ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
20.09.2010
რუსი ლიბერალები და სააკაშვილი ანუ ერთი ქართული ანდაზის აქტუალურობის შესახებ

რა არის იმაზე მეტად სასიხარულო, როდესაც დიდი ქვეყნის მოქალაქე გაქებს? განსაკუთრებით აღსაფრთოვანებელია, როდესაც ქება მტრად შერაცხული ქვეყნიდან მოდის. პატარა ქვეყნებზე მალამოსავით მოქმედებს არა მარტო სხვისი ქება, არამედ საკუთარი თავის ქებაც. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის – პირიქით, თავისმაქებართა ქვეყნებში მოწინავეა.

ერთ რამედ ღირს ქვეყნის პირველი პირის მიერ წამდაუწუმ ნათქვამი სიტყვები – „პირველად საქართველოში“, რაშიც არა მარტო ეკონომიკური წინსვლა იგულისხმება, არამედ დემოკრატიული აღმშენებლობა, კორუფციის დამარცხება, განათლების, ჯანმრთელობის და სხვა დარგებში გატარებული წარმატებული რეფორმები და სხვა. თანამედროვე ვითარებაში საეთერო თავის ქება არა მარტო ლოკალური, ადგილობრივი მოხმარებისაა, არამედ საერთაშორისოსიც. დავუმატოთ ამას ფულგადახდილი ექსპერტების, ჟურნალისტების, მწერლების გამონათქვამებიც და სახეზეა საყოველთაო ქება. იქაც კი, სადაც შენს ქვეყანას ბუნდოვნად იცნობენ ან სულაც არ იცნობენ, ინტერესი ჩნდება. ასე და ამრიგად იქმნება წარმატებული ქვეყნის იმიჯი.

საქართველოს ხელისუფლებამ, თითო ოროლა მოასფალტებული ქუჩით, სახლების შეღებილი ფასადებით, ლაპარაკით, ლაპარაკით, ლაპარაკით, ხალხის ფულის PR–ში დაბანდებით, შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ, ან თუნდაც სხვა ქვეყანამ. ძნელია უცხოელი არ დაინტერესდეს ხელისუფლებით, რომელმაც „ბეჭებზე გააკრა კორუფცია“ – კაცობრიობის განუკურნებელი სენი.

მსოფლიო ისტორიამ არაერთი სასწაული შემოგვინახა – შვიდი სასწაული დღესაც ამოუხსნელი სასწაულების თემას მიეკუთვნება. მარტო ეგვიპტის პირამიდები რად ღირს, მაგრამ ყოველივე ეს წარსულში. აწმყოში კი „სასწაული“ საქართველოს აღმშენებლობაა, მას ვერც დუბაის უმაღლესი შენობა, მსოფლიოს რეკორდსმენი ბურჯ ჰალიფა შეედრება და ვერც სინგაპურ–ჰონკონგის ეკონომიკური წარმატებები. საქართველო სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკურ „ვეფხვებად“ წოდებულ ქვეყნებს ტოლს არ უდებს. ასე მიიჩნევს ქვეყნის პირველი პირი და მისი მთავრობა.

მასმედია, განსაკუთრებით ტელევიზია, ინტერნეტი, დაქირავებული ჟურნალისტებისა და ექსპერტების წყალობით, არარსებულს, რეალურად წარმოაჩენს, მითუმეტეს მსუყე შეკვეთის შემდეგ, განსაკუთრებით პირველი პირისგან, თანაც თვალსაჩინოებით გაჯერებულს. ერთ რამედ ღირდა აქეთა მთაზე მდგარი მამა–მარჩენალის, იქეთა მთის მიღმა მცხოვრებლებთან მონოლოგის გამართვა ზღაპრული ცხოვრების თაობაზე, რასაც თურმე მთის გადაღმელები მოკლებული არიან, იქეთა სიბნელისა და აქეთა სინათლის შესახებ. მონოლოგს ქართული სიმღერა აკლდა – „გაღმით შენა ხარ, გამოღმით მე, შუა ჩამოგვდის მდინარე“. მონოლოგიდან „წარმატებულმა“ აქეთურებმა ისიც გავიგეთ, თუ როგორ მიცოცავენ მთის წვერისკენ ჩამოხეულ–ჩამოფლეთილი გადაღმელები, რათა წამიერად მაინც თვალი შეავლონ აქეთურთა საამურ ცხოვრებას, განსაკუთრებით ტაფობში გაშენებულ სუპერ–თანამედროვე საცხოვრებელ სახლებს, ერთის შეხედვით გეტოს რომ აგონებს კაცს.

