ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
31.10.2010
გვაქვს კი ძალა, რომლის გამოუყენებლობასაც არ ვთანხმდებით?
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მასთან საუბრის დაწყება აუცილებელია". ამის შესახებ, 22 ოქტომბერს ქალაქ მონტრეში, ფრანკოფონიის ორგანიზაციის მე-13 სამიტზე ყოფნის დროს, მან "TV5 Monde"-სთან საუბრისას განაცხადა.

სამი დღით ადრე კი ისევ საფრანგეთში, დოვილში ფრანგულ–რუსულ–გერმანულ შეხვედრაზე ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს ხელისუფლებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერა მოსთხოვა. ვისთან? ცხადია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან – რუსეთთან ამ სახის ხელშეკრულებას სააკაშვილი დიდ ხანია ითხოვს. ნახსენებ ინტერვიუშიც: "ახლა /რუსეთისთვის/ საჭიროა საუბრის დაწყება, მაგრამ არა იმ ფსევდოსახელმწიფოს წარმომადგენლებთან, რომელიც მსოფლიოში არავინ არ აღიარა და სერიოზულად არ აღიქვა, არამედ საქართველოსთან. ჩვენ მზადა ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე".

სარკოზის მოწოდება საქართველოს ყოფილი ავტონომიების დე–ფაქტო ცნობის ტოლფასია. ცხადია, იგი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. თუმცა დავით ბაქრაძეს ჰქონდა იგნორირების მცდელობა.

"ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უჭირს განმარტოს, რას გულიხმობდა სარკოზი საკუთარ განცხადებაში. "რთულია იმის განმარტება, რას გულიხსმობდა საფრანგეთის პრეზიდენტი. შეგიძლიათ ეს მას ჰკითხოთ, როცა ამის საშუალება მოგეცემათ...“

თუ არ მეშლება, დიპლომატიური ეტიკეტის შესაბამისად, ბაქრაძეს, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, საფრანგეთის ელჩის მოწვევა შეეძლო, რომელიც დამარცვლით აუხსნიდა, რომ ეს - "საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას" - ნიშნავს:

1. ჰაიდი ტალიავინის დასკვნის მორიგ დადასტურებას, რომელმაც საქართველო აგრესიაში დაადანაშაულა;

2. აგრესიაში ეჭვმიტანილ (ჰააგას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე) ხელისუფლებაზე პოლიტიკურ ზეწოლას, ივალდებულოს ძალის გამოუყენებლობა მომავალში;

3. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ ტერმინის ფაქტობრივ უგულებელყოფას – ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება იურიდიულად გამართლებულად თვლის სამხედრო ძალის გამოყენებას საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ;

4. აფხაზეთის და სამხრეთ–ოსეთის დე–ფაქტო ცნობას და „სტატუს ქვოს“ შენარჩუნების მხარდაჭერას იმ პერიოდამდე, სანამ თვით კონფლიქტის მონაწილეები არ მივლენ რაიმე სახის შეთანხმებამდე – ჟენევისა თუ სხვა ფორმატში. თუ არ მივლენ – ევროპის (საფრანგეთი + გერმანია) პრობლემა არაა. ახალი პრობლემები: დევნილები, არასტაბილურობის კერები, დამატებითი დახმარების ხარჯების გაწევა – არავის ჭირდება. დასკვნით დეკლარაციაში საქართველო საერთოდ არაა ნახსენები. არც ერთ კონტექსტში: http://www.elysee.fr/ გადახედეთ;

სააკაშვილი ხელისუფლებას შემორჩა, რადგან ქვეყნის შიგნით ალტერნატივა ჯერაც არ გამოჩნდა. მისი სამხედრო ავანტიურების აღკვეთის ვალდებულება რუსეთმა აიღო და ევროპამ დე–ფაქტო დაუდასტურა ეს ვალდებულება, რადგან არც ამ ფორმულის ალტერნატივა არსებობს. მიშა, როგორც ხიჭვი რუსული „მედვედის“ უკანალში აღარავის ჭირდება. გარემო შეიცვალა.

მიშა კი იგივე დარჩა. ვინც „ვარდების რევოლუციას“ მისტირის, გული იმით დაიმშვიდოს, რომ აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის და მაშინ, იმ შორეულ, დემოკრატიულ, რეფორმისტულ ეპოქაში შეურყვნელი მიშა – „იმედი ხვალის“ – ალალი უფლებადამცველი და გაჭირვებულთა მეოხი იყო. „გვაჭამა“ მეოხმა და სისხლში შეტოპა.

