ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
16.04.2010
ამერიკის ”პოლიტიკური მიკროქირურგია” საქართველოში

ტელევიზია “იმედის” სკანდალური ვერსია საქართველოში პოლიტიკური მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საკმაოდ ახლოს იყო რეალობასთან, ზოგის აზრით. ამ აზრს, გარკვეული პესპექტივიდან, შეიძლებოდა დათანხმებოდა ადამიანი, მხოლოდ იმ არსებითი დეტალების დამატებით, რომლებიც სატელევიზიო ფორმატში ფაქტობრივად არ იყო ნახსენები. ყირგიზეთის მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრეს ფუტუროლოგიური ფიქრების მოთხოვნილება საქართველოში. “ვარდების რევოლუცია” ხომ პირველი იყო ამერიკული პოლიტიკური ინჟინერიის იმ წყებაში, რომელიც სამ პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკაში განხორციელდა თანმიმდევრობით.

არავისთვისაა უცნობი, რომ “ვარდების რევოლუცია” ამერიკული პოლიტ-ოსტატების უშუალო შემოქმედებას წარმოადგენს, განხორციელებულს საქართველოს სახლმწიფოში, ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა ხელით. თუმცა, ბევრისთვის უცნობია ის ტექნიკური მხარე, რომელიც ამ რევოლუციის უშუალო პირობებს წარმოადგენდა. საკმაოდ ძნელი იქნებოდა აქ ამ ტექნიკური ასპექტების თუნდაც ჩამოთვლა. სატელიტური მონიტორინგი, ანუ მოვლენების კოსმოსიდან მართვა და მხარეების ფიზიკური და საკომუნიკაციო მოძრაობების უშუალო თვალთვალი, რევოლუციის აქტორთა ელიტური ნაწილის ფსიქოლოგიური და სტრატეგიული კონსულტაციები, საჯარო მოხმარებაზე გათვლილი რევოლუციის “წარმოდგენითი” ნაწილის წინასწარი შემუშვება, ტელე-რადიო-მედია-საშუალებების ძირითადი “მესიჯის” სრული კონტროლი და ხდომილობების არაჩვეულებრივი “ნარატიული” ფორმით მიწოდება და სხვ.

მაგრამ რევოლუციის ყველა ამ ტექნიკურ ასპექტს თავისი მნიშვნელობით აღემატება ის ჩუმი, მაგრამ გრძელვადიანი პროცესი, რომელიც, სულ მცირე, ათწლეულით უსწრებს წინ “ვარდების რევოლუციას” და რომელიც მისი აუცილებელი პირობაა. ეს ჩუმი პროცესი, ფაქტობრივად, არის ამერიკული პოლიტიკური ინჟინერიის კვინტესენცია, რომელიც უჩვენებს იმპერიის გრძელვადიანი პროექტირების მასშტაბურობებს და სახეს.

უნივერსიტეტისა და სხვა სასწავლო დაწესებულებების შიდა წრეების გარდა ცოტამ თუ იცის, თუ რას აკეთებენ ისეთი ორგანიზაციები საქართველოში, როგორებიცაა მაგალითად “საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები”, “საერთაშორისო კვლევა და გაცვლა” და “სოროსის ფონდი - ღია საზოგადოება”, რომლებიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აქტიურად მოქმედებენ საქართველოში. თუკი ამ ამერიკული ორგანიზაციების თვითაღწერას დაეყრდნობით, ნახავთ, რომ ისინი პრიორიტეტად “კულტურულ” და “საგანმანათლებლო” მიზნებს ისახავენ, რაც მონაწილის რამდენიმე თვით ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში მიწვევას გულისხმობს. სინამდვილეში, ეს პირველი “მიწვევა” პროცესის მხოლოდ საწყისი საფეხურია. ამ ორგანიზაციების ე. წ. “გაცვლითი პროგრამების” რეალური მიზნების განხორციელების მნიშვნელოვანი ფაზა სწორედ პროგრამის დასრულების შემდეგ იწყება. პროგრამების ქართველ მონაწილეთა და ამერიკელ მენეჯერთა მუდმივი ინტერნეტ-კომუნიკაციები, საერთაშორისო კონფერენციები და სხვა სახის შეკრებები, ინდივიდუალური “მიწვევები” შეერთებულ შტატებში – ესაა ის გრძელვადიანი პროცესი, რომლითაც უნდა მიღწეულ იქნას მთავარი მიზანი: მოცემული ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ელიტის შერჩევა, წვრთნა – იდეოლოგიური და “პრაქტიკული”, დაწინაურება და მათი განთავსება პოლიტიკურ და საკვანძო სამოქალაქო სტრუქტურებში. ამიტომ, ეს ამერიკული ორგანიზაციები მართებულად უნდა აღიწეროს როგორც “დასაქმების ბიურო”, სადაც დამსაქმებელი უცხოური მთავრობაა.

