ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
01.11.2015
რატომ წააგო არჩევნები ი. ინაშვილმა?

  საგარეჯოში მიმდინარე შუალედური საპარლამენტო არჩევნები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან აქ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა, ირმა ინაშვილი იყრიდა კენჭს, რომელსაც არახალხურობით ცნობილი „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი, თამარ ხიდაშელი უპირისპირდებოდა.

   სულ რაღაც 500 ხმის უპირატესობით გამარჯვება ხიდაშელს დარჩა, თუმცა „პატრიოტთა ალიანსი“ დამარცხებას არ აღიარებს და ხელისუფლებას ბრალს სდებს არჩევნების გაყალბებაში. ასეა თუ არა ეს? კიდევ რა ფაქტორები განაპირობებენ დღევანდელ სურათს?

   დღევანდელ ვითარებაში ძნელია დავიჯეროთ არჩევნების ტოტალური გაყალბების შესაძლებლობა. სააკაშვილის დროს შეიძლებოდა, ნებისმიერ უბანზე ან მთლიანად, საარჩევნო ოლქის მასშტაბით, გამოეცვალათ საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები და ასე, ერთი ხელის მოსმით,  რადიკალურად შეეცვალათ არჩევნების შედეგები. დროდადრო ხდებოდა ყალბი ბიულეტენების მასობრივი ჩაყრაც. ეს ორივე ვარიანტი დღეს გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში, ვერავინ აჩვენა, რომ ასეთი რამ ხდება. გარდა ამისა, სააკაშვილის რეჟიმის დროისგან განსხვავებით, არც პოლიცია-უშიშროება ჩარეულა პროცესებში, რაც უმნიშვნელოვანესი მომენტია.

   მაგრამ სავსებით შესაძლებელია და სავარაუდებელიც, რომ ხელისუფლების შემადგენელმა ნაწილმა - „რესპუბლიკურმა პარტიამ“, მიმართა ე. წ. „კარუსელების“ ხერხს და არჩევნები ასე გააყალბა. შესაძლოა, ყველაზე მეტი გაყალბება ავად სახსენებელ მუხროვანის საჯარისო ნაწილში მოხდა. მაგრამ „პატრიოტთა ალიანსის“ შტაბს ეს გათვლილი უნდა ჰქონოდა. გამომდინარე აქედან, ირმა ინაშვილს უნდა ემოქმედა ამომრჩევლების დიდი მასის მობილიზებისათვის, რათა ხელისუფლების მიერ „კარუსელებით“ მოპარული ხმები ამომრჩეველთა დიდი რაოდენობით გადაეძალა. მაგრამ „პატრიოტთა ალიანსის“ შტაბმა ვერ მოახერხა ამომრჩევლის მობილიზება და საარჩევნო ურნებთან მოყვანა. როგორც ცნობილია, საგარეჯოელი ამომრჩევლის ¼-ზე ოდნავ მეტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ასეთი პასიურობა კი ყოველთვის სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობს ხოლმე.

   რატომ ვერ დაარწმუნეს „პატრიოტებმა“ საგარეჯოელი ამომრჩევლები, მოსულიყვნენ არჩევნებზე? უკეთეს შემთხვევაში, ინაშვილმა ჯამში 7 ათას ხმაზე ცოტათი მეტი მიიღო. განა რა არის 7 ათასი ხმა პარტიის ლიდერისათვის, რომელსაც დიდი მიზნები ესახება წინ?

   აშკარაა, რომ ტელე-რადიო „ობიექტივი“ ბევრი ვერაფრით დაეხმარა „პატრიოტების“ კანდიდატს. არადა, პარტიების უმეტესობა მხოლოდ ოცნებობს, ჰქონდეს მასმედია, რომელსაც საქართველოს არაერთ ქალაქში უყურებენ საკაბელო ქსელების საშუალებით. მაგრამ პრობლემა თავად ქალბატონი ირმას საჯარო განცხადებებშიც მდგომარეობს. რა თქმა უნდა, ყველა აღფრთოვანებით ხვდება ქ-ნი ირმას მძაფრ განცხადებებს დამნაშავე „ნაციონალების“ მიმართ, თუმცა ამავე დროს, ბევრს არ ესმის, თუ რატომ ცალსახად არ გაემიჯნება „პატრიოტთა ალიანსი“ ამ დამნაშავე „ნაციონალების“ საგარეო პოლიტიკურ კურსს. პირველ ყოვლისა, რატომ არ ითქმის ერთხელ და სამუდამოდ, რომ საქართველოს ნატოსკენ აღებული კურსი დამანგრეველი აღმოჩნდა? სატელევიზიო დებატებში თ. ხიდაშელთან, (ტვ "პირველი") ქ-მა ირმამ ასეთი რამ განაცხადა ოპონენტის მისამართით: „თქვენ სკოლაში დადიოდით, როდესაც ჩვენ ნატოში საქართველოს მიღებას ვითხოვდით!“ - სულ ეს არის? მეტი არაფერი იყო სათქმელი ამ თემაზე? ამიტომაც დინჯი კახელი მოსახლეობა, რომელიც უფრო რუსეთისკენ იხედება და ნატოზე ანეკდოტებს თხზავს, ვერ მოვიდა დიდ აღფრთოვანებაში ქალბატონი ირმას წინასაარჩევნო პროგრამით. ამ პროგრამას დამაჯერებლობა აკლდა!

   „პატრიოტთა ალიანსი“ გათვლას ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაზეც აკეთებდა, მაგრამ სამწუხაროდ, შეცდა. არ იცნობენ ბატონი ბიძინას ხასიათს, რომელიც არ აპატიებდა არავის, „ობიექტივის“ ეთერში მისდამი და მისი პროტეჟესადმი - ღარიბაშვილისადმი მტრულად განწყობილი ზოგიერთი ჟურნალისტის გალაღებას. მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებული განცხადება ივანიშვილისა, რომ იგი არც კი იცნობს „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო პროგრამას, ამ ფაქტორით არის განპირობებული.

   ასევე შეცდომად მიმაჩნია ირმა ინაშვილის მიერ დაანონსებული საპროტესტო გამოსვლები თბილისში, რუსთაველის ძეგლთან. ეს იმის ირიბი აღიარება იქნება, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ არ ხელეწიფება ამომრჩევლის მობილიზება საგარეჯოში და ისევ საკუთარი ოფისის წინ შეკრებს მხოლოდ ყველაზე უფრო ერთგულ მხარდამჭერებს. ასეთ გაუთვლელ გამოსვლებს ისევ მოცდა და 2016 წლისთვის გადახალისებული პროგრამითა და ახალი შემართებით გამოსვლა სჯობს.

   რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მაინცადამაინც „რესპუბლიკელების“ კანდიდატის მხარდაჭერით მათ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს პოლიტიკური თვითმკვლელობისაკენ.

 

ნუგზარ ჯოხაძე,

საგარეჯო

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"