ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
14.07.2010
არალეგალი სააკაშვილი

საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილი მიწვევის გარეშე გაემგზავრა უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩის დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და იუბილარისთვის მისალოცად, ხოლო შემდეგ ყირიმში ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს შეხვდა, რომელიც დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობდა.

თავად ის ფაქტი, რომ ქვეყნის პრეზიდენტზე ასეთი რამე შეიძლება თქვან - არ მოგვიწვევია, ბატონო, თავისი ინიციატივით ჩამოვიდა და ხომ ვერ გავაგდებდითო - უკვე უპრეცედენტოა თავისი კომიზმით და აბსურდულობით. ქართველი „ექსპერტების“ ნაწილი მაინც მიესალმა ამ ფაქტს, აქაოდა, უკრაინა ჩვენი მეგობარია და გვჭირდება მასთან ურთიერთობაო. ასევე მიესალმნენ ლუკაშენკოსთან შეხვედრასაც. მაგალითად, ა. ბარნოვმა ასეთი ახსნა მოუძებნა ამ ფაქტს: ხედავთ, რა ცუდია რუსეთი, თვით „ერთგული“ ლუკაშენკოც კი გაამწარა და გადაიკიდაო.

მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა და მისმა ბოკერიებმა საქართველო დიდი ზარ-ზეიმით გამოიყვანეს დსთ-დან, ახლა კი იგივე სააკაშვილი ლამის პარტიზანულად ჩადის (დარბის) დსთ-ს ქვეყნებში და ამ ქვეყნების მეთაურების სამიტის შორიახლოს ტრიალებს. ასევე საგულისხმოა ის, რასაც სააკაშვილის პროპადანდისტები უმალავენ მოსახლეობას - რომ საქართველო ყველანაირად ცდილობს დარჩეს დსთ-ს მიერ მიღებულ სხვადასხვა შეთანხმებებში, ეკონომიკის და სხვა სფეროებში, რადგან ეს ხელსაყრელია ქვეყნისთვის. ამავე დროს, მმართველი რეჟიმი ზიზღნარევი ირონიით მოიხსენიებს რუსეთს, დსთ-ს და მას უპერსპექტივო, არაფრის მაქნის გაერთიანებად წარმოსახავს, კურსი კი ვითომ ევროკავშირისკენ აქვს აღებული. როგორც ვხედავთ, პატივცემული გვამები ორ სკამზე ჯდომას ცდილობენ: თან დსთ-ს და მის წამყვან ძალას, რუსეთს ლანძღავენ და ამასხარავებენ, თან ჩუმ-ჩუმად ამ გაერთიანების სიკეთეებით სარგებლობასაც არ უკადრისობენ. ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გაგრძელდება ამგვარი პოლიტიკა. დსთ-ს სივრცეზე ინტეგრაციული პროცესები ძლიერდება და არა გვგონია, მერყევი ელემენტები და მუქთამჭამელები იქ დიდხანს მოითმინონ. ამგვარ ქვეყნებს და ლიდერებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ ბოლოს და ბოლოს.

რაც შეეხება ლუკაშენკოსთან შეხვედრას და მის ახსნა-გამართლებას ქართველი ექსპერტების მიერ, პირდაპირ გასაოცარია, როგორ ახერხებენ ყოველთვის ისინი მათთვის სასურველი ინტერპრეტაცია გამოძებნონ. სააკაშვილი და მისი ექსპერტები თავს „დემოკრატიისთვის წამებული“ ქვეყნის მებრძოლ შვილებად ასაღებენ, რომელიც, მათი სიტყვებით, ცდილობს „საერთო ფასეულობების“ საფუძველზე „მშობლიურ“ ევროპას თუ ევროატლანტიკურ სივრცეს დაუბრუნდეს, ამ დროს კი „პრეზიდენტი“ უკვე მერამდენედ ხვდება ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებულ ლუკაშენკოს, რომელიც მიხეილის მიერ დეკლარირებულ ფასეულობებზე უკვე 15 წელია განსაკუთრებული აგრესიულობით და ზიზღით საუბრობს. მაინც რაზე ესაუბრება სააკაშვილი ლუკაშენკოს? ნუთუ ათასიოდე ბელორუსი ტურისტის აჭარაში დასვენების ბუნდოვან პერსპექტივაზე და ქართული ღვინის მცირე პარტიის ბელორუსიაში გაყიდვაზე? საინტერესო იქნებოდა პროამერიკული ექსპერტების აზრი ამის თაობაზე. არ გვინდა დავიჯეროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული პირი იმდენად ბრიყვია, რომ ბელორუსიის ლიდერს რუსეთთან დაპირისპირებისკენ აქეზებდეს და ალტერნატივად თავის მეგობრობას სთავაზობდეს. არადა, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება იქმნება ჩვენი ექსპერტების კომენტარებიდან. ბელორუსია მთლიანად დამოკიდებულია რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებზე და სულ ახლახანს რუსეთ-ყაზახეთ-ბელორუსიის საბაჟო კავშირში შესვლასაც მოაწერა ხელი. მოსალოდნელია ინტერგაციის შემდგომი, უფრო ღრმა ეტაპებიც. რაც შეეხება „ექსპერტულ“ განცხადებებს, რომ რუსეთმა „გაამწარა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი“ (სააკაშვილის არ იყოს) ლუკაშენკო, გ. ნოდიას, ა. ბარნოვს და სხვა პროამერიკულ ექსპერტებს ავიწყდებათ ელემენტარული ფაქტი, რომ ამ „გამწარების“ მოუხედავად, ლუკაშენკოს უარი არ უთქვამს რუსეთთან ინტეგრაციაზე არც ერთ სფეროში. პირიქით, ეს პროცესი სულ უფრო ღრმავდება. ბელორუსია არც დსთ-დან გამოსულა. სააკაშვილმა კი რა ჰქნა? დსთ-ს მეთაურთა სამიტებზე აღარ მიესვლება და ახლა, უკაცრავად შედარებისთვის, მშიერი ფინიასავით ახლომახლო ტრიალებს, რომ როგორმე დსთ-ს რომელიმე ქვეყნის ლიდერს პირისპირ შეხვდეს, თუნდაც დაუპატიჟებლად.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"