ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
30.09.2010
ციფრებთან თამაში. თაღლითობის გარეშე?

21 სექტემბერს პრემიერმა გილაურმა განაცხადა, რომ: „2010 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 8,4% შეადგინა და დასძინა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, მთელ მსოფლიოშიც.

geurasia.org / georgiamonitor.org

მისივე ინფორმაციით, მთლიანად 2010 წლის 6 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6,5% შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ასევე საუკეთესო მონაცემია.

"6 თვეში გაზრდილია ექსპორტი, ტურიზმი და უცხოური შემოდინებები. საუბარი მაქვს ფინანსური ინსტიტუტებიდან გამოყოფილ თანხებზე, რომლითაც საქართველოში სხვადასხვა პროექტები ფინანსდება,"

მეორე აბზაცმა ოდნავ დაჩრდილა პირველი, მაგრამ მსოფლიო დონის მიღწევები იმდენად ახარებს გულს, რომ მტერი უნდა იყო, რომ საერთო წარმატება არ გიხაროდეს. სტატისტიკის დეპარტამენტის საიტზე შევდივარ, რათა კვლავ დავიმუხტო დადებითი ემოციით და იმედით, ვიპოვო სფერო, რომელშიც ჩემს ან თუნდაც ჩემი ახლობლების ნიჭსა და გამოცდილებას მოვახმარ. ჯერ კიდევ შემწევს უნარი ვემსახურო სამშობლოს!

სახელმწიფო სტატისტიკა ეგრევე მიფუჭებს ხასიათს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შარშან სამჯერ (!) შემცირებულა 2007 წელთან შედარებით – 2.014 მილიარდიდან 658 მილიონამდე. 2008 წელსაც კი – 1,5 მილიარდს შეადგენდა! წელს ორი კვარტლის შედეგია 272,6 მილიონი. რითი გავიხარო, ვერ გავიგე?

იქნებ ექსპორტია ისე გაზრდილი, რომ ინვესტიციების მოზიდვას არც კი საჭიროებს ქვეყანა? აქაც ვერაფერი ვნახე საგულისხმო – შავი ლითონის ჯართია ისევ მოწინავე პოზიციებზე – რა ვერ გაზიდეს ამდენი წელი? თუმცა 1 ადგილზე მიწისზედა ტრანსპორტია გასული – ანუ რეალურად ავტომობილების რეექსპორტი. ამ „მიღწევას“ იმას თუ დავაბრალებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩასაღწევად ავტომობილებს საქართველოს გამოვლა უწევთ. არა მგონია, ამას დაერქვას ეკონომიკის მართვის მიღწევა.

საინტერესო ისაა, რომ სტატისტიკა იმასაც გვაჩვენებს სად წავიდა და რაში იხარჯება შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შემოსული 196,9 მილიონიდან 4,4 პრივატიზაციას მოხმარდა, 11 მილიონი საფინანსო სექტორს (ალბათ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი კიდევ რომელიმე ქართულ ბანკში შემოვიდა), ხოლო უდიდესი წილი – 184 მილიონი – საწარმოთა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის გამოკვლევას მოხმარდება!

ამ ბოლო ციფრზე შევჩერდეთ. ქართული საწარმოები, ვინ რას აკეთებს და ვინ რითი სუნთქავს კარგად იციან: ეკონომიკის სამინისტრომ, საგადასახადო და სტატისტიკის სამსახურებმა, სოდმა, კუდმა და ა.შ. მგონი პირადად მიშამაც (მისმა კანცელარიამ უეჭველი), მაშ გამოდის რომ ფული იმისთვის შემოვიდა, რათა ქართულ საწარმოებს საექსპორტო ბაზარი გაუხსნას ანუ ბაზრის შესწავლა მოხდეს იქ, საიდანაც ფული შემოვიდა. თან ძნელი დასაჯერებელია, რომ ევროპელებმა ამერიკის ბაზრის შესასწავლად მისცენ ფული საქართველოს. ან პირიქით. გამახსენდა, რომ საკონსულტაციო მომსახურება ფულის რეცხვის კარგი საშუალებაა. იმით დავიმშვიდოთ თავი, რომ რაღაც ნაწილი აქაც დარჩება და თბილისის კვების ობიექტებს კლიენტურა მოემატება. ესეც საქმეა.

გილაურის განცხადებიდან ორ დღეში კიდევ ერთი შთამბეჭდავი ინფორმაცია გამოქვეყნდა ქართულ პრესაში. თურმე:

„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველო ერთბაშად 16 ადგილით დაწინაურდა და 42-დან 26-სე საფეხურზე გადაინაცვლა. ეკონომიკური თავისუფლება ხუთ სფეროში იზომება. მათ შორისაა სამთავრობო ხარჯები და გადასახადების მოცულობა, საკუთრების უფლებები, ვაჭრობის თავისუფლება, კრედიტების, შრომის და ბიზნესის რეგულირება. ინდექსის ავტორების შეფასებით, საქართველოში საკუთრების უფლების გარდა ყველა სხვა კომპონენტში წინა წლებთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია.“

როგორც ჩანს, იმ 180 მილიონიდან რაღაც ნაწილი იმ კონსულტანტებამდე მივიდა, ვინც საქართველო 16 ადგილით „გადაახტუნა“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში. სამწუხაროდ, ინდექსების ხტუნაობა ბევრს ვერაფერს ცვლის, რადგან თვით მათი შემდგენელები გვაფრთხილებენ, რომ მიუხედავად „თავისუფლებების ზრდისა“, საკუთრების უფლება ისევ არაა დაცული და მიღებული მოგება ასევე „თავისუფლად“ დაეკარგება ინვესტორს, რომელიც თანხის რეალურ სექტორში დაბანდებას გადაწყვეტს.

ამიტომაც რჩება მიღწევები ვირტუალურ სამყაროში. გილაურს კი კონტროლის პალატამ ფინანსთა მინისტრობის დროინდელი დარღვევები ამოუგდო. ჩვენ რა, რო?

გია ფაცურია

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"