ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
30.09.2016
სოციოლოგიური გამოკითხვა: საპარლამენტო არჩევნები -2016

   ევრაზიის ინსტიტუტმა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის ძირითად საგანს წარმოადგენდა პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების რეიტინგები არჩევნების წინა პერიოდში.

   11-დან 17 სექტემბრამდე სულ გამოკითხულ იქნა 1672 საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქე, აქედან 800 რესპონდენტი თბილისში, 400 - ქუთაისში, დანარჩენები კი ქალაქებში: გორი, წყალტუბო, სამტრედია და აბაშა. გამოკითხვა ჩატარდა ანონიმურად, დაცულია ბალანსი გამოკითხულთა სქესის, ასაკობრივი ჯგუფებისა და სოციალური სტატუსის თვალსაზრისით.

   გამომდინარე იქიდან, რომ საველე სამუშაოები არ მოიცავდა საქართველოს ყველა ძირითად დიდ ქალაქს და რეგიონს, ჩატარებულ გამოკითხვას არ აქვს იმის პრეტენზია, რომ სიზუსტის მაღალი ალბათობით ივარაუდოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. მაგრამ გაწეული სამუშაო იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, დავინახოთ, თუ რა ტენდენციები იკვეთება არჩევნების წინ, რომელი პოლიტიკური პარტიები/ბლოკები ლიდერობენ და გამარჯვების რა შანსები აქვთ მათ.

გარდა ამისა, ევრაზიის ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, აქვეყნებს ამომრჩევლების საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებული შეხედულებების პროცენტულ მაჩვენებლებს. შესაბამისი გამოკითხვა ამ გამოკითხვის ფარგლებში განხორციელდა. ასეთი მიდგომა გამართლებულია, რადგან ამჟამინდელ წინასაარჩევნო დისკუსიებში საგარეო პოლიტიკას ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უკავია და ამომრჩეველი აღნიშნულ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევს.

 

ა. პარტიებისა და ბლოკების რეიტინგი.

კითხვას - „რომელი პოლიტიკური პარტიისთვის/ბლოკისთვის აპირებთ ხმის მიცემას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე?“ ამომრჩეველმა შემდეგნაირი პასუხი გასცა, პროცენტების მიხედვით:

  1. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 43.2% (აქედან თბილისი-53.7%, ქუთაისი-32.8%, დანარჩენი-33.7%);
  2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 14.7% (აქედან თბილისი-11.6%, ქუთაისი-22.6%, დანარჩენი-13.1%);
  3. „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ – 7.1% (აქედან თბილისი-4.5%, ქუთაისი-8.7%, დანარჩენი-10.4%);
  4. „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ – 5.1% (აქედან თბილისი-5.7%, ქუთაისი-4.2%, დანარჩენი-4.9%);
  5. „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ – 3.3% (აქედან თბილისი-3.1%, ქუთაისი-3.5%, დანარჩენი-3.3%);
  6. „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 2.5% (აქედან თბილისი-0.6%, ქუთაისი-6.7%, დანარჩენი-2.2%);
  7. „საარჩევნო ბიულეტენს გავაბათილებ, რადგან არც ერთი პარტია/ბლოკი არ მომწონს“ - 5.1%;
  8. „მიჭირს პასუხის გაცემა“ - 16.6%.

 

კითხვარში წარმოდგენილი და ასევე მის გარეთ დარჩენილი სხვა პარტიები და გაერთიანებები, ცალ-ცალკე აღებული, 1 პროცენტზე ნაკლებ რეიტინგს აჩვენებენ. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს სურათი, შესაძლოა, მკვეთრად შეიცვალოს დარჩენილ წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით, თუკი მეტ გახმაურებას ჰპოვებს ცალკეული თემები (მაგალითად, თურქეთის ხელისუფლების მიერ ბათუმში სკოლის გახსნა ქართული მხარის ნებართვის გარეშე და ა. შ.). ასევე გასათვალისწინებელია, რომ 16 პროცენტზე მეტ გამოკითხულს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ვის მისცემს ხმას და უჭირს პასუხის გაცემა.

რაც შეეხება ერთმანდატიან (მაჟორიტარ) კანდიდატებს, ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა (75%) ამბობს, რომ ხმას იმავე პარტიის წარმომადგენელ მაჟორიტარ კანდიდატს მისცემს, რომელი პარტიის არჩევასაც აპირებს. ამიტომ მაჟორიტარული არჩევნები არსებით გავლენას ვერ მოახდენს პარლამენტში პარტიების სამომავლო წარმომადგენლობის წილზე.

