ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
04.12.2015
რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის ფასი

     გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, რუსეთში ჯარისკაცის სიცოცხლე არ ფასობს. მრავალ ომში რუსების მიერ გაწეული დიდი დანაკარგები წარმოჩნდება, როგორც საკუთარი ჯარისკაცებისა და საერთოდ, მოქალაქეების მიმართ გულცივი დამოკიდებულება.

   მაგრამ არ შეიძლება, ერთმანეთში ავურიოთ რუსი ხალხის მზადყოფნა, გაიღოს მსხვერპლი დიდი მიზნებისათვის, ერთის მხრივ, და საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის უგულებელყოფა, მეორეს მხრივ. ყოველ შემთხვევაში, სირიაში თურქული გამანადგურებლის მიერ ჩამოგდებული რუსული მოიერიშე სუ-24-ის ისტორია ამის საპირისპიროს ამტკიცებს.

    რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე იერიშის მიტანა და განსაკუთრებით, რუსი პილოტის ლაჩრული დახვრეტა თურქეთის მიერ კონტროლირებადი ტერორისტების მიერ, რუსეთის პრეზიდენტმა შეაფასა, როგორც „ზურგში დარტყმა“. თურქები ალბათ ასევე ფიქრობდნენ, რომ რუსეთი არ აფასებს თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს და რუსეთის თვითმფრინავზე განხორციელებული მუხანათური შეტევა მათ გაუვიდოდათ. მაგრამ პუტინმა არა მხოლოდ არსებითი ხასიათის ეკონომიკური სანქციები შემოიღო თურქეთის წინააღმდეგ, არამედ დაუყოვნებლივ გადაისროლა სირიაში უახლესი სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი С-400. თურქებისთვის გასაგები გახდა, რომ მოსკოვი სერიოზულად არის განწყობილი და საჭიროების შემთხვევაში გაანადგურებს ნებისმიერ თურქულ თვითმფრინავს, რომელიც ამიერიდან გადაწყვეტს, დაარღვიოს სირიის საჰაერო სივრცე. სანაპირო ზოლში მდებარე ლატაკიის სამხედრო-საჰაერო ბაზის გარდა, რუსეთი კიდევ ერთ ბაზას ხსნის სირიის სიღრმეში, ხომსის მახლობლად.

     გამოდის, რომ სუ-24-ზე თურქეთის მიერ მიტანილმა ბანდიტურმა შეტევამ თურქეთისვე საწინააღმდეგოდ იმოქმედა - თურქეთმა დაკარგა სირიის საჰაერო სივრცე და მას რუსეთთან სამხედრო შეჯახება დაემუქრა. ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, რუსეთი არსებითად აძლიერებს თავის სტრატეგიულ პოზიციებს სირიასა და მთელ ახლო აღმოსავლეთში.

          ის, რომ პუტინი არ ხუმრობს, მალევე გამოაშკარავდა - საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული ერდოღანი იმედოვნებდა, რომ იგი თურქეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ „ძლიერი“ პოლიტიკოსის სახელს მოიხვეჭდა სუ-24-ის ჩამოგდებით, ამავე დროს კი თავის დიპლომატიურ ნიჭს გამოავლენდა. მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა რუსეთის ხელისუფლების მოთაფლვა. რუსებმა არ ისურვეს, ინციდენტის დიპლომატიური ჩაფარცხვა. პუტინმა მოითხოვა ოფიციალური ბოდიში, კომპენსაციის გადახდა და დამნაშავეების დასჯა. ეს აუსრულებელი პირობებია არა მხოლოდ ერდოღანისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა აზიური ლიდერისათვისაც, რეგიონის მენტალობის სპეციფიკიდან გამომდინარე. პუტინს ნამდვილად ესმოდა, რომ ერდოღანი ასე არ მოიქცევა, მაგრამ მან არ დაიწყო თურქი კოლეგისათვის კოჭების გაგორება. პუტინი მყარი და უკომპრომისო დარჩა. პუტინმა ფაქტობრივად დაამცირა ერდოღანი, როდესაც იგნორირება გაუკეთა მის სატელეფონო ზარებს, ასევე პარიზში შეხვედრის მცდელობას. პუტინის გუშინდელი მიმართვა ფედერალური კრებისადმი, რომელშიც ძალზე ხისტი ფორმულირებებია თურქეთის ხელმძღვანელობის მიმართ, მხოლოდ ადასტურებს მოსკოვის სიმტკიცეს.

     მაგრამ მეორეს მხრივ, რუსეთისთვის წამგებიანია ასეთ გართულებაზე წასვლა. შესაძლოა, რომ უფრო პრაგმატული მიდგომა, რომელიც რუსეთის გეოეკონომიკურ ინტერესებზე იქნებოდა ორიენტირებული, შედარებით მოქნილ მიდგომას მოითხოვს, რადგან ბუნებრივი აირის გასაღებასა და ტრანზიტთან დაკავშირებული რუსული ინტერესების განხორციელება მნიშვნელოვანწილად თურქეთზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, თურქეთი, როგორც ცნობილია, ფლობს შავიზღვისპირა ქვეყნებისათვის, რუსეთის ჩათვლით, საკვანძო სრუტეებს - ბოსფორსა და დარდანელებს, რომელთა დაკეტვა მას იოლად შეუძლია რუსეთის გემებისათვის, კონფლიქტის გამძაფრების შემთხვევაში. მოვლენათა ასეთი განვითარება დიდ ზიანს მიყენებს რუსეთის ეკონომიკას, ასევე დააზარალებს მის შესაძლებლობებს, მოამარაგოს თავისი სამხედრო ბაზები სირიაში.

    თუმცა რუსეთმა უკან არ დაიხია თურქეთთან ამგვარი გამწვავების გამო. ისმის კითხვა: რატომ? - იმიტომ, რომ რუსეთში ძალზე მაღალი ფასი ადევს საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლეს! ერთი პილოტის დაღუპვა (რომელსაც სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა) შეფასებულ იქნა, როგორც მთელი ერისადმი, სახელმწიფოსადმი გამოწვევა. ერთი პილოტის დაღუპვა არ წარმოადგენს ომის გამოცხადების საფუძველს (მახსენდება, აწ განსვენებულ ვახტანგ გოგუაძეს უყვარდა თქმა: „რუსეთი ომებს არ იწყებს, რუსეთი ომებს ამთავრებს!“), მაგრამ საკმარისი საფუძველია ხასიათის გამოსავლენად. ქვემოთ წარმოდგენილი ციტატი, ფედერალური კრებისადმი პუტინის მიმართვიდან, სწორედ რუსეთის ამ ღირსეული, ადეკვატური პასუხის ილუსტრაციაა:

   „ჩვენი ქმედებების საფუძველი, პირველ რიგში, იქნება პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენ არ ვაპირებთ იარაღის ჟღარუნს. მაგრამ თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ჩაიდენს მუხანათურ სამხედრო დანაშაულს, ჩვენი ადამიანების მკვლელობას და ამის შემდეგ მათ პომიდვრებსა და სამშენებლო თუ სხვა სფეროებში რაღაც შეზღუდვებს ვაკმარებთ, ისინი ძალზე ცდებიან. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რა ჩაიდინეს. ისინი არაერთხელ ინანებენ თავიანთ დანაშალს. ჩვენ ამასთან ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ“.

 

     გულბაათ რცხილაძე

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"