ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
13.09.2010
ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა თუ ზედმეტი ტვირთი?

როგორც საინფორმ. სააგენტოები და მას-მედია იტყობინება, ამა წლის 6 სექტემბერს რუსეთის და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა, ანატოლი სერდიუკოვმა და ეჰუდ ბარაქმა ხელი მოაწერეს სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას. კერძოდ, ისრაელის გაზეთი "The Jerusalem Post" 7 სექტემბერს წერდა:

„ისრაელმა და რუსეთმა ორშაბათს გადადგეს მნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯი, პირველად მოაწერეს რა ხელი სამხედრო ხელშეკრულებას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გაფართოვდეს თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სფეროებში. ხელმოწერილ შეთანხმებას ასევე შეიძლება მოჰყვეს ისრაელის წარმოების იარაღის მიყიდვა რუსი სამხედროებითვის.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა და მისმა რუსმა კოლეგამ ანატოლი სერდიუკოვმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მოსკოვში გამართული ოფიციალური ცერემონიის დროს. მოგვიანებით იმავე დღეს, ბარაქი შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ პუტინს მის კერძო რეზიდენციაში სოჭში.

რუსეთი განსაკუთრებით დაინტერესებულია ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) შეძენით. 2009 წელს რუსეთმა იყიდა 12 უპილოტო თვითმფრინავი ისრაელის კომპანია Aerospace Industries-გან. ეს მოხდა საქართველოსთან ომის შემდეგ, რომლის შეიარაღებული ძალები იყენებდნენ ისრაელის ფირმა Elbit Systems-ის უპილოტო აპარატებს Hermes 450.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობის თანახმად, რუსეთის არმიაში მომზადებულია 50 სამხედრო მოსამსახურე 12 უპილოტო თვითმფრინავის ექსპლუატაციისთვის.

ისრაელმა რამდენიმე ხნის წინ შეაჩერა რუსეთთან უპილოტო თვითმფრინავების ერთობლივი საწარმოს შექმნის გეგმები, რადგან გამოითქვა შეშფოთება მგრძნობიარე ტექნოლოგიების გადაცემის შესახებ.

ბარაქთან შეხვედრის შემდეგ, ორშაბათს, სერდიუკოვმა განაცხადა, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალების გამოცდილების და ნოუ-ჰაუს გადაღება ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის არმიის მოდერნიზაციის საქმეში.

ეჰუდ ბარაქის ვიზიტი რუსეთში მიმდინარეობს ისრაელის შეშფოთების ფონზე, რაც უკავშირდება მოსკოვის მიერ სირიისთვის და ირანისთვის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების მიყიდვას“.

როგორც ვხედავთ, არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ისრაელი აპირებს იყიდოს რაიმე სახის რუსული შეიარაღება ან აღჭურვილობა. მართალია, მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, ბარაქთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ისრაელი განიხილავს რუსული ლაზერული სისტემების შეძენის შესაძლებლობას, რომლებიც განკუთვნილია საფრენ აპარატებზე დასაყენებლად. მაგრამ, როგორც ჩანს, აქაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამავე დროს, ღია წყაროების მიხედვით, ისრაელი ყოველნაირად ცდილობს თავი აარიდოს რუსეთისთვის უპილოტო საფრენ აპარატებში ჩადებული მოწინავე ცოდნის და ნოუ-ჰაუს მიწოდებას. ამის გარეშე რუსეთის მიერ ებრაული უსა-ბის შეძენა მხოლოდ ამ ქვეყანაზე დამოკიდებულს გახდის რუსეთს, რაც, წესით, არ უნდა შედიოდეს რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესებში, რადგან ისრაელი არასოდეს ყოფილა და არც ამჟამად არის მათი ახლო მოკავშირე.

ამავდროულად, ისრაელის მას-მედია ავრცელებს ინფორმაციებს, რომ რუსეთი თითქოსდა დათანხმდა არ მიჰყიდოს სირიას და ირანს შეიარაღების გარკვეული სახეობები. შეგახსენებთ, რუსეთი აპირებდა სირიისთვის გადაეცა „იახონტის“ ტიპის საზღვაო ფრთოსანი რაკეტები და სხვა შეიარაღება. ეს უკვე წარმოადგენს დაუფარავ ზეწოლას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრზე „პატარა ქვეყნის“ მხრიდან. თავად მუსირება ამგვარი ინფორმაციებისა, თუნდაც ისინი არ შეესაბამებოდნენ სინამდვილეს, ზიანს აყენებს რუსეთის იმიჯს მთელ მსოფლიოში, და განსაკუთრებით მუსულმანურ სამყაროში. არადა, სწორედ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნები არიან რუსული იარაღის ძირითადი მყიდველები, და არა ევროპა, აშშ ან იგივე ისრაელი. უცხოეთში იარაღის გაყიდვა რუსეთს მრავალმილიარდიან შემოსავლებს აძლევს და ფაქტიურად, ინახავს მის სამხედრო მრეწველობას. გაუგებარია, რატომ უნდა თქვას რუსეთმა უარი იარაღის მიწოდებაზე თავისი კლიენტებისთვის სხვა ქვეყნების ხათრით, თუკი ეს არ არის აკრძალული საერთაშორისო კონვენციებით ან გაეროს მიერ დაწესებული სანქციებით, მით უმეტეს, როცა ეს ქვეყნები არაფერში ეხმარებიან მას, არ ყიდულობენ მის შეიარაღებას და ა.შ. უფრო მეტიც, ისრაელი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქართული, უფრო სწორად სააკაშვილის არმიის აღჭურვაში და წვრთნაში, იმ არმიისა, რომელმაც შემდეგ რუსეთის ჯარზე მიიტანა იერიში. არსებობს ინფორმაციებიც, რომ ისრაელის სამხედრო ინსტრუქტორები უშუალოდ მონაწილეობდნენ 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებებში ან მათ დაგეგმვაში.

ამ დროს კი, იგივე სირია წარმოადგენს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის და შემდეგ რუსეთის გამოცდილ მოკავშირეს. რუსეთის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა იმ გეგმების შესახებ, რომლებიც ითვალისწინებს სირიის ქალაქ ტარტუსში რუსეთის საზღვაო ფლოტის ბაზირების პუნქტის ინფრასტრუქტურის აღდგენას. სირია ასევე მზადაა რუსული იარაღის მსხვილი პარტიები შეიძინოს და ითანამშრომლოს რუსეთთან საერთაშორისო პოლიტიკის მრავალ სფეროში. იგივე შეეხება ირანს, რომელიც ასევე წარმოადგენდა რუსული იარაღის მსხვილ მყიდველს, სანამ თავად რუსეთი არ შეუერთდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ირანი აცხადებს მზადყოფნას ითანამშრომლოს რუსეთთან ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ატომური ენერგეტიკა, სამოქალაქო ავიაცია და ა.შ. პასუხად კი ხშირად იღებს გაუგებარ ორჭოფობას და დროის გაყვანას (ავიღოთ თუნდაც ბუშერის ატომური სადგურის მშენებლობის გაჭიანურება 10 წელზე მეტი ხნის მანძილზე და ირანისთვის ს-300 ტიპის სარაკეტო-საზენიტო სისტემების მიწოდების ისტორია). ამ ყველაფერმა შესაძლოა რუსეთის, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშის იმიჯი სერიოზულად შებღალოს ახლო აღმოსავლეთში და დანარჩენ მსოფლიოშიც, აქედან გამომდინარე გეოპოლიტიკური შედეგებით.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"