ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
28.09.2010
„კრების გადაწყვეტილებები – განხორციელდეს!“

ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“, 2003 წელს, „თავისუფალ მოაზროვნეთა არაფორმალურმა ასოციაციამ“ საზოგადოების სამსჯავროზე წარმოადგინა „რეალური დემოკრატიის კონცეფცია“. „როცა სახელმწიფოში იგნორირებულია წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფასეულობები, აუცილებელია ამოქმედდეს პირდაპირი დემოკრატია – საზოგადოების თვითრეგულაციის გამოცდილი ინსტრუმენტი“ – ნათქვამია კონცეფციაში.

geurasia.org / georgiamonitor.org

იმავე დროს ნავარაუდები იყო სახალხო სასამართლოს შემოღება (პროექტი „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“, რომელიც გაშვებული იქნა 2010 წელს, 7 წლის შემდეგ, და თუ შევარდნაძის ხელისუფლებას ბრალად უყენებდნენ კორუფციას და 1991–92 წლების სახელმწიფო გადატრიალებას, ახლა ხალხი ასამართლებს სააკაშვილის ხელისუფლებას სრულიად კონკრეტული მკვლელობებისთვის და ქუჩაში განხორციელებული ლიკვიდაციებისთვის. რევოლუციამდელი ხელისუფლების მიმართ ბრალდებები აშკარად გაფერმკრთალდა ახალი ხელისუფლების რევოლუციურ „გმირობებთან შედარებით), ასევე საზოგადოებრივი, მერე კი სახალხო საბჭოს ჩამოყალიბება. ეს იყო სწორედ სახალხო კრების წინამორბედი. კონცეფციის ავტორებმა ამგვარად შესთავაზეს საზოგადოებას ე.წ. „სახალხო პოლუსის“ შექმნა სახელისუფლებო პოლუსის საპირისპიროდ. მაგრამ რევოლუცია, როგორც ცნობილია, ხალხის ხმას ყურს არ უგდებს; მან თავად იცის, ვინ შერისხოს და ვინ შეიწყალოს. კონცეფცია ბროშურის სახით დარჩა, რევოლუციურმა ტერორმა კი ძალები მოიკრიფა.

2006 წლის 12 ივლისს საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც უკიდურესად უკმაყოფილო იყვნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით, გამოვიდნენ წარმომადგენლობით სახალხო კრების მოწვევის ინიციატივით. ათასზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის ყველაზე ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა, მწერლებმა, მეცნიერებმა, სპორტსმენებმა ხელი მოაწერეს ამ დეკლარაციას. მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

2007 წლისთვის სახალხო უკმაყოფილება ქუჩის გამოსვლებსა და მიტინგებში გადაიზარდა, მაგრამ არც ამჯერად, რუსთაველის პროსპექტზე ასობით ათასი ადამიანის შეკრების პირობებში, პოლიტიკურმა ლიდერებმა არ მისცეს სტიქიურ პროტესტს მეტ–ნაკლებად სტრუქტურირებული ხასიათი; სახალხო კრების შექმნის შანსი ხელიდან იქნა გაშვებული. ხელისუფლება კი სასტიკად გაუსწორდა ხალხს.

2008 წლის აპრილის მიტინგებმა გამოავლინა ერთი საინტერესო ტენდენცია: პოლიციის მიერ ჩადენილმა ძალადობის შემდეგ მომიტინგეებმა შექმნეს ალტერნატიული „სახალხო პატრული“, რომელსაც უნდა დაეცვა აქციის მონაწილეები. პრაქტიკულად ეს იყო სიგნალი „სახალხო პოლუსის“ შექმნისაკენ. შემდგომში, 2010 წლის გაზაფხულზე, ახალი ომბუდსმენის მუშაობით უკმაყოფილო ადამიანის უფლებათა დამცველებმა გამოთქვეს მოსაზრება „სახალხო ომბუდსმენის“ ინსტიტუტის შექმნის თაობაზე. წარმომადგენლობითი სახალხო კრება და სახალხო სასამართლო ასევე არიან ალტერნატივა, შესაბამისად პარლამენტის და სასამართლოსი. ყველა ამ ალტერნატიული სტრუქტურის გამოჩენა მიანიშნებს სისტემურ კრიზისზე, რომელიც არსებობს საქართველოში და ასახავს საზოგადოების ნეგატიურ განწყობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ერთი შეხედვით, ტენდენცია იმედის მომცემია, რეალობას რომ არ შეჰქონდეს თავისი კორექტივები.

