ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
30.09.2010
წარმომადგენლობითი კრება ებრალიძის ჩრდილქვეშ და ერთი გამონათებით

ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში, როგორც იქნა შედგა მომავალი წარმომადგენლობითი კრების მოსამზადებელი შეხვედრა. სახელმწიფო ფილარმონიის (რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ანგლო–ამერიკულ ყაიდაზე „ივენთ ჰოლი“ დაარქვა) შენობაში მრავალი მოწვეული სტუმარი შეიკრიბა.

ღონისძიების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი იყო, ადგილები დარბაზში საკმარისი არ აღმოჩნდა ყველა მსურველისთვის, ამიტომ ჰოლში სპეციალური ეკრანი მოეწყო მათთვის, ვინც დარბაზში ვერ დაეტია. თუმცა რატომ დაერქვა შეხვედრას „მოსამზადებელი“, ჩვენთვის გაუგებარი დარჩა. სიტყვით გამოვიდნენ „ცნობილი სახეები“ – მსახიობები, სპორტსმენები, "მოძველბიჭო" აკადემიკოსები და სხვ., ასეთივე ცნობილი და უკვე მობეზრებული პასაჟებით იმის შესახებ, თუ რა ცუდი ადამიანია სააკაშვილი, როგორი სისხლიანი, არაადეკვატური, მავნებელი და ა.შ., რომელიც ართმევს ქართველებს სამშობლოს, ჰყიდის მას. მოკლედ რომ ვთქვათ – არავინ და არაფერი ახალი, იყო ბევრი ემოცია, ლამაზი სიტყვები, სურვილები, რომ არსებული ხელისუფლება მოშორდეს ქვეყანას. მაგრამ რაიმე მკაფიო გეგმა, თუ როგორ მოხდეს საააკშვილის რეჟიმის დემონტაჟი – წარმოდგენილი არ იქნა, თუ არ ჩავთვლით „გეგმად“ იმას, რომ წარმომადგენლობითი კრება ნოემბერში შეიკრიბება ბევრად უფრო ფართო „ფორმატით“, საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელთა მონაწილეობით (თუმცა, ამ შეხვედრაზეც მრავლად იყვნენ ადამიანები სხვადასხვა რეგიონებიდან).

შეკრებილებს აჩვენეს ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, რომელიც ძირითადად უკვე ცნობილი კადრებისგან შედგებოდა, მაგრამ მაინც დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენდა. შეკრების მოდერატორმა, მსახიობმა გოგი ქავთარაძემ ფილმის დემონსტრირების წინ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას შემზარავი კადრების ჩვენებისთვის – მშვიდობიანი ქართველი მოქალაქეების და ჯარისკაცების გვამები ქალაქ გორში, დაჭრილი და შეშინებული მოხუცები, ნახევრად დანგრეული სახლები... ეს მძიმე სცენები შენაცვლებული იყო სააკაშვილის გამოსვლის კადრებთან 7 აგვისტოს, როცა ის ტრაბახობდა, რომ ქართული ჯარი მთელ სამხრეთ ოსეთს „აკონტროლებს“, ჯავის გარდა, აგრეთვე იმ ცნობილ ეპიზოდთან, როცა სააკაშვილი გარბის და ასფალტზე ხოხავს შიშისგან გორში, თვითმფრინავის ხმით დაზაფრული. აგრეთვე აჩვენეს ის პასაჟიც სააკაშვილის ერთ–ერთი ომისშემდგომი გამოსვლიდან, სადაც ის არხეინად ამბობს, რომ რუსეთმა მხოლოდ „რამდენიმე სოფელი“ დაიკავა და ამის გამო არ ღირს საქართველოს ხელსუფლების კრიტიკა. ამ ანტიპატრიოტული განცხადების საპასუხოდ, კადრსმიღმა ხმა 5 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ჩამოთვლის იმ ქართული სოფლების სახელებს, რომლებიც აგვისტოს კონფლიქტის შედეგად სეპარატისტების კონტროლის ქვეშ გადავიდა. მთლიანობაში ფილმი კარგი გამოვიდა და უპრიანი იქნებოდა მისი ჩვენება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ არა ერთი სერიოზული ნაკლი: ფილმის შემქმნელებმა რატომღაც იგნორირება გაუკეთეს იმ მსხვერპლის და ნგრევის ჩვენებას, რაც ცხინვალში იყო. კი, იქ არის კადრები, თუ როგორ მიფრინავენ ე.წ. გრადის რაკეტები ცხინვალისკენ, 7–დან 8 აგვისტოს ღამით, მაგრამ შემდეგ მაყურებელი ხედავს მხოლოდ ომით დაზიანებულ გორს და მეტს არაფერს. საინტერესოა, რაზე ფიქრობდნენ პატივცემული „პიარშიკები“, როცა თვალს ხუჭავდნენ ეთნიკური ოსების ტრაგედიაზე და ტკივილზე? თუ ცხინვალი არ აღიქმება მათთვის საქართველოს ისეთივე ქალაქად, როგორც გორი? ან... ან? შეიძლება ამ კითხვის მრავალნაირად დასმა. სამწუხაროდ, გამოვიდა აშკარა შეცდომა, რამაც სააკაშვილის ნასუფრალით გამოკვებილ სამთავრობო "ჟურნალიუგებს" საშუალება მისცა, დაესვათ ნინო ბურჯანაძისთვის, რომელიც სინამდვილეში არის კიდეც წარმომადგენლობითი სახალხო კრების მთავარი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი, შემდეგი კითხვა: „განა უმჯობესი არ იყო პუტინისთვის გეჩვენებინათ ეს ფილმი?“. მართლაც, ლოგიკურია: თუ აჩვენებ მხოლოდ ქართული მხარის მსხვერპლს, გამოდის, რომ პუტინი და რუსეთი აგრესორია, და არა მხარე, რომელიც იძულებული გახდა, ჩარეულიყო ცხინვალში მომხდარი ნგრევის და მსხვერპლის გამო, ხოლო გორში საომარი მოქმედებების შედეგად შემთხვევითი მოქალაქეების დაღუპვა არ წარმოდგენს ცხინვალის მცხოვრებთა და რუსეთის სამშვიდობო ძალების წინააღმდეგ მიმართული აგრესიის პირდაპირ შედეგს. მაშინ რა საჭიროა ამ ფილმის ჩვენება საქართველოში, წადით და პუტინს აჩვენეთ...

