ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
09.03.2014
რატომ ეწინააღმდეგება დასავლეთი უკრაინისგან ყირიმის გამოყოფას?

  დასავლეთი მთელი ძალით ეწინააღმდეგება უკრაინისგან ყირიმის ჩამოცილებას - რა თქმა უნდა, დასავლეთისთვის უფრო მომგებიანია, რომ უკრაინა დარჩეს ერთიან და უნიტარულ სახელმწიფოდ, რადგან იგი სახეს შეინარჩუნებს თავისთვის და თავისი მარიონეტებისათვის კიევში. ასევე, როგორც ცნობილია, ყირიმი წარმოადგენს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დასაყრდენს. ყირიმის დაუფლებით, რუსეთი უფლებას იბევებს, მუდმივად გამოიყენოს სევასტოპოლის ბაზა. რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკურად ყირიმი მნიშვნელოვანია, მაგრამ არასგზით არ შეიძლება მისი მნიშვნელობის გადაჭარბება, რადგან ევროკავშირსა და ნატოზე ორიენტირებულ უკრაინას, თეორიულად, სავსებით ძალუძს ყირიმის გარეშე არსებობა. უკრაინისთვის ყირიმი იგივე არ არის, რაც საქართველოსთვის სამხრეთ ოსეთი ანუ შიდა ქართლის რაიონებია - ოდითგანვე ქართული მიწები, თითქმის გული საქართველოსი. საქართველოში უამრავი ლტოლვილია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, ხოლო ლტოლვილების მოზღვავება უკრაინაში, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში გადასვლის გამო, მოსალოდნელი არ არის. ასეც რომ იყოს, უზარმაზარ უკრაინაში ეს ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა. ყირიმი მხოლოდ პერიფერიაა უკრაინის რუკაზე, რომელსაც არ შეუძლია, ხელი შეუშალოს უკრაინის განვითარებას დასავლეთის ფრთის ქვეშ.

  გარდა ამისა, ყირიმი რუსეთის კიდევ ერთ დოტაციურ რეგიონად იქცევა, ეს კი ნიშნავს, რომ წნეხი რუსეთის ბიუჯეტზე გაიზრდება. ეს ასევე დასავლეთისთვის სასურველია.

  ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დასავლელი პოლიტიკოსების გააფთრება ყირიმის გამო არაბუნებრივად გამოიყურება - დასავლეთი თავის კონტროლს უქვემდებარებს მთელ უკრაინას, ხოლო რუსეთი იერთებს მხოლოდ ნახევარკუნძულს, სადაც არ არის არანაირი სასარგებლო წიაღისეული, სამაგიეროდ არის რუსული ქალაქი სევასტოპოლი, რუსთა ისტორიული მითოლოგიით გარემოცული. მაშ რაში მდგომარეობს საქმის არსი? რატომ წავიდა დასავლეთი ასე შორს და რისკავს, რუსეთთან კონფრონტაციის შედეგად ძალზე ბევრი დაკარგოს როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად? განა არ სჯობს, „რუს დათვს“ ნადავლის ერთი ლუკმა გადაუგდონ, ყირიმის სახით, დაამშვიდონ იგი, ხოლო თავად კი გამარჯვებით დატკბნენ? თავად უკრაინელები, თვით რადიკალებიც, ასე თუ ისე შეეგუებიან ყირიმის დაკარგვას; დაკარგული ყირიმი რადიკალებს უფრო აწყობთ, რათა საზოგადოებაში რუსეთისგან „მტრის“ სახე მუდმივად შენარჩუნდეს.

  მაგრამ საქმე ისაა, რომ ყირიმი დასავლეთისთვის იმდენად გეოგრაფიულად კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ უფრო მნიშვნელოვანია, როგორც პრეცედენტი. რუსეთი, რომელიც დახმარებას უწევს ყირიმის მოსახლეობას, უფლებას იტოვებს, ჩაერიოს უკრაინის სხვა მხარეებში მიმდინარე პროცესებშიც, მაგალითად, დონბასში (ქვეყნის აღმოსავლეთი), დონბასის გარეშე კი უკრაინა ეკონომიკური კრახისთვის არის განწირული. ყირიმი, შესაძლოა, უკრაინის სხვა რეგიონებისათვის მაგალითი გახდეს - უეჭველია, რომ ნახევარკუნძული რუსეთის პრიორიტეტული რეგიონი იქნება, სადაც ცენტრალური ბიუჯეტიდან დიდი თანხები გადმოიქაჩება, ამ დროს კი უკრაინაში მკაცრი ეკონომია და ეკონომიკის პერმანენტული დაქვეითება იქნება ფაქტი. დონეცკსა და ხარკოვში არ წყდება მიტინგები რუსეთის ჩარევის მოთხოვნებით, მაგრამ როგორც სავსებით სწორად ივარაუდა როსტოვის პრეს-კონფერენციაზე ბანდერელების მიერ გაძევებულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვ. იანუკოვიჩმა, დონბასი ფეხზე დადგება, როდესაც გაჩერდება შახტები და ქარხნები, როდესაც ხალხი უმუშევარი დარჩება. მოვლენათა ასეთი განვითარება მოსალოდნელია, რადგან დასავლეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ უკრაინას საკმარისი დახმარება აღმოუჩინოს, რათა მან რუსეთისგან მოსალოდნელ ეკონომიკურ ბლოკადას გაუძლოს. ეკონომიკის გაჩერების შედეგად უკრაინის აღმოსავლეთში პროტესტი ბევრად უფრო დიდი ძალით იფეთქებს, ვიდრე ახლა, ხოლო რუსეთს საფუძვლიანი მიზეზი მიეცემა, დაეხმაროს მოსახლეობას და შეიყვანოს ჯარები, კიევიდან მოვლენილი დამსჯელებისაგან ადამიანების დასაცავად. სწორედ ამის ეშინია დასავლეთს და სურს, რომ რუსეთმა არა მხოლოდ არ შეიერთოს (დაიბრუნოს) ყირიმი, არამედ ნახევარკუნძულიდან გაიყვანოს ყველა შეიარაღებული შენაერთი, რომლებიც იქ არაოფიციალურად მოქმედებენ. ყირიმის პრეცედენტი არ უნდა შედგეს, რადგან იგი თითქმის აუცილებლად განმეორდება უკრაინის სხვა ნაწილებში. მაგრამ, როგორც ჩანს, მატარებელი უკვე წავიდა, თავისი უპასუხისმგებლო ქმედებებით, ბანდერელთა მფარველობითა და 21 თებერვლის შეთანხმების შეუსრულებლობით დასავლეთმა თავად უბიძგა ყირიმელებს, რუსეთისგან პირდაპირი დაცვა მოეთხოვათ, უკრაინის ტერიტორიული ერთიანობის ხარჯზე.

 

 გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"