შესაძლოა, გაიზარდოს „ნაციონალური მოძრაობის“ მთლიანი მაჩვენებელი სამეგრელოს ხარჯზე, სადაც, როგორც ცნობილია, ამ პარტიის პოზიციები შედარებით ძლიერია.

მთლიანობაში კი დაბეჯითებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინა არჩევნებთან შედარებით რადიკალურად ნაკლები დოზით იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. „ქართული ოცნების“ დიდი უპირატესობით გამარჯვება ეჭვს არ იწვევს. ამომრჩევლისათვის არ განელებულა ბიძინა ივანიშვილის მიმზიდველობა და იგი მის ალტერნატივას ჯერ-ჯერობით ვერ ხედავს. აღსანიშნავია ალასანიასა და ბურჯანაძის პარტიების კარგი შანსები, გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი.

 

ბ. საგარეო პოლიტიკისადმი დამოკიდებულება

კითხვას - „რომელ საგარეო-პოლიტიკურ კურსს მიიჩნევთ საქართველოს ინტერესებისათვის უფრო ხელსაყრელად?“ ამომრჩეველმა შემდეგნაირი პასუხი გასცა, პროცენტების მიხედვით:

  1. „უნდა გაგრძელდეს ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოებისა და ინტეგრაციის კურსი“ – 39.4%;
  2. „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი რუსეთთან თანამშრომლობა უნდა გახდეს“ – 33.0%;
  3. „საქართველომ ნეიტრალური სტატუსი უნდა მოიპოვოს“ – 14.4%;
  4. „სხვა მოსაზრება მაქვს“ – 4.5%;
  5. „მიჭირს პასუხის გაცემა“ – 8.7%.

   ამჟამინდელი გამოკითხვით მიღებული ციფრები დიდად არ განსხვავდება 2014 წლის ბოლოს ჩვენს მიერვე ჩატარებული გამოკითხვისაგან. მაშინაც, ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი 40-ს არ აღემატებოდა (32%), ამჟამად მიღებული 39.4% ეხება ნატოს + ევროკავშირში საქართველოს ინტეგრირების კურსს.

   მთავარი შედეგი ამ ბოლო გამოკითხვაში ალბათ ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მხოლოდ 28.6% ემხრობა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკის გაგრძელებას, ხოლო 53% პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობას ასახელებს („ოცნების“ ამომრჩეველთა 12.8% ნეიტრალური სტატუსის მომხრეა). ნინო ბურჯანაძის „უბლოკო სტატუსის“ მოთხოვნა არასაკმარისად დამაჯერებელი აღმოჩნდა ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის, რომელიც უფრო რადიკალურად არის განწყობილი. ეს ამომრჩეველი საბოლოო ჯამში მაინც პროდასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიზიდა, რადგან ბიძინა ივანიშვილს, ასევე პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს არაერთხელ უთქვამთ, თუნდაც ძალზე ზოგადად, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საქართველოსათვის მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნების“ პროდასავლურობას ამომრჩეველთა ნაწილი მიიჩნევს იძულებით ნაბიჯად და სჯერა ბიძინა ივანიშვილის პოტენციალისა, მოაგვაროს რუსეთთან არსებული პრობლემები.

   გამოიკვეთა ტენდენცია, რომ დასავლეთისადმი სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური პარტიები, გარდა ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობისა“, დაქსაქსულობის, ერთიანი კოორდინაციის არარსებობისა და გამოუცდელობის პირობებში ვერ გადალახავენ 5-პროცენტიან ბარიერს. სამაგიეროდ, პროდასავლური პარტიები, ქვეყნის ფარგლებს გარედან ღია დახმარების (ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა) პირობებში ახერხებენ მომხრეების მობილიზებას. მეტიც, მოცემულია პარადოქსი, როდესაც „ქართული ოცნება“, თავისი  პროდასავლური ლოზუნგების მიუხედავად, ახერხებს ანტიდასავლურად განწყობილი ელექტორატის დიდი ნაწილის მოზიდვას.