გაღმელთა უფროსობა ყველა ღონეს ხმარობს საკუთარი ბედშავი მრევლისათვის გამოღმელთა საამური ცხოვრების დანახვის ასაკრძალად, რათა თავიდან აიშოროს გამოღვიძებულთა აჯანყება. გაღმელთა ხელისუფლების რკინისებული მართვისა და დაშინების მიუხედავად ზოგიერთი მაინც ბედავს და საჯაროდ ეაჯება მას სინამდვილე თქვას გამოღმელთა საარაკო ცხოვრების შესახებ.

საქართველოს ტელევიზიებმა გმირობად შეაფასეს ცნობილი რუსი იუმორისტის მიხაილ ჟვანეცკის ამასწინანდელი საჯარო გამოსვლა ხელისუფლებისადმი მოწოდებით – გააღეთ საქართველოს კარი, ნება დართეთ რუსეთის ტელეკომპანიებს სინამდვილე თქვან საქართველოს შესახებ. იუმორისტი განსაკუთრებით მოხიბლული ჩანდა პოლიციაში განხორციელებული რეფორმებით, კორუფციის დამარცხებით, 27 წლის მინისტრებით. საქართველოს 27 წლის მინისტრები ჰყავსო – ნატვრით ამბობდა ის.

ჟვანეცკი არც პირველი და არც უკანასკნელი, ვინც ესოდენ მოხიბლულია ქართული PR–ით, რაც რუსი ლიბერალი პოლიტიკოს–პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების ანგარებითი შრომის ნაყოფია. ტელეკომპანია RTVI–ზე არცთუ იშვიათად გაისმის ლატინინას გამყინავი ხმა ქართული სასწაულების თაობაზე. მას ტოლს არც სხვები უდებენ. უსმენ მათ და ვერ გაგიგია შენს ქვეყანაზე საუბრობენ, თუ შვეიცარიაში გადატანილ საქართველოზე. იქნებ არც ისე მძიმედაა საქმე, როგორც ზოგიერთებს გვგონია? მაგრამ, თვალს მოაშორებ თუ არა ცისფერ ეკრანს, უმალ თვალწინ დაგიდგება ცხოვრებისეული მუქი ეკრანი – სანაგვე ყუთებში გადაშვებული საქართველო, ისე, როგორც ხაბაზი თონეში, დროებითი საცხოვრებლიდან უკომპენსაციოდ გამოყრილი ორი ომის მსხვერპლი ლტოლვილები, ერთი უბნიდან მეორეში მოვაჭრეებზე დაფუძნებული ეკონომიკა.

საინტერესოა, რა განწყობაზე დადგებოდა პატივცემული ჟვანეცკი და მისი თანამოაზრენი დილით გამოღვიძებულზე, მოსკოვის ერთ–ერთ ცენტრალურ მოედანზე პლასტმასის ფალოსი რომ ენახათ ან კრემლსა და მანეჟს შორის გადებული თეთრი ხიდი? ფალოსი, 4–5 მილიონი ევრო, ხოლო ძველ ქალაქში, მეხუთე საუკუნის სიონის საკათედრო ტაძრისა და 368 წელს აშენებულ ნარიყალას ცხვირწინ ჩადგმული თეთრი ხიდი – 60 მილიონი ევრო. აქვს თუ არა გაღატაკებულ საქართველოს მსგავსი არქიტექტურულ–ფინანსური ვოლუნტარიზმის უფლება? პასუხი თქვენთვის მომინდვია. და რაც არანაკლებ საინტერესოა – არავინ იცის, რა ფულით აშენდა ქართული „საოცრებები“, ან როგორ შენდება ევროპაში ყველაზე გრძელი (20 კმ) ბულვარი? ყოველივე აღნიშნული ხდება ქვეყანაში, სადაც საშუალო პენსია 60–70 ლარის ანუ 40 დოლარის ექვივალენტია, რაც გაცილებით ჩამორჩება თუნდაც სახელმწიფოს მიერ დაწესებულ საარსებო მინიმუმს (150 ლარი).

