდ მნიშვნელოვან ახალ ტენდენციებს ასახავს.

არჩილ ჭყოიძე:

1. შეხვედრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევრაზიული მოძრაობის ლიდერებთან.

მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, ევრაზიული მოძრაობის ლიდერმა ალექსანდრე დუგინმა სოციოლოგიის კათედრაზე მოაწყო კონფერენცია რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან და კავკასიაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ გავიხსენებთ დუგინის ორი-სამი წლის წინანდელ განცხადებებს,

მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ აშკარად უფრო ნეგატიური იყო, ვიდრე დღეს. ადრე იგი არსად ახსენებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

კონფერენციის მსვლელობისას იყო ჩართვები რუსეთის რეგიონებიდან, მათ შორის დაღესტანიდან, ჩრდილო ოსეთიდან, ჩეჩნეთიდან და ა.შ. მოწოდებულ იქნა ინფორმაციები, თუ რა ხდება რეალურად ჩრდილო კავკასიაში, მათ შორის ჩრდილო ოსეთში: რუს მოსახლეობას აყენებენ უმძიმეს მდგომარეობაში, აიძულებენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან წასვლას და ყველანაირად ავიწროვებენ – ეუბნებიან, რომ ეს არის ოსეთი და მიუხედავად იმისა, გაერთიანდება თუ არა სამხრეთი და ჩრდილოეთი ოსეთი, ეს მათი ტერიტორიაა და რუსები იქედან უნდა წავიდნენ. იგივე ხდება დაღესტანშიც.

ცხადია, რუსეთი შეშფოთებულია იმით, რომ კოლოსალურ თანხებს ხარჯავს ჩრდილო კავკასიაში, ხოლო სარგებელი არაფერი აქვს, უფრო პირიქით. ამავე დროს, რუსეთი აკვირდება რუსების მდგომარეობას საქართველოში, ქვეყანაში, რომელთანაც სულ ცოტა ხნის წინათ ომი მოუხდა, და ხედავს, რომ საქართველოში რუს მოსახლეობას პრობლემები არ ექმნება და იქედან მათ არავინ აგდებს. თუ, ცხადია არ ჩავთვლით ხელისუფლების, პირადად სააკაშვილის პოზიციას, რომელიც ყველაფერ რუსულს ებრძვის, ჩვეულებრივ ხალხში ასეთი ანტირუსული დამოკიდებულება არ დაინერგა, ანუ, ჩრდილოეთ კავკასიაში ხალხს არ უყვარს რუსები და ხელისუფლება კი პრორუსულია, საქართველოში კი პირიქით – ხელისუფლებაში უკვე რამდენი წელია ანტირუსული ისტერიაა გაჩაღებული, ხალხი კი რუსების მიმართ საკმაოდ ტოლერანტულად არის განწყობილი.

მე გამოვედი კონფერენციაზე სიტყვით, სადაც აღვნიშნე, რომ რუსეთმა დაუშვა უდიდესი შეცდომა მაშინ, როცა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მე მათ კიდევ ერთხელ განვუმარტე და მოვუყვანე იმის დამადასტურებელი ისტორიული მაგალითები, თუ რაოდენ დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება ერთიან და ძლიერ საქართველოს რუსეთის მიერ კავკასიის შენარჩუნების საქმეში.

თავის მხრივ, კონფერენციის რუსმა მონაწილეებმა აღნიშნეს ქართული სახელმწიფოს სწრაფვა ნატოსკენ, რომელიც არსებითად უშლის ხელს რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებას.

მე დავუსვი კითხვა რუს კოლეგებს: როგორ შეიძლება მოვილაპარაკოთ ისე, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამავე დროს, ეს რუსეთისთვისაც იყოს მისაღები. ამაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ. ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება განხილული იქნეს გარკვეული სახელშეკრულებო ერთიანობა რუსეთსა და საქართველოს შორის. ერთიანი საქართველოს ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაციის შანსს იძლევა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმით, რაც, ჯერ ერთი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ნატოსთან თანამშრომლობაზე და რაც უმთავრესია – საქართველოს მიმართ დაკარგულ ნდობას თანდათანობით აღადგენს აფხაზებსა და ოსებს შორის.