 

გულბაათ რცხილაძე
-ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გამოკითხვის ორგანიზატორი-

ექსპერტის შენიშვნები:

გამოკითხულთა საკმაოდ დიდი ნაწილი თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, თუ ვის მხარდამჭერად მოიაზრებს თავს. - თავისი არჩევანის შესახებ ინტერვიუერს პასუხი არ გასცა ყოველმა მეექვსე გამოკითხულმა და არჩევნებში მონაწილეობაზე მზაობის გამომხატველმა ყოველმა მეცხრე რესპონდენტმა. სოციოლოგიური გამოკითხვებით, აღნიშნული ტიპის კითხვაზე პასუხის თავის ამრიდებთა დიდი ნაწილი (არანაკლებ 2/3),  როგორც წესი, ოპოზიციური განწყობისაა, რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საპროგნოზო შეფასებებისას.  ამიტომ, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 5-პროცენტიანი ბარიერის გადამლახავი პარტიების რაოდენობა შეიძლება იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ამას აღნიშნული გამოკითხვის შედეგები ადასტურებენ.

გასათვალისწინებელია  ისიც, რომ გამოკითხვა არ ჩატარებულა სოფელ ადგილებში, სოფლის მოსახლეობის განწყობამ, რომელზეც მოდის ამომრჩეველთა სიაში შეყვანილ პირთა 2/5-ზე მეტი, შეიძლება ასევე სერიოზული გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. 

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისათვის საკმაოდ დამაფიქრებელი პასუხები იქნა მიღებული კითხვაზე „რომელ საგარეო-პოლიტიკურ კურსს მიიჩნევთ საქართველოს ინტერესებისათვის უფრო ხელსაყრელად?“. - „ქართული ოცნებას“  მომხრეთა შორის ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოებისა და ინტეგრაციის კურსის მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად -  თითქმის 1.9-ჯერ - ჩამორჩება იმათ რაოდენობას, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი რუსეთთან თანამშრომლობა უნდა გახდეს (შესაბამისად, 28.6% და 53.0%). თუ ამ მონაცემებს უკრიტიკოდ აღვიქვამთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული ოცნების მომხრეთაგან საკმაოდ დიდი ნაწილი არ იზიარებს მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ოფიციალურად დეკლარირებულ, „ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად“ არჩეულ პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

ანალოგიური ხასიათის პრობლემები აქვთ ზოგადად დასავლური კურსის მომხრეებს  დედაქალაქშიც, თუმცა შედარებით ნაკლებად - აქ ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოებისა და ინტეგრაციის კურსის მხარდამჭერთა რაოდენობა მხოლოდ  1.3-ჯერ - ჩამორჩება იმათ რაოდენობას, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი რუსეთთან თანამშრომლობა უნდა გახდეს (შესაბამისად, 36.3% და 47.3%) .

გამოკითხვამ დაადასტურა, რომ პოტენციური ამომრჩევლების პოლიტიკური ორიენტაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება არა მარტო იდეოლოგიური, არამედ ასაკობრივი ნიშნითაც. -  25 წლამდე ახალგაზრდებში  ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა ორჯერ და მეტად სჭარბობს 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში ასეთივე ორიენტაციის მომხრეთა რაოდენობას (შესაბამისად, 56.2% და 27.0%;  ყველა რესპონდენტის მიხედვით საშუალოდ - 39.3%). სამაგიეროდ, რუსეთთან თანამშრომლობის მომხრეთა რაოდენობის მხარდამჭერების რაოდენობა ასაკოვან რესპონდენტებში 3.3-ჯერ აღემატება ასეთთა რაოდენობას ახალგაზრდებში (შესაბამისად, 52.3% და 15.9%; საშუალოდ - 32.9%). იმის გათვალისწინებით, რომ ასაკოვანი პირები ახალგაზრდებთან შედარებით უფრო ორგანიზებულები და მოტივირებულები არიან არჩევნებში მონაწილეობისათვის (გამოკითხვამ აჩვენა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მზაობა 55 წელზე უფროსი ასაკის გამოკითხულებში დაახლოებით 10 პროცენტული პუნქტით აღემატება 25 წლამდე ახალგაზრდების მზაობის მაჩვენებელს), ამან შეიძლება გარკვეული კორექტივი შეიტანოს არჩევნების საბოლოო შედეგებში.  - მაგალითად, გამოკითხვით, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ მხარდამჭერთა წილი 65 წელს გადაცილებულთა შორის დაახლოებით 3.2-ჯერ აღემატება ასეთთა წილს 25 წლამდე ახალგაზრდებში (შესაბამისად, 6.4% და 2.0%). შესაბამისად, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის აქტივის წინაშე ფაქტობრივად, ერთნაირი ამოცანაა: იმუშაონ არა მარტო ზოგადად ელექტორატზე, არამედ სეგმენტურადაც -ცალკეული ასაკობრივი (და სოციალური) ჯგუფების მიხედვითაც. 

 

იოსებ არჩვაძე,
ეკონომისტი, სტატისტიკოსი, პროფესორი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"