ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
01.04.2010
ადგილობრივ არჩევნებამდე რჩება 60 დღე

ახლოვდება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, რომლებიც 30 მაისს უნდა ჩატარდეს. ჯერჯერობით, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად არაჯანსაღ გარემოში, სადაც საუბარიც კი ზედმეტია საარჩევნო სუბიექტების თანასწორობაზე და ჭეშმარიტად სამართლიან არჩევნებზე.

ტრადიციულად არსებობს საარჩევნო სიების პრობლემა - ქართული არჩევნების „შავი ჭირი“. ვინ არ სცადა ამ პრობლემის გამოსწორება, რამდენი აღწერა, შემოვლა თუ სხვა ღონისძიება არ ჩატარდა, შედეგი მაინც ნულია. მეტიც, ამ არჩევნებზე ახალი „რეკორდი“ ფიქსირდება - ამომრჩეველთა რაოდენობა 4 მილიონს „უკაკუნებს“. თავად ამ კომენტარის ავტორის ოჯახში უკვე მერამდენე წელია მეორდება კურიოზული სიტუაცია: ყოველ წელს მოდიან „ცესკოს“ თანამშრომლები, ასევე მოდიან ვითომ მერიის წარმომადგენელი ქალბატონები, სინამდვილეში კი ნაცმოძრაობის ხელფასიანი აგიტატორები, ხანდახან მოდიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, იწერენ სახლში მცხოვრებთა სიას და... ყოველ წელს საჭირო ხდება ჩვენი ბინიდან გაურკვეველი არსების ამოწერა (რუსული გვარით), რომელსაც არასოდეს უცხოვრია ამ ბინაში (და ამიტომ მოჩვენებაც ვერ იქნება, შესაბამისად, სიაში არ უნდა იყოს, რადგან ქართულ საარჩევნო სიაში მოჩვენებების და მკვდარი სულების ყოფნა ჩვეულებრივი მოვლენაა). ასე მეორდება წლიდან წლამდე.

კიდევ უფრო ცუდად არის საქმე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. ხელისუფლების კანდიდატები და ოპოზიცია სრულიად არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. მაგალითად, ავიღოთ საარჩევნო კამპანიის სატელევიზიო გაშუქება. აქაც კურიოზებთან გვაქვს საქმე. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის „შემოქმედებითმა კოლექტივმა“ მარტივად გადაჭრა სახელისუფლო კანდიდატის რეკლამირების პრობლემა. ბევრი არ უფიქრიათ და საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გამოუყვეს სპეციალური დრო: 21.35 წთ-დან 21.45 წთ-მდე, სადაც მოქმედი მერი ატომური საათის რეგულარულობით ჩნდება და საქმიანად ფუსფუსებს. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ერთადერთ რეალურ ოპოზიციურ ძალას ამ არჩევნებზე არ აძლევენ საარჩევნო კამპანიის ნორმალურად წარმართვის საშუალებას. მიდის გაუთავებელი ცემა-ტყეპა და ზეწოლა, განსაკუთრებით რეგიონებში, სტამბების დახურვა, სადაც მათი სააგიტაციო მასალები იბეჭდება და ა.შ. ეს ყველაფერი „დააგვირგვინა“ უკვე კლასიკად ქცეულმა „მოდელირებულმა ქრონიკამ“, რომლის „შემოქმედებითი კოლექტივი“ (აი, რა შემოქმედი ჟურნალისტები გვყავს!) ახლახან ფულადი პრემიებითაც დააჯილდოვეს.

რაც შეეხება რეალურ ოპოზიციას არჩევნებზე, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. რეალურობის ძირითადი კრიტერიუმი, ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე შეიძლება იყოს მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური კურსი. ის, ვინც მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგის განახლებას და უარს ამბობს, ან თავს იკავებს მაინც, ნატო-ში გაწევრიანების უპერსპექტივო კურსზე, არის რეალური ოპოზიცია. ვინც უპირობოდ მხარს უჭერს "ევროატლანტიკურ" ინტეგრაციას, ის არის ხელისუფლების მხარდამჭერი, რაც არ უნდა ინიღბებოდეს სხვადასხვა მეორეხარისხოვანი საკითხების გარშემო ხელისუფლების კრიტიკით. შესაბამისად, ამ ეტაპზე, რეალურ ოპოზიციად მხოლოდ ეროვნული საბჭო ჩაითვლება. ალასანიას, რესპუბლიკელების და მემარჯვენეების ალიანსი და ე.წ. ქრისტიან-დემოკრატები (უფრო სწორად, ჟურნალისტები) მხარს უჭერენ ხელისუფლებას მისი პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში, პირველ ყოვლისა, პროამერიკულ კურსში, რაც ავტომატურად გამორიცხავს მათ რეალურ ოპოზიციონერობას.

ფაქტია, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი ნორმების დარღვევით და არ შეესაბამება ე.წ. ევროპულ სტანდარტებს. თუ ეს ასე გაგრძელდა, ოპოზიციას სრული მორალური უფლება ექნება, უნდობლობა გამოუცხადოს ოფიციალურ შედეგებს და მიმართოს მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას. ევროსტრუქტურები კი, იმედია, ვეღარ შესძლებენ უწინდებურად თვალი დახუჭონ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებაზე და გამარჯვების მოპარვაზე.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"