ასეთი მიდგომა ჩრდილო კავკასიასაც ნაწილობრივ მაინც დააშოშმინებს. ალოგიკურია, როდესაც მილიონიან ჩეჩნეთს და დაღესტანს მხოლოდ ავტონომიები აქვთ რუსეთის შემადგენლობაში, ამ დროს კი 50 000-იან სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს აღიარებ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

რაც შეეხება ბატონი დუგინის პოზიციას, მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, როდესაც მე საკითხი დავსვი ასე და აღვნიშნე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარეშე ურთულესი კავკასიური პრობლემები ვერ მოგვარდება.

2. შეხვედრები პეტერბურგში:

პატერბურგში ვიყავი ადგილობრივი დუმის ფრაქცია“ედინაია როსიას“ წარმომადგენლების მიწვევით. იქაც გავიმეორე იგივე თეზისები, რაც მოსკოვის შეხვედრაზე. არც აქ შემხვედრია რაიმე რადიკალურად წინააღმდეგობა; განწყობა საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ არის დადებითი. ყველა თემაზე შეიძლება მათთან საუბარი, მათ შორის ერთიან საქართველოზე.

ამის შემდეგ მქონდა შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, კერძოდ,საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტთან, ბატონ ალექსანდრე ებრალიძესთან, რომლისთვისაც მთავარი დამაბრკოლებელი გარემოება, საქართველოსადმი დახმარების აღმოჩენის თვალსაზრისით, არის ის, რომ მას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე – პიროვნებას, რომელიც საქართველოშია დაბადებული და გაზრდილია, მისი წინაპრები აქ არიან დაკრძალულნი, 80 წელს გადაცილებული დედა დღესაც ბათუმში ცხოვრობს. ეს არის უბრალოდ მავნებლობა, მით უმეტეს, რომ საქართველოში უკვე შეგროვებულია ათასობით ხელმოწერა მოთხოვნაზე, ალექსანდრე ებრალიძეს მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.

3. ჟურნალისტური კონკურსი:

მოსკოვში ჩატარდა ჟურნალისტური კონკურსი მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის, სააგენტო „ინფოროსის“ და რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის (პეზიდენტი – ვ. ხომერიკი) ორგანიზებითა და მხარდაჭერით. ამ კონკურსში ახალგაზრდა, 30 წლამდე ქართველი ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები მიწვეული იყვნენ მოსკოვში, მათ გადაეცათ საჩუქრად კომპიუტერები, დაათვალიერებინეს მოსკოვი, მოუწყვეს შეხვედრები რუს კოლეგებთან. მე ჟიურის წევრი გახლდით. საგანგებო მოწონება დაიმსახურა რუსულ-ქართულმა გაზეთმა „ერეკლეს გზა“, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია უშვებს, თუმცა არარეგულარულად.

4. სოჭის ოლიმპიადა და საქართველო:

2014 წლის სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ეწინააღმდეგება მის ჩატარებას და უნდა, რომ ჩაშალოს ის. რუსეთის წარმომადგენლების ერთმა ნაწილმა ასეთი მესიჯი მომაწოდა, რომ ქართველების და საქართველოს ხელისუფლების გარდა არიან ძალები, რომლებსაც უნდათ სოჭის ოლიმპიადის ჩაშლა, მაგრამ ისინი ამ თავის განზრახვას აფიშირებას არ უკეთებენ. ღმერთმა დაიფაროს, და ვიღაცამ შეიძლება მოახდინოს იქ ტერაქტი და ჩაშალოს ოლიმპიადა, ყველაფერი ხომ საქართველოს დაბრალდება და ეს გამოიწვევს გაცილებით უფრო მძიმე მოვლენებს, ვიდრე ეს იყო აგვისტოში. განსხვავებით მაშინდელისგან, ამჯერად ეს გამოიწვევს არა საქართველოს ხელისუფლებისადმი, არამედ მთლიანად ქართველი ხალხისადმი მასობრივი სიძულვილის გაჩენას, რადგან სოჭის ოლიმპიადის ჩატარებას რუსი ხალხი მიიჩნევს საკუთარ პრესტიჟად, და თუ ის არ ჩატარდა რაიმე მიზეზის გამო, იგი უცილობლად დაბრალდება ქართველებს, რითაც ნოყიერი ნიადაგი შეიქმნება საიმისოდ, რომ გაღვივდეს სიძულვილი ქართველი ხალხისადმი, ყოველივე ქართულისადმი და, შესაბამისად, ყველაფერს უნდა ველოდოთ.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ყველა მოსაზრებით ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი იქნება, რომ ჩვენ არამც თუ წინააღმდეგები წავიდეთ, არამედ ყველანაირად მხარი დავუჭიროთ სოჭში ოლიმპიური თამაშების ჩატარებას.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"