მაგრამ რას უნდა ველოდოთ, როცა შეკრების წამყვან როლებში მოგვევლინენ პოლიტიკური კომენტატორები – ექსპერტები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდნენ ილუზიებისგან, რომ „დასავლეთი გვეხმარება“, მაგრამ სააკაშვილი თავისი არადემოკრატიული ქცევით ანიავებს ამ დახმარებას. თურმე სწორედ დემოკრატიის სიმცირის გამო არ მისცეს საქართველოს ე.წ. „მაპი“ და ნატო–ში შესვლის უფლება. ეს რომ არა, ყველაფერი მშვენივრად იქნებოდა. ამის მაგივრად, ბევრი ეკონომიკური ობიექტი ჩვენს აგრესიულ ჩრდილოელ მეზობელს მიეყიდა. ასეთი აზრი გამოთქვა თავის გამოსვლაში ბ–ნმა სოსო ცისკარიშვილმა. ხოლო ირაკლი ბათიაშვილმა, სააკაშვილის რეჟიმის ყოფილმა სინდისის პატიმარმა, განაცხადა, რომ საქართველომ დაკარგა ახალი ტერიტორიები სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში სააკაშვილის პოლიტიკის გამო, ასევე „რუსეთის აგრესიის გამო“, – დასძინა მან.

როგორც ჩანს, ქართველ ექსპერტთა ნაწილი, დიდი აუდიტორიის დანახვისას ერთგვარ ტრანსში ვარდება და ავიწყდება, რომ გასული საუკუნის 80–იანი წლების მიტინგებზე არ იმყოფება, არამედ სულ სხვა რეალობაში, სადაც პრიმიტიული ანტირუსული რიტორიკა – სააკაშვილის სამეფოა, ხოლო დაეთანხმო მას რუსეთის „აგრესიულობაში“, ნიშნავს მისსავე მოედანზე ითამაშო, მისი იდეების და პროპაგანდის ფარგლებში. თუმცა ამ პრობლემას მომავალშიც დავუბრუნდებით, ჩვენს სხვა სტატიებში და კომენტარებში. ახლა კი აღვნიშნავთ კიდევ ორ მნიშვნელოვან ფაქტს, რომლებიც უკავშირდება ფილარმონიის დარბაზში გამართულ შეხვედრას.

ჯერ ერთი, სახასიათოა ხელისუფლების რეაქცია, რომელსაც ქართველი ბიზნესმენის, რუსეთის მოქალაქის, ალექსანდრე ებრალიძის მიმართ შიში, ეტყობა, უკვე ჩვევაში გადაუვიდა. სამთავრობო მედიამ გაავრცელა ხმები, რომ ფილარმონიის შეხვედრის უკან ებრალიძე დგას, თუმცა სინამდვილეში მას ამ მოვლენასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. სამთავრობო „პიარშიკები“ ზედმეტად ფაციფუცობენ – ამგვარად ისინი უფასო რეკლამას უკეთებენ ებრალიძეს, რომელიც ჯერჯერობით ჩრდილში დგას და ელის შესაფერის მომენტს კონტრდარტყმისთვის. მაგრამ რას არ იზამ, როცა შიშს დიდი თვალები აქვს.

მაგრამ ყველაზე პოზიტიურ მომენტად ამ შეკრებასთან დაკავშირებით, და თითქმის სენსაციურად, შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ მისასალმებელი წერილი გამოგზავნა რუისის და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი), რომელიც ცნობილია თავისი კონსერვატიული შეხედულებებით და ითვლება ხელისუფლების კურსის ოპოზიციად საეკლესიო წრეებში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი მაღალი რანგის საეკლესიო მოღვაწემ ამგვარი „მესიჯი“ გაუგზავნა ოპოზიციურ საზოგადოებრიობას. ჩვენი დაკვირვებით, სამთავრობო არხებმა ეს ფაქტი მიაჩუმათეს. მაგრამ მეუფე იობი ის პიროვნება არაა, რომელიც შემთხვევით მისალმებებს წერდეს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"