ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
03.11.2010
ფსიქოლოგიური შეტევა საქართველოს მოსახლეობაზე

სულ რაღაც 2–3 დღის ინტერვალში საქართველოს მოსახლეობაზე ორი ძლიერი ფსიქოლოგიური შეტევა განხორციელდა. ორივე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ–ს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ინსტიტუტების მიერ იყო ორგანიზებული.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკურ–სოციალური ყოფის ბარომეტრია და მასში ეჭვის შეტანა საჩოთირო საქმეა, თუმცა ეს იქ და არა აქ, სადაც დიამეტრალურად განსხვავებული ცხოვრების წესია – სიყალბით, შიშით, არაგულწრფელობით გაჯერებული. სამივე, როგორც საზოგადოებას ანუ რესპონდენტებს, ისე გამოკითხვის ჩამტარებელ ქართველ ოპერატორებს ეხებათ. საქართველოში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვები ყოველთვის აჩენდა და გააჩენს ეჭვს, ვინაიდან ყველამ კარგად იცის ტელეფონის მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობა.უპირველესად აღსანიშნავია სპეცსამსახურების ინტერესი სატელეფონო საუბრებისადმი. მოსახლეობა ისეა დაშინებული, რომ სერიოზულ საკითხზე ტელეფონში ლაპარაკს თავს არიდებს – სატელეფონო საკითხი არ არისო, ამბობს ის.

მოსახლეობა სხვამხრივადაც არის დაშინებული, რაც ცხადია ხელისუფლების უდიდესი „დამსახურებაა“. მას არათუ ტელეფონში დასმული კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის ეშინია, არამედ საარჩევნო ჯიხურში მისთვის სასურველი პარტიის ნომრის შემოხაზვისაც – დაინახავენო, ამბობს დამფრთხალი.

სხვა ფაქტორებიც მოქმედებს გამოკითხვის სამართლიანად წარმართვაზე, მაგალითად ისეთი, როგორიცაა რესპონდენტთა შერჩევა. დარწმუნებული ვარ 1500 გამოკითხულის სია გულდასმით წინასწარ იქნა შედგენილი ნაციონალთა მიერ. სწორედ მათ და მათმა ლიდერმა შეუკვეთა გამოკითვის ჩატარება ამერიკულ ინსტიტუტებს. არც ის არის გამორიცხული, რომ არავითარ გამოკითხვას ადგილი არ ჰქონია, ზღაპარი სააკაშვილის მიერ შეითხზა და წარმატებით გახმოვანდა მისი ყურმოჭრილი მონა ტელეკომპანიების მიერ.დავუშვათ, ზემოაღნიშნულს არამც და არამც არ ჰქონია ადგილი და ყველაფერი ბუნებრივად, წინასწარ გათვლილი პროგრამის გარეშე განხორციელდა, ვინ დაიჯერებს რესპონდენტის სერიოზულ დამოკიდებულებას დასმული კითხვებისადმი? ქართველი, მარტის ჭირვეული ამინდივით, იცვლის აზრს. მას ნაკლებად ახასიათებს თანამიმდევრული, სტაბილური მიდგომა პოლიტიკური საკითხებისადმი. ქართველი ამომრჩევლისგან, რომელიც 20–25 ლარად ყიდის საკუთარ ხმას, ძნელად დასაჯერებელია შეკითხვაზე სწორი პასუხის გაცემა. გამოკითხვის შედეგების შემყურეს თავში ისიც დაგებადება, რომ გამოკითხვა მხოლოდ ნაციონალებში ჩატარდა, რაც არ არის გამორიცხული.ასეა თუ ისე გამოკითხვის შედეგებით კმაყოფილმა ხელისუფლებამ ორჯერ დაბომბა საქართველოს მოსახლეობა და არა მარტო ის, არამედ ისიც, ვინც გარედან უჭერს მას მხარს. უნებლიედ იბადება კითხვა – რაში სჭირდებოდა მას ეს?!