ამ “საგანმანათლებლო” პროგრამების ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი ისაა, რომ საქართველოს აკადემიური დაწესებულებების საუკეთესო და ყველაზე უფრო პოტენციური ნაწილი -- როგორც სტუდენტები, ისე მასწავლებლები – მას მერე, რაც ისინი ამ ამერიკული პროგრამების მონაწილეები ხდებიან, ფაქტობრივად შორდებიან აქტიურ აკადემიურ მოღვაწეობას და ადგებიან პოლიტიკური კარიერის სარფიან ბილიკს. თავისთავად ამ “დეაკადემიზაციის“ პროცესს შეიძლება არ ჰქონოდა ნეგატიური მნიშვნელობა, რადგან პოლიტიკური კადრების დეფიციტი მართლაც გადამწყვეტი იყო ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ქვეყანაში. მაგრამ, გადამწყვეტია ის ფაქტი, რომ რეალურად ამ აკადემიური ელიტის პოლიტიზაცია არის უცხოეთიდან მართული პროცესი, რომელშიც კონკრეტული ინდივიდის “წარმატება” და ინტეგრაცია პოლიტიკურ ქსოვილში წმინდად იდეოლოგიური ნიშნით ხორციელდება. ამ პროცესს მის უმაღლეს ფაზაში ამერიკული სპეციალური სამსახურები და პოლიტ-ექსპერტები განაგებენ. ამერიკის სადაზვერვო სამსაზურებისა და სხვა პოლიტიკური ანალიზის შესაბამისი უწყებები ახორციელებენ როგორც მომავალი პოლიტიკური “კადრების” შერჩევას ამ “გაცვლითი პროგრამების“ მონაწილეებიდან, ისე მათ იდეოლოგიურ რაფინირებას, კონსულტირებას და ინტეგრაციას ფორმირებაში, რომელსაც “ელუმნები” (Alumni), ანუ “კურსდამთავრებულები“, ეწოდება. ესაა ფორმირება, რომელიც “ვარდების რევოლუციის” კადრების 95 %-ს შეადგენდა და რომელსაც რევოლუციის სამივე ლიდერი მიეკუთვნებოდა.

არსებითია იმ ფაქტის ცოდნა, რომ ამ “ელუმნების” ფორმირებას მიეკუთვნება არა მხოლოდ დღევანდელი პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი, არამედ ფუნქციონერების უმრავლესობა საქართველოს პოლიტიკური და სამოქალაქო იერარქიის ნებისმიერი საფეხურიდან, პარლამენტიდან, თუ სასამართლოდან დაწყებული და რიგითი ჟურნალისტით, თუ საშუალო საკანცელარიო მუშაკით დამთავრებული.

მტკიცება, რომ ეს “ელუმნების” ჯგუფი, რომელიც ათასობით ადამიანს მოიცავს, იდეოლოგიურად მონოლითური ერთეულია, საკმაოდ სქემატურად გამოიყურება იმისთვის, რომ ჭეშმარიტი იყოს. არც ის დებულებაა სანდო, რომ უმრავლესობა მათგანმა იცოდა, ან გვიან მაინც გააცნობიერა, რომ მათი პრაქტიკული ფუნქცია ამერიკული პოლიტიკური მენეჯმენტის საკმაოდ მკაცრი ინტერესის სქემით იქნებოდა შემოსაზღვრული და რომ “თავისუფლება“ და “დემოკრატია“, რომლებსაც ვაშინგტონი საჯაროდ ქადაგებს, რეალურად გარდაიქმნებოდა უაღრესად ვიწრო ამერიკული და უცხოური კორპორაციული ინტერესის გატარების დირექტივულ პროცესად, ანუ ამერიკული კორპორაციის “თავისუფლებად“ და “დემოკრატიად“.