მავანი შემედავება – თუ ბიზნესმენთა თაოსნობით რაიმე შენდება, რა არის ამაში დასაძრახიო. გიპასუხებთ – რაღა მაინცდამაინც ზემოთნახსენები საშინელებების სურვილი გაუჩნდათ მამაცხონებულებს. იქნებ გააჩენინეს ასეთი რამ?

ერთხელ, პარლამენტის წინაშე გამოსვლის დროს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დარბაზში მყოფ ბიზნესმენ გოგი თოფაძეს ასეთი სიტყვებით მიმართა – დაყაჭე ფულიო. დარბაზში მყოფმა პარლამენტარმა სააკაშვილმა უმალ აიტაცა წინამორბედის „სიბრძნე“ და რაც პრეზიდენტი გახდა აყაჭვინებს და აყაჭვინებს ბიზნესმენებს თანხებს, ეს უკანასკნელნი კი – ჩვენ, საქართველოს ისედაც გაძვალტყავებულ მოსახლეობას.

მწირი საბიუჯეტო შემოსავლების შესავსებად, საქართველოში ყველაფერი იყიდება: სახლები, საბჭოური საწარმოები, საძოვრები, ტყეები, წვრილფეხა თუ მსხვილფეხა საქონელი, განსაკუთრებით – ცხვარი. საქართველო ერთ დროს, ცხადია ავადსახსენებელ კომუნისტურ ეპოქაში, მოწინავე მეცხვარეობის რესპუბლიკა იყო. ის ვერ შეეპაექრებოდა ავსტრალიას და ახალ ზელანდიას, მაგრამ ამიერკავკასიაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა. თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს მონაცემები სოფლის მეურნეობის ამ დარგში, ისე, როგორც სხვა დარგებში, ნულს უთანაბრდება. თბილისის სუპერმარკეტებში ცხვრის ხორცის იშვიათი გამოჩენა მთვარის დაბნელების ეფექტს ახდენს, განსაკუთრებით ფასიდან – (18–20 ლარი ერთი კილოგრამი) გამომდინარე. და ასეთ დროს ქვეყნის პირველი პირი ტრაბახით აცხადებს, რომ წელს 300 ათასი თავი ცხვარი გაყიდეს არაბულ ქვეყნებში, მათ შორის არა ნამატი, არამედ დედა ცხვარი, რაც მეცხვარეობის ამოძირკვის ტოლფასია.

ზაფხულის გვალვებმა ხორბლისა და მარცვლეულის მოსავლის სერიოზული შემცირება გამოიწვია. საქართველოს ხორბლის მომწოდებელმა ქვეყნებმა – რუსეთმა, უკრაინამ და ყაზახეთმა არათუ შეამცირეს ექსპორტი, არამედ წლის ბოლომდე აკრძალეს კიდეც. საქართველო სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა. არადა ეს ქვეყანა ისტორიულად ხორბლისა და მარცვლეულის ტრადიციულ მწარმოებლად ითვლებოდა. საბჭოთა პეროდში მარცვლეული კულტურების განვითარებას სერიოზული ყურადღება ექცეოდა ისე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დარგებს. დარგობრივი კვლევითი ინსტიტუტების შრომის წყალობით მთელი რიგი ისტორიული, ძველი ჯიშების რეანიმაცია განხორციელდა, შეიქმნა ახალიც. დამოუკიდებელ საქართველოში, განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ყველაფერი მიწასთან გასწორდა და ერთ დროს აგრარული ქვეყანა შიმშილის ზღვრამდე დავიდა. საქართველოს შემოაქვს თითქმის ყველა დასახელების კვების პროდუქტი, ბოსტნეული, კიტრი, პომიდორი, ხახვი, ნიორი და სხვა მეზობელი თურქეთიდან. თურქულმა ქიმიკატებით გაჯერებულმა კვების პროდუქტებმა და ბოსტნეულმა წალეკა ქართული ბაზარი, განდევნა რა ადგილობრივი პროდუქცია.

