ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
დიასპორა
01.05.2010
სანქტ-პეტერბურგში საქართველოს მომავალზე მსჯელობდნენ

23-24 აპრილს, რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქად წოდებულ სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა საქართველოს ხალხთა დიასპორების მსოფლიო ფორუმი. ფორუმის ორგანიზატორი იყო პეტერბურგელი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე, რომელმაც შარშან ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის სურვილი გამოაცხადა.

ღონისძიებას ესწრებოდა 270-ზე მეტი დელეგატი და ასეულობით სტუმარი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, აშშ-დან, რუსეთიდან და რა თქმა უნდა, საქართველოდან. მონაწილეთა შორის იყვნენ კულტურის მოღვაწეები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები. ფორუმის მუშაობაში ჩაერთვნენ ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც, კერძოდ, კობა დავითაშვილი და კახა კუკავა.

საქართველოს ხალხთა დიასპორების მსოფლიო ფორუმმა მიიღო რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტილება, რომლებიც მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ რეალურად განხორციელდა. მათ შორის არის საერთაშორისო სადამკვირვებლო (საარჩევნო მონიტორინგის) ორგანიზაციის შექმნა, საქართველოს ხალხთა დიასპორების საკოორდინაციო საბჭოს დაფუძნება და ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის გააქტიურება ეთნიკურად შერეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბების გზით.

არჩევნების რეალური მონიტორინგი ის ყბადაღებული და „დაწყევლილი“ თემაა, რომელიც აგერ უკვე 15 წელია თან სდევს ქართულ პოლიტიკას. გაყალბების ტექნოლოგიები ჩვენში მუდმივად წინ უსწრებს არჩევნების სამართლიანობის და დაცვის ტექნოლოგიებს. ამასთან, გაყალბება სულ უფრო „დახვეწილი“ ხდება და პრიმიტიული „კარუსელების“ დატრიალებიდან ინაცვლებს ადმინისტრაციული რესურსის უფრო ადრეულ, წინასაარჩევნო ეტაპებზე გამოყენებისკენ. ასე რომ, არჩევნები უკვე „მოპარული“ გამოდის ჯერ კიდევ იქამდე, სანამ საარჩევნო უბნები გაიხსნება და პირველი ბიულეტენი ურნაში მოხვდება. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ევროკავშირის, დსთ-ს თუ სხვა ორგანიზაციების ეგიდით მოქმედებენ, არ ან ვერ ებრძვიან ეფექტურად ამ მოვლენას. ასე რომ, მრავალრიცხოვანი, მობილიზებული, კარგად დაფინანსებული ორგანიზაციის არსებობა, რომლის წევრებსაც უმაღლეს დონეზე ექნებათ გავლილი ტრენინგები, მათ შორის ევროპის ქვეყნებში და დაეუფლებიან საარჩევნო კანონმდებლობის ყველა ნიუანსს, სერიოზულ წვლილს შეიტანდა გაყალბებისგან თავის დაცვის პროცესში. რაც მთავარია, ამგვარი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას უნდა გააჩნდეს პოლიტიკური ნება, რომ რეალურად აღკვეთოს არჩევნების ფალსიფიცირება ნებისმიერ ეტაპზე.