მაგრამ, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მათაც კი, ვინც კარგად იცნობდა ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკური პროფილის ბნელ მხარეს, მაგალითად, ლათინური ამერიკის ქვეყნებში განხორციელებული პოლიტიკური ქირურგიის ისტორიებს - დემოკრატიულად არჩეული მთავრობების დამხობების, ავტორიტარული მემარჯვენე რეჟიმების ხელოვნურად “ჩასმის”, ფარული დესტაბილიზაციის და კორპორაციული ძარცვის ორსაუკუნოვან ნარატივს, მათაც კი არ ჰქონდათ წარმოდგენილი კარგად, თუ რა ფორმას მიიღებდა ქართული დემოკრატია 2003 წლის შემდეგ.

არაფერია თვისებრივად ახალი თვითონ იმ ფაქტში, რომ იმპერიული ძალა პოლიტიკურ ლოიალობას ინსტიტუციონალურად ქმნის მის “პროვინციაში”. სპეციფიური განსხვავებების მიუხედავად, სწორედ ეს იყო რომაელი იმპერატორებისა და სენატორების, ირანელი ტირანების, ინგლისელი პარლამენტარების, თუ რუსეთის იმპერატორების სახელმძვანელო მეთოდოლოგია. მაგრამ სიახლეს დავინახავთ, როდესაც ვაცნობიერებთ იმ ფორმებს და მასშტაბებს, რომელიც ისტორიაში პირველი ჭეშმარიტად გლობალური იმპერიისა და მისთვის სახასიათო მართვის მეცნიერულ-ტექნიკური მხარის შეჯვარებამ მოიტანა.

აქ ამ მხარეს ვერ შევეხებით. თუმცა, ცხადია, რომ ტექნიკური მხარე მხოლოდ საშუალებაა და ემსახურება სხვა მიზნობრივ განსაზღვრულობას. საქართველოსთან მიმართებაში ეს განსაზღვრულობა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. სქემატურად თუ დავაფიქსირებთ, ესენია საქართველოს შიდა ეკონომიკური სივრცის ათვისება და საქართველოს გარე როლი ამერიკის გეოპოლიტიკურ თამაშში, რომელშიც პრინციპული ადგილი უკავია რუსეთთან მის პოლიტიკას.

მოკლედ შევეხოთ პირველს. მისი არსია უცხოური ბიზნესის მიერ ქვეყანაში მიმდინარე კაპიტალდაბანდება მისი მოგებით ამოღება-ბრუნვის მიზნით. რატომ არ დაიწყო მეტ-ნაკლებად მასშტაბური უცხოური ინვესტირება საქართველოში 2004 წლამდე? იმიტომ, რომ მანამდე არ არსებობდა სარფიანი და მყარად გარანტირებული კაპიტალდაბანდებისთვის საჭირო პოლიტიკური სტრუქტურები. ეს იყო 2003-ის ბოლოს საქართველოში ლოიალობის მაღალი ხარისხის მქონე პოლიტიკური ელიტის განთავსების საზრისი.

ამ ელიტის კადრები მანამადე “მომწიფების” ფაზაში იყო, როგორც რაოდენობრივად, ისე თვისებრივად. შევარდნაძის “შერეული კადრები”, რომელშიც ამერიკის სპეციალური სამსახურების მიერ ხელდასმულები უმცირესობაში იყვნენ და გვერდს უმშვენებდნენ “ძველებს” - კგბ-ს მიერ ხელდასმულებს, შეიცვალა “ახლებით“. ასაკობრივი მხარე ასევე არსებითია. მისი მნიშვნელობა ამ პოლიტიკური კაპიტალის პოტენცური გრძელვადიანობაა. სააკაშვილს, თუკი ხალხი “აცლის” ამერიკელებს, მესამე საპრეზიდენტო ვადაზეც არ შეაჩერებენ. რაც შეეხება სხვებს, დარწმუნებული შეიძლება იყოთ, რომ ისინი იმოძრავებენ უახლოეს ორ-სამ ათწლეულში ქართულ პოლიტიკურ სივცეში, რომლებსაც უწყვეტად ჩაენაცვლება “ამერიკული ელუმნების” ახალ-ახალი წყება.

რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკური მნიშვნელობის მეორე ასპექტს, აქ შეიძლება ითქვას შემდეგი. ცხადია, რომ “ვარდების რევოლუციის” საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა დიდწილად განპირობებულია იმ მემკვიდრეობით, რომელიც სააკაშვილმა მიიღო წინმსწრები უახლოესი ისტორიიდან. მაგრამ, კიდევ უფრო ცხადია ის ფაქტი, რომ ის არანაკლებადაა განსაზღვრული იმ პოლიტიკური წნევით, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პოლიტ-ანალისტები ახორციელებენ სააკაშვილზე და მის გუნდზე.

შეიძლება ვამტკიცოთ, რომ არა მხოლოდ სააკაშვილის აგრესიული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, არამედ მისი კულმინაცია - 2008 წლის ომი იყო შედეგი ამერიკელი ანალიტიკოსებისა და მრჩეველების მხრიდან ქართული მხარის მანიპულირების და “პოლიტიკური ცდუნების” შედეგი. ვინც იცის, თუ როგორ მართავს ამერიკის მთავრობა “კლიენტ” ქვეყნებს, მისთვის ადვილი წარმოსადგენი იქნება ის ვითარება, რომელშიც სააკაშვილი და მისი უახლოესი გუნდი სწორედ ამერიკელებმა დაარწმუნეს “გადამწყვეტი ნაბიჯის” აუცილებლობაში. ამას უძღოდა პირდაპირი და ირიბი “მესიჯები” ვაშინგტონის სადაზვერვო, სამხედრო და პოლიტიკური წრეებიდან. ვინც ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენებს, ისევე როგორც 2008-ის აგვისტოში სააკაშვილის “სი-ენ-ენ”ის გამოსვლებს, მისთვის ასევე ცხადია იქნება, რომ სააკაშვილს ნამდვილად სჯეროდა, რომ მისი “ინიციატივა” სათანადოდ იქნებოდა “დაფასებული” და რომ რადიკალურ ნაბიჯს მოჰყვებოდა “მეგობრების” ასეთივე რადიკალური ძალისხმევა.

ის, რაც მოჰყვა 2008-ის აგვისტოს, ცნობილია. მაგრამ, აქ საინტერესოა ვაცნობიერებდეთ “უარყოფადობის” იმ დონეს, რომელზეც ამერიკული მხარე ზრუნავს საკუთარი კვალის მიჩქმალვისას და რომელსაც, როგორც წესი, ის აღწევს. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო მედიის ძირითად წყაროებში კითხვა ისმოდა იმის შესახებ, “იცოდა თუ არა ამერიკულმა მხარემ მოსალოდნელი კონფლიქტის თაობაზე”, კარგი ნიმუშია იმისა, თუ როგორ აკონტროლებენ ამერიკელები ვითარებას. ამერიკულმა მხარემ კი არ “იცოდა“, არამედ უშუალოდ მოამზადა, დააფინანსა, შეაიარაღა და წააქეზა საქართველოს მთავრობა. ომის დროს კი მისმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსებმა და ფუნქციონერებმა აცნობეს მსოფლიო საზოგადოებას, რომ “ამერიკის მთავრობა მხარეებს შორის მშვიდობის დაუყოვნებლივი აღდგენის მომხრე იყო”. ამერიკული პოლიტიკური ჟურნალის ”National Interest” გვერდებიდან კი ერთ-ერთმა მემარჯვენე ავტორმა სააკაშვილს “სულელიც” კი უწოდა იმისთვის, რომ პრეზიდენტმა დაიჯერა, რომ ამერიკელები პაწია საქართველოსთვის ატომური ბომბის მქონე გიგანტთან წამოიწყებდნენ ომს.

