ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
19.06.2015
ჯარის გარეშე დარჩენილი საქართველო

   თბილისის წყალდიდობამ, დიდ უბედურებასთან ერთად, არა მარტო „მშენებელი“ სააკაშვილის რეჟიმის უბადრუკობა გამოავლინა, არამედ მთლიანად, ამჟამინდელი საქართველოს უსუსური მდგომარეობა. ირკვევა, რომ სამაშველო სამსახურებს არ გააჩნიათ მტაცებელი ცხოველების ცივილიზებული მეთოდებით გაუვნებელყოფლობის გამოცდილება და საშუალებები, ან, უბრალოდ, იარაღი ვიღაც უპასუხისმგებლო პირების ხელშია. ტრაგედიის დღესვე რომ არ მოეხდინათ ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, მისი მოკვლის მიზნით (ამ დროს კი ვეფხვი თურმე გადარჩა, მაგრამ ვინაიდან იგი არშემდგარ „სნაიეპერებს“ მკვდარი ეგონათ, „გვამს“ ყურადღება აღარ მიაქციეს და იგი უტილიზაციის ნაცვლად დასალპობად დატოვეს), არ მოხდებოდა რამდენიმე დღის შემდეგ „გაცოცხლებული“ ვეფხვის მიერ სრულიად უდანაშაულო ადამიანზე „შურისძიება“. ვეფხვი რომ დაეძინებინათ, აღარავინ იფიქრებდა, რომ იგი „მკვდარია“ და მას უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანდნენ.

   ახლა ყველა, ვისაც არ ეზარება, მარჩიელობს მდინარე ვერეს ხეობის მომავალზე. ახლაღა გამოჩნდნენ „სპეციალისტები“ და ბრძნული სახის გამომეტყველებით მოძღვრავენ საზოგადოებას. ისეთივე ბრძნული სახეებით, როგორებიც ჩვენს ქორფა პრემიერსა და მისი მთავრობის წევრებს აქვთ მიღებული. ეს ბიჭები ცდილობენ, თავიანთ სოლიდურობასა და კომპეტენტურობაში დაარწმუნონ ხალხი. ხალხსაც მეტი რა გზა აქვს, პირდაფჩენილი შესცქერის ამათ, იქნებ „ჩერეზ“ ირაკლი ბიძინამ რამე „გადმოაგდოს“. ბიძინა, როგორც ყოველთვის, ზედმიწევნით პრაგმატულად იქცევა - მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს საზოგადოებას, რაღაც პოზიტიურის მოლოდინში, ნეგატიური მოვლენების ფონზე.  რუსეთის სახელგანთქმული სამაშველო სამსახურის მიერ ორჯერ შემოთავაზებული დახმარება ქართულმა მხარემ უპასუხოდ დატოვა და ასე, ბიძინას მოწყალების იმედად დარჩენილები, ვაგრძელებთ ათასგვარი სიბრიყვის მოსმენას ტელეეკრანიდან, მაგალითად, „ინსტრუქციას“, თუ რა უნდა ვიღონოთ, ქალაქის ქუჩებში მოსეირნე მტაცებელ ცხოველთან შეხვედრის შემთხვევაში.

   თუმცა მთავარი „აღმოჩენა“, რაც ამ დღეებში გავაკეთეთ, არის ის, რომ საქართველოს ჯარი მართლაც არ ჰყოლია. ტრაგედიის დღესვე, კვირას, გმირთა მოედანზე მისულმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იგი, როგორც „უმაღლესი მთავარსარდალი“ (რამდენად გროტესკულად ჟღერს ეს სიტყვები მეორე მსოფლიო ომში სტალინის მიერ მოპოვებული გამარჯვების 70-ე წელს, მაგრამ ეს იქით იყოს), ნებას რთავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, არმიას, მონაწილეობა მიიღონ სამაშველო და გამწმენდ სამუშაოებში. უნდა ითქვას, რომ ეს იყო პრინციპში ერთადერთი ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან. მაგრამ ამ დღეებში რატომღაც არ ჩანდა „მამალი“ ქალი  - თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი გვამცნობს, რომ ქალბატონი თინა 15 ივნისს „ავსტრიიდან საფრანგეთში გაემგზავრა“ და ლე ბურჟეს ავიაშოუს ათვალიერებს, გენშტაბის ხელმძღვანელ კაპანაძესთან ერთად (სამინისტროს საიტზე ქალაქი ლე ბურჟე რატომღაც „ლაბერჟე“-დ მოიხსენიება). საქართველოსთვის მინისტრმა მხოლოდ 18 ივნისს მოიცალა და თბილისის აეროპორტიდან იმ რამდენიმე ათეული მაშველის სანახავად გაემართა, რომლებიც საქართველოს „ჯარს“ განასახიერებენ თბილისის ქუჩებში. რეალურად კი, მთელი უმძიმესი სამუშაოები მოხალისე თბილისელებმა და თბილისის სტუმრებმა განახორციელეს - თვითორგანიზებით.

   ამიტომ ჩნდება კითხვა: ჰყავს კი ჯარი საქართველოს? ძალიან რომ გავერთეთ ავღანეთში „სამშვიდობო მისიით“, ვიცით, მაგრამ მაინც რომ დავსვათ ეს კითხვა, ძალიან არაპატრიოტები ვიქნებით?!  

 

გულბაათ რცხილაძე

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"