2007 წლისთვის, მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე თითქმის აღარ დარჩა გაულახავი, დაუყაჩაღებელი, დაუპატიმრებელი მოქალაქე. და როცა ამ ტერიტორიას გასცდა, კვების რაციონში ჰალსტუხის შეტანა მოუწია.

მე პირადად არ მესმის, როგორ შეიძლება გადაიჭრას ავტონომიების პრობლემები ძალის გამოყენების გზით. გაგიგიათ „არასეპარატისტი“ აფხაზი? ოსებზე არ ვიტყვი, ბევრი უფრო ქორთუა, ვიდრე ფაცურიას ზოგიერთი ეთნოძმა. თუმცა ბოლო პერიოდში ყველაფერი გაკეთდა ასეთების განდევნისთვის: რუსეთსა თუ კანადაში.

ძალის გამოყენება აფხაზების აფხაზეთიდან ეთნოგამოწმენდას გამოიწვევს. რომელი მათგანი დათანხმდება ძალით „დაბრუნებულ“ ტერიტირიაზე იცხოვროს? თუ ახალ „მუხაჯირობას“ ვთავაზობთ?

ოფიციალურ ქართულ პოლიტიკას მთავარ პრობლემად რუსეთი მიაჩნია. გავამარტივოთ ამოცანა. დავუშვათ, რომ აფხაზეთიდან უცხო ჯარები გაყვანილია. ახლადშექმნილმა „ქართულმა პარტიამ“ მთავარ მესიჯად ნოღაიდელისა და ბურჯანაძის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება დაასახელა. აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი.

შემდეგ რას ვაკეთებთ? რითი ვარწმუნებთ აფხაზეთის დღევანდელ მოსახლეობას, უარი თქვას გამოცხადებულ დამოუკიდებლობაზე?

მსოფლიო ისტორიაში ამგვარი მშვიდობიანი „ანშლუსის“ პრეცედენტი არსებობს. გერმანიის გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ აღმოსავლეთ მიწების (გდრ) ეკონომიკური და პოლიტიკური კოლაფსის ფონზე მოხდა. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეთნიკური პრობლემა ამ შემთხვევაში არ არსებობდა.

ჩვენს შემთხვევაში ძნელია, მაგრამ თეორიულად შესაძლებელი, შესაძლო გაერთიანებამ ეკომიკური, მატერიალური სტიმული შეუქმნას სოხუმის მცხოვრებლებს. ისინი „საკურორტო რენტით“ ირჩენენ თავს, სინგაპურობას არ აპირებენ და შიმშილით ყველა ვარიანტში არ ამოწყდებიან.

პოლიტიკური სტიმული შეიძლება დემოკრატია/თვითმმართველობის დონის მკვეთრი აღმასვლა აღმოჩნდეს. ესეც ჯერ ვირტუალური შანსია, მაგრამ თეორიულად შესაძლებელი.

იურიდიულად როგორ მოხდეს გამოცხადებული, ოთხი სახელმწიფოს მიერ აღიარებული, აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთის „კონვერგენცია“ ერთიან სახელმწიფოში, რომელიც დე იურე ერთიანი (და მთელი მსოფლიოს მიერ ასეთად აღიარებული – 2008 წლამდე) საქართველოს სამართალმემკვიდრე გახდება?

მხოლოდ კონფედერაციით, სხვა იურიდიული მექანიზმი დღესდღეობით არ მეგულება. თუ ვინმე ალტერნატივას შემოგვთავაზებს, მადლიერი დავრჩები. მე კი მგონია, რომ დღეს კონფედერაციაც სახვეწი გვაქვს.

მსოფლიო მიიღებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისი–სოხუმი–ცხინვალის (+ბათუმის) საერთო ლეგიტიმაცია ექნება.

ნუ ვაფეტიშებთ იმას, რაც კარგა ხანია, აღარ არსებობს.

სამხედრო ძალის გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ კონსტიტუციურადაც საჩოთიროა, როგორც მინიმუმ.

ხომ არ გვინდა რუსეთს დავემსგავსოთ, რომელმაც ჩეჩნეთის მოსახლეობა ამოჟუჟა?

„გაერთიანებული გერმანიაც“ კი ფედერაციულ რესპუბლიკად დარჩა. ვნახოთ, იქნებ ეს 3 ასო: კონ – ამოვარდეს დროთა განმავლობაში?

ჯერ-ჯერობით კი ის ვიცი მხოლოდ, რომ სააკაშვილი ამას არ/ვერ შეძლებს. სამწუხაროდ. დრო მიდის. ერთობა კი იძირება. მოგონებებში.

გია ფაცურია

geurasia.org
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"