ვისაც სურს კარგად დაინახოს ის ცივი პოლიტიკური თამაში, რომელსაც ამერიკის მთავრობა აწარმოებს საქართველოში, უნდა გაერკვეს როგორც მათი ინტერესის მიმართულებებში, ისე ამერიკული ინტერესის გატარების ტექნოლოგიაში, რომელსაც აქ ვეღარ შევეხებით.

მაგრამ, რა შეიძლება დავასკვნათ აქ საკითხის ამ სქემატური წარმოდგენიდან? პირველი ისაა, რომ სააკაშვილის და მისი გუნდის არაკონსტიტუციური შეცვლა ვერც მოხერხდება, და არც არის მიზანშეწონილი. საერთაშორისო კორპორაციული ბიზნესის ინტერესები განაპირობებს იმას, რომ ამერიკულმა უსაფრთხოების სამსახურებმა უკვე იზრუნეს საკუთარ გარანტიებზე. უკრაინის და ყირგიზეთის უახლოესი გამოცდილება მხოლოდ ადასტურებს ამ შეხედულებას. იუშჩენკოს შენაცვლება რეალურად მხოლოდ მცირე პოლიტიკური მნიშვნელობის “გადახრაა” იმის გარეშე, რომ რაიმე სერიოზულად დაემუქროს უცხოური კორპორაციული ბიზნესის ინტერესს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ყირგიზეთს, ცხადია რომ ოტუნბაევა - ქვეყნის ყოფილი ელჩი ბრიტანეთში, ვაშინგტონის ხშირი სტუმარი და გამოცდილი პრაგმატისტი პოლიტიკოსი - თავისი პოლიტიკური ფასით არ ჩამოუვარდება ბაკიევს, თუ ამ უკანასკნელზე უკეთესი არაა. ცხადია, რომ ამერიკელებმა გაცილებით ბევრი ისწავლეს პოლიტიკურ მიკრო-ქირურგიაში საკუთარი წარსული წარუმატებელი პრაქტიკიდან (ირანი-78, კასტროს კუბა და ასე შემდეგ), ვიდრე მილიტარისტულ ავანტიურაში.

მოკლედ, თუ რა უნდა გაკეთდეს. გადამწყვეტია ის, რომ დასავლეთმა დაინახოს, რომ ქართული საზოგადოება აცნობიერებს შემდეგს: ანტირუსული პოლიტიკა ხელოვნურადაა საქართველოში შეუქცევადი ნეგატიურობის ფორმით წარმოებული და რომ რუსეთთან საქართველოს ინტერესის წარმოდგენა და დაცვა თვითონ ქართველებმა უნდა განახორციელონ. ასევე უნდა გაცნობიერდეს, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური პოლიტიკა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ამერიკულ საფუძველ-ინტერესთან დაპირისპირებას. ეს გულისხმობს მხოლოდ მცირე კომპრომისებს ამერიკელების მხრიდან, რომელიც ზომიერი პრაგმატული გარიგებების ფარგლებს არ სცილდება.

ეს ნიშნავს, რომ უნდობლობით უნდა მოეკიდონ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც “ამერიკულ-რუსულს” წარმოადგენს როგორც ურთიერთგამომრიცხავ “ორიენტაციებს”.

არსებითია იმის დანახვა, რომ დღევანდელ “ანტირუსულ” პოლიტიკოსთა პარადიგმა შეცვლადია თვითონ მათი მოღვაწეობის პირობებშიც კი, თუკი ეს ძირითადი და ნაციონალური ინტერესისთვის განმსაზღვრელი მოტივი რეალურად მიიღებს საჯარო და საერო მოთხოვნის ფორმას.