2008 წლის 29 დეკემბერს გამოცხადდა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ წარმომადგენლობითი კრების მოსაწვევად. დამფუძნებელთა შორის იყვნენ – ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი, პარტია „თავისუფლების“ თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია და ქალთა პარტიის თავმჯდომარე გუგული მაღრაძე. საბჭოს დეკლარაციაში გამოცხადდა, რომ საზოგადოებამ უნდა გამოხატოს თავისი ნება, აღკვეთოს სახელმწიფოებრიობის ნგრევა და აიღოს ინიციატივა ქვეყნის გადარჩენის საქმეში. საბჭოს მიზანია – ხელი შეუწყოს ქართველ ხალხს იმაში, რომ თავად აირჩიოს მთავრობა, განსაზღვროს სახელმწიფო მმართველობის ფორმა და მიიღოს შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. დეკლარაციაში ხაზგასმული იყო, რომ სახალხო კრება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ალტერნატიული პარლამენტი. საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ორხელისუფლებიანობა კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა, ზოგი ექსპერტი საუბრობს უკვე სამხელისუფლიანობაზე, რადგან ქვეყანაში არსებობს პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეთა ჯგუფიც და უზენაესი საბჭოს ნაწილი, რომელიც არ ცნობს არც ერთ ხელისუფლებას 1991–92 წლების გადატრიალების შემდეგ, და თავის თავს უწოდებს ერთადერთ კანონიერ ხელისფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო კრების იდეა არაერთხელ გამოითქვა უფრო ადრეც, საინიაციტივო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ შესაფერისი მომენტი სწორედ დადგა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. „თუ მთავრობა უარს იტყვის სახალხო კრების რეკომენდაციების შესრულებაზე, საზოგადეობა იტოვებს უფლებას, შეცვალოს ხელისუფლება მშვიდობიანი, დემოკრატიული მეთოდებით“ – განაცხადა ასათიანმა.

„ეს არის ახალი სივრცის შექმნა საზოგადოებრივი აქტივობისთვის, – განაცხადა გამსახურდიამ, – ამგვარი კრება შეიქმნა 1917 წელს, რომანოვების დინასტიის დაცემის შემდეგ. კრებამ სათავე დაუდო დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც მოხდა 1918 წლის 26 მაისს.

ალტერნატიულ პარლამენტზე უარის თქმა (სხვა რას უნდა წარმოადგენდეს წარმომადგენლობითი სახალხო კრება? – ნ.დ.) იმით იყო გამოწვეული, რომ 1990 წელს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც უარი თქვეს კომუნისტური ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში, შექმნეს იმდროინდელი უმაღლესი საბჭოს ალტერნატიული ეროვნული კონგრესი. თუმცაღა, „მშვიდობიანი და დემოკრატიული მეთოდებისგან“ ძალიან შორს აღმოვჩნდით; ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაემხო სამხედრო გადატრიალების გზით. რაც შეეხება რეკომენდაციებს, სააკაშვილის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოავლინა საზოგადოებრივი აზრის სრული იგნორირება. ასეა თუ ისე, სახალხო კრების მოწვევის მორიგი ინიციატივა უკვალოდ დასამარდა.

მორიგი მცდელობა განხორციელდა 2009 წელს, მაგრამ საინიციატივო ჯგუფი დაიშალა (როგორც ადრე), ჯერ კიდევ მანამდე, სანამ რაიმე სერიოზული ნაბიჯის გადადგმას მოასწრებდა. განხეთქილების მიზეზად იქცა ის, რომ ერთნი თვლიდნენ სახალხო კრებას მხოლოდ საზოგადოებრივ წამოწყებად, მეორენი კი მის პერსპექტივას ხედავდნენ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდრო თანამშრომლობაში.

2010 წლის 8 იანვარს საინიციატივო ჯგუფმა გააკეთა განცხადება, რომ სახალხო კრება წარმოადგენს ეროვნული თანხმობის მიღწევის ერთადერთ საშუალებას, ხოლო 10 იანვარს თავდაპირველ ჯგუფს გამოყოფილი წევრები შეიკრიბნენ ჭაბუა ამირეჯიბის სახლში და კვლავ მიმართეს საზოგადოებას ინიციატივით მოწვეული იქნას სახალხო კრება. ჯგუფში შევიდნენ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, პროფესორი მერაბ ჯიბლაძე, ცნობილი რეჟისორები რეზო ესაძე და გოგი ქავთარაძე, და სხვ. ეს მიმართვა სიურპრიზი აღმოჩნდა საინიციატივო ჯგუფისთვის, რომელიც მკვეთრად უკან გასწიეს და საქმე თავიდან დაიწყეს.

