ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
13.04.2010
ყირგიზეთის გაკვეთილები

სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ყირგიზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად ფაქტობრივად დაემხო პრეზიდენტ ბაკიევის რეჟიმი. თუმცა, მას არ დაუტოვებია ქვეყანა და ჯერ-ჯერობით თავის მშობლიურ სამხრეთ რეგიონში „გამაგრდა“. არის ინფორმაციები, რომ ბაკიევი აპირებს დედაქალაქი სამხრეთში „გადაიტანოს“ და ამით ყირგიზეთში ორხელისუფლებიანობა შექმნას.

ამგვარი ავანტიურისტული ქმედებებით ბაკიევი, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევს ხელისუფლების დაბრუნებას, მაგრამ ქვეყანას გახლეჩს. ამ შემთხვევაში, ახალმა ხელისუფლებამ ალბათ უნდა მიმართოს რუსეთს, რომ იგი დაეხმაროს წესრიგის აღდგენაში და განათავსოს სამხრეთის რეგიონში ბაკიევის მიერ დაპირებული, მაგრამ არშესრულებული ხელშეკრულების თანახმად, ოპერატიული რეაგირების ძალების (ე.წ. კსორ-ის ) ბაზა.

ყირგიზეთის მაგალითი გვიჩვენებს ორ რამეს: პროამერიკული პოლიტიკა და ერთპიროვნული ხელისუფლების შექმნა, პროამერიკანიზმის თანხლებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული ქვეყნებისთვის ტრაგიკულად მთავრდება. 2005 წელს მოხდა სისხლიანი მოვლენები უზბეკეთში, რომლის ხელისუფლება იმ დროისთვის პროამერიკული იყო, ე.წ. სუუამ-ში შეიყვანა ქვეყანა და ამერიკის სამხედრო ბაზაც განათავსა ჰანაბადში. ამ მოვლენების შემდეგ კარიმოვის რეჟიმმა სასწრაფოდ დახურა აშშ-ს ბაზა და უფრო ზომიერ, დაბალანსებულ პოლიტიკაზე გადავიდა, კერძოდ, აღადგინა წევრობა ე.წ. ოდკბ-ში (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში). 2008 წელს საქართველოს ჯერი დადგა, რომლის ავტორიტარული რეჟიმი კიდევ უფრო რადიკალური პროამერიკულობით გამოირჩეოდა და გამოირჩევა. ქვეყანამ დაკარგა ასზე მეტი სოფელი და საკმაოდ დიდი ტერიტორია, დამატებით იმისა, რაც დროებით დაკარგული იყო 1992-93 წლებში, განიცადა დიდი ეკონომიკური ზარალი და ფსიქოლოგიური შოკი. და აი, ახლა ყირგიზეთის მოვლენები. ამ სიას შეგვიძლია უკრაინაც მივამატოთ რაღაც თვალსაზრისით, თუმცა იქ ავტორიტარიზმი არ ყოფილა და არც სისხლი დაღვრილა, სამაგიეროდ, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა საფინანსო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა, იუშჩენკო-ტიმოშენკოს პროდასავლური რეჟიმის პირობებში.

სააკაშვილი და მისი გარემოცვა მაზომბირებელი ტელევიზიების საშუალებით ამტკიცებს, რომ საქართველო „არ ჩამოიშალა“, „ომი მოვიგეთ“, „რუსეთს ნიღაბი ჩამოეგლიჯა“ და სხვა. ამ ლოზუნგების უკან იმალება პანიკური, ცხოველური შიში ხელისუფლების დაკარგვისა, რომელიც რეჟიმისთვის წევრებისთვის სიცოცხლის და ქონების დაკარგვის ტოლფასად აღიქმება. ყირგიზეთის მოვლენები კიდევ უფრო გააძლიერებს მათში ამ შიშს. ამან შესაძლოა, უფრო უგუნური ნაბიჯები გადაადგმევინოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. დღესდღეისობით სააკაშვილის რეჟიმი თითქმის ერთადერთია მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, რომელიც ბუშის ეპოქას ორგანულად უკავშირდება. აღარ არსებობს იუშჩენკო-ტიმოშენკოს ხელისუფლება, კაჩინსკი და მისი გუნდი ლამის მისტიურად დაიღუპა, ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი, აშშ-ს მოქალაქე და რუსოფობი ადამკუსი ლენინგრადის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა გრიბაუსკაიტემ შეცვალა, ახლახან ჩამოაგდეს პრეზიდენტი ბაკიევი და ა.შ. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას: რამდენიც არ უნდა აზომბიროს „ნაციონალურმა“ ტელევიზიებმა მოსახლეობა, რაც მათ ჯერ-ჯერობით გამოსდით, ეს ვერ შეცვლის არსებულ რეალობას. რეალობა კი ის არის, რომ რუსეთი არ დაუშვებს არც საქართველოს ნატო-ში შესვლას და არც ჩრდილო კავკასიაში თუ აფხაზეთ-ცხინვალში პროვოკაციებს, რასაც, როგორც ვანო მერაბიშვილის ფართოდ ცნობილი ბოლო ინტერვიუ ადასტურებს, აპირებს საქართველოს ხელისუფლება. ამ პროვოკაციებზე რუსეთის მხრიდან, ადრე თუ გვიან, მოხდება საკმაოდ მკაცრი რეაქცია, რაც დააზარალებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას, სააკაშვილს კი რუსოფობიული ისტერიის ახალი ძალით გაჩაღების საშუალებას მისცემს. ჩვენი აზრით, რუსეთის ხელისუფლება ამჟამად აკვირდება საქართველოში არსებულ სიტუაციას და ელის, რომ თავად ქართველი ხალხი და ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები გადაჭრიან სააკაშვილის პრობლემას. თუ ეს არ მოხდა, უნდა ველოდოთ მოვლენების უფრო მძიმე სცენარებით განვითარებას, რასაც თავად სააკაშვილის ტელევიზიები უკვე „აჩვევენ“ ხალხს (ყბადაღებული „იმიტირებული ქრონიკა“).

საბოლოოდ, საკითხი ასე დგას: შეეწირება თუ არა ქვეყნის ეროვნული ინტერესები ამჟამინდელი მმართველი ჯგუფის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების ინტერესს?

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"