ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
13.12.2010
რას ფიქრობენ სინამდვილეში ამერიკელები თავიანთ მარიონეტებზე
ლიტვის ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა გამოაქვეყნა მასალა სათაურით „დომინანტი მდედრი სახელად აშშ“. აღსანიშნავია, რომ ეს მასალა გადის სარედაქციო სვეტის რუბრიკაში, ხოლო ქვესათაურად დართული აქვს სიტყვები: „ურთიერთობა ლიტვასა და აშშ-ს შორის არასოდეს გაფუჭდება, რაც არ უნდა ურცხვად გამოგვიყენოს ამერიკამ“. მოგვყავს ამონარიდები სტატიიდან:

„ინტერნეტ-პორტალმაWikileaks-მა გამოამზეურა ის, რაც მოაზროვნე ადამიანებმა ისედაც იცოდნენ. მსოფლიო იმყოფება ზესახელმწიფოს ხელში, რომელიც ნიჭიერი მანიპულატორია. ხოლო ის, რაზეც ხმამაღლა საუბრობენ ოფიციალური პირები - ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ფასეულობები, მოკავშირეებს შორის მეგობრობა - მხოლოდ ბოლია, რომელიც ადუნებს სიფხიზლეს და აძინებს კაცობრიობას. მხოლოდ და მხოლოდ ტკბილი სიტყვები, კარგად მომზადებული დიპლომატიური რევერანსები. იმის მაგვარი, რომ ლიტვის მტრები - ამერიკის მტრებიცაა. ეს ლამაზი სიტყვებია, მაგრამ რეალობა სულ სხვაა“.

„აშშ- არ სურს ჰყავდეს არავითარი მეგობრები. ეს ის ნარცისია, რომელსაც საკუთარი თავიც ჰყოფნის. Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების ლექსიკის მიხედვით, აშშ-ს 250 საელჩო, რომელიც მთელ მსოფლიოშია მოფენილი, ყველგან მხოლოდ ამერიკის მტრებს ხედავდა. მომავალ მტრებს. ახლანდელს. ჰიპოთეტურს. თვით გაეროშიც კი. ამიტომ გაეროს ხელძღვანელობა თვალთვალის ქვეშ უნდა იყოს. ზესახელმწიფო არ სცნობს მეგობრებს. ყველგან ხედავს მხოლოდ უბადრუკ არსებებს, ადგილობრივ სულელებს, არაკომპეტენტურ ამპარტავნებს, რომელთა სისუსტეებით, მაგალითად სიხარბით ან შიშით, ადვილად შეიძლება მანიპულირება“.

„ეს ზესახელმწიფო უთვალთვალებს მთელ მსოფლიოს. ეძებს მანკიერებებს და სუსტ წერტილებს ვითომდა მეგობრულ ან არამეგობრულ სახელმწიფოებში. რათა ამ ბერკეტების გამოყენებით მართოს მსოფლიო. გავლენა მოახდინოს სხვა სახელმწიფოებზე. უკეთეს შემთხვევაში - ლობირება გაუწიოს თავის ბიზნესს. უარეს შემთხვევაში - აიძულოს ჩაერთოს ომებში. ამერიკულ ომებში. ხოლო ყველაზე უარეს შემთხვევაში - მეგობრულად დაიპყროს. როგორც ერაყი და ავღანეთი. ხომ საჭიროა დემოკრატიული ფასეულობების დანერგვა?“.

„არსებობს კი ეს ფასეულობები, მაგალითად, გამჭვირვალე პოლიტიკა? სულაც არა. თეთრი სახლი Wikileaks-ის ინტერნეტ-პორტალზე გაბრაზდა და არა საკუთარ თავზე. როგორ გაბედეს კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნებაო. მაგრამ განა საიტია დამნაშავე ამერიკული დიპლომატიის ცინიზმში? იმაში, რომ ის აგროვებს ყველა ჭორს სუსტ ქვეყნებზე და მათ ხელმძღვანელებზე? აბა, სად არიან ეს კეთილშობილი ჯენტლმენები თეთრ ხელთათმანებში? აღარ არიან. და არც ყოფილან. არსებობს მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც მთელ მსოფლიოს აკვირდებიან. მსოფლიოს განწყობებს შეიგრძნობენ“.