2010 წლის 27 აპრილს დაფუძნდა დარბაზი, რომელიც მხარს უჭერს სახალხო კრებას. დარბაზის მიერ მიღებულ მიმართვაში ნათქვამია: „ჩვენი ქვეყნის სათავეში მყოფმა გუნდმა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, უარჰყო და დაარღვია ყველა ის ფუნდამენტური ფასეულობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის; დაკარგა ქვეყნის გაერთიანების უახლოესი პერსპექტივა, გააღრმავა განხეთქილება მოძმე აფხაზ და ოს ხალხებთან. ხელისუფლება არაფრად აგდებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს და ღირსებას. საქართველოს პრეზიდენტმა ფაქტიურად გააუქმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო. პარლამენტი ემსახურება მხოლოდ სააკაშვილს და მის რეჟიმს“. წაკითხული იქნა სახალხო კრების სამოქმედო გეგმა, რომელიც 7 პუნქტისგან შედგებოდა:

1. არაადეკვატური და უპასუხისმგებლო მმართველი, რომელსაც ახასიათებს დიქტატორის ყველა თვისება, რომლის გამოისობით ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%, არ შეიძლება იყოს თავისუფალი ნაციის მმართველი. შესაბამისად, წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე უნდა დადგეს საკითხი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დაუყონებლივი ჩატარების შესახებ;

2. ამჟამინდელი პარლამენტი არ წარმოადგენს ორგანოს, რომელიც ხალხის ნებას ასახავს, ვერ ასრულებს მასზე კონსტიტუციით დაკისრებულ მოვალეობებს. შესაბამისად, წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე უნდა დადგეს საკითხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დაუყონებლივი ჩატარების შესახებ;

3. დაევალოს სახალხო კრების საორგანიზაციო ჯგუფს უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ღონისძიებები კრების ჩასატარებლად და შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შექმნა;

4. დაევალოს შექმნილ სამუშაო ჯგუფებს მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება საქართველოს რეგიონებში, მოსახლეობის ინფორმირება, მხარდაჭერების მობილიზება და მათი ჩართვა კრების მუშაობის პროცესში;

5. მონაწილეობა მიიღოს აქციებში, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ, გამოუცხადოს სოლიდარობა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს და ყველა უკანონო პატიმარს;

6. ხელისუფლებას, რომელმაც საკუთარ ხალხს წაართვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, არა აქვს უფლება, აღნიშნოს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე და ჩაიბაროს აღლუმი. ეს დღე ხალხმა უნდა აღნიშნოს. ეს ჩვენი უფლებაა;

7. საბჭო, რომელიც მხარს უჭერს წარმომადგენლობით სახალხო კრებას, მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ჩაერთნონ კრების ორგანიზებაში და მიიღონ მონაწილეობა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სახალხო კრებაზე საუბრები განსაკუთრებით გააქტიურდა 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რომელშიც ოპოზიციის ნაწილმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ხოლო მონაწილეობის მიმღებებმა, მოსალოდნელი გამარჯვების მაგიერ, მმართველ პარტიას მიულოცეს წარმატება და გახდნენ ე.წ. „კონსტრუქტიული ოპოზიცია“. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა(წინათ – სოროსი ფონდის ეროვნული დირექტორი, ხოლო ამჟამად ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე) უკიდურესად უარყოფითად შეაფასა სახალხო კრების მოწვევის ინიციატივა: „ოპოზიციის ეს ნაწილი გასული საუკუნის 80–იანი წლების კლიშეებით მოქმედებს. ამგვარი ინიციატივები იმ დროს იყო აქტუალური, რადგან არავინ იცოდა საბჭოთა რეჟიმიდან გამოსვლის გზები. ახლა ქვეყანაში ტარდება არჩევნები, მუშაობს პარლამენტი, არსებობს ფართო სივრცე პოლიტიკური მოღვაწეობისთვის. ამგვარ პირობებში სახალხო კრებაზე საუბარი პირადად ჩემთვის პოლიტიკურ განვითარებაში რეგრესის მაჩვენებელია. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ვერ ახერხებს საზოგადოებას შესთავაზოს პოლიტიკური ალტერნატივა, ცდილობს თვალში ნაცარი შეაყაროს ხალხს და დააბრუნოს 20–30 წლით უკან“.

