ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
07.04.2014
შეხვედრები პოლიტოლოგიურ ელიტასთან მოსკოვში

  ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლები გულბაათ რცხილაძე და შოთა აფხაიძე 1-იდან 3 აპრილის ჩათვლით რუსეთის დედაქალაქში იმყოფებოდნენ საქმიანი ვიზიტით. გაიმართა დაგეგმილი შეხვედრები რუსეთის უმნიშვნელოვანეს პოლიტოლოგიურ ცენტრებში, რომელთა მომსახურებითაც უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სარგებლობს. ევრაზიის ინსტიტუტი გულწრფელ მადლობას გამოხატავს საქართველოში რუსეთის ყოფილი ელჩის, ბატონ ფელიქს სტანევსკის მისამართით, რომლის ინიციატივითაც შესაძლებელი გახდა ამ შეხვედრების გამართვა.

  პირველი შეხვედრა გაიმართა რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში (РИСИ), რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში შედის და რუსეთის წამყვან პოლიტოლოგიური ცენტრს წარმოადგენს. შეხვედრაში რუსული მხრიდან მონაწილეობას ღებულობდნენ სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, გენერალი ლეონიდ რეშეტნიკოვი, რომელიც უწინ რუსეთის საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა, მისი მოადგილე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თამარა გუზენკოვა, კავკასიის კვლევების სექტორის ხელმძღვანელი არტურ ატაევი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლები კ. ტასიცი და ე. ბახრევსკი. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ბატონმა რეშეტნიკოვმა განაცხადა, რომ РИСИ-ს საქართველოში, ინტერესის მიუხედავად, პარტნიორები ჯერ არ ჰყავს და ევრაზიის ინსტიტუტთან თანამშრომლობის დაწყება საინტერესო და პერსპექტიული ჩანს. დასაწყისისათვის პრიორიტეტულად ორივე მხარის მიერ დასახელდა საქართველოში რადიკალური ისლამისტური სექტების მომრავლებისა და გაძლიერების პერსპექტივების ერთობლივი შესწავლა, ასევე ინფორმაციებისა და მოსაზრებების ურთიერთგაცვლა. რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ გამოხატა დაინტერესება, საქართველოს თანხმობის შემთხვევაში, გაცნობითი ხასიათის ვიზიტი განახორციელონ და საექსპერტო მრგვალი მაგიდა გამართონ ჩვენს ქვეყანაში. ორივე მხარის აზრით, საექსპერტო მრგვალი მაგიდებისა და კონფერენციების გამართვას თანდათან რეგულარული სახე უნდა მიეცეს.

  ასევე სრული ურთიერთგაგების ატმოსფეროში ჩაიარა შეხვედრამ გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტთან, სამხედრო გენერალ კონსტანტინ სივკოვთან. ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გულბაათ რცხილაძემ ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენთვის გაცილებით იოლი და მისაღებია, ურთიერთობა ვიქონიოთ რუს პატრიოტებთან, ვიდრე გაურკვეველი წარმომავლობისა და პოლიტიკური ორიენტაციის ლიბერალებთან, რადგან ჩვენ თავად ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ და ამ საფუძველზე უფრო იოლად გავუგებთ ერთმანეთს“. გენერალი სივკოვი ამ სიტყვებს მთლიანად დაეთანხმა და თავისი უდიდესი პატივისცემა დაადასტურა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორ ინსტიტუტს შორის დაიწყება თანამშრომლობა.

  დიდი პროდუქტიულობით გამოირჩევა შეხვედრა დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტში, ამ ინსტიტუტის დირექტორის პირველ მოადგილესთან, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ვლადიმირ ეგოროვთან. აღნიშნულ შეხვედრას რუსული მხრიდან ესწრებოდნენ ფელიქს სტანევსკი, ასევე ცნობილი პოლიტოლოგები - კავკასიის მკვლევართა სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელი ანდრეი არეშევი და დამოუკიდებელი პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევი. შეხვედრაზე გაკეთდა ანალიზი რუსულ-ქართული საექსპერტო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივის თაობაზე და აღინიშნა, რომ საჭიროა, დაინტერესებულმა რუსულმა ინსტიტუტებმა ჩამოაყალიბონ ერთობლივი სტრატეგია საქართველოსა და ქართველ პარტნიორებთან დაკავშირებით. დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ბატონმა ეგოროვმა ასევე უდიდესი პატივისცემა და თბილი გრძნობები გამოხატა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.

  საინტერესო გამოდგა ასევე შეხვედრა ახლად დაარსებულ  პოლიტიკური კონფლიქტების პროგნოზირებისა და დარეგულირების ინსტიტუტთან, რომლის დირექტორია ნიკოლაი ნიკოლაევი, მოადგილე - ალექსანდრე კუზნეცოვი. გადაწყდა თანამშრომლობა ორ ინსტიტუტს შორის.

  1–3 აპრილის მოსკოვური ვიზიტი მთლიანობაში დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან გამართული შეხვედრები შესაძლებლობას იძლევა, ქართველმა პოლიტოლოგებმა და განსაკუთრებით, პოლიტიკოსებმა, კავშირები დაამყარონ და დიალოგი აწარმოონ რუსეთში ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ აზრზე რეალური გავლენის მომხდენ პიროვნებებთან და ორგანიზაციებთან, ნაცვლად შემთხვევითი პირებისა. ეს მით უფრო აქტუალურია, როდესაც კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატმა თავისი დადებითი როლი უკვე შეასრულა და მისი რესურსები ლოგიკურად შემცირდა.

 

ევრაზიის ინსტიტუტის პრეს-სამსახური

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"