საყურადღებო ინიციატივაა ქართულ დიასპორათა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის იდეა. იგი ხალხის პარტიის ლიდერს ეკუთვნის და თავის გამოსვლაში ფორუმზე კ. დავითაშვილმა პარალელი გაავლო სომხური და ქართული დიასპორების მოღვაწეობის შედეგებს შორის. ცხადია, რომ ქართული დიასპორის მიღწევები ბევრად უფრო მოკრძალებულია. ეს გასაგებიცაა ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან სომხური დიასპორა იქ გაცილებით მრავალრიცხოვანი, მდიდარი და გავლენიანია ტრადიციულად, ქართულთან შედარებით, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით, მაგალითად, რუსეთზე. ქართველებს არანაკლები რაოდენობის, თუ მეტის არა, ცნობილი პიროვნება, კულტურის მოღვაწე, ბიზნესმენი, ექიმი და ა.შ. გვყავს რუსეთში, ვიდრე ჩვენ მეზობელ ერს, თუმცა ქართული დიასპორის საქმიანობა ფაქტიურად სამშობლოში ფულის გამოგზავნით ამოიწურება. არავინ დავობს იმაზე, რომ ამით რუსეთში მცხოვრები ქართველები უამრავ ოჯახს ინახავენ საქართველოში, მაგრამ დღევანდელ პირობებში ეს უკვე აშკარად არასაკმარისია, მითუმეტეს, აგვისტოს ომის შემდეგ, როცა რეალურად დადგა საქართველოს საბოლოო დაშლის და დანაწევრების საფრთხე. ამ საფრთხის თავიდან აცილებაში რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა თავისი სერიოზული წვლილი უნდა შეიტანონ. ერთგვარი საკოორდინაციო საბჭოს შექმნა კი დიასპორების საქმიანობის გაძლიერების და მოღვაწეობის სფეროების გაშლის შესაძლებლობას ქმნის, თუკი ეს იდეა რეალურად განხორციელდება.

ამ კონტექსტში დადებით ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური შერეული სამუშაო ჯგუფების შექმნის ინიციატივაც. მართალია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების საკითხი არა იმდენად საქართველოში წყდება, მაგრამ მაინც აუცილებელია და ძალზე მნიშვნელოვანი, რეალური დიალოგის დაწყება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან. აქამდე ეს დიალოგი ფაქტობრივად არ მიდიოდა, ან ამოიწურებოდა ჟენევაში თუ საზღვარგარეთის სხვა ქალაქებში ცალკეული პირების პერიოდული შეხვედრებით კონფლიქტების მონაწილე მხარეებიდან. არანაირი შედეგი ამ შეხვედრებს არ ჰქონდა, და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, თუ გავიხსენებთ, რომ ისინი მიმდინარეობდა საქართველოს ხელისუფლების აგრესიული და ანტირუსული რიტორიკის ფონზე, რასაც ქართული მხარის წარმომადგენლები სათანადო შეფასებას ვერ აძლევდნენ, რადგან ბევრი მათგანი თავადაც ანტირუსული და პროამერიკული განწყობებით გამოირჩეოდა.

ეს რაც შეეხება მსოფლიო ფორუმზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მოკლედ შევჩერდეთ ზოგადად საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ქვეყნის წინ მდგარ გამოწვევებზე. დღევანდელი ხელისუფლება ამკვიდრებს აზრს, რომ ის არის „პროდასავლური“, ხოლო ოპოზიცია კი „პრორუსული“, რომელიც ებრძვის არა სააკაშვილის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობას, სურს პუტინს ჩააბაროს ქვეყანა, თბილისში, პარლამენტის თავზე აღმართოს რუსული დროშა, შემოიყვანოს რუსული ტანკები და ა.შ. ამ პროპაგანდის მსხვერპლი გახდა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ის, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ენდობა სატელევიზიო არხებს. ქართული ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების დასწრებამ პეტერბურგში გამართულ ფორუმზე კიდევ ერთხელ მისცა საშუალება ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ სატელიტ ჟურნალისტებს, ალაპარაკებულიყვნენ „მოღალატეებზე“ და „რუსეთის აგენტებზე“. სინამდვილეში კი რასთან გვაქვს საქმე?