„ამერიკელებმა პლანეტა დაყვეს სულ რამდენიმე კატეგორიად. პირველი კატეგორია ცხვარივით მიჰყვება ამერიკას და ასრულებს მის პოლიტიკურ შეკვეთებს. მეორე ვირივით ჯიუტად არ ასრულებს ამერიკის პოლიტიკურ შეკვეთებს. სამწუხაროა, რომ ლიტვის ხელმძღვანელებს არავინ დაუძახეს დომინანტ მამრებს (ვ. პუტინს ერთ-ერთი ამერიკელი დიპლომატი „ალფა-მამრად“ მოიხსენიებდა - რედ.). იმიტომ, რომ დაუთმეს დომინირება. მდედრ აშშ-ს. საელჩოების საიდუმლო მიმოწერაში ჩვენი ხელმძღვანელები, სავარაუდოდ, გულუბრყვილო მიკი-მაუსებად იქნებიან მოხსენიებული. დისნეილენდისთვის შესაფერისად. რომლებმაც იმდენად დაიჯერეს აშშ-ს უმწიკვლობა, რომ არც კი გახდა საჭირო მათი დარწმუნება ამაში“.

„მაშ რა საჭიროა მათთან ფერება? საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არვიდას ანუშაუსკასი თავად სთავაზობს ამერიკელ დიპლომატებს, რომ მათ ზეწოლა მოახდინონ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტზე, რათა ის დათანხმდეს მიიღოს გუანტანამოს ციხის ტუსაღები. ხოლო რომელიმე სხვა ადგილობრივი პოლიტიკოსი, ჭკუადაკარგული იმისგან, რომ მას თვით ამერიკელი ესაუბრება, შესაძლოა, შესთავაზებს გზებსაც, თუ როგორ მოხდეს ეს ზეწოლა. რა მანიპულაციები იქნეს გამოყენებული“.

* * *

აი ასე. და ამას წერს არა რომელიმე ირანული ან ჩრდილოკორეული გაზეთი, არამედ რესპექტაბელური გაზეთი ლიტვიდან - ნატო-ს წევრი ქვეყნიდან, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პროამერიკულად ითვლება აღმოსავლეთ ევროპაში.

ახლა გავიაზროთ, რომ ამას წერენ ლიტვაში, რომელიც წარმატებით გაწევრიანდა ნატო-ში და ევროკავშირშიც კი, არ დაუკარგავს ტერიტორიები, სადაც ერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. მართალია, ეკონომიკური სიტუაცია ლიტვაში საკმაოდ მძიმეა, უმუშევრობა თითქმის 20 პროცენტს აღწევს, მაგრამ ასე თუ ისე, ხალხი არ შიმშილობს და უკიდურეს სიდუხჭირეში არ იმყოფება, როგორც აფრიკის და აზიის მრავალი ქვეყნის მოსახლეობა. თუკი ლიტველი ჟურნალისტები ასე ფიქრობენ აშშ-ზე და მის პოლიტიკაზე, რა უნდა ვიფიქროთ ჩვენ, ქართველებმა, რომლებმაც, ამერიკის „მხარდაჭერის“ წყალობით, ან უფრო სწორად, შეშლილი სააკაშვილის რუსეთზე მიქსევის გამო, საბოლოოდ დავკარგეთ ორი რეგიონი, გაგვიჩნდა დამატებით ათეულობით ათასი ლტოლვილი და მივიღეთ მილიარდობით დოლარის ეკონომიკური ზარალი. რაც მთავარია, რას ფიქრობენ თავად ამერიკელები ქართულ პოლიტიკურ „ელიტაზე“ და საერთოდ, საქართველოზე. მათ ხომ მშვენივრად იციან, რამდენად გაყიდული არიან ქართველი პოლიტიკოსები, რომლებსაც ამერიკელებივე ყიდულობენ და ტრენინგებს უტარებენ, როგორც ცირკის ცხოველებს. თუ ამერიკელებს, უკაცრავად გამოთქმისთვის, ფეხე ჰკიდიათ თავიანთი მეტ-ნაკლებად სერიოზული მოკავშირეები, როგორც ამას ერთობ რეალისტურად აღწერს ლიტვური გაზეთი, ჟრიამულა მიშიკოს საქართველოს შემთხვევაში ალბათ ძლივს უნდა იკავებდნენ რწყევას ან ისტერიულ სიცილს.

ძნელია რამე დაამატო ზემოთმოყვანილ ამონარიდებს გაზეთ „რესპუბლიკადან“, იმდენად ამომწურავად ახასიათებენ ისინი აშშ-ს დამოკიდებულებას თავის სატელიტ ქვეყნებთან, ისეთებთან, როგორიცაა საქართველო.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"