ბოლო დროს დასავლეთში, კერძოდ აშშ–ში ხშირად გაისმის სააკაშვილის პერსონის მიმართ უკმაყოფილება. აღნიშნულის შესახებ იწერება დასავლურ პრესაში, ბევრსაც ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტობა ამბობს – სააკაშვილის საქმე მოთავებულია და წლის ბოლომდე ვერ გაატანსო. მართალია მსგავსი განცხადებები ყურს სიამოვნებს, მაგრამ მხოლოდ ყურს, ვინაიდან ხალხს ნათქვამის სინამდვილეში ეჭვი ეპარება. 2004 წლიდან დაწყებული რამდენ ასეთ განცხადებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ უშედეგოდ.

სააკაშვილის მიმართ რომ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდეთ ამერიკელ დემოკრატებს, გასაკვირი არ არის. დემოკრატიულ ელიტაში სააკაშვილის პიროვნება რომ ისეთი პატივისცემით არ სარგებლობს, როგორც რესპუბლიკელებში, ცნობილი ფაქტია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის მისი პოლიტიკური ცხოვრების შესაჩერებლად. ამერიკის ინტერესიდან გამომდინარე, რომელსაც მეტ–ნაკლებად ორივე პარტია ემორჩილება, სააკაშვილი მისაღები პოლიტიკოსია, ის პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც შესანიშნავად ასრულებს რუსეთის საჯდომში ამერიკული სადგისის როლს. ამ სადგისს ბუშის რესპუბლიკური ადმინისტრაციის დროს სისტემატური დატვირთვა ჰქონდა, დემოკრატების ხანაში ნაკლები, მაგრამ მაინც.

რუსი ექსპერტების მიხედვით, ვაშინგტონ–მოსკოვის ვაჭრობაში სავაჭრო თემად არა მარტო ირანი მოიაზრება, არამედ საქართველოც. მოსკოვმა ნაწილობრივ დათმო თეირანთან ურთიერთობა ვაშინგტონის მხრიდან შესაბამისი დათმობის გამო, ანუ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხშირი მოხსენების სანაცვლოდ. ამ საკითხებზე ლაპარაკმა მოწინავე გვერდებიდან ბოლოსკენ უნდა გადაინაცვლოს. გარიგება სრულდება, თუმცა სიმკაცრისკენ და კატეგორიულობისკენ გადახრას მაინც აქვს ადგილი, რაც განპირობებულია კონგრესის არჩევნებში ელექტორატის მოზიდვით, გარდა ამისა ირანის მიმართ კრემლის მოქმედების სიფრთხილით. ირანთან საქმის გაფუჭებას ჩრდილო კავკასიაში ვითარების გართულება შეიძლება მოჰყვეს – ამას ვარაუდობენ რუსეთის სპეცსამსახურები. მათი მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიასთან გააქტიურდა ირანის კავშირები, რაც ამუხრუჭებს მოსკოვს ოფიციალური თეირანის მიმართ მკაცრი ნაბიჯების გადადგომაში. ვაშინგტონს თითქოს ესმის კრემლის თავშეკავებული პოზიცია, მაგრამ ის თავისას მოითხოვს, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მან რუსეთის მიმართ ისეთი ნაბიჯები გადადგა, როგორებიცაა სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულება, საუდის არაბეთში რუსული იარაღის გაყიდვა და სხვა. ვაშინგტონს არ მოსწონს ბუშერის ბირთვულ ელექტროსადგურში რუსულ–ირანული თანამშრომლობა, მას ეშინია ირანის ბირთვული ბომბის. ცხადია, არც მოსკოვს უნდა ბირთვულბომბიანი ირანი, მაგრამ თუ ეს მოხდა, მოსკოვის აზრით, ამით მსოფლიო არ დაიქცევა, ცხრა ბირთვულ სახელმწიფოს მეათე დაემატება. მრავალ ფაქტორთა გამო, ირანს არასდროს, ყოველ შემთხვევაში უახლოეს წლებში, ექნება ამ იარაღის სხვაგან გამოყენების შესაძლებლობა. ამ ფაქტორებში უპირველესია ირანის შიიტური ფაქტორი – მასობრივი განადგურების იარაღისადმი მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება. როგორც ჩანს არც ამერიკელთა მიერ ინიცირებული ეკონომიკური სანქციები მოქმედებს. ამერიკელთა არაკეთილშობილური ჩანაფიქრი – სანქციებით, ხელისუფალთა წინააღმდეგ ირანელთა აჯანყება არ ხორციელდება.