ბოლოს, ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკული მხარე უკვე ზრუნავს ვითარების კონტროლის იმ პოლიტიკური შესაძლებლობისათვის, რომელიც რუსეთთან დათბობის აუცილებლობამ შეიძლება მოიყოლოს. არაფერია უცნაური იმის წარმოდგენაში, რომ ამერიკელები თვითონ “შემოაცურებენ” იმ პოლიტიკოსთა რიგს, რომლებიც ახალ ორიენტაციას ამერიკული მხარისთვის მომგებიან პირობებში წარმართავენ. ამიტომ, არ უნდა ჩამოვრჩეთ ამერიკელებს საკუთარი ინტერესის ამოცნობის ტემპში.

ავტორი: დავით მახარაშვილი

რედაქციის მინაწერი: სავსებით ვეთანხმებით ჩვენი ანონიმი ავტორის მიერ აქ წარმოდგენილ ხედვას გარკვეული დაზუსტებების აუცილებლობის პირობით:

1. ავტორი ეხება საქართველოში უცხოური ინვესტიციების საკითხს და აღნიშნავს, რომ 2004 წლიდან ამ ინვესტიციებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ უცხოური ინვესტიციების წილი ეკონომიკის რეალურ სექტორში მიზერული რჩება, საქმე გვაქვს საეჭვო წარმოშობის კაპიტალის ბრუნვასთან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოლიგოკრატიის ინტერესებს ემსახურება (შედარებისთვის იხ. მასალა ”დესუვერენიზებული საქართველო”);

2. გამომდინარე აქედან, აშშ-ის ინტერესს საქართველოში, სხვათა შორის ისევე, როგორც უკრაინაში, არ წარმოადცგენს ბიზნეს-კაპიტალის დაცვა, რადგან ასეთი რამ ამერიკას არც საქართველოში, არც უკრაინაში და არც ყირგიზეთში არ გააჩნია. საქმე ეხება ამერიკის გეოპოლიტიკურ და სამხედრო-ეკონომიკურ-სტრატეგიულ ინტერესებს. არსებული სიტუაციის დრამატიზმი შეერთებული შტატებისთვის იმაში მდგომარეობს, რომ მისი პოლიტიკური იმიჯი იმდენად შესუსტდა მასებში, რომ პოლიტიკური ელიტის ნაწილი, ”ელუმნის” ჩათვლით, ფაქტობრივად ზურგს აქცევს ამერიკული სტრატეგიული კურსის მომსახურებას, რომელიც ნატოში შესვლის აუცილებლობის დეკლარირებაში გამოიხატებოდა. თუ ეს ასე არ არის, გამოდის, რომ აშშ თავად არის იძულებული, არსებითად შეცვალოს სტრატეგიული კურსი (და თავის ”ელუმნებს” რიტორიკა შეაცვლევინოს), რაც მეტად თუ არა, არც ნაკლებ მტკივნეულია მისთვის. აღარაფერს ვამბობთ უკრაინაზე, სადაც გამარჯვებული ძალა ”ელუმნებსაც” კი არ განეკუთვნება და უკვე მოასწრო კიდეც კურსის რადიკალური შეცვლა ნატოსთან მიმართებით. ამერიკა ამას არ აღიარებს საკუთარი პოლიტიკის წარუმატებლობად (”იხტიბარს” არ იტეხს), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წარუმატებლობა მოცემული ფაქტი არაა.

3. ჩვენი აზრით, აუცილებელი იყო სტატიაში იმის მკაფიოდ აღნიშვნა, რომ რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება ნატოს თემის მუსირების გაგრძელებით შეუძლებელია. შესაბამისად, აშშ-მ მხარი იმ ძალებს უნდა დაუჭიროს (იმავე ”ელუმნებიდან”), რომლებიც ნატოში საქართველოს შესვლის იდეას სკეპტიკურად უყურებენ - თუკი აშშ მართლაც ეძებს საშუალებას, რუსეთის დომინანტური როლი კავკასიაში აღიაროს თავისთვის მინიმალური დანაკარგების ხარჯზე.

ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი აზრით რუსეთმა უკვე მოიგო აშშ-თან კავკასიისთვის წარმოებული ფარული ომი: რუსეთის საგარეო პოლიტიკა ხშირ შემთხვევებში გამოირჩევა არათანმიმდევრულობით და მყარი იდეოლოგიური სარჩულის არქონით. მთავარი მოვლენები წინ გველის. --

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"