ყოველ დეტალს მნიშვნელობა აქვს და ჩვენი აზრით, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ალ. ებრალიძე მოღვაწეობს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის ყველაზე ევროპულ ქალაქში, რომელიც ისტორიული ცენტრი აგებულია ძირითადად ევროპელი არქიტექტორების მიერ. ებრალიძის მიერ პირვანდელი სახით აღდგენილი სასახლეებიც ამ პერიოდს მიეკუთვნება. ერთ-ერთ ამგვარ სასახლეში, რომელშიც დღეს უმაღლესი დონის სასტუმრო მდებარეობს, ჩატარდა კიდეც დიასპორათა ფორუმი. მიღებულ დეკლარაციაში ერთ-ერთ პუნქტად, რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობის დამყარებასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში შესვლის მიზანია დაფიქსირებული. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც ყურაღდება უნდა მიექცეს. დღეს უკვე შეიქმნა სიტუაცია, როცა პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება საქართველოში ხდება არა „პროდასავლურ-პრორუსულ“ გამყოფ ხაზზე, როგორც ამას ხელისუფლების პროპაგანდა გაჰკივის, არამედ „პროქართულ-ანტიქართულ“ ხაზზე. უფრო ზუსტად, სააკაშვილის ხელისუფლება არის არა პროდასავლური თავისი არსით, არამედ წარმოდგენს ჯორჯ ბუშის ეპოქის პროდუქტს, მახინჯად პროამერიკულს, ანტირუსულს და თავისი არსით ანტიქართულსაც. ახლა კი იკვეთება იმის კონტურები, რომ ქვეყანაში შეიქმნას და გამოიკვეთოს პროქართული, მაგრამ ამავე დროს „პრორუსული“ და „პროევროპული“ ძალები. ოღონდ ეს არ ნიშნავს „ანტიამერიკულობას“. თავად ებრალიძე თავის გამოსვლებში მუდმივად ხაზს უსვამს ამ მომენტს.

მოსახლეობის ნაწილს, რომელიც მოექცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ტელეპროპაგანდის გავლენის ქვეშ, ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება პროქართულობა, ანუ ქვეყნის ინტერესების დაცვა, შეეთავსოს „პრორუსულობას“, ან როგორ შეიძლება „პრორუსულობა“ და „პროევროპულობა“ ერთად არსებობდეს. სინამდვილეში აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არის. რუსეთსა და საქართველოს აქვთ თანხვედრი ინტერესები, რომელთა შეჯერება სრულიად შესაძლებელია და სააკაშვილის შემდეგ მოსულმა პრაგმატულმა ხელისუფლებამ ეს უნდა გააკეთოს კიდეც. ასევე საერთო ინტერესები აქვთ რუსეთს და ევროკავშირს. საინტერესოა, რომ სწორედ იმ დროს, როცა პეტერბურგში მიმდინარეობდა დიასპორათა მსოფლიო ფორუმი, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინმა ავსტრიაში ხელი მოაწერა ამ ქვეყანასთან გაზსადენის, ე.წ. „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობის ხელშეკრულებას, რითაც ყველა ქვეყანამ თანხმობა მისცა ამ პროექტის განხორციელებას. მეორე დღეს კი პუტინი უკვე იტალიას სტუმრობდა, თავის მეგობარს და ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს, სილვიო ბერლუსკონის. უფრო მეტიც, მიმდინარე გლობალიზაციის პირობებში, სხვადასხვა ქვეყნებს, რომლებიც წინათ იდეოლოგიური წინააღმდეგობებით გამოირჩეოდნენ, ბევრი საერთო ფასეულობაც გაუჩნდათ, თუმცა არა ყველა. ამგვარად, იმის მტკიცება, რომ სააკაშვილის მიერ „რეფორმირებული“ თუ დეფორმირებული საქართველო უფრო „ევროპული“ ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი, ან თბილისი უფრო ევროპული ქალაქია, ვიდრე, ვთქვათ, პეტერბურგი, სრული აბსურდია. სინამდვილეში, სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიმართ დღეს დასავლეთ ევროპაში უფრო ნეგატიური და ფრთხილი დამოკიდებულებაა, ვიდრე პუტინის მიმართ, რაც უნდა გასაკვირი იყოს ეს მავანთათვის. ეს ყველაფერი კი მომავალში თავის სიტყვას იტყვის საქართველოს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრის საქმეში.

გიორგი ვეკუა,ევრაზიის ინსტიტუტი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"