ირანთან ერთად საქართველოთი ვაჭრობა არა მარტო ხელისუფალთა უთაობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია, არამედ ოპოზიციისაც. ამ ამორფულ წარმონაქმნს არა მარტო საშინაო საკითხებისადმი აქვს გაჩენილი ინდიფერენტიზმი, არამედ საგარეოსადმიც. კომფორმისტულ ყოფას დაჩვეული ოპოზიციის უპირველესი ამოცანაა აქუბარდიას „ჩაინიკში“ ორთქლის გამოშვება. ავად–კარგად ისინი ამ გამოცდას აბარებენ, მაგრამ ქვეყნის წინაშე გამოცდაში სისტემატურად იჭრებიან. ამას წინათ „რაფინირებული“ პოლიტიკოსი გამყრელიძე - მას სწორედ ასეთად მიაჩნია საკუთარი თავი, ერთ–ერთ რადიო ინტერვიუში გვიმტკიცებდა, თუ როგორ იბრძვის ის. საინტერესოა, რას უწოდებს პატივცემული გამყრელიძე ბრძოლას – ლონდონში ან სხვაგან ბიზნეს–კლასით სისტემატურ მგზავრობას, თუ ახალი მემარჯვენეების ახალგაზრდული ფრთის გადახალისებას? არც მას და არც სხვა პარტიას (გარდა ლეიბორისტებისა) ენაც არ დაუსველებია იმ სოციალურ საკითხთა შესახებ, რომლებიც სერიოზულად აწუხებს ხალხს. ხორცზე, კვების სხვა პროდუქტებზე, ბენზინზე ფასების მატებას ისინი ჩვეულებრივად მიიჩნევენ. გამყრელიძემ საყვედურიც გამოთქვა ხალხის მიმართ – აბა რა გგონიათ, ჩვენ მოგვეცით ხმა და მერე ვნახოთო.

არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დგას ხალხის გვერდით და როგორც სინამდვილე გვიჩვენებს არც ხალხი აპირებს მათთვის მხარდაჭერას. აბა ვის დავუჭიროთ მხარი – ყველა ერთი–მეორეზე უარესიაო, ამბობს ის. თუ ვინმეს უჭერენ მხარს – მმართველი პარტიაა, 20 ლარს მაინც მომცემსო.სოციალური ყოფით უზრუნველყოფილ ოპოზიციას საკუთარ დამცირებად მიაჩნია „უმნიშვნელო“ სოციალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება. არადა სწორედ სოციალური საკითხების მოუგვარებლობა და ამ თემების წინა პლანზე წამოწევა იწვევს დასავლეთში ხელისუფლებათა ცვლას. გასული წლების მრავალათასიანი მიტინგების შემდეგ, როგორც ოპოზიცია, ისე საზოგადოების გარკვეული ნაწილი „ბრძნულად“ აცხადებდა, ხომ ხედავთ რა შეგნებულები ვართ, არც პურს მოვითხოვთ და არც ვიტრინებს ვამტრევთო – ამათ ფონზე „უბადრუკად“ გამოიყურებიან ფრანგები, გერმანელები, იტალიელები, ამერიკელები, სხვები.

გამოკვეთილად დასავლური კურსი არც ოპოზიციას აძლევს მანევრირების საშუალებას. მისთვისაც მზე ვაშინგტონში ამოდის. ვაშინგტონი ის სულიერ–მატერიალური წყაროა, რასაც ესოდენ ეწაფება მწყურვალე ოპოზიცია. მისთვისაც მიუღებელია ის, რაც ვაშინგტონისათვის. მასაც აღიზიანებს რუსეთი და ირანი, როგორც ამერიკას. ირანთან ურთიერთობის თემა მისთვისაც ისეთივე საჩოთიროა, როგორც ზოგიერთი ამერიკელი და ქართველი ექსპერტისათვის, თუმცა პოლიტიკურ ნიავს იშვიათად, მაგრამ მაინც მოაქვს ცვლილება. რა გაეწყობა, ასეთია პოლიტიკა!

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"