მიუხედავად სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის განცხადებისა მისი აპოლიტიკურობის შესახებ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები პირდაპირ მიუთითებენ მასთან პარლამენტის ექს–სპიკერის კავშირზე. იგულისხმება, რომ ბურჯანაძე ცდილობს თავი აარჩევინოს კრებას ეროვნულ ლიდერად. ერთ–ერთ ტელეეთერში ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება, კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე, გაირკვევა იმ არჩევნებში, რომელსაც ჩაატარებს სახალხო კრება.

რა უფლებამოსილელები შეიძლება ჰქონდეს წარმომადგენლობით სახალხო კრებას? სამართლებრივი კუთხით – არავითარი.

საინიციატივო ჯგუფის წარმმომადგენელი სანდრო დონაძე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე–5 პარაგრაფზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლების წყაროს წარმოადგენს ხალხი. „ხალხს უფლება აქვს განახორციელოს უშუალო დემოკრატია, თუკი ხელისუფლება უზურპირებულია და წარმომადგენლობითი ორგანოები არ გამოხატავენ მის ინტერესებს“.

ზოგი ექსპერტი მიუთითებს იმაზე, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია გულისხმობს არჩევნებს, ხოლო უშუალო – რეფერენდუმს ან პლებისციტს, რაც შეეხება სახალხო კრებას, ის არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციაში. სხვები აპელირებენ იმაზე, რომ სააკაშვილმა არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, დამნაშავეა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებებში, შესაბამისად, ხალხს აქვს უფლება წარმომადგენლობით კრებაზე განიხილოს ყველა ეს საკითხი და გამოიტანოს თავისი ვერდიქტი.

კონსტიტუციია ამგვარ თავისებურ ინტერპრეტაციას საერთო არაფერი აქვს სამართალთან. მაგრამ სწორედ ისაა საქმე, რომ სახალხო კრება – პოლიტიკური ინსტრუმენტია, თუ გნებავთ გიგანტური პიარ–მანქანა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად – ხელისუფლების შესაცვლელად. პოლიტიკის კეთების დროს, არ შეიძლება ისეთი სახის მირება, რომ ყველაფერი იდეალურია სამართლებრივი კუთხით. 2003 წლის არჩევნების შედეგებიც ხომ არა საკონსტიტუციო, არამედ უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა, რომელსაც ამის არავითარი უფლება არ ჰქონდა. და რა, შეუშალა ამან ხელი სააკაშვილს, აეღო ძალაუფლება? სულაც არა! სხვათა შორის, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, სწორედ ბურჯანაძემ მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია, როდესაც 2003 წლის 22 ნოემბერს, პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომამდე ერთი დღით ადრე, თავის თავზე აიღო პრეზიდენტის ფუნქციები. ამრიგად, 24 საათის განმავლობაში საქართველოს ჰყავდა ორი პრეზიდენტი – მოქმედი და თვითგამოცხადებული! ამ ფონზე ბურჯანაძის ახლანდელი მცდელობა – შეცვალოს ხელისუფლება ისე, რომ დარჩეს კონსტიტუციის ჩარჩოებში – ცოტა უცნაურად გამოიყურება.

სახალხო კრების ჩატარება დაგეგმილი იყო 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებამდე, მაგრამ ეს არ მოხდა. არჩევნების შემდეგ, 4 ივნისს, სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი გამოვიდა მოთხოვნით, ჩატარდეს რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. მათ ჩატარებულ არჩევნებს უწოდეს იმიტირებული – ტელეკომპანია „იმედის“ იმიტირებული ქრონიკის ანალოგიურად, რომელმაც მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო. სხვათა შორის, საყურადღებოა, რომ ამ სატელევიზო პროვოკაციაში ნათქვამი იყო, რომ გადატრიალების შემდეგ ძალაუფლება ხელში აიღო სწორედ წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ! „ახდება თუ არა „მოდელირებული ქრონიკის“ წინასწარმეტყველება, გაირკვევა სექტემბერში, როცა დაგეგმილია კრების მოწვევა“ – წერენ ქართულ მას–მედიაში (კრება კონკრეტულად დანიშნულია 29 სექტემბერს – Georgiamonitor.org–ის რედაქციის შენიშვ.)

