ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
01.04.2010
სამი პროექტი საქართველოსთვის

ეგრეთ წოდებული ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომლის კონტურებიც საკმაოდ რეალური ჩანდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, უკვე აღარ განიხილება, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა, მაგრამ სულ უფრო უთმობს ადგილს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შესახებ მსჯელობებს.

როგორც ვიცით, ერთპოლუსიანობა გულისხმობდა ამერიკის შეერთებული შტატების ბატონობას მთელ მსოფლიოზე - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, კულტურულს, იდეოლოგიურს. ისეთი ქვეყნების როლის და მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ბრაზილი (ე.წ. ბრიკ-ს ქვეყნები), თურქეთი, ირანი და სხვ. ევროკავშირის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდასთან ერთად, ცხადი ხდება, რომ აშშ-ს შეუზღუდავი დომინაცია უახლოვდება ისტორიულ დასასრულს. მაგრამ რა შეიძლება განიხილებოდეს ამერიკული შაბლონების მიხედვით აგებული ერთპოლარული მსოფლიოს პროექტის სანაცვლოდ?

მულტიპოლარულობის რეალურ საფუძვლად უნდა იქცნენ ე.წ. დიდი სივრცეები. ეს ტერმინი შემოიღო გერმანელმა იურისტმა, ფილოსოფოსმა და გეოპოლიტიკოსმა კარლ შმიტმა (Carl Schmitt). აღნიშნულ ტერმინში გულისხმობენ კულტურულ-ცივილიზაციური მახასიათებლებით ახლოს მყოფი ქვეყნების მსხვილ სტრატეგიულ გაერთიანებებს. ამგვარი გაერთიანებების მაგალითი შეიძლება იყოს ლათინური ამერიკის ქვეყნები, არაბული ქვეყნები, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები და სხვა. ერთ-ერთი ამ სიიდან უნდა გახდეს ე.წ. ევრაზიული დიდი სივრცე, რომელიც თავის თავში მოიცავს ევრაზიის რეგიონის მართლმადიდებელ და მუსულმანურ ქვეყნებს, შავიზღვისპირეთს და შესაძლოა ზოგიერთ სხვასაც.

ამ გაერთიანების კარკასი უკვე არსებობს ”ევრაზესის” (ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანება), ”ოდკბ” (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია), საბაჟო კავშირის და სხვა სტრუქტურების სახით. ამ ორგანიზაციებში შედის განსხვავებული რაოდენობის ქვეყნები, მაგრამ არსებობს ქვეყნების „ბირთვიც“ (მაგ. რუსეთი, ყაზახეთი), რომელიც ჩამოთვლილი ორგანიზაციების საფუძველს წარმოადგენს.

ახლა მიმდინარეობს რუსეთის და თურქეთის დაახლოების საკმაოდ საინტერესო პროცესი. თურქეთი ასევე ახორციელებს ინტენსიურ დიალოგს არაბულ ქვეყნებთან და ირანთან. თუ რუსეთის და თურქეთის დაახლოება გაგრძელდება, ეს ხსნის რეგიონალური თანამშრომლობის დიდ შესაძლებლობებს, ზრდის კავკასიის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის შანსებს და შესაბამისად, დააჩქარებს ევრაზიული დიდი სივრცის ფორმირების პროცესს.

საქართველოსთვის დგება მომენტი, როცა მან უნდა გააკეთოს არჩევანი და გამოვიდეს ე.წ. ევროატლანტიკური ინტეგრაციის ილუზიიდან. სრულიად ცხადი ხდება, რომ საქართველოს შესვლა ნატო-ში ან შეუძლებელია, ან კატასტროფულ შედეგებს და ქვეყნის შემდგომ დაშლას მოიტანს. ევროკავშირში გაწევრიანება კიდევ უფრო ფანტასტიურ პერსპექტივად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით შეიძლება იყოს გადადგმული რაღაც ნაბიჯები, როგორიცაა სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება, მაგრამ ეს არანაირად არ წყვეტს საქართველოს ძირითად პრობლემებს - არც ეკონომიკურს, არც პოლიტიკურს და არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და უსაფრთხოების კუთხით.

კიდევ ერთი გზა საქართველოსთვის, რომელსაც გვთავაზობენ ცალკეული პოლიტიკური ძალები თუ მოღვაწეები, მდგომარეობს დამოუკიდებელ გზაში, არც ევროპა და დასავლეთი, არც ევრაზია და არც აღმოსავლეთი, ამბობენ ისინი. მათი აზრით, საქართველოს გააჩნია საკუთარი განსაკუთრებული გზა, ღრმა ტრადიციები, რომელთა გამოყენებით შეგვიძლია სრულიად ვმართოთ საკუთარი თავი, არავისზე დამოკიდებული არ ვიყოთ და ა.შ. ამ პოზიციაში არის დადებითი მხარე - ფესვებთან დაბრუნების მისწრაფება, საკუთარი არსის გააზრება, ტრადიციების გაცოცხლება, მაგრამ პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად ეს გზა უტოპიას წარმოადგენს. საქართველო არ არის ცალკე ცივილიზაცია და მისი მცირე მასშტაბები ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური თვითკმარობის საფუძველს. ამგვარი „იზოლაციონიზმი“, საბოლოო ჯამში, ისევ ატლანტისტური, პროამერიკული ძალების და მათი ადგილობრივი ფილიალების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან უარყოფს ევრაზიული ინტერგაციის პროექტებს.

ნათელია, რომ შემდეგი სამი პროექტიდან - 1)ამჟამინდელი კურსი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, 2)კურსი სრულ დამოუკიდებლობაზე, იზოლაციონიზმი და „კავკასიის შვეიცარიად“ გადაქცევა და 3)კურსი ევრაზიულ დიდ სივრცეში ინტერგაციაზე - პირველი კატასტროფულია შედეგებით, მეორე უტოპიური და მხოლოდ მესამე აკმაყოფილებს მიზანშეწონილობის ყველა კრიტერიუმს, რადგან უზრუნველყოფს ქვეყნის ჰარმონიულ განვითარებას და მისი ინტერესების რეალიზაციას.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"