ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
12.06.2013
თურქეთის მოვლენები და საქართველო

 ათიოდე დღის წინ დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები და არეულობები თურქეთში ჯერჯერობით კვლავ გრძელდება. სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქმის ამ მოვლენების შესახებ და ჯერჯერობით ნათელი სურათი არ იკვეთება.

 ერდოღანის პარტია, რომელიც უკვე 11 წელია ხელისუფლების სათავეში იმყოფება, მთელი ამ წლების განმავლობაში ცდილობდა თავის წარმოჩენას, როგორც „ისლამისტური“ ძალა, თუმცა არავისთვისაა დასამალი, რომ ცალკეული განცხადებების მიუხედავად, თურქეთი კვლავ დასავლეთის ბანაკში რჩება და ძირითადად მის ინტერესებს ახორციელებს, ამავე დროს, თავისი ინტერესებიც არ ავიწყდება. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხშირად ისმის ამბიციური და როგორც ჩანს, საკმაოდ გაუაზრებელი განცხადებები ე.წ. ნეოოსმანიზმის პოლიტიკის განხორციელების შესახებ.

 შეგახსენებთ, რომ ნეოოსმანიზმის ქვეშ იგულისხმება „ქემალიზმის“ მემკვიდრეობის გადახედვა და ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკის ერთგვარი ”რესტავრაცია“, ოღონდ, თურქი პოლიტიკოსების თქმით, მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით. „ქემალიზმს“ თურქეთში ეძახიან მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან გატარებულ პოლიტიკას, რაც ითვალისწინებდა საერო (სეკულარული, ლაიცისტური) სახელმწიფოს შექმნას, რელიგიის ჩამოცილებას სახელმწიფოსგან, განათლების სისტემისგან და ა.შ., ეკონომიკის და მმართველობის მოდერნიზაციის მცდელობებს, ორიენტაციას დასავლეთზე და სხვა.

 „ქემალიზმის“ დროს, თურქული ენა არაბული გრაფიკიდან გადავიდა ლათინურზე, გაიწმინდა უამრავი არაბული, სპარსული და სხვა აღმოსავლური ენებიდან ნასესხები სიტყვებისგან, ისლამი, როგორც სახელმწიფო რელიგია, გაუქმდა. შესაბამისად, „ქემალიზმის“ შედეგების გადახედვა და „ნეოოსმანიზმის“ ლოზუნგის წამოწევა წესით უნდა ნიშნავდეს ისლამის როლის ზრდას თურქეთის ცხოვრებაში.

 ერდოღანი და მისი პარტია, ერთი შეხედვით, ასეც იქცეოდნენ. მაგალითად, წინათ თურქეთში აკრძალული იყო სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქალების ყოფნა ჰიჯაბებით (ქალის ისლამური სამოსი), ბოლო წლებში კი ეს აკრძალვა მოიხსნა. ასევე, მმართველი პარტიის რიტორიკა ისლამისტურ პროპაგანდას იყენებდა საკმაოდ ხშირად. აქტიურად შენდებოდა მეჩეთები და მედრესეები.

 მაგრამ სინამდვილეში, ეს ყველაფერი მაინც უფრო კოსმეტიკურ ცვლილებას წარმოადგენდა. თურქეთის პირობებში, ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო შარიათის ნორმების საყოველთაო განხორციელებაზე, რეალურ ისლამურ მმართველობაზე, არაბული გრაფიკის დაბრუნებაზე ენისთვის და ა.შ. ერდოღანი და მისი თანაპარტიელები კვლავ საუბრობენ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების აუცილებლობაზე, ქვეყანა რჩება ნატო-ს სრულუფლებიან წევრად. საქმე საქმეზე როცა მიდგება, თურქეთი, როგორც წესი, კვლავ დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკის კალაპოტში მიაბიჯებს. მაგალითად, სირიის კრიზისის დროს, თურქეთის ხელმძღვანელობამ მთლიანად მეამბოხეების მხარე დაიჭირა, რომლებსაც აქტიურად ლობირებენ დასავლეთის ქვეყნები. ამგვარმა ცალმხრივმა პოლიტიკამ თვით ძირითადი ოპოზიციური პარტიების კრიტიკაც კი დაიმსახურა.

 ასე რომ, ისლამისტური რიტორიკა, როგორც ჩანს, თურქეთისთვის მხოლოდ საბურველია, რათა განახორციელოს საკუთარი ნაციონალური და აწ უკვე იმპერიულად (ოსმალურად) მოაზრებული მიზნები, ისევე როგორც დაეხმაროს დასავლეთს ურჩი ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამგვარი პოლიტიკის ადაპტირებით, თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება საკმაოდ დიდ რისკზე მიდის, რადგან იმპერიის შექმნა, თუნდაც „რბილი“ და მშვიდობიანი მეთოდებით, ძალზე დიდ დანახარჯებს მოითხოვს ამა თუ იმ ერისგან.

 თურქეთს დღეს არ გააჩნია ამგვარი პოტენციალი და არც ის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება მიმზიდველი იყოს სხვა ხალხებისთვის. პანთურქიზმი, თუნდაც ახლებურად, „ისლამისტურად“ შეფუთული, არა გვგონია, ერებისთვის მიმზიდველი იყოს, მათ შორის თურქულენოვანი ხალხების დიდი ნაწილისთვის. სხვა იდეოლოგია კი თანამედროვე თურქეთს არ გააჩნია, გარდა დასავლეთის მას-მედიის მიერ „გაპიარებული“ „ისლამური დემოკრატიისა“, რასაც, სინამდვილეში, არც ისლამთან აქვს ბევრი რამ საერთო და არც დემოკრატიასთან. ფეთჰულა გიულენის და მსგავსი ავანტიურისტების მიერ შექმნილი „იდეოლოგიების“ იმედად ყოფნა ვერ გამოადგება თურქეთს, რომელიც თანამედროვე და განვითარებულ ქვეყნად უნდა ჩამოყალიბდეს.

 რაც შეეხება საქართველოს დამოკიდებულებას თურქეთში მიმდინარე პროცესებისადმი, აშკარაა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებული პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. პირველ რიგში, ეს ეხება აჭარის რეგიონს. აჭარაში თურქული ინვესტიციების ზრდა რეალურად არ იწვევს არც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ზრდას, არც მათი შემოსავლების მატებას, არამედ მხოლოდ თურქეთის მოქალაქეების მოზღვავებას აჭარაში, ასევე კაზინოების და ბორდელების რაოდენობის ზრდას.

 განსაკუთრებული საფრთხის შემცველია აჭარის მუსლიმურ მოსახლეობაში ფეთჰულა გიულენის ფსევდოისლამისტური სექტის და იგივე მიმართულების სექტანტური ორგანიზაციების („ნურჯულარ“ და სხვ.) გავლენის ზრდის შესაძლებლობა. ეს სექტები მხოლოდ თურქეთის სპეცსამსახურების ინტერესებს ემსახურებიან და არა მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური იდენტობის გამოვლენას. ამიტომ, მეჩეთიც და სხვა რელიგიური დაწესებულებები აჭარაში, თუ ამის საჭიროება არსებობს, საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ უნდა შენდებოდეს და არ იქნას დაშვებული დესტრუქციული და ტოტალიტარული სექტების საქმიანობა ისლამის საფარქვეშ.

 

 

 გიორგი ვეკუა

 

 

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"