ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
02.07.2010
და მაინც, რატომ აღარ ”სწყალობს” სააკაშვილი სტალინს?

სახელმწიფო დონეზე აგორებულმა ხულიგნობის ტალღამ, რომელმაც ბოლო დღეებში გადაუარა საქართველოს და გამოიხატა სტალინის ძეგლების დემონტაჟში გორსა და ტყიბულში, აგრეთვე სტალინის სახელობის ქუჩებისა და სკვერებისთვის სახელების გადარქმევაში, არ გახლავთ სააკაშვილის მორიგი კაპრიზი, ამ მოვლენას აქვს უფრო სიღრმისეული მიზეზები:

- ჯერ ერთი, სტალინის ძეგლების დემონტაჟი წარმოადგენს საქართველოს ამჟამინდელი მმართველი რეჟიმის ანტირუსული პროპაგანდის გაგრძელებას, ეს რეჟიმი კი აგვისტოს შემდგომ პრაქტიკულად გაკოტრებულ საქართველოში, როგორც ჩვენ ამას არაერთხელ გავუსვით ხაზი, თავის პოლიტიკურ ენერგიას პოულობს რადიკალურ რუსოფობიაში. ამ პროპაგანდაში ”მაღალი ტემპერატურა” მუდმივად უნდა იქნას შენარჩუნებული, ქართულ-რუსული ერთობლივი ისტორიის ნებისმიერი სიმბოლო უნდა წაიშალოს და ადამიანების ცნობიერებაში აღნიშნული სიმბოლოების გარდატეხა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური მოვლენების სახით, რითაც მიღწეულ უნდა იქნას ხალხის კონსოლიდაცია ხელისუფლების გარშემო, ”მტრის” წინააღმდეგ. სტალინი წარმოადგენს რუსების და ქართველების ერთობლივი ისტორიის ერთ-ერთ სიმბოლურ სვეტს, რომელიც, მისი წინააღმდეგობრიობის მიუხედავად, უფრო მეტად პოზიტიურად აღიქმებოდა, ვიდრე ნეგატიურად, როგორც რუსების, ისე ქართველების მიერ (საყურადღებოა, რომ ძეგლი გორში აღებულ იქნა 24 ივნისს, ანუ იმ დღეს, როდესაც 65 წლის წინათ კრემლის კედლებთან გაიმართა გამარჯვების აღლუმი).

- მეორე, საქართველოს მმართველი რეჟიმის მნიშვნელოვანი გაუცხოება თავისი დასავლელი მფარველებისაგან, რის შესახებაც ჩვენ უკვე ვწერდით (ბმული), ხელისუფლებას უბიძგებს უფრო რადიკალური ნაბიჯებისაკენ, რათა მან საკუთარ თავს შეუქმნას ლიბერალური დემოკრატიის იმიჯი, რომელიც ავტორიტარიზმთან ნებისმიერ პარალელს მკვეთრად უარჰყოფს. ახლა, სტალინის ძეგლების დანგრევის შემდეგ, რამაც რეზონანსი ჰპოვა დასავლურ მას-მედიაში, უფრო ხელსაყრელი ფონია შექმნილი საქართველოში ჰილარი კლინტონის 5 ივლისის ვიზიტის წინ. ასევე დაგეგმილია ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტიც. ეჭვს გარეშეა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, თავის დასავლელ მფარველებს გაუადვილოს ამოცანა - მათ ეძლევათ ამ ხელისუფლების ”დემოკრატიულობის საბუთი”, რის საფუძველზეც შეეძლებათ, თავიდან აიცილონ კრიტიკა თავიანთ ქვეყნებში. სტალინის ძეგლების მოცილება ”წარმატებით” ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების ფონზე შესანიშნავი ”მასალაა” ამ თვალსაზრისით, ერთი ავსებს მეორეს.

მაგრამ: მედალს მეორე მხარეც აქვს. სააკაშვილი ბოლო დრომდე ”ძლიერი ხელის” იმიჯს ნერგავდა და როგორც მინიმუმი, არ ეწინააღმდეგებოდა თავისი პერსონის აღქმას უბრალო ქართველი მოქალაქეების ცნობიერებაში, როგორც ”ახალი სტალინისა” (სამეგრელოს ზვიადისტებმა იგი ”ახალ ზვიადად” აღიქვეს, რისთვისაც სააკაშვილს ასევე არ გაუწევია წინააღმდეგობა). განსაკუთრებით მისი მმართველობის დასაწყისში ქართული პრესა სააკაშვილისთვის მომგებიან კონტექსტში ყურადღებას ამახვილებდა იმ დამთხვევაზე, რომ სტალინი და სააკაშვილი ერთ დღეს - 21 დეკემბერს არიან დაბადებულნი. კახეთში სააკაშვილს 2004 წელს შეძახილებით ”სტალინო!” შეხვდნენ, რაზეც მან ფართოდ და კმაყოფილებით გაიღიმა, ხოლო მისმა მეუღლე სანდრა რულოვსმა პირდაპირი პარალელები გაავლო სააკაშვილსა და საქართველოს ”ძლიერ პოლიტიკოსებს”, კერძოდ, სტალინს შორის (იხ. ბმული). საკუთარი პოლიტიკური სარგებლის მოსაზრებიდან გამომდინარე, სააკაშვილი სწორად იქცეოდა, როდესაც პატრიარქალურ საქართველოში ძლიერი, ავტორიტარული მმართველის იმიჯს ამკვიდრებდა, რომლის ასოცირება მსოფლიო ისტორიის ისეთ ძლიერ ფიგურასთან შეიძლებოდა, როგორიცაა ეთნიკური ქართველი სტალინი. მაშ ნუთუ მცდელობა, თავი მოაწონოს თავის დასავლელ მმართველებს, სააკაშვილისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის მიერ აქამდე პრაქტიცირებული იმიჯი და საკუთარი ხალხის მხრიდან პატივისცემა? ეს მეტად მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ-ჯერობით არ არსებობს. აშკარაა მხოლოდ ის, რომ სააკაშვილი ბოლომდე ”გაუწვა” თავის ულტრალიბერალურ გარემოცვას (ამ გარემოცვას უნდა მივაკუთვნოთ შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილიც, განსაკუთრებით რუსული გაზეთ ”კომერსანტისთვის” მიცემული ცნობილი ინტერვიუს შემდეგ), რომელიც მასზე უკვე კარგა ხანია, ახდენდა ზეწოლას და მოითხოვდა სტალინის ძეგლების მოცილებას. მაგრამ ორიენტირების ასეთი მკვეთრი ცვლილებანი არ შეიძლება იყოს გამოწვეული კარგი ცხოვრებით - მიუხედავად უღრუბლო გარეგნული ფასადისა (მუნიციპალური არჩევნების წარმატებით ჩატარება და მასში გამარჯვება), ქვეყანაში ლატენტურად მიმდინარე ღრმა პოლიტიკური კრიზისია.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"