ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
02.09.2014
ანტირუსულ ქმედებებთან და 3 სექტემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით

  გასული თვის მანძილზე საქართველოში კვლავ წამოყვეს თავი სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებმა და ამჯერად ქუჩებში კანონსაწინააღმდეგო გააქტიურება გადაწყვიტეს. „ახალგაზრდული ორგანიზაციების“ სტატუსით შენიღბული ნაც-ნარჩენები თბილისისა და ბათუმის ქუჩებში აჩერებენ რუსი ტურისტების კუთვნილ ავტომანქანებს და მათ ე. წ. გეორგიევსკის ლენტებს - დიდ სამამულო ომში გამარჯვების სიმბოლოს - ართმევენ და თან შეურაცხყოფასაც აყენებენ.

   საქმე, როგორც მინიმუმ, გვაქვს ხულიგნობასთან და კერძო საკუთრების ხელყოფასთან. ეს უკვე საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ნაც-ნარჩენებს საკადრისი პასუხი გასცეს კანონმა. ამას არ უნდა სჭირდებოდეს ნაც-ნარჩენების იმგვარი გათავხედება, რომ სამართალდამცავებმა მაინცადა მაინც ხიდების გადაღებვის შემდეგ მისცენ რეაგირება ხულიგნების ქმედებებს.

   მაგრამ ნაც-ნარჩენების ქმედებები უბრალო ხულიგნობა არ გახლავთ. ეს არის გამიზნული ქმედებები, რათა საქართველოში შემცირდეს რუსეთიდან ტურისტების ნაკადი და ამ გზით ზარალი მიადგეს ქართულ ეკონომიკას. 2013 წელი მეტად მომგებიანი იყო საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის სწორედ რუსი ტურისტების მოზღვავების გამო. წელს ამ ტურისტების რაოდენობა უკვე შედარებით ნაკლებია - თავისი როლი შეასრულა ჩვენი ტურისტული ბიზნესის მოუქნელობამ და სიბეცემ. ასე მაგალითად, საქართველოს სასტუმროებში, მაღაზიებსა და კაფე-ბარ-რესტორნებში ნაკლებად შეხვდებით რუსულენოვან წარწერებს, განსხვავებით ინგლისურენოვანისაგან, დიდ სასტუმროებში გამოფენილია მრავალი სახელმწიფოს დროშა, რუსულის გარდა და კიდევ სხვა წვრილმანი ფაქტორები განაპირობებენ ტურისტების შთაბეჭდილებებს საქართველოს შესახებ. თუმცა ეს იმასთან შედარებით არაფერია, რასაც ნაც-ნარჩენები აკეთებენ ამჟამად, როდესაც პირდაპირ ესხმიან თავს რუს ტურისტებს და ამცირებენ მათ. ამ დროს კი პოლიციის ინერტულობა შეინიშნება, რაც ყოვლად დაუშვებელია ისევ და ისევ ქართული ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე. თუკი რუსეთი „ოკუპანტია“, ამერიკა, სამაგიეროდ, სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერი იყო 9 წლის მანძილზე და ამ მიზეზით იგი მრავალი ქართველისათვის მტარვალი და ბოროტების ბუდეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკელ ტურისტს ვეკვეთოთ, წავართვათ ამერიკის დროშიანი მაისური და ბარაქ ობამა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოვიხსენიოთ. შესაბამისად უნდა მოექცნენ რუსეთის მოქალაქეებს ისინი, ვისაც რუსეთი მიაჩნია საქართველოს „მტრად“. თუმცა ვინაიდან საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ პროვოკაციასთან, მათთვის ეს არგუმენტი არგუმენტს არ წარმოადგენს.

   შესაბამისად, ვიმეორებთ, ნაც-ნარჩენებით სამართალდამცავები უფრო მკაცრად და ინტენსიურად უნდა დაკავდნენ. თუმცა ამ ფონზე გაუგებარია, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სურვილი, გაუთავებელი ქუჩის მინიატურული აქციებით მიიქციონ ყურადღება. რუსოფობიით გაჟღენთილი ქართული მასმედიაც, შესაბამისად, ცდილობს, ჩვენი ინსტიტუტი გარიოს ამ აქციებში და ჩვენ მოგვაწერონ ზოგიერთი ისეთი ქმედება, რომელიც არ დაგვიგეგმავს და რომელთანაც კავშირი არ გაგვაჩნია. ასეა 3 სექტემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, როდესაც ერთი ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელი აპირებს, აშშ საელჩოსთან დადგეს ნატოს ჯარების მიერ ჩადენილი დანაშაულებების ამსახველი ფოტომასალით. ამ აქციას უკვე გამოეხმაურნენ ნაც-ნარჩენები და მისი დარბევა დააანონსეს.

   პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ 3 სექტემბერს დაგეგმილი აქცია  ევრაზიის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული ორი აქციის პლაგიატს წარმოადგენს. თავდაპირველად, 2013 წლის 10 ივნისს ახალგაზრდების ჯგუფმა, ევრაზიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, ნატოს „კვირეულს“ მიუძღვნა ფოტომასალების გამოფენა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ წინ, ხოლო ამა წლის 24 მარტს, ნატოს მიერ იუგოსლავიის უკანონო დაბომბვების დაწყების მე-15 წლის თავზე, ევრაზიის ინსტიტუტმა „კინოს სახლში“ ფართო საზოგადოებისათვის მოაწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ნატოს აგრესიასა და მის სავალალო შედეგებს ასახავდა. ამის შემდეგ მოეწყო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, „ნატოს საინფორმაციო ცენტრის“ მიმართულებით, რომელშიც მონაწილეობა ორ ასეულამდე ადამიანმა მიიღო. მსვლელობის მონაწილეებს ხელში ეკავათ ნატოს ჯარების მიერ სერბეთსა და კოსოვოში ჩადენილი დანაშაულებების ამსახველი ფოტომასალა, ქუჩაში მოსიარულეებს კი შესაბამისი ბუკლეტები დაურიგდათ. ანალოგიური აქცია პარალელურად ბათუმშიც გაიმართა.

   თბილისის აქციამ დიდი ხმაური გამოიწვია როგორც მასმედიაში, ისე ნაც-ნარჩენებს შორის. ეს უკანასკნელნი არ ელოდნენ, რომ ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მრავალი ადამიანი მოვიდოდა, მათ შორის, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან. აგრესიულად განწყობილი ნაც-ნარჩენები ხალხის რისხვას პოლიციამ გადაარჩინა. ისინი პოლიციის კორდონს მიღმა, შორი-ახლოს ყეფა-წკმუტუნით ცდილობდნენ ხელის შეშლას, მაგრამ აქციამ გეგმის მიხედვით ჩაიარა. ვიმეორებთ, ყოველივე ეს ხდებოდა 24 მარტს, ტრაგიკული თარიღის აღსანიშნავად. ამიტომ ჩვენთვის ცოტა გაუგებარია, რატომ ეწყობა ანალოგიური აქცია მაინცადამაინც 3 სექტემბერს. ასევე მიუღებელია, როდესაც ჟუტნალისტები ამ აქციას ევრაზიის ინსტიტუტის სახელს უკავშირებენ. მიგვაჩნია, რომ ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან „სოროსული“ ყაიდის და დამოუკიდებელ პოზიციებზე დგანან, უფრო თანმიმდევრულნი და აწონილ-დაწონილნი უნდა იყვნენ. არ შეიძლება, ჯერ განაცხადო კონფლიქტის ზონაში რუსეთის პარლამენტის დეპუტატების ჩამოყვანის შესახებ, შემდეგ, როდესაც ამ დანაპირებს ვერ ასრულებ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის ხელმოწერების შეგროვებაზე ატეხო ხმაური და ამასაც რომ ვერ აკეთებ, ქუჩაში სურათებით გამოსვლა გადაწყვიტო, მით უმეტეს მაშინ,  როცა ეს უკვე განვლილი გზაა.

   თუმცა ამისდა მიუხედავად, ჩვენ მივესალმებით ამ ორგანიზაციების პათოსს და სურვილს, საქართველო არ იყოს დასავლეთიდან მართული ნაც-ნარჩენებისა და „გრანტიჭამიების“ სათარეშო ასპარეზი. ჩვენ გაგვიხარდება, თუ უფრო მეტი მიმბაძველი გამოგვიჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, 3 სექტემბერს იგეგმება აბსოლუტურად მშვიდობიანი, უწყინარი აქცია და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ აქციის მონაწილეთა სრული უსაფრთხოება, გათავხედებულ ნაც-ნარჩენებს კი მიუჩინოს მათთვის განკუთვნილი ადგილი - იქ, სადაც ხულიგნებისა და პროვოკატორების ადგილია.

 

ევრაზიის ინსტიტუტი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"