ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
18.08.2013
რა დავარქვათ თბილისის აეროპორტს?

 მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულოში პარტიული გადანაწილება დასრულდა, დეპუტატების ნაწილმა მოისურვა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელი მინიჭებოდა. ისმის კითხვა, თუ რა კავშირი აქვს ზ. გამსახურდიას სახელს თბილისის აეროპორტთან. პასუხი თითქოს მარტივია, რომელიც არაერთხელ გაუჟღერებიათ გამსახურდიას თაყვანისმცემელ საკრებულოს დეპუტატებს: „ზვიად გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტია, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა“. ილუსტრაციისთვის განმარტებაც დაემატა: „მაგალითად, თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტს ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრის, დავიდ ბენ-გურიონის სახელი ჰქვია, სტამბულში - თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, ქემალ ათათურქის სახელობის აეროპორტია“ და ა. შ. აქცენტი, გამსახურდიას შემთხვევაში, სწორედ იმაზე კეთდება, რომ იგი რიგით პირველი პრეზიდენტია და დამოუკიდებლობაც გამოუცხადებია.

 ამ არგუმენტის მომხრეებს ავიწყდებათ, რომ ბენ-გურიონი და ქემალი არა მხოლოდ რიგით პირველი ლიდერები იყვნენ თავიანთი სახელმწიფოებისა, არამედ, გამსახურდიასგან განსხვავებით, ძალზე წარმატებულნი. მათ თავიანთ ხალხებს მხოლოდ „ქაღალდის დამოუკიდებლობა“ არ დაუტოვეს, არამედ საგარეო მტრებთან უმძიმეს ომებში გაიმარჯვეს. გარდა ამისა, ბენ-გურიონისა და ქემალის სახელები მთელ მსოფლიოშია ცნობილი, შეიძლება ითქვას, რომ ეს სახელები ცნობილი „ბრენდებია“. შესაბამისად, როდესაც თელ-ავივის ან სტამბულის საერთაშორისო აეროპორტებს ეწოდება ისტორიული ეროვნული ლიდერების სახელები, ეს სავსებით გასაგებია: ნებისმიერ მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული უცხოელისათვის ბენ-გურიონი და ქემალ ათათურქი ცნობილი პიროვნებებია, მათ წარდგენა არ სჭირდებათ. ამას ვერ ვიტყვით ზვიად გამსახურდიაზე - იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა პოპულარობით ისარგებლებს მისი სახელი საქართველოში, უცხოეთისათვის ეს სახელი და გვარი არაფრის მთქმელია, გარდა პოლიტიკოსთა და პოლიტოლოგთა ვიწრო წრისა. სტამბულის აეროპორტს ქემალის სახელი უკეთებს რეკლამას, თელ-ავივის აეროპორტს - ბენ-გურიონისა, მაგრამ გამსახურდიას სახელი თბილისის აეროპორტს რეკლამას ვერ გაუკეთებს. გამოდის, რომ პირიქით, თბილისის აეროპორტმა უნდა „გააპიაროს“ ზვიად გამსახურდიას სახელი უცხოელთა თვალში და მათ გააცნოს საქართველოს რიგით პირველი პრეზიდენტის ვინაობა. ეს კი ზედმეტი კეკლუცობაა, რომელიც ნაკლებად სჭირდება აწ განსვენებული პრეზიდენტის სახელის დაფასებას. უფრო გასაგები იქნებოდა, თამარ მეფის ან შოთა რუსთაველის სახელის დარქმევა (თუ მაინცადამაინც რაიმე უნდა დაერქვას თურქების მიერ ნაჩქარევად აშენებულ აეროპორტს), რადგან ეს ყველაზე უფრო ცნობილი ქართველებია მსოფლიოში, იოსებ სტალინის შემდეგ.

 ზოგადად კი, სახელების დარქმევა-გადარქმევა არაფერს იძლევა, ეს უკვე განვლილი ეტაპია - სწორედ ზვიად გამსახურდიას პერიოდში გადაერქვა უამრავ ქუჩას სახელი, თბილისის მეტროპოლიტენის მატარებლების კარის შუშებიდან „ეროვნულმა“ ელემენტებმა რუსული წარწერებიც კი ჩამოფხიკეს (ქართული, რა თქმა უნდა, დატოვეს), სადაც ეწერა «Не прислоняться!" - „ნუ მიერდნობით!“. მიზეზი გაუგებარია, ეტყობა, რუსი უნდა მიყრდნობოდა კარს და გადავარდნილიყო (ამით გარუსება აგვცდებოდა). მაგრამ 20 წელზე მეტი ხანია, თავად ვართ გადავარდნილ მდგომარეობაში. ამიტომ სჯობს, საკრებულომ საქმეს მიხედოს და თბილისი დაგავოს, გაასუფთავოს, დაკონსერვებული მშენებლობები განაახლოს და ნაცბანდის მიერ თბილისში ჩადენილი ყველა კორუფციული დანაშაული გამოიძიოს. ალბათ ყოველივე ამის შემდეგ შეიძლება, თავს უფლება მივცეთ, მოვიცალოთ აეროპორტის სახელწოდების „სრულყოფისათვის“.

 

გულბაათ რცხილაძე

განხილვა ფორუმზე (
Fatal error: Call to undefined function curl_init() in /home/geurasia/polit/class/ipb_forum.class.php on line 183