თვალი შევავლოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციას. ა.წ. ივლისში 2009 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო კალათის ფასები 7%–ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდა გამოწვეულია ბენზინზე (26,8%), დიზელზე (42,4%), ბოსტნეულზე (9,8%), შაქარსა და საკონდიტრო ნაწარმზე (22,6%), პურპროდუქტებზე (3,3%), ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (4,8%), ხილზე (20,9%), ზეთსა და ცხიმზე (8,8%) ფასების ზრდით. ფასები მოემატა განათლებას – 50,3%–ით, ტრანსპორტს – 8,5%–ით, ჯანდაცვას – 3,9%–ით. და ეს ყველაფერი შელამაზებული სახელმწიფო მონაცემებია. რეალური კი – გაცილებით მძიმეა.

დავესესხები ჟურნალისტური გამოძიების სააგენტოს „დრო და სივრცის“ ხელმძღვანელს თენგიზ ჩხიკვაძეს. აი რას წერს ის: – „დღეს საქართველოს აქვს მაქსიმუმ 120 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი და ეს არის ერთი მერვედი ხორბლის იმ რაოდენობისა, რაც საქართველოს სჭირდება. . . თუ სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს ამ დარგის განვითარებაში, 2–3 წელიწადში გვექნება ხორბლისა და ჭვავის საკუთარი ბაზა და არ ვიქნებით დამოკიდებული იმპორტზე“. უნებლიედ იბადება კითხვა – ვისი საქმეა ეს? ცხადია – ხელისუფლების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს. პირველს ხელმძღვანელობს PR–ისტი, მეორეს – ჟვანეცკის ნანატრი ასაკის, 27 წლის მინისტრი, რომელიც ისე შორს არის სოფლის მეურნეობიდან, როგორც საქართველო პლანეტა მარსიდან.

ბატონი ჩხიკვაძის გამოკლევით, საქართველოს მოსახლეობას იმპორტიორები მხოლოდ მეოთხე კატეგორიის, ანუ ბოლო კატეგორიის ხორბლით კვებავენ, რომლისგან ნორმალური პურის გამოცხობა შეუძლებელია. ასეთი პური ჯანმრთელობისათვის საზიანოა. მეოთხე კატეგორიის ხორბალს ათასგვარ ქიმიურ დანამატებსაც უმატებენ, რომელიც შენელებული მოქმედების საწამლავია. ონკოლოგიური ცენტრის ბოლო მონაცემებით, საგრძნობლად გახშირდა კუჭის კიბო, რასაც უხარისხო საკვები იწვევს, მათ შორის პური. საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებს პურპროდუქტების ვარგისიანობას.

საქართველოში წლიურად 200–250 მილიონი დოლარის ხორბალ–პურეული შემოდის. ეს ბიზნესი მთლიანად რეჟიმის ხელშია.

ერთი ასეთი ნაკლებად სასიამოვნო ინფორმაცია, რომელსაც მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე გვაწვდის – ლენინგრადის ბლოკადის დროს ერთი სული ყოველდღიურად 250 გრამ პურს მოიხმარდა. ბლოკადის ბოლოს – 500 გრამს. საქართველოს სტატისტიკის მონაცემებით დღეს საქართველოს ერთი მოქალაქე დღიურად 300 გრამს მოიხმარს.

სხვა მძიმე მაგალითების მოყვანაც შეიძლება, თუმცა ვგონებ ესეც საკმარისია იმისათვის, რომ ხელისუფალთა სტუმარმა პრიალა ფასადური თბილის–ბათუმის ეზოებშიც შეიხედოს, გაკვრით მაინც თვალი შეავლოს თუნდაც ოფიციალურ სტატისტიკას, სადაც ნათელს სიმუქე სჭარბობს, დაელაპარაკოს არა მარტო ხელისუფლების ან მის მიერ გამოგონილი ოპოზიციის წარმომადგენლებს, არამედ რიგით ქართველს და თუ მაშინაც გაუჩნდება სააკაშვილის საქართველოს ქების სურვილი, ჩავთვლით რომ ძველი ქართული ანდაზა – „ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს“ – დღესაც აქტუალურია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"