4 ივნისის პრეს–კონფერენციაზე კრების ერთ–ერთმა ლიდერმა, ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის ერთადერთ სამართლებრივ გზას წარმოადგენს. მისი აზრით, ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 30 მაისის არჩევნებში, ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობდნენ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის გახანგრძლივებას. „რიგგარეშე არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს სახალხო კრებამ“ – განაცხადა მან. სახალხო კრებამ დაიწყო კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

ქართული მას–მედიის ცნობით, კრებას უკვე ღიად ჩაუდგნენ სათავეში პარლამენტის ექს–სპიკერი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე. ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა ღიად განაცხადა, რომ სახალხო კრების მთავარ ამოცანას წარმოადგენს პრეზიდენტის პოსტზე ნინო ბურჯანაძის კანდიდატურის დაყენება. ჯერ კიდევ ადგილობრივ არჩევნებამდე, 11 მაისს, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა სააგენტო GHN–თან ინტერვიუში: „ეს იქნება სახალხო შეკრება – ძალიან დიდი წარმომადგენლობითი ყრილობა. თითოეული ადამიანის უკან, რომელიც წარმოდგენილი იქნება კრებაზე, იდგება ათეულობით და ასეულობით ადამიანი. ეს ადამიანები კიდევ ერთხელ მიაწვდენენ ჩვენს განწყობას ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებრიობას. სახალხო კრების სიტყვას დიდი მორალური ძალა ექნება. მე ვთვლი, რომ სახალხო კრებამ უნდა გამოხატოს საერთო–ეროვნული პროტესტი. არ არის არავითარი აუცილებლობა, სადმე შევიჭრათ და გადატრიალებები მოვაწყოთ. გარწმუნებთ: თუკი ქუჩაში გამოვა მართლაც დიდი რაოდენობა, და არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც, და ისინი იტყვიან, რომ აღარ სურთ უპასუხისმგებლო და არაადეკვატური პრეზიდენტის ატანა (რომელიც კვირების განმავლობაში არ იმყოფება ქვეყანაში), ჩვენ მოვაღწევთ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. გარწმუნებთ, რომ ყოველგვარი გადატრიალების გარეშე ხელისუფლება იძულებული იქნება წავიდეს დათმობებზე და ჩაატაროს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“.

ბურჯანაძე განმარტავს, ოსტატურად უვლის რა გვერდს იმას, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაცია სწორედ მაშინ მოხდა, როცა იგი ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას: „ქუჩებში უამრავი ხალხი გამოვიდა და გარწმუნებთ, რომ რაც უფრო მეტი ხალხი გამოხატავს პროტესტს, მით უფრო წყნარად და ადვილად ჩაივლის ხელისუფლების შეცვლა“.

თუ ხელისუფლების შეცვლის გარანტია ქუჩაში გამოსულ ადამიანთა რაოდენობაა (შეგახსენებთ, 2007–2008 წლებში მიტინგებში 200–დან 600–მდე ადამიანი მონაწილეობდა), მაშინ რამდენი უნდა გამოვიდეს ამჯერად? 2010 წლის აგვისტოში ბურჯანაძე აღნიშნავდა, რომ 29 საინიციატივო ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრაზე 29 სექტემბერს დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იქნება წარმოდგენილი, ხოლო დიდი სახალხო კრება გააერთიანებს 20–25 ათას ადამიანს სხვადასხვა რეგიონებიდან. თუკი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ვერ შესძლო ხელისუფლების შეცვლა, შესძლებს ამის გაკეთებას 25 ათასი?

ნინო ბურჯანაძის კავშირი სახალხო კრებასთან განიხილებოდა შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე 9 სექტემბერს. ბურჯანაძემ თქვა, რომ ის არ არის პირველი პირი ამ კრებაში, მაგრამ არც უკანასკნელი. მაგრამ ხშირად გამოყენებულმა ნაცვალსახელმა „ჩვენ“ სტრატეგიის და ტაქტიკის განხილვისას, ბევრი დაარწმუნა, რომ კრებაში მიმდინარე პროცესები კონტროლირდება სწორედ მის მიერ. თავისთავად ეს ფაქტი მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: შეუერთდებიან თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიები კრებას, თუ ის გადაიქცევა ერთი პოლიტიკური ძალის ყრილობად?

