ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.11.2010
ნატოს სამიტი და სააკაშვილის კაპიტულაცია

მაშ ასე, ლისაბონში კვლავაც დადასტურდა, რომ საქართველო ოდესმე გახდება ნატო–ს წევრი. ნატო კი თავის მხრივ, აღარ მიიჩნევს რუსეთს მოწინააღმდეგედ.

„რუსეთ–ნატოს საბჭოს (რნს) წევრი ქვეყნები თავს შეიკავებენ ძალის ან მისი გამოყენების მუქარისგან ერთმანეთის, ასევე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიმართ, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ნებისმიერ, გაეროს წესდებასთან, ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპთა დეკლარაციასთან შეუსაბამო ფორმით, რომლებითაც წევრი ქვეყნები იხელმძღვანელებენ ერთმანეთთან ურთიერთობაში.“ – აღნიშნულია სამიტის დასკვნით განცხადებაში.

ამ, იურიდიულად დამავალდებელი დოკუმენტის, ყოფილ საქართველოს სსრ ტერიტორიის მიმართ პროეცირებას თუ მოვახდენთ, აშკარაა, რომ ნატომ ივალდებულა გამორიცხოს საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენების ან მუქარის შესაძლებლობაც კი, თუ უშუალოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ არა, იქ განთავსებული რუსული ჯარების მიმართ – აბსოლუტურად. რაც დღევანდელ პირობებში ერთი და იგივეა. მაშ თამაში მოგებულია, ამხანაგო ბაღაფშ – რასაც მიშა უარობდა, ბარაქმა უზრუნველყო.

როგორც ჩანს, ზუსტად ამის თაობაზე გააფრთხილა მიშა პრესისთვის დახურულ შეხვედრაზე.

„ორი ქვეყნის ლიდერმა განიხილეს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების მიმართებით და ჩვენი საერთო ინტერესი საქართველოში დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად“,– აღნიშნულია თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნებულ ექვსსტრიქონიან განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის საიტზე იგივე თემას 25 სტრიქონი ეძღვნება. თუმცა მოცულობაზე კი არა, ხარისხზე მიგითითებთ. გვატყობინებენ, რომ „მან (ობამამ) დადებითად შეაფასა საქართველოში გატარებული რეფორმები...“. როგორ დავეთანხმო თომას დე ვაალს, მიშა „ჯადოქარიაო“? თაღლითობაა წმინდა წყლის ან/და „რუხი“ პროპაგანდა. აირჩიეთ, რომელიც მოგწონთ.

კიდევ უფრო გამაკვირვა ძველმა მეგობარმა იურა სიმონიანმა. „წარმომადგენლობითი სახალხო კრების ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე ოპოზიციამ საქართველოში ობამასგან მიიღო დარტყმა, რომელიც ნატოს ლისაბონის სამიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ქართული რეფორმების დადებითმა შეფასებამ ერთი კოზირი ააცალა ხელიდან სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც, სხვათა შორის იმაზეც თამაშობენ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი „ხელჩამოურთმელია“ არა მარტო რუსეთში, არამედ აშშ–იც“. – წერს იგი „ნეზავისიმაია გაზეტას“ 22 ნოემბრის ნომერში.

სააკაშვილი ტიტანურ ძალისხმევას ახმარს საქართველოში ინგლისური ენის გავრცელებას. ძალიანაც კარგი. მალე მოსწავლეებიც გაიგებენ, რა „ცუდი ბიჭია“. იტყუება და არც კი წითლდება.

მეორე მხრივ, „პრეზიდენტმა ობამამ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა აშშ–ს მხრიდან“, – მითითებულია იმავე განცხადებაში.

ეს კი რას მივაწეროთ, იურიდიული კაზუსია? არა მგონია. ამ დონეზე კაზუსებს და გაურკვევლობებს არ დაუშვებენ. უბრალოდ ეს საკითხი აშშ–საქართველოს საერთო ინტერესებში არ შედის, ავღანეთის ოპერაციისგან განსხვავებით, რის გამოც მართლაც გამოხატეს მადლიერება. ეჭვიც არ მეპარება.

იმასაც გაგახსენებთ, რომ გასული კვირა მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე ნაყოფიერად შეაფასა საკუთარ პოლიტიკურ ბოიგრაფიაში. რასაც ვულოცავ. საქართველოს კი მისალოცი არაფერი აქვს.

რა კარგად კი იწყებოდა ყველაფერი – მრავალი დროშა, აღტაცებული მასები და საზეიმო ფიცი აღმაშენებლის საფლავზე, ქვეყნის გაერთიანების იმედით.

გია ფაცურია

P. S. სააკაშვილის გამოსვლამ ევროპარლამენტში, რომლის ფარგლებშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამორიცხავს ძალის გამოყენებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში, დაადასტურა ზემოთ თქმული.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"