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი სოსო მანჯავიძე თვლის, რომ კრებას არ ჰყავს ლიდერი. ყველა თანასწორია (ორუელის თანახმად – ზოგიერთი უფრო თანასწორია! – ნ.დ.). კრების ინიციატივას მხარი დაუჭირეს „ეროვნულმა საბჭომ“, „თავისუფლებამ“, „ლეიბორისტებმა“, „ეროვნულმა ფორუმმა“ და სხვ.. მაგრამ 7 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს, „ეროვნულმა ფორუმმა“ მიუთითა სახალხო კრებისთვის მკაფიო დღის წესრიგის არარსებობის თაობაზე და ბურჯანაძის ფაქტორზე. დანარჩენი „მხარდამჭერები“ შემოიგარგლენ ზოგადი განცხადებებით, მაგრამ კრების მომზადებაში უშუალო მონაწილეობას არ იღებენ. ამ დროს კი პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკოსის ჩართულობა უკვე ხშირად მეტს ნიშნავს, ვიდრე რეალური საორგანიზაციო მუშაობა.

წარმომადგენლობითი სახალხო კრების კიდევრ ერთი ინიციატორი, თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია მოქმედებათა სისტემური პროგრამის შემუშავება. მისი აზრით, ეფექტიანი იქნებოდა ერთ კონტექსტში განგვეხილა წარმომადგენლობითი სახალხო კრების, „სახალხო სასამართლოს“, კონსტიტუციის მიღების, პრეზიდენტის იმპიჩმენტის, „ოპოზიციის შესახებ“ კანონპროექტის მიღების, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხების. ნონა გაფრინდაშვილმა დაადასტურა, რომ ყველა ეს პროექტი განიხილება სახალხო კრებაზე.

„დემოკრატიული თვითრეგულირების კონცეფციის“ ავტორები (შ. არსენაშვილი და ლ. ოთარაშვილი) აყენებენ პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების დაწვრილებით სქემას „სახალხო მოძრაობის“ საშუალებით. მასში გათვალისწინებულია „სახალხო საბჭოები“, „სახალხო სასამართლო“, გარდა სახალხო კრებისა. ეს პროგრამა გამოქვეყნდა 2010 წლის მაისში, მაგრამ დღემდე მისი არც ერთი კომპონენტი არ განხორციელებულა; სახალხო სასამართლომ მაის–ივლისში ჩაატარა ორი საქმის მოსმენა, მაგრამ ივლისის ბოლოს შეაჩერა საქმიანობა. არავითარი „სახალხო საბჭოები“ არც ცენტრალურ, არც რეგიონულ და რაიონულ დონეზე არ შექმნილა. სახალხო კრებაზე განსახილველი საკითხები ატარებენ ზოგად, გაურკვეველ ხასიათს.

პროსამთავრობო პოლიტოლოგის, სოსო ცინცაძეს აზრით, განხეთქილება კრებაში მოხდება სწორედ კონკრეტული საკითხების განხილვის დროს. „კეთილი განზრახვები პოლიტიკაში – მესამეხარისხოვანი ფაქტორია. ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებრივი მოძრაობაა პოლიტიკური შეფერილობით, ისევე როგორც „ქართული აკადემია“, რომელიც ერთ დარბაზს ავსებს, მაგრამ მისი ელექტორატი არავის უნახავს. არა მგონია, რომ ხალხი მასობრივად შეუერთდეს სახალხო კრებას“.

პროგნოზები უმადურია საქმეა. თეატრშიც კი არ შეიძლება დაზღვეული ვიყოთ მოულოდნელობებისგან. რაღა უნდა ითქვას სახალხო კრებაზე, სადაც ხალხი მიდის თავისი იმედებით, ხედვებით ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელად? როგორ შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული, რომ ყველაფერი წინასწარ მომზადებული სცენარით ჩაივლის? 70–იან წლებში ზვიად გამსახურდიას საქვეყნო „მონანიების“ შემდეგ ვერავინ წარმოდიენდა, რომ 90–იანებში ის საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად განსაჯა. პოლიტიკა არ მისდევს შინ მომზადებულ სცენარებს, – ის იბადება საჯარო პროცესების მღელვარებაში; სხვაგვარად ჩვენ დრესაც ყრილობების და პლენუმების გადაწყვეტილებების შესრულებით ვიქნებოდით დაკავებული.

P.S. 1917 წელს სახალხო კრება არ ითხოვდა რომანოვების დამხობას. ის შეიკრიბა უკვე ამ ფაქტის შემდეგ, რომ ქვეყნის მომავალი გადაეწყვიტა. კრებამ მოამზადა ნიადაგი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის, რაც მოხდა კიდეც 1918 წლის 26 მაისს.

ნანა დევდარიანი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"